ვინ უპირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცოლსა და შვილებს კასრში, ცეცხლში ცოცხლად დაწვას
„ქაქუცა ჩოლოყაშვილმა სამშობლო 1924 წლის სექტემბრის ბოლოს დატოვა და შეფიცულთა რაზმის ნაწილთან ერთად თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზუნაში გადავიდა (გოჩა საითიძე, „დიდი ქართველები“). როგორი განწყობით გადაკვეთდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ტყვეობაში მყოფი სამშობლოს გარდა, მის გულს მოურჩენელ იარად აწვა ძვირფას ადამიანებზე დარდი. ქაქუცამ კარგად იცოდა იმ სასტიკი დევნის შესახებ, რომელსაც მისი ახლობლები განიცდიდნენ. ენით აუწერელია ის ტანჯვა-წამება, რაც ქაქუცას საფიცარმა ადამიანებმა: დედამ, მეუღლემ, შვილებმა და ახლობლებმა. გამოიარეს „ჩეკას” ხელში. მათ დაიჭირეს ქაქუცას მეუღლე – ნინო; შვილები – 7 წლის თამარი და 3 წლის ქეთევანი. მაშინ იყო, თელავის მილიციის უფროსი ჭურღულია რომ უპირებდა მათ კასრში დაწვას; მაშინ დახვრიტეს ქაქუცას სიმამრი – ილია მეღვინეთუხუცესი; მაშინ ჰქონდა დახვრეტის მუხლი მიყენებული ნინოს და რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ცხოვრება წამებად უქციეს ქაქუცას ქალიშვილებს: დევნა, გადასახლება, შიმშილი – აი, მათი ცხოვრების მუდმივი თანამდევი იმ წლებში. ალ. სულხანიშვილის თქმით, „ფული ყველას ერთად მხოლოდ 5 ჩერვონეცი” ჰქონდათ, ამიტომ, იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ცხენები გაეყიდათ... ართვინში ქაქუცამ და მისმა რაზმელებმა იქირავეს რამდენიმე ოთახი ადგილობრივი ქართველის, ვინმე აიუბას, სასტუმროში, სადაც ორი კვირა დაჰყვეს. ე. მაყაშვილი წერს: „ქალაქ ართვინში დაბინავებულნი ელოდნენ ევროპას გამგზავრებას. მუდმივ მოძრაობასა და ბრძოლას შეჩვეულნი, მოწყენილობას გრძნობდნენ, ნაღვლიანად გამოიყურებოდნენ. გადმომსხდარნი ხშირად ართვინის პატარა ქედზე, გაჰყურებდნენ მთებს იქით მოფარებულს სამშობლოს. ორი კვირის განმავლობაში რაზმელებმა კარგად დაისვენეს და პატარა ნორმალური ცხოვრების ფერი დაედოთ. ცხენების გაყიდვიდან მეორე, თუ მესამე დღეს ხოფაში წასასვლელად გავემზადეთ, ქაქუცამ ყველას თანაბარწილად გაუყო ჩვენი ნავაჭრიდან გამორჩენილი ფული და ახლა ერთნაირად გამდიდრებულნი, დავიძარით ხოფისაკენ” ... სტამბულში ჩასვლის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ორი კვირის განმავლობაში მათ ხმელეთზე გადმოსვლის ნება არ მისცა. თურქეთში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კონსტანტინე გვარჯალაძემ შეფიცულების ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ერთი ნაწილის ორი-სამი წლით სამხრეთ ამერიკაში (ურუგვაიში, თუ პარაგვაიში) არხების გასათხრელად გაგზავნა სცადა, „რომ იქ ჩავხოცილიყავით”. ამის მიზეზად კ. გვარჯალაძე საფრანგეთში არსებულ უმუშევრობას და უცხოელი ლტოლვილებისადმი ადგილობრივი ხელისუფლების ცუდ განწყობას ასახელებდა. შეფიცულების მხრიდან გამოთქმული სასტიკი პროტესტის შემდეგ, კ. გვარჯალაძემ თავისი იდეის განხორციელებაზე ხელი აიღო; „გამოირკვა, რომ თურმე საფრანგეთში ყველას უშვებდნენ; ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი გამოდგა, ვინაიდგან მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანგებს, თურმე, მუშა დიდათა სჭირდებოდათ; სოც.-დემოკრატები ბევრს ეცადნენ, რომ შეფიცულები არ შევეშვით საფრანგეთში, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ჩვენ მაინც შევედით საფრანგეთში; ძალიან უნდოდათ ქაქუცას მარტო წაყვანა პარიჟში, ეგონათ, უფრო ადვილად დაიმორჩილებდნენ მას... ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შეფიცულების ნაწილთან ერთად, სტამბულიდან მარსელში ბერძნული გემით – „პროპონტისით” გაემგზავრა. მარსელის ნავსადგურში ლტოლვილებს პარიზში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი და ქაქუცას ახლო მეგობარი თენგიზ დადეშქელიანი დახვდნენ. სოსიპატრე ასათიანი მარსელში მათ ზუსტად ისევე მოექცა, როგორც კონსტანტინე გვარჯალაძე – სტამბულში”...
