როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ წონას, შაკიკს, უძილობასა და ორგანიზმის საერთო სისუსტეს
შრომის უნარის დაქვეითებისა და საერთო სისუსტის მიზეზია ესტროგენების დეფიციტი ორგანიზმში. ესტროგენები განაპირობებს კარგ მეხსიერებას. როცა სისხლში ესტროგენების რაოდენობა იკლებს, თავს იჩენს სისუსტე, დაბნეულობა, აპათია, ნევროზი და ასე შემდეგ. ესტროგენების გამომუშავებას ხელს უწყობს ნაღებისა და სტაფილოს წვენის კოქტეილის სმა. ის ასე უნდა მოამზადოთ: 150 გრამ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 50 გრამი ნაღები და მიირთვით.
ჭარბი წონის მიზეზია ჰორმონული დისბალანსი. სიმსუქნე ესტროგენების არასაკმარისი აქტივობისა და პროგესტერონის მოქმედების შედეგია. ასეთ დროს მხოლოდ წონის მატება როდია მნიშვნელოვანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, სხეულის რომელ ნაწილში ლაგდება ცხიმი. თუ ის ძირითადად მუცლის არეშია თავმოყრილი, მაშინ მოიმატებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკი. თუ ცხიმი თეძოების მიდამოებშია, მაშინ ხერხემლის, სახსრების დაზიანებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების საშიშროება იჩენს თავს. ამიტომ, ბევრი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, შეზღუდეთ კალორიული საკვები. უარი თქვით ცხიმსა და ტკბილეულზე. თვეში ორი კილოგრამის დაკლება ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს.
გულის არეში პერიოდული ტკივილის მიზეზი ჰორმონული დისბალანსია. ამ დროს მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა და სწორედ ეს ხდება არითმიისა და გულის პერიოდული ტკივილის მიზეზი. ეს საშიში არ არის, რადგან, როგორც კი ენდოკრინული ფონი დაბალანსდება, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს მიიღეთ წყალში გასაზავებელი დამაწყნარებელი წვეთები, მაგალითად, ვალოკორდინი ან კატაბალახას ნაყენი.
უძილობის მიზეზი ესტროგენური დეფიციტია. თუ რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბუნებრივი საძილე საშუალების გამომუშავება არ ხდება და შეფერხებულია, თავს იჩენს უძილობა, სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. გირჩევთ, ძილის წინ კუჭი მსუყე ვახშმით არ გადატვირთოთ და დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
შაკიკის მიზეზია პროგესტერონის სიჭარბე. ეს ჰორმონი ორგანიზმში აკავებს წყალს, რაც არტერიული და ქალას შიდა წნევის აწევას იწვევს. თუ თავი იჩინა ნერვულმა დაძაბულობამ, რეფლექსურად ის გადაეცემა კუჭის კუნთებს და ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობის მიზეზიც ხდება. ამ დროს კარგია შარდმდენი და დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენები, მაგალითად, პიტნის, კატაბალახას ან კრაზანას ნაყენის სახით. 50 გრამ ნედლეულს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
კიტრი წნევას არეგულირებს, ჭარხალი სისხლს წმენდს, ქაცვი კი კუჭის წამალია
ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად, სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის, სტაფილოს წვენთან ერთად. ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.
დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია დღეში ორჯერ, ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში.
კიტრის წვენსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. კიტრი შეიცავს გოგირდს, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორსა და ქლორს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მათ კიტრის წვენი შეიცავს.
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, A, B1, B2, C და E ვიტამინები, ასევე, კაროტინი, თიმინი და რიბოფლავინი. ქაცვის ნაყოფის კანი შეიცავს სეროტონინს, რომელიც ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ქაცვი ასევე, გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის დაავადების დროს: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი, 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, გემოვნებით დაუმატეთ თაფლი და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მიღება რეკომენდებულია ეროზიული და წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარული და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტოზის მკურნალობის დროს. ქაცვის ზეთი კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ კი, ქაცვის ზეთი დალიეთ, დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამის წინ, ერთი თვის განმავლობაში.
რომელი საკვები უნდა შეზღუდოს წნევიანმა ადამიანმა
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანების უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონის პრობლემა. არადა, ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი აფერხებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას. ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.
თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები. უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით, მაგალითად, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს, რადგან მათ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვთ. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.
ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება საკვების სახით, შეიძლება გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობა ზრდის ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი. სასურველია, საკვებ რაციონში შევზღუდოთ ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიენიჭოს რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას.
ზომიერი ფიზიკური აქტივობა ეფექტურად ებრძვის არტერიულ ჰიპერტენზიას და გულის იშემიურ დაავადებას. საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც, სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში. კარგია ფეხით სიარული და ცურვა. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, ისწავლოთ უარყოფითი ემოციების განეიტრალება. მოერიდეთ გადაღლას, მოახდინეთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა. უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე.
გახსოვდეთ, რომ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ადამიანმა უნდა დაიწყოს ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის გამოსწორებით. ასევე, ბოლომდე უნდა ჩაიტაროთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი.
მკაცრი დიეტა ორგანიზმს ფიტავს და ასუსტებს
საკვები არა მხოლოდ ენერგიის, არამედ, ორგანიზმისთვის აუცილებელი უამრავი ნივთიერების წყაროა. ხილი და ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს არ შეიცავს. მენიუში სალათების შეტანით ასკორბინსა და P ვიტამინის საჭირო რაოდენობას მიიღებთ. B2 ვიტამინი მხოლოდ რძესა და მის პროდუქტებშია, A ვიტამინი კი – კარაქში. E ვიტამინს მცენარეული ზეთი შეიცავს. თითოეული მათგანი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ამიტომ, საჭირო რაოდენობით ვიტამინები რომ მიიღოთ და წონაში არ მოიმატოთ, პოლივიტამინები უნდა დალიოთ, რაც, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, უსიამოვნო სიმპტომებისგანაც გაგათავისუფლებთ.
ორგანიზმის თითოეულ ცოცხალ უჯრედში უამრავი ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ეს ბიოლოგიური პროცესი არ შეფერხდეს, გარკვეული დამაჩქარებლებია საჭირო. ასეთი კატალიზატორები კი ფერმენტებია, რომელთა „სამშენებლო მასალა“ ვიტამინებია. გადამეტებული კვება ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჭარბცხიმიანობა ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიისა და სხვა სერიოზული ავადმყოფობების განვითარებას. მკაცრი დიეტები კი ორგანიზმის გამოფიტვას უწყობს ხელს.
ბევრი სალათებს რაციონის დამატებად მიიჩნევს და არა ძირითად კერძად, ხილს კი მხოლოდ დესერტად მიირთმევს. არადა, სწორედ ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლის მჟავას, ბეტა-კაროტინსა და P ვიტამინს. ადამიანისთვის აუცილებელია A, B1, B2, B6, B12, C, D, E, K, PP ვიტამინები. ასევე, ფოლის მჟავა, პანტოტენის მჟავა და ბიოტენი. მაგალითად, ვიტამინი A პასუხს აგებს მხედველობაზე, D ვიტამინი ძვლების სიმკვრივისთვისაა აუცილებელი, E ვიტამინი ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას უზრუნველყოფს, მისი უკმარისობა კი სისუსტესა და ანემიას იწვევს. K ვიტამინის ნაკლებობის დროს ოსტეოპოროზი იჩენს თავს. C ვიტამინი ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას და აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისებას.