რით აოცებს მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე იაგო კილაძე ვლადიმირ კლიჩკოს და რატომ აღარ უნდა მას უკრაინის სახელით ასპარეზობა
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მძიმეწონოსან ქართველ მოკრივეს, 29 წლის იაგო კილაძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ის უკვე რვა წელია, უკრაინის სახელით ასპარეზობს; არის მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA) რეიტინგის მერვე ნომერი; ორი წელია, ვლადიმირ კლიჩკოს პარტნიორი მოსპარინგეა; 24 მოგება და მხოლოდ ერთი წაგება აქვს. მისი ყველაზე დიდი სურვილია, საქართველოს სახელით გაჩემპიონდეს, რისთვისაც უკვე მოითხოვა მოქალაქეობის დაბრუნება. იაგოს წარმატებებს ვუსურვებთ და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.
– დავიბადე და გავიზარდე საჩხერეში. ჩემი პირველი სპორტი იყო ფეხბურთი. მაგრამ, ბავშვობაში, სკოლაში იყო თუ ქუჩაში სულ ვჩხუბობდი და ამიტომ, მინდოდა, კრივის სკოლაში მევლო, რაც შეუძლებელი იყო. საჩხერეში ეგეთი სკოლა არ არსებობდა. რადგან ძალიან მიყვარდა ვარჯიში, სპორტი, 13 წლამდე დავდიოდი ფეხბურთზე. სწორედ იმ დროს გაიხსნა კრივის სკოლა. მეც ეგრევე მივატოვე ფეხბურთი და გადავედი კრივზე. 2007 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი და უცებ გადავწყვიტე, ევროპაში წასვლა. მაგრამ, ევროპის ვიზის გახსნა იყო პრობლემა და ამიტომ 21 წლისა წავედი უკრაინაში, საქართველოში ვერ ვხედავდი იმის პერსპექტივას, რომ დიდ კრივში მეჩხუბა. წარმატების მისაღწევად დიდი და რთული გზის გავლა მომიწია და ვიცი, კიდევ დიდი სირთულეები მექნება. მაგრამ, მე მზად ვარ ამისთვის, იმიტომ რომ, ყოველ წარმატებას წინ უძღვის დიდი შრომა და უამრავი დაბრკოლება. რთული გზის გავლის გარეშე არცერთი წარმატება არ მიიღწევა, მით უმეტეს, პროფესიონალურ კრივში.
– სირთულეებში რას გულისხმობ?
– კონტრაქტებთან დაკავშირებით ყველა იტყუება და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მთელი კარიერის განმავლობაში 24 მოგება მაქვს და ერთი წაგება. ეს ერთი წაგებაც ამ კონტრაქტებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 2013 წელს უკრაინიდან გერმანიაში წავედი. გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მთავაზობდა კონტრაქტს. ჩემს ყოფილ პრომოუტერს არ უნდოდა, რომ გავეშვი და ყველა ხერხი იხმარა, უკან დავებრუნებინე. გერმანელმა პრომოუტერმა მომიწყო შეჯიბრება, რომლის წინ ხუთწლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ. უკრაინის პრომოუტერებმა რომ გაიგეს, ყველა ხერხი იხმარეს, რომ ეს შეჯიბრება ჩაეშალათ და კონტრაქტზე ხელი არ მომეწერა. დაწერეს საჩივრები და გამოგზავნეს გერმანიაში. ეს ხდებოდა სამი დღით ადრე ჩხუბამდე. ორი ღამე ვეღარ დავიძინე, ისე ვინერვიულე. მე მეგონა, ტურნირი აღარ შედგებოდა. წინა ღამეს მითხრეს, არ შედგებაო და მეც დავეთანხმე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩხუბი შედგა და მეც რინგზე ანერვიულებული, ამდენღამენათევი და მოუმზადებელი გავედი. შესაბამისად, ბრძოლა წავაგე. წაგება ისე განვიცადე, ჩხუბის შემდეგ ღამეები არ მეძინა და დიდი დეპრესია მქონდა... მაგრამ იმ წაგებამ უფრო დიდი სტიმული მომცა. სისტემატური მუშაობა დავიწყე საკუთარ თავთან და შედეგსაც ვხედავ. კრივი ძალიან რთული სპორტია და დიდი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. ფიზიკურად – დილა-საღამოს ვვარჯიშობ 2 საათი, შაბათ-კვირის გარდა.
– როგორც ვიცი, ვლადიმირ კლიჩკოსთან მეგობრობ და მისი სპარინგ-პარტნიორი ხარ....
– ამ წაგების შემდეგ ჩამოვედი კიევში და კლიჩკოს შევხვდი. მან დამპატიჟა სპარინგებზე ავსტრიაში, სადაც თვითონ სულ გადის მომზადებას. მასაც არაერთხელ ჩაუვარდა კარიერა. სამი წაგება აქვს ნოკაუტით. მაგრამ, წაგებებმა უფრო გააძლიერა და ათი წელი წაუგებლად იცავდა მსოფლიოს ჩემპიონის ქამრებს. სპარინგებზე ჩავედი ჩემი ვარჯიშებით და ვესპარინგე. გაოცებული იყო და აქცენტი ჩემს სისწრაფესა და მოძრაობაზე ჰქონდა. ჩემზე ამბობს, ასეთი სისწრაფე არ მინახავსო. კონკურენტად აღმიქვამს და უჭირს ჩემთან მუშაობა. სპარინგის ბოლოს სულ გაოცებული რჩება. სულ მეპატიჟება და თავის პროგრამაში მსვამს საჩხუბრად გერმანიასა და ამერიკაში. უკვე ორი წელია, კლიჩკოსთან ვემზადები, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა. ისე გავძლიერდი ამ ორ წელიწადში, რომ ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, დიდებული პიროვნებაცაა – ძალიან ჭკვიანი და დახვეწილი. პირადად მე, არა მხოლოდ კრივში, ბევრი ცხოვრებისეული რამ ვისწავლე მისგან, ეს არის, თუნდაც შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტში. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
– ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც ვლადიმირ კლიჩკოს შენთვის მოუცია?
