კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-16(799)

 კახამ ძილში მშფოთავ თეონას გადახედა... ქალი უკმაყოფილო სახით ბუტბუტებდა რაღაცას და ხელებს იქნევდა. კაცმა მხარზე მოჰკიდა ხელი და ფრთხილად შეანჯღრია:
– თეონა... თეო... გაიღვიძე! კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა?
ქალმა ზანტად გაახილა თვალები და ამოიოხრა. კაცი უფრო მეტად შეშფოთდა:
– რა გაწუხებს, თეო? ექიმთან ხომ არ დავრეკო?
თეონა საბოლოოდ გამოფხიზლდა, საწოლში წამოჯდა და კახას ფართოდ გახელილი თვალებით შეხედა.
– ცუდი სიზმარი ვნახე...
კახას გაეღიმა.
– შენ რა გითხარი, გული გამიხეთქე... ლამის წამოვხტი და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე.
– ტყუილად იცინი. ისეთი საშინელი სიზმარი იყო, მშვიდად ვერ ვიხსენებ.
– ასეთი რა ნახე?
თეონა მოიღუშა:
– ჯობია, არ მოვყვე.
– რატომ? საშინელებათა ფილმია თუ თრილერი?
– უარესი. კარგი, დავიძინოთ, ხვალ მძიმე დღე გვაქვს – შენ სამსახურში უნდა წახვიდე... მე კი ექიმთან, კონსულტაციაზე...
– თეო, მომიყევი, რა, შენი სიზმარი, რაღაც, ძალიან დავინტერესდი.
– ვერ მოგიყვები, – გაჯიუტდა თეონა და მოულოდნელად გაანჩხლდა, სახეც გაუწითლდა.
კახამ განცვიფრებულმა შეხედა:
– რა დაგემართა? თეო, უნდა მითხრა...
– გეტყვი, ოღონდ, არ გაბრაზდე – ლევანი დამესიზმრა... გეღიმება? შენ რა, საერთოდ არ გადარდებს ეს ამბავი? არ ეჭვიანობ?
– კარგი, რა, თეო, როგორ უნდა ვიეჭვიანო სიზმარზე, რა სისულელეა!
– სისულელეა? ესე იგი, საერთოდ არ გიყვარვარ...
– თეონა, ფეხმძიმედ რომ ხარ, მაგას ვაბრალებ შენს ემოციურ ფონს. შეიძლება, ვერ ხვდები, რომ სულ ტყუილად ნერვიულობ და მეჩხუბები. მიყვარხარ და, მინდა, რომ ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდეს.
– მაშინ რატომ არის შენთვის სულერთი, ვის ვნახავ სიზმარში, – გაანჩხლდა თეონა.
– იმიტომ, რომ სიზმარი სიზმარია, თეონა და მას რეალობასთან კავშირი არა აქვს.
– მე კი მგონია, რომ აქვს, – ამოიოხრა ქალმა და ქმარს მხარზე მიაყრდნო თავი, – არ მინდა, ლევანს ვხედავდე სიზმარში, არ მინდა!..
– მოდი ჩემთან, შე სულელო... მოდი... ტყუილად ნერვიულობ, შენს თავს არავის დავუთმობ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ – მე, შენ და ჩვენი პატარა... ახლა კი დაიძინე, თორემ, დაგვათენდა თავზე. ექიმთან უჩემოდ არ წახვიდე. გამოვძვრები ცოტა ხნით და გაგყვები, კარგი?
– კარგი, – მორჩილად დაუქნია თავი თეონამ, მერე კი უცებ შიშით შეხედა.
– რა იყო? – ჰკითხა ქმარმა.
– ლევანი რომ დაბრუნდეს, რას იზამ? – თქვა ათრთოლებული, დამფრთხალი ხმით და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
კახამ ამოიოხრა.
– მგონი, მართლა ცუდი სიზმარი ნახე. თეონა, მორჩა ეგ ამბავი, დასრულდა. ლევანი წარსულია და, ხვალაც რომ დაბრუნდეს, არაფერი შეიცვლება, გარწმუნებ, საერთოდ არაფერი.
– მაშინ, ხელი მოვაწეროთ.
