კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკეთებს ვან გოგის, მონესა და კლიმტის ტილოების ასლებს ბისერებით ფინანსისტი ეთერ პაიჭაძე და რა ნახატი გადასცა მან პატრიარქს

ეთერ პაიჭაძე მაგალითია იმისა, რომ საკუთარი საქმის პოვნა გვიან არასდროს არის... ის პროფესიით ფინანსისტია და მხოლოდ ბანკში 22-წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი მოწოდება არა ფინანსისტობა, არამედ ხელოვნება ყოფილა... ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც ბისერებით აკეთებს ვან გოგის, მონეს, კლიმტის ნახატების ასლებს, ყოველგვარი ქარგვის ტექნოლოგიის ცოდნის გარეშე.
ეთერ პაიჭაძე: პროფესიით ფინანსისტი ვარ. 22 წელი ვმუშაობდი „ეროვნულ ბანკში“ და არანაირი შეხება არ მქონია ხელოვნებასთან. საერთოდ არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, ურთულესი საქმე იყო: რიცხვები, სულ სანერვიულო, მთავრობასთან ურთიერთობა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა... მადლობა ღმერთს, რომ ჩემი საქმე ვიპოვე, იცით, რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს?! მერე, როდესაც სამსახურს თავი დავანებე, ადგილს ვერ ვპოულობდი, მინდოდა, რამე მეკეთებინა და დავიწყე  აქსესუარების კეთება. ეს იყო ქამრები, გულსაბნევები, სხვადასხვა სამკაული.  განსხვავებულებს ვაკეთებდი და მოსწონდათ ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს. სამკაულების კეთება იმდენად არ მიყვარს, ეს უფრო მიყვარს, თუმცა, სურათს რომ ვამთავრებ და ბისერები მრჩება, ჩემს შვილიშვილს ბევრ ბიჟუტერიას ვუკეთებ და, ძალიან უხარია, ბევრი და განსხვავებული სამკაული რომ აქვს – თმის სამაგრები, ბროშები, აბადოკები, მძივები...
– თქვენ ვან გოგის, კლიმტის, მონეს ნამუშევრების ასლებს ბისერებით აკეთებთ... როგორ დაიწყეთ  ეს საქმე?
– როდესაც „მზესუმზირების“ გაკეთება  დავიწყე, შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი. ყოველი ხაზის გავლება დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. რადგან ეს ასეთი კარგი გამოვიდა, ვიფიქრე, სხვა ნახატის გაკეთებას ვერ შევძლებ-მეთქი და ამიტომ რამდენიმე გავაკეთე, ოღონდ, სხვადასხვა ზომის – დიდი, პატარა და, საბოლოოდ, ნამდვილი ზომა, რომელიც ახლა მოსკოვშია. მხოლოდ ნამდვილი ზომის გაკეთების შემდეგ გადავწყვიტე, სხვა ნახატიც მეცადა.
– თქვენი მუშაობის სტილი განსხვავდება ბისერებით ჩვეულებრივი ნაქარგობისგან. რა ტექნოლოგიით მუშაობთ?
– მაღაზიებში იყიდება სპეციალური საქარგავები, სადაც ნომრებით არის აღნიშნული და თვლებს ითვლიან;  ქარგვის კურსებიც არსებობს, მაგრამ მე მაგ ტექნოლოგიებს არ ვიყენებ. მთლიანად თვითონ ვაკეთებ მაკეტს შავად – თვალით, ზეპირად, ყოველგავრი დათვლისა და ნორმების დაცვის გარეშე. ჩემი მუშაობის სტილი თავისუფალია. მე არ შემიძლია, ვითვალო და მაგ ტექნოლოგიას მივყვე. თუ მომეწონა ნახატი,  უკვე ვხედავ, რომ ეს გამომივა. ნამდვილ ფოტოს რომ შეადაროთ, ზუსტად იგივეა, რაც ორიგინალი. სურათი ჯერ მე უნდა მომეწონოს. უბრალო ნახატები რომ იყიდება, იმათ ვერ გავაკეთებ. მე მიყვარს ისეთი ნახატები, რომლებიც რაღაცას მეუბნება, ფიქრს ბადებს. ვან გოგი ძალიან მიყვარს და კლიმტიც არაჩვეულებრივი გამოდის. ჩემი აზრით, ნამუშევარი რაღაცას უნდა მეუბნებოდეს. ჩარჩოებს რუსთაველზე, გამოფენაზე ვაკეთებინებ და იქ სამხატვროს სტუდენტები რომ ხედავენ ჩემს ნამუშევრებს, გაოცებული რჩებიან – ძალიან უკვირთ და ამბობენ, რომ ასეთი რამ არ უნახავთ. ხატვა იოლია. ნებისმიერი, ვისაც ხატვა ეხერხება, გადახატავს უკვე არსებულ ნახატებს. ესენი კი ისეთი ტექნიკით არის შესრულებული, რომ ყველას უკვირს – ასეთი ცოცხალი ნამუშევრები არ გვინახავსო. თქვენ რასაც ქმნით ამას ასლი არ ჰქვიაო. მართალია, ასლია, მაგრამ, სულ სხვა, ახალი ტექნიკით შესრულებული, განახლებული ძველი. როდესაც ვამთავრებ, ნამუშევარს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრებს ვაჩვენებ. ჩემი შვილი შენიშვნებს მაძლევს და, თუ რაღაც ისე ვერ გამომივიდა, ოდნავ თუ ასცდა სიზუსტეს, ვარღვევ და თავიდან ვაკეთებ, სანამ არ გამოვა. ყველაფერი, ყოველი წერტილი უკვე არსებულის ზუსტი ასლია.  ერთსა და იმავეს არ ვაკეთებ, მხოლოდ მზესუმზირები მაქვს რამდენიმე და ისიც იმიტომ, რომ თავიდან მეგონა, სხვა ნახატი არ გამომივიდოდა.