ალ. სულხანიშვილის აღნიშნულ მოსაზრებას ალ. ბადურაშვილიც ეთანხმება: „ჭიჭიკოს ჰქონდა ინსტრუქცია, არ გაეშვა შეფიცულები პარიზში, ქაქუცას გარდა. მაშინ ქაქუცამ თქვა: ან ერთად წავალთ, ან მეც ამათთან დავრჩებიო. გაუშვეს ერთად”. პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჭიჭიკო ასათიანის წინადადებით, შეფიცულები ლა-მანშის სრუტის მახლობლად მდებარე „დიორის” სასუქის დამამზადებელ ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრნენ. ალ. სულხანიშვილი დაწვრილებით აღწერს ქარხანაში არსებულ უმძიმეს პირობებს, რომელშიც მათ მუშაობა უწევდათ: „პირველი სამუშაო ჩვენ ამოგვიჩინეს ლა-მანშის პირას, დიორის ქარხანაში, სადაც მზადდებოდა ხელოვნური მიწის პატიმარი. სამუშაო ძნელი გამოდგა. შიგ ქარხანაში შემოდიოდა რკინისგზის ლიანდაგი. ორივე მხარეს ლიანდაგისა დიდი საწყობები იყო. შემოდიოდა ვაგონები დატვირთული ტომრებით, დაახლოებით ხუთფუთიანები, სხვადასხვა პროდუკტი, რომელნიც ერეოდა ერთმანეთში. ეს ტომრები უნდა გადმოგვეტვირთა და დაგვეწყო საწყობებში ჭერამდის, რომელნიც კარგა მაღლები იყვნენ. ვიდექით ორ-ორნი კიბე კიბე და ვისროდით ტომრებს მაღლა ჭერამდის. საშინელი ცუდი სამუშაო იყო, რადგან ტომრები მთლიანად ზეთიანები იყო და მუდამ დათითხნილები ვიყავით. მერე ვაზავებდით და ისევ ტომრებს ვავსებდით. აქა ვმუშაობდით ოც კაცზე მეტი, ვცხოვრობდით ყველანი ერთ პანსიონში, ჭამა-სმით. ვიხდიდით სულზე რვა ფრანკს. ჩვენი ხელფასი იყო თორმეტი ფრანკი დღეში. ვმუშაობდით ექვს დღეს კვირაში...”