კახამ თეონას ხელი მოხვია და თავზე აკოცა:
– კარგი, მოვაწეროთ.
– ხვალვე?
– არა, ხვალვე ვერ მოვასწრებთ, მაგრამ, ამ დღეებში მოვაწეროთ, თუკი ეს დაგამშვიდებს...
***
სამანტამ გამომწვევად შემოიდო ფეხი ფეხზე და გაბის მიაჩერდა, რომელიც მას დაუფარავი სიძულვილით ათვალიერებდა. ლევანი აწრიალდა:
– გოგოებო, მე რომ წავიდე? მგონი, უჩემოდ უკეთ გაარკვევთ თქვენს ურთიერთობას.
– არ წახვიდე! – უბრძანა გაბრიელამ, – მინდა, შენი თანდასწრებით თქვას, რას მოითხოვს ჩემგან. სამანტა, გისმენ...
სამანტამ მხრები აიჩეჩა:
– მინდა, ჩემს კითხვაზე მივიღო პასუხი.
– რომელ კითხვაზე?
– რატომ გაქვს შენ ყველაფერი, მე კი არა. ან, რატომ გიჟდებიან შენზე? მაქსი მიატოვე და მაინც შენ უნდიხარ. ხელი რომ დაუქნიო, ლეკვივით მოირბენს შენთან... ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც ვერ წაგშალე მისი ცხოვრებიდან...
– მერე, ეს ჩემი ბრალია? – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ, – მაქსისთვის ხომ არ გეკითხა, რატომ ვერ მივიწყებს? დამცინი?
– მე დაგცინი? იქნებ, შენ დაგვცინი, გაბრიელა, მეც და ყველას? აი, ეს კაციც გადარიე... იცი, როგორი ლამაზი ცოლი ჰყავს?! მაგრამ, აქ არის და ვერ გცილდება.
– მორჩა, ამის მოსმენა აღარ მინდა, – გადაჭრით თქვა გაბრიელამ, – სამანტა, ან შენ წახვალ ახლავე, ან წავალ მე... არ ვაპირებ, ვიდგე და სისულელეები ვისმინო.
– მე რა უნდა ვქნა? – იკითხა ლევანმა, – როგორც ვატყობ, თქვენ ერთმანეთთან პირადი ანგარიშები გაქვთ...
– ამას პირადი ანგარიშებიც შეიძლება დავარქვათ, – ჩაიცინა სამანტამ, – მაგრამ, ვერცერთი ვერ წახვალთ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.
– ვერ გავიგე, რისი გარკვევა გინდა, – სამანტას მიუბრუნდა ლევანი და გაბის ანიშნა, ახლა მე მაცალეო, – და, საერთოდ, აქ როგორ გაჩნდი? შენ ხომ დენისთან და მაქსთან დარჩი? რა, უკან გამომყევი?
– არ მაინტერესებს შენი აზრი და არც ანგარიშის ჩაბარებას ვაპირებ შენთვის. სხვათა შორის, გირჩევ, ჩემი მხარე დაიჭირო. ეს ქალბატონი მალე მიგატოვებს – შენ არ ხარ პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნები.
– სამანტა, ხვდები, რომ ჩემი და გაბის ურთიერთობა შენ არ გეხება?
– ჰო?! რატომ? იქნებ, მე შენზე ვნერვიულობ? ცოლიც მიგატოვებს და ქუჩაში აღმოჩნდები. წასასვლელი ხომ არსად გაქვს? დენის დედას უნდა უმადლოდე, რომ ამერიკაში ცხოვრების უფლება გაქვს.
– ეს შენი საქმე არ არის, – მოთმინების ფიალა აევსო ლევანს, – მორჩა, მე წავედი. გაბი, გამომყევი...
– ესე იგი, ჩემი არ გეშინიათ... ძალიან კარგი! სხვათა შორის, აქედან პირდაპირ თქვენს ცოლთან ვაპირებ წასვლას. მინდა, ნანა უკეთ გავიცნო.
– სამანტა, წადი!
