კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაატარეს ქართველმა ჩეკისტებმა ბერიას დავალებით ოპერაცია „ბორჯომი“

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მინერალურ წყალს, „ბორჯომს,“ „პოლიტბიუროს სასმელს“ უწოდებდნენ, ანუ ის ძალიან უყვარდათ საბჭოთა  პარტიული ელიტის წარმომადგენლებს და მას უზომო რაოდენობითაც მიირთმევდნენ; მაგრამ, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ „ბორჯომის“ საკავშირო ასპარეზზე გამოტანაში მთავარი როლი ლავრენტი ბერიას მიუძღვის
აკადემიკოსი მოისეი ლავრენსკი წერს: „საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, ლავრენტი პავლეს ძე ბერია, არა მარტო რკინის ხელით მართავდა ქვეყანას, როდესაც ეს საჭირო იყო, არამედ ის უზადო მეურნე და მეწარმე ბიზნესმენის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოს აგრარული აღორძინება ბერიას პროექტი იყო. მართალია, ის საამისოდ „ჩეკას“ ორგანოებსაც იყენებდა და ზოგჯერ აკრძალული ხერხებითაც მოქმედებდა, მაგრამ, „გამარჯვებულებს არ სჯიან“...  ჩაისა და ციტრუსების საკავშირო ბაზარზე გატანასთან ერთად, რასაც საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის გასამმაგება მოჰყვა, შეიქმნა ეგრეთ წოდებული „მილიონერი კოლმეურნეობები“ და ადამიანების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. „პირველმა“ (ბერიამ) მინერალური წყლის – „ბორჯომის“ საკავშირო ასპარეზზე გატანაც გადაწყვიტა. ლავრენტი ბერიამ ცნობილი ეკონომისტები და მრეწველობის დარგის სპეციალისტები შეკრიბა, ყველაფერი კარგად დაათვლევინა და გაარკვია, თუკი „ბორჯომს“ საკავშირო ასპარეზზე გაიტანდნენ, მისი წვლილი ქვეყნის (საქართველოს) ბიუჯეტში თხუთმეტი პროცენტი იქნებოდა. ეს კი კოლოსალური თანხა იყო და საქართველოს აღმშენებლობაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა.
– სერგო, ხვალ მოსკოვში მივემგზავრებით, – უთხრა ბერიამ თავის მოადგილე სერგო გოგლიძეს და დააყოლა, – ანასტას მიქოიანს უნდა შევხვდეთ და „ბორჯომის“ შესახებ დაველაპარაკო.
ანასტას მიქოიანი იმ პერიოდში კვების მრეწველობის საკავშირო სახალხო კომისარი იყო და მასზე გახლდათ დამოკიდებული „ბორჯომის“ საკავშირო ასპარეზზე გატანა-არგატანის საკითხი. მოსკოვში მიქოიანთან ჩასულ ბერიას სახალხო კომისარი გულთბილად შეხვდა. თუმცა, როდესაც ბერიამ მას თავისი ვიზიტის მიზანი გაუმხილა, ეშმაკმა ანასტას ივანოვიჩმა (მიქოიანმა) მას უთხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ამხანაგ სტალინს ძალიან მოსწონს მინერალური წყალი „საიანი“, რომელიც კრემლში შემოაქვთ. გარდა ამისა, პიატიგორსკში წარმოებული „ნარზანიც“ კარგად გადის და ვფიქრობ, „ბორჯომის“ დიდი რაოდენობით შემოტანა ზარალს მოგიტანთ.
ბერია მშვენივრად მიხვდა, რომ გაიძვერა, ეშმაკმა მიქოიანმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შეეძლო „ბორჯომის“ საკავშირო ასპარეზზე დაშვება, ეს არ ისურვა, ფარად კი სტალინი აიფარა. ამიტომ, თავაზიანად გაუღიმა კვების მრეწველობის კომისარს, გამოემშვიდობა და მისი კაბინეტი დატოვა. გოგლიძეს კი უთხრა:
– დელიკატურად დაგვბლოკა, მაგრამ რის ჩეკისტები ვიქნებით, თუ ეგ ცბიერი მელა გვაჯობებსო...
ბერიას, რა თქმა უნდა, სტალინთან შეეძლო „ბორჯომის“ საკითხის დაყენება, თუმცა ეს არ გაუკეთებია. მოსკოვიდან ის არაფრით, რომ იტყვიან, ცარიელი დაბრუნდა, რაც ლავრენტი პავლოვიჩის შემთხვევაში, არ ხდებოდა და ეს პირველი შემთხვევა იყო. ბერიას, ისიც ახელებდა, რომ მას მეზობელი ერის წარმომადგენელმა აჯობა და ბრაზით აივსო. თუმცა, ამას არ იტყობდა და მხოლოდ სერგო გოგლიძეს გაუმხილა. თბილისში რომ დაბრუნდა, საკავშირო პროფკავშირების კონფერენციისთვის მზადებას შეუდგა. ეს კონფერენცია ერთი კვირის შემდეგ უნდა გამართულიყო საქართველოს დედაქალაქში და მას სტალინიც დაესწრებოდა.