ალ. სულხანიშვილი, შეფიცულების სახელით, პარიზში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ხშირად უგზავნიდა წერილებს, რომლებშიც თავიანთ მძიმე მდგომარეობას აღუწერდა. ეს უკანასკნელი მათ ჰპირდებოდა, რომ რაიმე უკეთეს სამუშაოს მოუძებნიდა. მართლაც, ცოტა ხანში ქაქუცამ გაიცნო პოლკოვნიკი კოკე, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა და სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა შეფიცულებისთვის სამსახურის მოძებნის საქმეში. პოლკოვნიკმა კოკემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თხოვნა გულთან მიიტანა და მას თავისი მეგობარი, ცნობილი საავტომობილო ქარხნის მეპატრონე – პეჟო გააცნო. პეჟომ ქაქუცა დიდი პატივით მიიღო და დაჰპირდა შეფიცულების მოწყობას თავის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ოდენკურში მდებარეობდა. ალ. სულხანიშვილის ცნობით, ეს ამბავი შეიტყო საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში აკაკი ჩხენკელმა და „ქაქუცასა სთხოვა, რომ ჩვენი ხალხიც მოვაწყოთო, ესე იგი, სოციალ-დემოკრატებიო. ქაქუცამ უპასუხა: ბატონო აკაკი, რასა ჰქვიან, ჩვენი ხალხიცაო; ქართველი ხალხი უნდა მოვაწყოთ, განურჩევლათ პარტიისაო. ასე, ჩვენ მანამ დიორის ქარხანას თავს დავანებებდით და მოვიდოდით ოდენკურში, სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა პეჟოს ავტომობილების ქარხანაში, თითქმის 50 კაცმა”... 1925 წლის თებერვლის დასაწყისში დაახლოებით 50 ქართველმა ლტოლვილმა იქ საკმაოდ კარგ სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობა დაიწყო. მალე მათ გრანვილის „დიორის” ქარხნიდან წამოსული ოცი მუშაც შეუერთდათ. სამწუხაროდ, უპარტიო (თუმცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიით განწყობილ) შეფიცულებსა და მარქსისტ მენშევიკებს შორის თავიდანვე ცუდი ურთიერთობა დამყარდა, მათი ჩხუბი და აყალმაყალი თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. იმის მაგივრად, რომ ორ მტრულ ბანაკად დაყოფილი ქართველი ლტოლვილების შერიგებაზე ეზრუნათ, საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წევრები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და „პეჟოს” ქარხნის მუშებს შორის თავიანთი იდეოლოგიური მომხრეების რაოდენობის გამრავლებაზე ფიქრობდნენ. დრო გადიოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმის წევრები ცდილობდნენ, როგორმე შეჰგუებოდნენ მათთვის სრულიად უცხო გარემოს, ახალ ემიგრანტულ ყოფას... ალექსანდრე სულხანიშვილის, ალექსანდრე კარგარეთელისა და ელიზბარ მაყაშვილის მოგონებები: „გადიოდა დღეები, გადიოდა თვეები. წლებმაც გაიარა. ნელ-ნელა ეჩვეოდა შეფიცულთა ჯგუფი საფრანგეთში ცხოვრებას. ყველა მუშაობდა. ბევრს უკვე შეესწავლა ავტომობილის ტარება. მუშაობდნენ ტაქსისტებად. იმედი საქართველოში დაბრუნებისა და მისთვის ხელახალი ბრძოლისათვის არ გამქრალიყო“... კვლავ ალ. სულხანიშვილის მოგონებებში ჩავიხედოთ: „ქაქუცას ფული არა ჰქონდა, ანდა საიდან უნდა ჰქონოდა! ხანგამოშვებით მეგობრები უგზავნიდნენ მას სახარჯოს ინგლისიდან, გერმანიიდან და შიგ საფრანგეთიდანვე. ათასი ფრანკი რომ მიეღო, შეიძლება ორმოცდაათი აეღო თავისთვის, დანარჩენს ავადმყოფ და უმუშევარ რაზმელებს ურიგებდა. ჩვენს მთავრობას, კაპიკი რა არის, კაპიკიც არ მიუცია მისთვის!... ქაქუცა თავს ევლებოდა თავის შეფიცულებს, ყველანაირად ცდილობდა, გაეადვილებინა მათთვის მძიმე ემიგრანტული ყოფა... ქაქუცა თავს ჩინებულად გრძნობდა ჩვენს ბრძოლებში. ვერავინ ვჯობდით მას სიარულში, მაგრამ ევროპაში შემოსვლა გადაექცა მას საბედისწეროდ. საშინლად ცუდად იმოქმედა მასზე პარიზის ჰავამ... ჭრილობისგან მარჯვენა ფილტვის თავი ჰქონდა დაზიანებული... მისმა მეგობრებმა შეაგროვეს ფული და მთებში, სანატორიუმში გაგზავნეს. რამდენიმე თვის მკურნალობა ქაქუცას ძალიან მოუხდა და იგი პარიზში დაბრუნდა”...
