რა ფორმით იცვლება ძილის დროს ადამიანებს შორის ენერგიები და როდის ხდება ორგანიზმში დაგროვილი ენერგია დაავადების მიზეზი
თითოეული ადამიანი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და ამის მეშვეობით გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ. ეზოთერიკოსთა უმრავლესობა ამბობს, რომ ავადმყოფობა სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნანის, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ეზოთერიკოსებთან ერთად, წლებია, ამ სფეროში კვლევებს ატარებს და უამრავი ჩანაწერი-დასკვნაც გააჩნია.
– თუ ეზოთერიკოსებს დავუჯერებთ, ჩვენი მშობლებისგან მემკვიდრეობით ვიღებთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ თვისებებსაც და მათ შორის მიდრეკილებასაც ამა თუ იმ ვნებისკენ. ასეა?
– დიახ, ასეა. შვილები იტანჯებიან არა მშობლების ცოდვების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილებზე აისახა. სული უხილავი მაგნიტივით აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენი ორგანიზმის ატომებსა და მოლეკულებს, სტიმულს აძლევს ცილების სინთეზს ცოცხალ უჯრედებში, აძლევს მას სიცოცხლისუნარიანობის პროგრამას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლასა და თვითრეგულირებას. სულისა და სხეულის ერთმანეთთან დაცილებისას ცილების სინთეზი უცბად წყდება. ენერგიას მოკლებული სხეული ცივდება და მისი ელემენტები, როგორც კი მაკავშირებელ ძალას კარგავს, „იშლება“ და სიკვდილით „ავადდება“. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის ის დაავადებებიც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება.
– რამდენად სწორია ის აზრი, რომ ახლოს მყოფი ადამიანები ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ?
– დიახ, თითოეული ჩვენგანი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და ახლოს მყოფი ადამიანები, ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს და „ვამპირის“ როლი არავის აკისრია. თუ რომელიმე მათგანს განწყობა არასასურველი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორემ მეტი ენერგია „მიითვისა“. სხვისი ენერგია ეგრეთ წოდებული „დიეტური პროდუქტია“, ანუ, ძალიან ადვილად ასათვისებელი. ენერგოვამპირებს ახასიათებთ აგრესიულობა, ფეთქებადი ხასიათი, ჟინიანობა, უხეშობა, ზეწოლა მოსაუბრეზე – ისინი ამით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. სკანდალების მოყვარული ადამიანი ყველაზე მეტ ენერგიას „შეიწოვს“. შეიძლება, ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი წყვილი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი ბევრჯერ უმნიშვნელოა, მაგრამ მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის სხვა მეთოდი. ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც იტანჯება. ენერგია მუდმივად უნდა გაედინებოდეს. შეკავების შემთხვევაში ის აუცილებლად შეაწუხებს ადამიანს. როცა მამაკაცი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. იგივე ითქმის ქალებზეც, მაგრამ მამაკაცი უფრო გამოხატავს ამას, ქალს კი შეუძლია, შეინიღბოს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ბუნებაში ვარჯიში, ასევე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი ემოციებით გავსებენ. ხანდახან განმარტოებაც საჭიროა. ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ, თავი დაიცვათ ენერგოვამპირის შემოტევისგან. სხვათა შორის, თუ გრძნობთ, რომ ენერგია მოგეძალათ და მის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის დაავადებად გარდაიქმნება, თავს უნდა უშველოთ. ამ დროს კარგია დილით, ნამიან ბალახზე ფეხშიშველმა იაროთ 10 წუთით მაინც.
– ქალბატონო ნანი, წლების წინ, თქვენ სიცოცხლისთვის საშიში დიაგნოზი დაგისვეს ექიმებმა. დღეს კი ჯანმრთელად და მხნედ გამოიყურებით. როგორ შეძელით დაავადების დამარცხება?
– მართალი ბრძანდებით, წლების წინ, ექიმებმა საშინელი სენის დიაგნოზი დამისვეს. ფაქტობრივად, ჩემი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ოთხი წლის განმავლობაში საშინლად ვიტანჯებოდი. შემდეგ თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან და დღეს ვიცი, რომ ჩემი ავადმყოფობის მიზეზი იყო არასწორად დახარჯული ენერგია. ადამიანები უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის ხარჯვასაც ძირითადად ვერ ვახერხებთ. მოჭარბებულმა ენერგიამ თუ გამოსავალი ვერ პოვა, ის ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას დაავადების სახით იწყებს. მადლობა ღმერთს, ჩემმა ერთმა ნათესავმა იცოდა ეს და სწორედ მან დამაწყებინა ენერგიის სწორი ხარჯვა, წამომაყენა ფეხზე და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა.
– როგორ უნდა მივხვდეთ, როდის ხდება ჩვენს ორგანიზმში დაგროვილი ენერგია დაავადების მიზეზი და რა მეთოდით უნდა ვხარჯოთ ის სწორად?
– ჩემს ნათესავს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, აღმოსავლეთში ჰქონდა მიღებული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ხარჯოს ადამიანმა მოჭარბებული ბიოენერგეტიკა, რომ მან ზიანი არ მიაყენოს თავის პატრონს. მაგალითად, მე, როცა რკინის საგნებს ვეხებოდი, დენი მარტყამდა, ამ დროს ვიმუხტებოდი და ყველაფერი მტკიოდა. საკმარისი იყო, მაცივრის ან მანქანის სახელურისთვის მომეკიდა ხელი, რომ იმ წუთას დენი დამარტყამდა. ამას ჩემი მშობლები ჩვეულებრივ მოვლენას მიაწერდნენ, მოგვიანებით კი, როცა საყოველთაოდ ალაპარაკდნენ ადამიანის ბიოენერგეტიკაზე, ჩემი ნათესავიც ჩამოვიდა საქართველოში და სწორედ მან შემიმოწმა ბიოველი. აღმოჩნდა, რომ ენერგია ძალიან ჭარბად მქონდა. მანვე მასწავლა, როგორ დამეხარჯა ის სწორად. ამის წყალობით დავამარცხე მძიმე სენი და დღეს ჯანმრთელი ვარ. საერთოდ, ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება როგორც დაავადება. ასევე მოქმედებს ჯადო. ჯადო უარყოფითი ფსიქოენერგოინფორმაციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ბიოველს, შედის მასში და იქ იბუდებს. ენერგიის სწორი ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია. ზოგადად, ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ყველანაირი დაავადება ორ კატეგორიად იყოფა: პირველი – როცა ადამიანი იღებს ზემოდან გამოგზავნილ სასჯელს და, მეორე – მემკვიდრეობით მიღებული სნეულებები, რომლითაც ადამიანები კონკრეტული ავადმყოფობებისკენ მიდრეკილებით იბადებიან. ჭეშმარიტებას არ შეესაბამება პრიმიტიული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ, თუ მშობელი რამეს აშავებს, პასუხი შვილმა უნდა აგოს.