– გაბი, ბრაზობ? ჰო, ბრაზობ... იცი, რა მაინტერესებს?  ამ კაცის მიმართ მართლა გაქვს გრძნობა თუ ერთობი? აი, მაგალითად, თუ ცოლი გააგდებს, იზრუნებ მასზე? შენს მდიდარ მამიკოს მოსთხოვ ფულს, რომ მშიერი არ მოკვდეს?
– სამანტა, უკვე ზედმეტი მოგივიდა. თუ არ წახვალ, ძალით გაგაგდებ!
– არ გირჩევ, – გააფრთხილა სამანტამ, – გაბი, რატომ ნერვიულობ? რა ხდება, მამა ფულს არ გიგზავნის?
– სამანტა! – უყვირა გაბიმ.
სამანტამ თვალები მოწკურა და სარკასტულად გაიღიმა:
– კარგი, წავალ, მაგრამ, მერე არ ინანოთ... – გოგომ ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა, – გაბი, ჩემთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დაწყებას არ გირჩევ.
კარის ხმამ ლევანი გამოარკვია. თავი ასწია და გაბრიელას შეხედა. გაბრაზებული გოგო ისეთი ლამაზი იყო, რომ, მიხვდა, ასეთ მშვენიერებას ადვილად ვერ შეელეოდა.
– რას დგახარ და მიყურებ? წადი შენც! – უყვირა გაბრიელამ.
– არ გამაგდო.
– წადი-მეთქი. თუ ახლა არ წახვალ, ქუჩაში აღმოჩნდები – სამანტა შენს ცოლს ყველაფერს ეტყვის.
ლევანმა თავი გადააქნია:
– ჯერ არაფერს ეტყვის.
– დარწმუნებული რატომ ხარ?
– შეიძლება, ქალებს ცუდად ვიცნობ, მაგრამ შანტაჟისტების რაღაც გამეგება. ახლა რომ ნანას ჩვენ შესახებ უთხრას, ამით თავის შორსმიმავალ გეგმებსაც წერტილს დაუსვამს. არა მგონია, ასეთი სულელი იყოს.
გაბიმ უნდობლად შეხედა კაცს, თუმცა შეეტყო, რომ მისი სიტყვები ჭკუაში დაუჯდა.
– კარგი, მაშინ, რა ვქნათ, რას აპირებ?
– შენ რას აპირებ? – კითხვა შეუბრუნა ლევანმა.
გაბიმ გაიცინა, მხრები აიჩეჩა და ირონიულად ჩაილაპარაკა:
– მე მივხედავ საკუთარ თავს, შეგიძლია, ჩემზე არ ინერვიულო... ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგადაც კი.
– ესე იგი, სამანტამ სიმართლე თქვა?
– გააჩნია, რა სიმართლეზე ლაპარაკობ, – გაბრიელა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
– ვინ ხარ, გაბრიელა? – ლევანი გოგოს მიუახლოვდა, მხრებში მოჰკიდა ხელი და სახეში ჩააშტერდა.
გოგომ შეუბღვირა:
– ისევ ეს უაზრო და უადგილო შეკითხვები... წადი, გაეკიდე სამანტას და ჰკითხე.
– მე შენგან მინდა, მოვისმინო.
– არა! – გადაჭრით თქვა გაბრიელამ. ადგა, კარადასთან მივიდა, გამოაღო და საწოლზე ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო.
– რას აკეთებ? – ხელებში ეცა ლევანი.
– ეს არ არის შენი საქმე. მორჩა ყველაფერი... წადი, წადი შენს ცოლთან!
– სად მიდიხარ, გაბრიელა?
– ხომ გითხარი, შენი საქმე არ არის-მეთქი? თუ გინდა, გამომყევი...
ლევანი შეცბა, გაოგნებული მიაჩერდა გოგოს, რომელიც დამცინავად უმზერდა, თითქოს ეუბნებოდა, „შენ ვერ გარისკავ, ამისი უნარი არ გაგაჩნიაო“.
– მითხარი, სად მივდივართ და წამოვალ, –  თქვა ანგარიშმიუცემლად.
