კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახდა მილანის მოდის აკადემიის პედაგოგი ანი ცინცქილაძეს „ჩერნობილს“ და როგორ მოხვდა მისი ორი კაბა იტალიურ „ვოგში“

ანი ცინცქილაძეს ქართული საზოგადოება სერიალებიდან, ფილმებიდან სხვადასხვა რეკლამიდან კარგად იცნობს. ცისფერთვალება, მომხიბლავ გოგონას ბავშვობაში მსახიობობა სურდა. თუმცა, საბოლოოდ, მან ტანსაცმლის დიზაინერობა აირჩია და ამ მიმართულებით უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. ამჟამად ანი მილანის მოდის აკადემიაში, მაგისტრატურაზე სწავლობს. მან, სხვა სტუდენტებთან ერთად, მილანის მოდის კვირეულზე ხუთი კაბა წარადგინა. მათგან რამდენიმე არაერთ ცნობილ ინტერნეტ-საიტზე მოხვდა, მათ შორის, იტალიურ VOGUE-ზეც.
ანი ცინცქილაძე: როდესაც უმაღლესში ჩაბარების პერიოდი მოვიდა, თავად მივიღე გადაწყვეტილება და გრაფიკული დიზაინი ავირჩიე. მაგრამ პირველივე კურსზე მივხვდი, რომ ტანსაცმლის დიზაინი უფრო მაინტერესებდა. თუმცა, ბაკალავრიატი დავამთავრე და ეს ცოდნა დღესაც ძალიან მადგება, მეხმარება ბევრი რამის გაკეთებაში. სანამ მაგისტრატურაში ჩავაბარებდი, გადავწყვიტე, კერძოდ მოვმზადებულიყავი: კომპოზიციას, მოდის ისტორიას, როგორ უნდა შექმნა კოლექცია – ამ ყველაფერს ვსწავლობდი. პარალელურად, საცდელად შევქმენი მინი-კაფსულა კოლექციები, მაინტერესებდა, გაიყიდებოდა თუ არა. მაღაზიებში შევიტანე და იყიდებოდა. შემდეგ გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსზე – Be Next, რომელსაც სოფო ჭყონია ატარებს. ძალიან მინდოდა, ქართულ თემაზე გამეკეთებინა კოლექცია და რაც მთავარია, თეთრ ფერში. რა თემაზეც ვფიქრობდი: არც ქართულს უკავშირდებოდა და არც თეთრს. ბოლოს საუბარს მოჰყვა „დედო“, „მაწონი“ და აქედან ავაწყვე ყველაფერი. ჩემს კოლექციას ერქვა „მაწონი დედო“. საბოლოოდ, კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი და მივიღე მილანში, მოდის მაღალ აკადემიაში მაგისტრატურაში სწავლის 100-პროცენტიანი დაფინანსება. ჟიურის წინაშე მონაწილეები სათითაოდ შევდიოდით  მოდელებთან ერთად. ჩვენი სამოსი, აქსესუარები, პორტფოლიო უნდა წარგვედგინა და მოგვეყოლა, თუ რატომ ავირჩიეთ ეს თემა. მაწონზეც ბევრი კითხვა დამისვეს. მოეწონათ თემა: მაწონს ბევრი ფუნქცია აქვს და ჩემს სამოსსაც ბევრი ფუნქცია ჰქონდა. სხვადასხვანაირად იცმევა. ამითაც დაინტერესდნენ. მინდოდა, ჟიურისთვის პატარა ქილებით მაწონიც გამესინჯებინა, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, ვეღარ მოვახერხე.
– მომიყევი მილანის აკადემიაში სწავლის შესახებ.
