რის გამო იყო გიჟივით, შეშლილი სახით გიორგი ჭიალაშვილის ცოლი და რატომ არ აძლევდა მას შეყვარებული დაქორწინებამდე გასაქანს
„X ფაქტორში“ გიორგი ჭიალაშვილის მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერამ არავინ დატოვა გულგრილი. გიორგიმ ეს სიმღერა ახალშერთულ მეუღლეს, ქეთი სუთიძეს მიუძღვნა, რომელიც მას ყველაზე დიდ სტიმულს აძლევს.
გიორგი ჭიალაშვილი: ადრეც ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ახლაც ჩვეულებრივად ვცხოვრობ. თუმცა, ზოგჯერ არის ისეთი მომენტი, რომელიც წინა ცხოვრებაშია დარჩენილი და ამ დროს მგონია, ეს ყველაფერი „დე ჟავუა.” თან, ასეთი განცდები ხშირად მაქვს. ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ, მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან მთვარისა ბებია გვზრდის. აკვანში მასმენინებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, სულ ამბობდა: ბებო, შენ მუსიკალური ნიჭი გაქვსო.
– რატომ გადმოვიდნენ მშობლები თბილისში საცხოვრებლად და რატომ დაგტოვეს ბებიასთან?
– ოჯახის დახმარების მიზნით – ორ ბიჭს ბევრი რამ სჭირდება, ამიტომ გადაწყვიტეს ასე.
– გარკვეული პროტესტის გრძნობა გქონდა მშობლების მიმართ?
– მქონდა პროტესტის გრძნობა. სულ მინდოდა მათთან ყოფნა, მათთან დიდი დროს გატარება, მაგრამ ვერ ვახერხებდით. მხოლოდ არდადეგებზე ჩამოვდიოდით. ამიტომ, უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გავიცანი. მანამდე სულ მქონდა მათთან კამათი. მე და ჩემს ძმას ყველაფერი სხვანაირად გვესმოდა, მშობლებს კი სულ სხვანაირი გაგება ჰქონდათ. თავიდან გაუცხოების მომენტიც გვქონდა. დედაც და მამაც ამბობდნენ: რადგან ჩვენი გაზრდილები არ ხართ, არ ვიცით თქვენი ხასიათი, ინტერესები, როგორ გაიზარდეთო. მაგრამ ახლა, რაც წამოვიზარდეთ, ხშირად ჩამოვდივართ მშობლებთან და უფრო შევეწყვეთ ერთმანეთს.
– მითხარი, პატარა ასაკიდან ვმღერიო. მომიყევი შენი მუსიკალური კარიერის შესახებ.
– 3 წლის ვიყავი, ერთ-ერთ კონცერტზე რომ ვიმღერე და ლაურეატის წოდება ავიღე. ამის მერე ბებიამ ქალბატონ ლუიზა ნოზაძესთან მიმიყვანა. როგორც მიყვებიან: ვიჯექი სკამზე, მეძინა და რომ ვიღვიძებდი, სამივე პარტია ვიცოდი ზეპირად. 4 წლის ასაკში 11-12 წლის ბიჭებთან ერთად ვმღეროდი. ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდეს: „ხმა ისმის, კაცი არ ჩანს“. შემდეგ მაიზერ გაზდელიანთან მიმიყვანეს. უნივერსიტეტის ანსამბლში, „ადილაში“ ვმღეროდით მეც და ჩემი ძმაც. გვქონდა გასტროლები, ევროპაშიც დავდიოდით, ხშირად ვიმარჯვებდით. მივხვდი, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრებაა. თუმცა, პარალელურად, გადავწყვიტე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ახალგაზრდულ დასში მივსულიყავი. ვთამაშობდი სპექტაკლებში.
– ქეთი, მომიყევი, როგორ დაიწყო შენი და გიორგის სიყვარულის ისტორია.