1930 წლის 12 აპრილს ქაქუცა ერთ-ერთ შეფიცულს – ალექსანდრე კარგარეთელს სწერდა: „მე ხან კარგა ვარ, ხან ცოტა შეუძლოდ. ასეთი ყოფილა ეს მუდრეგი ავადმყოფობა. თუ ცუდი ამინდია, მაქცევს, თუ კარგი – მე ვერევი. ვართ ჭიდილში, ბოლოს რომელი წავაქცევთ, ვნახოთ”... ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილი სპირიდონ კედიასადმი: „ძვირფასო ძმაო სფრიდონ, მივიღე შენი წერილი, მაგრამ უმთავრესი დაგვიწყებია, მიხაკოს მისამართსა გთხოვდი, სწორედ ის გამოგრჩენია... ასე არ არის, ჩემო სფრიდონ, ისე მჩატეთ არა ვყოფილვარ ავათ, როგორც მე უყურებდი ავანტყოფობას. თურმე, ძალიან ვყოფილვარ დაბარგული და გაკვირვებას არის ექიმი. დასუსტებულს გამიკეთეს ოპერაცია და შევძელი უშედეგოთ გადატანა... ორი დღეა, რაც ნება მომცა გავლისა დღეში საათნახევარი, ოღონდ შიგ შენობაში. ეს გეგმაც შემუშავებულია. დილით უნდა ჩავიცო, ყავა დავლიო, მერე ერთი გავლა შენობაში ნელა და დავწვე ჩაცმული კრავატზე საბან ზემოდან. უნდა ვიწვე საუზმის შემდეგ ისევ. ერთი ჩარექი ვიარო, მერე აივანზე შაზლონში ჩავწვე და დავიცვა სრული სიჩუმე: არც კითხვა, არც ლაპარაკი და არც ფიქრი რაზედმე. ძალიან ძნელია, რომ ყველაფერი შეასრულოს კაცმა. ცოცხალი კაცი იწვეს, ძილის ნება არა, კითხვისა არა და არ იფიქროს – შეუძლებელია! მაგაში ვერა ვრიგდებით სანატორიუმი და მე... აი, ჩემო სფრიდონ, როგორ უნივერსიტეტში ვარ... მართალია, ჩემმა ფრანგული ენის უცოდინობამ ბევრი დამაკლო, მაგრა დღეს მიშველა ჩემ ავანტყოფობაში. ლაპარაკი არ ვიცი და ვარ სულ გაჩუმებული, რომელიც საჭიროა ჯამთელობისთვის. გული ნუ გაგიტყდება, ჩემო სფრიდონ, ვეცდები, რომ ვისწავლო და ჩაგიფრანგულო, რომ ჩამოვალ...“ „...ჩემო სფრიდონ, მე არ ვიცი: გიორგი ხოშტარია, თუ გრიშა ბერიძე იხდიან ჩემს შესამნახოს, უთხარი ყველაფერი. ვაი დედასა, რომ ავანტყოფობამ ამ დღეში ჩამაგდო, თორე მე სათხოვარი არა გამიხდებოდა რა. რა ვუყოთ, თუ გამოვრჩი როგორმე, სამშობლოსაც გამოვადგები, მეგობარსაც და ჩემ თავსაც, თუ არა და ჯახნაბას ჩემი თავი, უეჭველად დამწვით, რადგანაც ჩემ ჩამომავლობაში ჭლექით არავინ მომკვდარა, და რადგანაც მე პირველი ვარ, ყველაფერი უნდა მოისპოს ჩემი ნეშთისა, რომ სხვა ჩოლოყაშვილებზე არ გადავიდეს, ისეც არავინ დარჩა...“
...1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ცუდად გახდა. ავადმყოფს სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერ უპოვია. 29 ივნისის ღამეს თავისი ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც სთხოვდა – მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. უთქვამს, ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო... სიკვდილის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სძაგდა კრემაცია, უთხოვია, მისი ნეშტი დაეწვათ, ერთადერთი მიზეზის გამო – იქნებ, ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო. მრავალი წლის შემდეგ, 1981 წელს სან-ფრანცისკოში გამოქვეყნებულ თავის მოგონებებში, სულხანიშვილი ასე იხსენებდა: „ქაქუცა ბერძნების ეკლესიაში დავასვენეთ. სამი დღის შემდეგ იყო დანიშნული დაკრძალვა.