– ძალიან მინდოდა გამარჯვება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ორი შვილი მყავს, ვერ წარმომედგინა მათი დატოვება და ერთი პროცენტიც არ მიფიქრია გამარჯვებაზე. პირველად შევქმენი სრულყოფილი კოლექცია, ამიტომ ეს პროცესიც და ჟიურის წინაშე წარდგომაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ბოლოს გამომაცხადეს და ვერ ვიჯერებდი. ტირილი დავიწყე. პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო: „როგორ დავტოვო შვილები.” თუმცა, თავიდან იმდენად არ გამიჭირდა, რადგან ყველაფერი ახალი იყო. მერე კი, არდადეგებზე რომ ჩამოვედი და უკან დავბრუნდი, ძალიან გაგვიჭირდა – მეც და ბავშვებსაც. ყველა ძალიან მიწყობს ხელს, რისთვისაც მთელ ოჯახს, შვილებს, მეუღლეს დიდ მადლობას ვუხდი.
– ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზეც გამოხვედი და თან, საკმაოდ წარმატებულადაც.
– მაგისტრატურა მაინც ბევრ რამეს მოიცავს. კერვა და კონსტრუირება დამწყების დონეზე ვიცოდი და რადგან ტანსაცმლის მოდელირებაზე არ მისწავლია, ცოტა გამიჭირდა. ხუთი კაბა უნდა შეგვექმნა გამოცდისთვის და გამოცდიდან ერთ თვეში, ჩვენებაც გვქონოდა. მთელ ჯგუფს ერთი თემა გვქონდა მოცემული, რომელზეც თითოეული სტუდენტი 5 კაბას ქმნიდა. ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა – ეს იყო ჩვენი, აკადემიის მაგისტრანტების ჩვენება. ყველაფერი მაინც, ძირითადად, ჩვენზე იყო: კერვაც, ქარგვაც. ომი გამოვიარე, მეგონა, გავგიჟდებოდი... საღამოს კაბები ხელით იქმნებოდა თავისი ნაქარგებით და ეს იყო წარმოუდგენელი.  მეგონა, ვერ გადავრჩებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი: ვჭრიდი, ვკერავდი, ვქარგავდი. გარდა იმისა, რომ მთელი კოლექცია ჩვენ შევკერეთ, ასევე ვიმუშავეთ ყველაფერზე: ჩვენების დაგეგმვაზე, სტუმრების მოპატიჟებაზე, მათთვის ადგილების განაწილებაზე, მოდელების, მაკიაჟის, ვარცხნილობის, სთაილინგის, მუსიკის შერჩევაზე. ყველაფერი ეს საგნებად გავიარეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას სხვაგან ვერ ვისწავლიდი. გამოცდამ კარგად ჩაიარა, კარგი შეფასება დავიმსახურე. მახსოვს, პირველად, ქარგვის ლექცია რომ დავიწყე – ქარგვის დროს ნაქარგი წინიდან ძალიან კარგი იყო, მაგრამ რომ გადმოაბრუნებდი, საშინელება ხდებოდა. ლექტორი უყურებდა და იცინოდა: ჩერნობილი მგონიაო – მერე „ჩერნობილს“ მეძახდა ხუმრობით. გამოცდაზე მოქარგული კაბები რომ გავიტანე, მითხრა: ვერ ვმალავ აღფრთოვანებას, არ მოველოდი ასე თუ მოქარგავდიო. მაღალი შეფასება მივიღე. ჩვენება, როგორც აღვნიშნე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. არ ვიცი, ამ ემოციებს კიდევ როდის განვიცდი, საოცარი იყო. სადაც ჩვენება გვქონდა ძალიან საინტერესო, ცნობილი ადგილია. იქ დიდი დიზაინერები აწყობენ ჩვენებებს. რა თქმა უნდა, ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურაც ესწრებოდა. კმაყოფილები დავრჩით ჩვენც და ლექტორებიც. ადამიანები ბექსტეიჯში შემოდიოდნენ, გვილოცავდნენ. დაათვალიერეს კაბები, შიგნიდანაც გადმოატრიალეს – მოკლედ, დიდი მოწონება დაიმსახურა. გარკვეული ტიპის შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ სწავლასთან ერთად მუშაობა გამორიცხულია, ძალიან დაკავებულები ვართ. ბევრმა საიტმა დაწერა ჩვენ შესახებ. ძირითადად, წერდნენ იმაზე, რომ საღამოს კაბები ძალიან კარგად იყო ხელით ნაკერი. ქსოვილებიც, ნაქარგებიც კარგი იყო და ეს ყველაფერი დამწყებ დიზაინერებს, მაგისტრანტებს ეკუთვნოდათ. ხუთიდან ჩემი რამდენიმე კაბის ფოტო მოხვდა სხვადასხვა საიტზე. თუმცა, ერთი კაბა განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. თითქმის ყველა მედიასაშუალებამ დაბეჭდა. ჩემთვისაც ეს კაბა ყველაზე რთული, ყველაზე ნაწამები იყო. ყველაზე დიდხანს ვაკეთებდი და უზარმაზარი შრომა ჩავდე მასში.