გაბიმ ხმამაღლა გადაიკისკისა:
– გარანტიები... ისევ გარანტიებს მთხოვ. არ შეგიძლია, უბრალოდ, თვალდახუჭული გამომყვე? თქვი, რომ არ შეგიძლია. რომ გიყვარდე, არ იყოყმანებდი.
– გაბი, მომისმინე...
– არა, არ მოგისმენ! – გოგომ შეჰყვირა და ხელი გამოჰგლიჯა, – მორჩა... ბოლო შანსი მოგეცი. შეგეძლო, გამოგეყენებინა, მაგრამ შენ სხვა არჩევანი გააკეთე. მშვიდობით...
– გაბი, გთხოვ...
– გული მერევა სუსტ და ლაჩარ კაცებზე. ცრემლებიც გადმოღვარე და შენი ფსიქოპორტრეტი უფრო სრული იქნება. როგორ გგონია, მაქსს რატომ დავშორდი? მომცილდი, შენი დანახვა აღარ შემიძლია, ყველაფერი გააფუჭე! – გაბი გამალებით შეუდგა ჩანთაში თავისი ნივთების ჩაყრას, სწრაფადვე ჩაიცვა უხეში ბათინკები და ჩანთით ხელში კარისკენ გაემართა.
– გაბი, არ წახვიდე! – ლევანმა სცადა, გამოჰკიდებოდა, მაგრამ გოგომ კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
კაცი მიხვდა, გაბი გადაწყვეტილებას აღარ შეიცვლიდა. დაცარიელებული ოთახი სასოწარკვეთილმა მოათვალიერა და, ხელებში თავჩარგული, სკამზე ჩამოჯდა.
***
ნანამ ქმარს ბარში მიაგნო. ლევანი კუთხეში, განცალკევებით მდგარ მაგიდასთან იჯდა და ვისკის თითქმის დაცლილი ბოთლი ედგა წინ.
– ესე იგი, აქ ხარ და სვამ?!
ლევანმა ცოლს ამღვრეული მზერით ახედა და თავი დაუქნია.
– გატყობ, ბევრი დაგილევია... – ნანამ ბარში რობერტოს ანიშნა, ჭიქა და სასმელი მომიტანეო და ქმარს გვერდით მიუჯდა.
– რას აღვნიშნავთ? – ჰკითხა ირონიული ღიმილით.
– არაფერს, უბრალოდ, ვსვამ. თუ გინდა, შენც ჩემთან ერთად დალიე...
– კარგი... – ქალმა ბოთლში ჩარჩენილი ვისკი ლევანის ჭიქაში დაისხა და ერთი გადაკვრით გამოცალა.
– ყოჩაღ! – შეაქო ლევანმა.
– მთელი დღე აქ სმაში გაატარე? – ჰკითხა ნანამ.
ლევანმა ხმამაღლა გაიცინა:
– აჰა, დაიწყო... ნანა, შენ რომ გელაპარაკები, თავი დაკითხვაზე მგონია.
– მართლა? – სარკასტული ღიმილით ჩაეკითხა ცოლი.
– ჰო, მართლა.
– არ გიფიქრია, რატომ?
– რატომ?
– იმიტომ, რომ რაღაცას აშავებ და გეშინია, ამ დანაშაულში არ გამოგიჭირო. „დამნაშავის სინდრომი“ ჰქვია იმას, რაც შენ გჭირს.
– სისულელეა... არაფერიც არ მჭირს, უბრალოდ, დალევა მომინდა – ეტყობა, ნოსტალგია შემომაწვა.
– მართლა? მაგის წამალი არსებობს. სამშობლო მოგენატრა? რა პრობლემაა, ხვალვე აგიღებ ბილეთს და დაგაბრუნებ, საიდანაც წამოგიყვანე, ოღონდ, ჯერ გაიგე, იქ ვინმე გელოდება თუ არა.
– ნანა, არ გინდა... ახლა საშინელ გუნებაზე ვარ, უბრალოდ, გაჩუმდი და ჩემთან ერთად დალიე.
– რამდენჯერაც ცუდ გუნებაზე იქნები, იმდენჯერ თუ დავლიე, თანაც ასეთი ძვირფასი ვისკი, გავკოტრდები და გავლოთდები... ამისთვის გინდოდა ბარში მუშაობა? ამას ეძახი სამსახურს და ჩემთვის ხელის შეშველებას?