– რა არის თქვენი ნამუშევრების საშუალო ფასი?
– ამ სამუშაოს სულ სხვა სამყაროში გადავყავარ. რომ მთავრდება ნახატი, უკვე მეორეზე ვფიქრობ. საერთო ჯამში, დღეში რვა საათი ვმუშაობ. სულზე ვარ ხოლმე, როდის მოვრჩები საშინაო საქმეებს, რომ ნახატების კეთება განვაგრძო. იმ ფასს, რა შრომად და ენერგიადაც მიჯდება, ვერავინ გადაიხდის საქართველოში. ყველა ნახატს სხვადასხვა დრო სჭირდება, გააჩნია ნახატის ზომას, ხშირად თითოეულზე მუშაობა ექვსი თვიდან წელიწად-ნახევრამდე მიგრძელდება. ამდენი თვე, ამის გარდა – ბისერი, ჩარჩო, ყველაფერი... საშუალო ფასი დაახლოებით 3 000 ლარია. ამიტომ, მირჩევნია, ოჯახში იყოს ჩემი ნამუშევრები. თან, რომ დავასრულებ, უცებ მენანება გაყიდვა, თვეების მერე ვყიდი. მოსკოვში ზურაბ წერეთლის გალერეიდან იყო დაინტერესება. ჩემი ქალიშვილი იქ ცხოვრობს, მან მოსკოვში დაამზადა ამ ნამუშევრების ალბომი და გაუგზავნა გალერეას. ჩემი ნამუშევრები ზურაბ წერეთლის ვაჟს უნახავს და მთხოვდა, გამოფენა გამეკეთებინა. ჩემი „მზესუმზირები“ არის ისრაელში, ამერიკაში, მოსკოვში...
– გამოფენა გქონდათ ვალერიან შიუკაშვილის „ხელოვნების აკადემიაში“, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა...
– ვალერიან შიუკაშვილი ჩემი ქალიშვილის მაზლია, 13 წლიდან ჩემს ხელში გაიზარდა. პირველი დახურული გამოფენა მქონდა ამერიკის საელჩოში, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვალერიანის პრეზენტაციის დროსაც მქონდა გამოფენა, თან, „ხელოვნების აკადემიის“ გახსნა იყო და ვაკომ შემომთავაზა ჩემი სურათების გამოფენა – ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები. ბევრი ვიფიქრე, ჩემს გამოფენას რა დავარქვა-მეთქი, და ბოლოს „რემიქსი“, ანუ „განახლებული ძველი” შევარჩიე, რაც ვაკოსაც ძალიან მოეწონა. შემდეგ ერთი თვე დავტოვე იქ ჩემი ნახატები. ბევრი დამთვალიერებელიც მოდიოდა. ვაკოს ძალიან მოსწონდა, ამბობდა, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ნახატებიც იცვლება, ცოცხალივით არისო. ბისერებით რომ არის ნამუშევარი, შუქ-ჩრდილების ცვალებადობა ძალიან მოქმედებს და აცოცხლებს ნახატს.
– როგორც ვიცი, თქვენი ერთ-ერთი „მზესუმზირები“  ვალერიან შიუკაშვილს აქვს, ერთი კი პატრიარქს. როგორ მოხვდა პატრიარქთან თქვენი ნამუშევარი?
– ვალერიან შიუკაშვილის დაბადების დღეზე მოსკოვში ვიყავი. სახლში დავრეკე და ჩემებს ვუთხარი, ნახატი გაეგზავნათ მისთვის საჩუქრად. ერთი სურათი ვაჩუქე პატრიარქს ვალერიანის ხელით – პატრიარქის იუბილე იყო. ვაკო მიდიოდა და მითხრა, შენ რომ „მზესუმზირები“ მაჩუქე, მინდა პატრიარქს მივართვა, უკეთესს ვერაფერს ვაჩუქებო. მე მახსოვდა, რომ გამოფენაზე მქონდა მიტანილი ისეთივე „მზესუმზირები“ და ვაკოს ვუთხარი: ეგ შენია. ერთი ასლი გამოფენაზე მაქვს დატოვებული, მე დავრეკავ, მიდი, მოგცემენ და ის აჩუქე-მეთქი. პატრიარქს მართლაც ძალიან მოსწონებია, რაც ძალიან გამიხარდა. ჩვენი პატრიარქი ხელოვნების ძალიან კარგი შემფასებელია. არ მეგონა, ასე თუ მოეწონებოდა. გასულ წელსაც გავუგზავნე პატრიარქს ჩემი საყვარელი სურათი – ვან გოგის „რთველი“, რომელიც ჩემმა შვილმა მიართვა.

скачать dle 11.3