„დაჟანგებულხარ, გორდაო…“
„ჯარშიც მხოლოდ ქალიშვილები არიან“?!
შესაძლოა, იმ გავლენით, რომ თვით „გირჩთა“ ღრმა რწმენით, სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქის უფლებების უკიდურესი შელახვაა (პათოსით: რას მიქვიან სამშობლოს სამსახურიო?!), ან, სულაც, სხვა მიზეზით, თავდაცვის მინისტრმა ქ-ნმა ხიდაშელმა გვამცნო, რომ ოკუპირებულ საქართველოში 2017 წლიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაუქმდება და აწი ჯარში მხოლოდ ნებაყოფლობით თუ წავლენ მსურველები (პათოსით: და იბერიაც გაბრწყინდება?!).
მართალია, ქ-ნმა მინისტრმა დაბეჭდა (მომყავს ციტატა): „თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია (პათოსით: აღარ უნდა ლაი-ლაიო?!)“, მაგრამ იქვე დასძინა შემდეგი (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „2017 წელს ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ გვექნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება.
ყველაფერი კი იმიტომ არ დამთავრდება, რომ 2017 წლიდან ჯარში წასვლა-არწასვლის ნებაყოფლობითი სისტემა ამოქმედდება. ნებაყოფლობითობის გადაწყვეტილების ეფექტიანობაში კი იმიტომაა დარწმუნებული, რომ ის, თურმე, „ნატოს“ წევრ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
ამგვარი მიდგომის დაწვრილებითი მოტივაცია ჩვენთვის უცნობია, რადგან თავდაცვის მინისტრს არ განუმარტავს, გარდა „ნატოურთა“ წაბაძვისა, გათვლილია თუ არა, სახელდობრ, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეები: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩრდილო კავკასიით დაწყებული, რუსეთ-თურქეთის წკიპზე მისულ დაპირისპირებაზე გათვლით, და ისლამური სახალიფოს სიახლოვის გათვალისწინებით, ვინაიდან „ნატოურებს“ თავი ქუდში აქვთ, იმ მარტივი მიზეზით, რომ როგორი გაწვევის სისტემაც არ უნდა ჰქონდეთ, გარე აგრესიისგან მათ „ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლი იცავს, იმას გარდა, რომ თავდაცვის საკუთარი სისტემებიც აქვთ აწყობილი და ეკონომიკაც (პროფესიული ჯარი დიდი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ძვირი ჯდება).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჯერჯერობით ქართული ჯარის პროფესიული ნაწილები კოალიციის წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანების გადაწყვეტისთვისაა გაწვრთნილი, ვითომ ჩვენს თავდაცვის სამინისტროში იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ დავიცავთ „ნატოს“, „ნატო“ კი – ლანგრით მოგვართმევს დაკარგულ ტერიტორიებს?! –