საკავშირო კონფერენციისთვის ყველაფერი უმაღლეს დონეზე მომზადდა. მატარებლით ჩამოსულ ბელადს კი, ბერია სადგურზე დახვდა და რეზიდენციამდე მიაცილა. ღამე მშვიდობისა უსურვა და ცეკას შენობაში დაბრუნდა. შემდეგ გოგლიძე იხმო, რომელმაც თავის უფროსს ეს ფრაზა უთხრა: „ყველაფერი რიგზეა და კონტროლს ექვემდებარება“.
სტალინს, როგორც ქვეყნის პირველ პირს, საგულდაგულოდ შემოწმებულ საჭმელ-სასმელს უმზადებდნენ და აწვდიდნენ. ბელადიც ყველგან თავისი „სუფრით“ მიდიოდა. თბილისშიც ასე მოხდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე მოწყობილ პრეზიდიუმში მჯდომ სტალინს წინ მინერალური წყალი „საიანის“ ჩამოსხმა ედგა, რომელიც ათასგზის იყო შემოწმებული. იგივე სასმელი ედგათ მიქოიანსა და მოსკოვიდან ჩამოსულ სხვა პარტიულ მაღალჩინოსნებსაც. თუმცა, მათი „საიანი“, სტალინის „საიანისგან“ განსხვავებით, ჩვეულებრივი ჩამოსხმა იყო. შუა სხდომის დროს ანასტას მიქოიანი წამოდგა და სასწრაფოდ დატოვა პრეზიდიუმი, ხოლო დიდი ხნის განმავლობაში რომ არ დაბრუნდა, ჩეკისტებმა ის ტუალეტში, გულწასული იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ გამოკვლევა ჩაუტარეს და ტოქსიკოზი დაუდგინეს.
მიქოიანმა მთავარ ექიმს უთხრა, რომ იმ დღეს მინერალური წყლის მეტი არაფერი მიუღია:
– მხოლოდ „საიანი“ დავლიე, ექიმო, – განუცხადა პროფესორს მისუსტებული ხმით მიქოიანმა, ტოქსიკოლოგმა კი მიუგო:
– ესე იგი, „საიანმა“ მოგწამლათ.
მიქოიანი მალევე დააყენეს ფეხზე. თუმცა, ერთი ღამე საავადმყოფოში გააჩერეს. საღამოს მას ბერია ესტუმრა, გულთბილად მოიკითხა სახალხო კომისარი და ჰკითხა:
– მაინც, რას ფიქრობთ, ანასტას ივანოვიჩ, რამ მოგწამლათ?
– ექიმის აზრით, „საიანმა“, – მიუგო მიქოიანმა.
– აი, „ბორჯომი“ კი არაფერს გავნებდათ, – უთხრა ბერიამ მიქოიანს და თან, დასძინა, – ნუ გეშინიათ. ყველანი, მთელი მედპერსონალი, საუკეთესო ექიმები დგანან ფეხზე და დილისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნებით.
შემდეგ ბერიამ ერთ-ერთი თავისი ხელქვეითი სადღაც გაგზავნა და ის რომ დაბრუნდა, ხელში „ბორჯომის“ სავსე ბოთლები ეკავა. ბერიამ ერთ-ერთი გამოართვა. გახსნა. დაისხა და დალია. ნაკლული ბოთლი სხვა სავსე ბოთლებს მიუდგა და მიქოიანს უთხრა:
– ანასტას ივანოვიჩ, ეს უბრალო მაღაზიაში ნაყიდი „ბორჯომია“ და გარწმუნებთ, არაფერს გავნებთ. დილამდე გეყოფათ. შემდეგ კი კიდევ გამოგიგზავნით. ახლა კი ბოდიშს გიხდით, მაგრამ უნდა წავიდე. ამხანაგი სტალინი მელოდება და გამოჯანმრთელებას გისურვებთ!
მოწამლული მიქოიანი დილისთვის უკვე კაჟივით იყო. პრეზიდიუმში კი „ბორჯომის“ ბოთლი ედგა და სვამდა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ლავრენტი ბერიამ კვების მრეწველობის სახალხო კომისრის, ანასტას მიქოიანისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მინერალური წყალი „ბორჯომი“ ეგრეთ წოდებულ საკავშირო რეესტრში ჩართეს, რაც საკავშირო ბაზარზე გასვლის ნებართვას ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიქოიანის თბილისში მოწამვლის თაობაზე არანაირი მოკვლევა არ ჩატარებულა, აშკარაა – ის ბერიას დავალებით მოწამლეს და ამით ლავრენტი პავლოვიჩი მრეწველობის სახალხო კომისარს დაემუქრა. მიქოიანი კი ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
ამგვარად, ოპერაცია „ბორჯომი“ წარმატებით დასრულდა. ქართული მინერალური წყალი საკავშირო ასპარეზზე გავიდა. სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა და „პოლიტბიუროს სასმელი” გახდა. საქართველოს ბიუჯეტმა კი უმნიშვნელოვანესი შევსება მიიღო...“

скачать dle 11.3