– სწორედ ეს კაბა მოხვდა იტალიური „ვოგის“ საიტზეც.
– კი და გარდა ამისა, ჟურნალ Vanity Fair-შიც დაიბეჭდა, რომელიც ძალიან ცნობილი გამოცემაა. ზოგადად, ჩვენი კოლექციის ფოტოები დაიბეჭდა  იტალიური „ვოგის“ საიტზე, მათ შორის იყო ჩემი ორი კაბა. სხვათა შორის, ჩემი საკონკურსო კოლექცია „მაწონი დედოც“ ცოტა ხნის წინ მოხვდა „ვოგის“ საიტზე – „ვოგის“ ტალანტებს შორის ვარ მეც. ასევე, ძალიან ცნობილ, საინტერესო და მნიშვნელოვან საიტზე Not Just a label- ვარ მათ დიზაინერებს შორის.  ახლა ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ. სადიპლომო კოლექციასაც ვაკეთებთ და თუ ყველაფერი კარგად გამოვა, მაშინ შეიძლება, ჩვენი ნამუშევრები შოუ-რუმში მოხვდეს. ცოტა ხნის წინ მილანში იყო არქიტექტურის, ინტერიერის კვირეული, მაგრამ სხვადასხვა ივენთებიც ტარდება. ჩვენს სკოლაში ჩემი კაბა გამოფინეს – ის კაბა, რომელზეც ყველაზე მეტი ვიმუშავე. ახლა ახალი საგიჟეთი გვაქვს – 8 კაბა უნდა გავაკეთოთ საგამოცდოდ, სადიპლომოდ. მაგრამ, იმდენი რამ გამოვიარე, ეს უკვე მარტივი და ადვილია. ბევრი რამ ვისწავლე, დამოუკიდებლადაც ვაკეთებ რაღაცეებს, თან ისე, რომ არ მჯერა.
– გაქვს ბრენდი „ტანი“, რომელიც ნელ-ნელა ცნობილი და წარმატებული ხდება.
– იმ პერიოდში, როცა კერძოდ ვემზადებოდი და ვსწავლობდი ხატვას, კერვას, როგორც უკვე აღვნიშნე, პარალელურად, ვცდილობდი, ჩემი ესკიზებით შემექმნა მოდელები, შემეკერა და თან, ამ ყველაფრისთვის სახელი დამერქმია. ჩემი სახელი და გვარი არ მინდოდა, თან გვარი უცხოელებისთვის ძნელი გამოსათქმელია. ვფიქრობ: ბრენდის სახელი ისეთი უნდა იყოს, ერთხელ რომ იტყვი, დაგამახსოვრდეს. თან, ყველა ენაზეც მარტივი გამოსათქმელი იყოს. მოკლედ, მეგობრებთან ერთად მოვიფიქრე სახელი „ტანი“ – ცინცქილაძე ანი, ანუ „ც“ ლათინურად ხომ იწერება როგორც „ტ“ და გამოვიდა ტანი, თან სხეულსაც ნიშნავს, რისთვისაც სამოსს ვქმნით. დიდი სურვილი მაქვს, გავაკეთო მაღაზია, ატელიე. თუმცა, გარდა ამისა, კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.

скачать dle 11.3