რა განსაზღვრავს აღდგომის თარიღის დადგენას
აღდგომის აღნიშვნის თარიღის გამო დავა ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში დაიწყო. საქმე ის იყო, რომ აზიის ქრისტიანული თემები ამ დღესასწაულს ებრაული ნისანის 14 რიცხვში აღნიშნავდნენ, ამასთან, კვირის დღეს ყურადღება არ ექცეოდა. დანარჩენი ეკლესიები, მათ შორის რომისა და ალექსანდრიისა, აღდგომას კვირა დღეს ზეიმობდნენ, რასაც სახარებისეული თხრობა ედო საფუძვლად. ამასთან, ამ კვირა დღის გამოთვლას ებრაული პასექის დღეს უკავშირებდნენ. მეორე-მესამე საუკუნეთა მიჯნაზე იუდეველებმა თავიანთი პასექის აღსანიშნავი დღის გამოთვლის ახალი სისტემა შემოიღეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას (დღეღამსწორობას) არ ითვალისწინებდა. ბევრმა ეკლესიამ ეს სისტემა მიუღებლად მიიჩნია. რომში აღდგომის დღის გამოსათვლელად საკუთარი,16-წლიანი ციკლი შეიმუშავეს. შემდეგ ის სრულყვეს ალექსანდრიაში. მეოთხე საუკუნეში იუდეველთა სისტემა კვლავ შეიცვალა, რის გამოც გარკვეული ცვლილებები მოხდა ანტიოქიის ეკლესიაში მიღებულ წესებშიც; ყოველივე ამან კი აღდგომის აღსანიშნავ დღეებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაართულა.
ქრისტიანები საკითხის სიმწვავეს და აღდგომის ერთობლივი აღნიშვნის აუცილებლობას გრძნობდნენ. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ პირველსავე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში, 325 წელს, მიღებულ იქნა განჩინება იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანმა აღდგომა უნდა იდღესასწაულოს ერთსა და იმავე დღეს, კერძოდ, გაზაფხულის ბუნიობისშემდგომი პირველი სავსემთვარეობის პირველ კვირა დღეს. კრების მამები ეყრდნობოდნენ თვით წმიდა მოციქულთა „განწესებანის” მეშვიდე კანონს, რომლის თანახმადაც „თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წმიდა დღეს გაზაფხულის ბუნიობის წინ, იუდეველებთან ერთად იდღესასწაულებს, განიკვეთოს“. ნიკეის კრების გადაწყვეტილებას ადასტურებს ანტიოქიის კრების პირველი კანონი: „ყველა, ვინც გაბედავს და დაარღვევს ნიკეაში გამართული წმიდა და დიდი კრების განსაზღვრებას, უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან“. ასევე, ტრულის 691 წლის კრება, ჩამოთვლის რა ერეტიკოსებს, მათ შორის მოიხსენიებს „მეთოთხმეტეებს,” ანუ იმათ, ვინც აღდგომა ნისანის 14-ში იზეიმა იუდეველებთან ერთად.
ამრიგად, ნიკეის კრების გადაწყვეტილებით, ალექსანდრიული პასქალია მსოფლიო ეკლესიის პასქალიად იქცა, რის შედეგადაც ქრისტიანული აღდგომა ყოველთვის პასექის შემდეგ უნდა აღესრულებოდეს და არავითარ შემთხვევაში მასთან ერთად ან მასზე უწინ. შემდგომში ამის შესახებ წერდნენ მეთორმეტე საუკუნის ცნობილი კანონისტები: ბალსამონი, ზონარა და სხვები.
მოგვიანებით, როცა დასავლეთ ევროპა ახალ სტილზე გადავიდა (1582 წელი) კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერონიმემ 1583 წელსვე მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც დაგმო გრიგორიანული კალენდარი, როგორც მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი. მას დაეთანხმნენ იერუსალიმის პატრიარქი სოფრონ მეექვსე და ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტრი.
ახალი სტილის წინააღმდეგ გაილაშქრეს აგრეთვე, მსოფლიო პატრიარქმა ათანასემ (1686-1729 წლები) და მსოფლიო პატრიარქმა კალენიკე პირველმა. უფრო გვიან, 1848 წელს, გრიგორიანული კალენდარი დაგმეს მსოფლიო პატრიარქმა ანთიმოზ მეექვსემ, ალექსანდრიის პატრიარქმა იეროთეოსმა და იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ.
დღეისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის მიუხედავად, აღდგომის დღესასწაული ისევ ძველი სტილით აღინიშნება, რადგან ახალი სტილით აღდგომა ხშირად ემთხვევა და ზოგჯერ წინაც უსწრებს ებრაელთა პასექს. მაგალითად, 1921 წელს კათოლიკეებმა აღდგომა 11 მარტს აღნიშნეს, ებრაელთა პასექი კი თითქმის ერთი თვის შემდეგ, 10 აპრილს იყო. ეს ყოველივე კი, არა მარტო მსოფლიო კრებასა და დიდი სჯულის კანონს, არამედ, თვით სახარებას ეწინააღმდეგება, რომელიც სრულიად ცხადად მოგვითხრობს მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის წინარე დღეების თანმიმდევრობის შესახებ, საიდანაც ნათლაც ჩანს, რომ ჯერ იყო ებრაელთა პასექი, რომელიც თვით მაცხოვარმაც აღნიშნა მოწაფეებთან ერთად, ხოლო შემდგომ – ჯვარცმა და აღდგომა.
***
შევეხოთ კათოლიკეთა აღდგომის საკითხსაც. თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ 2005 წელი. მართლმადიდებლები 2005 წლის აღდგომას აღვნიშნავდით ძველი სტილით 18 აპრილს, ახალი სტილით – 1 მაისს (ანალოგია 2016 წლის აღდგომასთან); ხოლო კათოლიკეები, რომლებიც გრიგოლის კალენდარზე არიან გადასულნი (ძველი სტილით 14 მარტს), ახალი სტილით 27 მარტს უკვე აღნიშნეს აღდგომის დღესასწაული. ეს დაემთხვა ჩვენი დიდი მარხვის მეორე კვირას. აქ ორი მომენტია საგულისხმო:
პირველი ის, რომ იუდეველთა პასექი 2005 წელს ვნების შვიდეულში აღინიშნა, ანუ გამოვიდა, რომ კათოლიკეებმა თავიანთი აღდგომა აღნიშნეს იუდეველთა პასექზე უფრო ადრე, რაც სჯულის კანონის დარღვევაა; მეორე საკითხი კი ის გახლავთ, რომ მართლმადიდებლების მიერ აღსრულებული მსახურებისას, როგორც ყოველთვის ამ დღეს – დიდი შვიდეულის შაბათ დღეს, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა. კათოლიკეებმა 27 მარტს კი აღნიშნეს აღდგომა, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოსულა. აქ შემდეგი მომენტიცაა საგულისხმო: დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში ანთებული სანთლებიდან ღვთაებრივ ცეცხლს თვით კათოლიკეებიც იყენებენ და ასევე სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც; ისმის კითხვა: თუ ღვთაებრივი ცეცხლი კათოლიკეებისთვისაც დიდი სიწმიდეა და მათაც სურთ მისი მიღება, მაშინ, რატომ არ აღნიშნავენ ისინი ჩვენთან ერთად ამ დღესასწაულს? ეს ხომ ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ მართლმადიდებლები ამ დღესასწაულს სწორად აღნიშნავენ და, ეს ხომ საუკუნეებია, ასე გრძელდება?!