მე მოვიწადინე იმ ადგილის ნახვა, სადაც ქაქუცას დაკრძალვა იყო გადაწყვეტილი. წავედით მე, მერაბი და ილიკო ქარუმიძე. სანტოენის სასაფლაოზე რომ მივედით, სწორედ მაშინ იღებდნენ ძვლებს იქიდან, სადაც ქაქუცას საფლავს ამზადებდნენ. მათ მაჩვენეს ალაგი და მითხრეს: „აი, ეს არის ქაქუცას საფლავიო.” მე რომ ვიკითხე: „მერე აკლდამას როდისღა გააკეთებენ-მეთქი,” მაშინღა მიამბო მერაბმა: „აი, ამ სახით უნდა გაახვიონ კუბო კარავში და ზედ გუდრონს დაასხამენ – ასე გადაწყვიტა კომიტეტმაო.” ეს რომ მითხრა მერაბმა, კინაღამ გადავირიე და ლამის არის იქვე დავახრჩე იგი: „ასე ასაფლავებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილს-მეთქი?!” მე დაუყოვნებლივ შევუდექი მოლაპარაკებას სასაფლაოს დირექციასთან, რომ აკლდამა გაეკეთებინათ. კარგა აღარ მახსოვს, მგონი, 2 500 დაჯდა, ხოლო მე კი 45 ფრანკის მეტი არა მქონდა ჯიბეში. სასაფლაოდან რომ დავბრუნდით, მე, მერაბ ჯორჯაძე და ილიკო ქარუმიძე პირდაპირ აკაკი ჩხენკელთან მივედით საშინლად აღელვებულნი. ასე მივმართე მე მას: „ბატონო აკაკი, ასე ასაფლავებთ ქაქუცას? გუდრონი გინდათ დაასხათ ცხედარს, თითქო შარაგზას აგებენო?! ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ გმირად აღიარა ქაქუცა. საინტერესოა, სხვებიც ასე ასაფლავებენ თავიანთ ეროვნულ გმირებს, როგორც თქვენ-მეთქი?..” „როგორც გინდათ, ბატონო ალექსანდრე, ისე დავასაფლავოთო.” ამაზე მე ვუპასუხე: „აი, ბატონო აკაკი, დღეს მე აკლდამა შევუკვეთე, მისამართი თქვენი მივეცი და, ფული, როგორც გინდათ, ისე გადაიხადეთ-მეთქი.” ეს ლაპარაკი მხოლოდ ლაპარაკად დარჩა, რადგან მთავრობას კაპიკიც არ გადაუხდია. მაინც გრიშა ბერიძეს გადაახდევინეს იმის საფასური... ჩვენ მთავრობას ერთი ფრანკიც არ დაუხარჯნია ქაქუცას დასაფლავებაზე, ან რათ დახარჯავდნენ, ერთი ნაწილი ჩვენი მთავრობისა ხომ ქაქუცასი და მთელი შეფიცულების მტრები იყვნენ, განსაკუთრებით, ნოე რამიშვილი, რომელმაც დაიკვეხა, ქაქუცას სულს ამოვართმევო... ჩოლოყაშვილი არაფერს დაჰპირებია ხალხს და ხალხი მაინც გაჰყვა. მან სთქვა: თავისუფლება ბრძოლით მოიპოება! ვისაც დამოუკიდებლობა გინდათ – მომყევითო!“