– აქამდე ვჩხუბობდი პირველ მძიმე წონით კატეგორიაში. კლიჩკო მირჩევს, გადავიდე სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. კლიჩკომ ამიხსნა, რომ მე მაქვს ყველაფერი – სისწრაფე, დარტყმაც და გამძლეობაც სუპერმძიმე წონისთვის. თან, უფრო პრესტიჟული წონაა და დრო არ დაკარგო, გადადიო. მეც მივიღე გადაწყვეტილება და გადავედი.
– ამდენი მოგება გაქვს, რომელია შენთვის ყველაზე განსაკუთრებული?
– ყველა ჩხუბი თავისებურად მახსოვს, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული იყო ერთი, როდესაც შეჯიბრების დროს, მეშვიდე რაუნდის დასაწყისში ხელი მოვიტეხე და დიდი ემოციების ქვეშ ვიყავი. მარცხენა ხელით ბოლო ორი რაუნდის ჩატარება მომიწია. ეს იყო ჩემს კარიერაში მეხუთე და ყველაზე რთული შეჯიბრება, მაგრამ, რაც მთავარია, გამარჯვებით დასრულდა. მეორე იყო, კლიჩკოსთან ერთად რომ ვიყავი მაიამიში, სპარინგებზე. თან, შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო. კლიჩკოს სავარჯიშო ბაზაზე გაუსაძლისად ცხელოდა. შიდა დარბაზში ყოველდღე 37 გრადუსი იყო ტემპერატურა. თან, მაიამიში ძალიან ნესტიანი, მძიმე ჰაერია და ვარჯიშის დროს, სუნთქვა ძალიან მიჭირდა. 4-რაუნდიანი სპარინგის შემდეგ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გავიგუდებოდი. სამი კვირა ასეთ სიცხესა და გაუსაძლის პირობებში ვემზადებოდით. მეოთხე კვირას ნიუ-იორკში გადავფრინდი. ეს იყო შარშან, ტურნირი 25 აპრილს შედგა ნიუ-იორკში და მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოვიგე.
– როგორც ვიცი, უკრაინაში ძალიან ცნობილი ხარ და ბევრი გულშემატკივარი გყავს. როგორი შეგრძნებაა, როცა ამდენი მოგება გაქვს და არა საქართველოს სახელით?
– უკრაინაში ძალიან უყვართ სპორტი და მით უმეტეს, კრივი. ყველა მიცნობს, განსაკუთრებით დონეცკში, სადაც ხუთწლიანი კონტრაქტი მქონდა. გული მწყდება, საქართველოში რომ არავინ მიცნობს. ალბათ, იმიტომ, რომ უკრაინის დროშით გამოვდივარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობას მალე დავიბრუნებ და ჩემი ხალხიც გამიცნობს. მართალია, უკრაინას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ და ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ პროფესიონალად აქ ჩამოვყალიბდი, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა. ძალიან მენატრება და ვგრძნობ, რომ, რაც დრო გადის, უფრო მინდება ჩემი ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და უფრო მიყვარდება ჩემი სამშობლო. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, ჩემი ქვეყნის დროშას რომ არ სწევენ და ჩემი ქვეყნის ჰიმნი არ მესმის. უახლოეს დღეებში ველოდები საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას და საქართველოს სახელით ვიასპარეზებ ყველგან.
– საქართველოში როდის უნდა გამართო შეჯიბრება?
– ჩემი უახლოესი გეგმები ამჟამად ცოტა ბუნდოვანი და გაურკვეველია. მენეჯერთან მომივიდა უსიამოვნება და დავშორდით. კონტრაქტში, თანხის გადახდაში მატყუებდა და ვერ გამოვნახეთ საერთო ენა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი შეჯიბრება დაიგეგმა მურატ გასიევთან – ამერიკაში მოღვაწე ოსი ბოქსიორია. ეს ტური ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერისთვის და ამ მენეჯერის ტყუილის გამო ჩაიშალა. სულ იტყუებიან, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამჯერად ვეღარ დავხუჭე თვალები. ახლა კლიჩკოსთან მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც საკითხები გადასაწყვეტი. კლიჩკო შემპირდა დახმარებას. მაგრამ, თუ არ მომეწონა, გეგმაში მაქვს, ამერიკაში, ლოს-ანჯელესში გადავიდე სავარჯიშოდ. უახლოეს დღეებში მივფირინავ ლოს-ანჯელესში შეჯიბრებაზე და მეორე ტურნირის გამართვას ზაფხულში ბათუმში ვაპირებ, რაზეც უკვე მიდის მოლაპარაკებები. ჩემი ოცნებაა, საქართველოს სახელით ვიასპარეზო სპორტის სასახლეში. საქართველოს პროფესიონალური კრივის ისტორიაში მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი არ ჰყოლია და მინდა, მე მოვიპოვო ეს ტიტული.