ქეთი სუთიძე: თურმე, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ ბაღში გვივლია და ერთ სკოლაში. მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდით, ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობდით. მაგრამ, ერთ დღეს შევხვდით და მას მერე ხან სად მპატიჟებდა, ხან სად. მე ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი. იმ დროს არ მომწონდა, მაგრამ გიორგი საერთოდ არ ჩერდებოდა. ისეთი თბილი ხასიათი აქვს და ისეთ რაღაცეებს აკეთებს, მაინც მიმაქცევინა ყურადღება. ცოტა ჯარმა დაანევროზა. თან, ყველა მეუბნებოდა: არ გინდა, ყოველდღე სხვადასხვა შეყვარებული ჰყავსო. არადა, სხვისი ნათქვამი და მისი საქციელი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. მთელი სამი საათი შეეძლო, სკოლაში მდგარიყო და დამლოდებოდა. მასწავლებლიდან მასწავლებელთან წასასვლელად 15-წუთიანი შუალედი რომ მქონდა, მოდიოდა და მივყავდი. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, გასაქანს არ მაძლევდა. ბოლოს მეც შემიყვარდა. ნიშნობას ვაპირებდით ოფიციალურად, ორი თვე იყო დარჩენილი და არ მაცადა: გავიპარეთ. თბილისში მოვდიოდი გამოცდების ჩასაბარებლად, იმ დროს თვითონ ჯარში იყო და არ გაგიშვებ, ცოლად უნდა მოგიყვანოო. ერთთვიანი ჩხუბის შემდეგ, დამითანახმა და გავიპარეთ.
– გიორგი, მართლა ყოველდღე სხვადასხვა შეყვარებული გყავდა?
გიორგი: მე ვერ ვამჩნევდი ამას, მაგრამ სულ მეუბნეობოდნენ და იცინოდნენ: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სხვადასხვა შეყვარებულები გყავს და შაბათ-კვირას ისვენებო. მაგრამ ქეთი რომ დავინახე, ტანში გამაჟრჟოლა და არავისკენ აღარ გამიხედავს. ახლაც ხშირად მაჟრჟოლებს ტანში.
ქეთი: თბილისში წამოსვლაზე იმიტომ ჰქონდა პრობლემა, რომ თვითონ ვერ წამოვიდოდა. თორემ ახლა სადაც მინდა, იქ წავალ, მარტოც – არ აქვს პრობლემა.
გიორგი: ქალისთვის ყურადღება ბევრ რამეს ნიშნავს. მამაჩემი, დედაჩემი, ძმაკაცები მეუბნებოდნენ: ჩვენ მივაქცევთ თბილისში ყურადღებასო, მაგრამ ჩემი ყურადღება მიანც სულ სხვაა. შეიძლება, გული გაუცივდეს, გადაერთოს სხვაზე – მოკლედ, ყველანაირად დავიზღვიე თავი და არ გამოვუშვი.
– ჯარში ყოფნა თქვენთვის მტკივნეული თემა იყო?
– 9 თვეა, დაქორწინებული ვართ. ერთი წელი ხდება, რაც ჯარში ვარ. რომ წავედი, ჯარში თავიდან ალგეთში ერთთვიანი კარანტინი მქონდა. ძალიან დაგრუზული ვარ დღემდე. არ ვიცი, ვინ ვარ, ვერ ვხვდები, ვერ გამირკვევია. ის ერთი თვე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. სანამ ცხვირზე ოპერაციას გავიკეთებდი სუნთქვის პრობლემა მქონდა და რამდენჯერმე ვარჯიშის დროს გავითიშე, გული წამივიდა. ოჯახის წევრებს, ქეთის საერთოდ ვერ ვეკონტაქტებოდი.
ქეთი: ეს ერთი თვე ერთი საუკუნე იყო.
გიორგი: ცოლად რომ მოვიყვანე, ძალიან მიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ ვიცოდი და ბედნიერი ვიყავით იმით, რომ, როცა სახლში დავბრუნდებოდი, იქ ქეთი დამხვდებოდა. თუმცა, ამ ყველაფერმა ხასიათზე ძალიან იმოქმედა, სულ სხვა ხასიათის წავედი და სხვანაირი დავბრუნდი. ძალიან იმოქმედა იქ გატარებულმა დღეებმა.
ქეთი: „X ფაქტორში“ ადრეც სცადა მონაწილეობა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, ხან ტექსტი ავიწყდებოდა, ხან ნასვამი გადიოდა და „ბოთაობდა“ რაღაცეებს. ახლა ცოტა შევაჯანჯღარე, სტიმული მივეცი და გამოგვივიდა. ძალიან ვნერვიულობდი, სახე შეშლილი მაქვს, გიჟივით ვარ, სცენაზე გასვლის მომენტი არც კი მახსოვს, ეკრანზე ვნახე.
გიორგი: იმდენს ვმღერი, აბაზანაში, მთვრალი, ტელეფონზე, რომ უკვე აღარ აქვს ქეთის ემოციები. სერენადები არ მიმღერია, უფრო მეგობრებს დავყვებოდი. ერთხელ მახსოვს, მეგობარმა მითხრა: გამომყევი, შეყვარებულს სერენადა ვუმღეროთ, ხვალ ცოლად მომყავსო. მივედი სამღერლად და გათხოვილი არ დაგხვდა. ამის მერე არავისთვის აღარ მიმღერია სერენადა.