– ხომ გთხოვე, გაჩუმდი-მეთქი, – ლევანი შეიჭმუხნა და სახეზე ხელი მოისვა, – ნუთუ ასე ძნელია? გასაგებია, რომ შენ საკუთრებად მიგაჩნივარ, მაგრამ, ზოგჯერ მაინც მომექეცი ისე, როგორც ადამიანს, რომელსაც გრძნობა და ემოცია გააჩნია.
– მარტო იმიტომ გაპატიებ ამ სიტყვებს, რომ მთვრალი ხარ. ადექი, სახლში წავიდეთ... – ნანამ ქმარს მკლავზე მოჰკიდა ხელი, მაგრამ ლევანმა უხეშად გააშვებინა, მაჯაზე მოებღაუჭა და აიძულა, დამჯდარიყო:
– დალიე ჩემთან ერთად...
– ლევან, ჩემს რეპუტაციას ანადგურებ... მომეშვი, რა დაგემართა! შენ რა, მართლა ნოსტალგიის შემოტევა გაქვს?
– ჰო. ახლა დალევ?
– კარგი, დავლევ, მაგრამ, მხოლოდ ერთ ჭიქას და მერე სახლში წავალთ... რობერტო გვიყურებს... ოჰ, ლევან, როგორ სამარცხვინოდ იქცევი!..
– ჰო, ასეთი ვარ – სამარცხვინო... მაგრამ, ხომ ასეთი შეგიყვარდი... თავიდანვე ასეთი არ ვიყავი?  ნანა, სამარცხვინო კაცის ცოლი ხარ. შეეგუები ამას? – ლევანმა ხმამაღლა გაიცინა. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ნანამ აღარ დააცადა, რობერტოს ხელი დაუქნია, მოდი, მომეხმარეო და ქმარს მკლავზე დაეჯაჯგურა.
– ახლა ადგები და სახლში წამოხვალ! – მისი ხმა ისე მკაცრად ჟღერდა, რომ კაცმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, მექანიკურად წამოდგა და ცოლს უკან გაჰყვა, თუმცა, როცა რობერტოც მიუახლოვდა და მოინდომა, დახმარებოდა, ბრაზით აუქნია ხელი:
– მომეშვი, მე თავადაც მოვახერხებ ჩემს ცოლთან ერთად მანქანამდე მისვლას!
შემცბარმა რობერტომ უკან დაიხია და ბარის დახლს მიღმა გაუჩინარდა.
ნანამ ლევანი მანქანამდე მიიყვანა და თითქმის ძალით ჩასვა უკანა სალონში, თავად კი საჭეს მიუჯდა და ამოიოხრა:
– ოჰ, ლევან, რატომ გითმენ ამდენს... – ჩაილაპარაკა და ქმარს წყრომით გახედა. კაცს უკვე ეძინა – თავი მკერდზე ჰქონდა ჩამოგდებული და ქალის არცერთი სიტყვა არ გაუგონია...
***
სამანტამ სწრაფად ჩაიცვა საცურაო კოსტიუმი და სახლის უკან, აუზთან გავიდა... შეზლონგებზე მაქსი და დენი ისხდნენ, წვენს წრუპავდნენ და საუბრობდნენ...
– არ შემომიერთდებით? – კეკლუცად ჰკითხა სამანტამ ბიჭებს და დენის მიაპყრო მაცდური მზერა.
– სად იყავი მთელი დღე დაკარგული? თან მანქანაც რომ წაიყვანე... – პასუხის ნაცვლად, კითხვითვე მიმართა მაქსმა.
სამანტამ გადაიკისკისა:
– გავისეირნე. მეძებდით?
– რა თქმა უნდა. ჩამოსვლისთანავე გაუჩინარდი... – თქვა ისევ მაქსმა და თავი გადააქნია, – თუ კიდევ მოგინდება გასეირნება, ნუ დაგეზარება და გვითხარი...
– ნეტავი დედაჩემი სად არის? – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დენიმ და ლილისფრად მოლივლივე წყალს ჩააშტერდა.         
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3