რა აჩუქა შვედეთის სამეფო კარს მსოფლიოში ცნობილმა სამკაულის ქართველმა დიზაინერმა
სამკაულების დიზაინერ კარლო ლუკელს საქართველოში თითქმის არავინ იცნობს, უცხოეთში კი მან მალე გაითქვა სახელი. მისი ნამუშევარი აქვს შვედეთის სამეფო კარს, ხოლო მისი სამკაულები ამშვენებდა ვარსკვლავებს როგორც კანის კინოფესტივალზე, ასევე „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე. მისი ბრენდიც და მასალაც იტალიურია, მისი სახელოსნო ერთ-ერთია მსოფლიოს ათ საუკეთესო სახელოსნოს შორის, რომელიც ხელოვნურ შუშაზე მუშაობს, ხოლო ბატონი კარლო ის დიზაინერია, რომელმაც პირველმა გამოიყენა ხელოვნურ შუშაში ბრილიანტი და დღემდე ერთადერთია, ვინც ამ მეთოდით მუშაობს.
კარლო ლუკელი: 2010 წელს მეუღლესთან დაშორების შემდეგ დეპრესია მქონდა, დავტოვე საქართველო და გავემგზავრე ანტალიაში. იქ ყოფნისას სამკაულების მაღაზიაში შევედი და ძალიან მომეწონა ეს სამკაულები. სახლში დაბრუნებულმა ავიღე ფანქარი და დავიწყე ხატვა, არადა, მანამდე ხატვასთან არანაირი შეხება არ მქონდა და დღესაც ვერ ვხატავ, თუმცა დახვეწილი გემოვნებით ბავშვობიდან გამოვირჩეოდი. სამი თვე სერიოზულად ვფიქრობდი, მქონდა მონახაზი. ანტალიიდან სტამბულში წავედი, სადაც სამსახურის ძებნა დავიწყე – მინდოდა, ამ მიმართულებით მემუშავა. ბევრ სახელოსნოში ვიმუშავე, ყალიბებში ვსვამდი თვლებს. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ჩემი სახელოსნოც გავხსენი თურქ პარტნიორთან ერთად და დავიწყე მუშაობა. გამოვუშვი ჩემი სამკაულების პირველი ხაზი. ბავშვობიდან მიყვარს ანტიკვარული ნივთები და პირველი კოლექციაც ზუსტად ანტიკვარული სტილის მოდელებისგან შედგებოდა. შემდეგ ამ თურქ პარტნიორთან რაღაც უსიამოვნება მომიხდა და შვედეთის სამეფოში წავედი საცხოვრებლად, სადაც დღემდე ვცხოვრობ.
– ერთადერთი დიზაინერი ხართ, ვინც ხელოვნურ შუშაში ბრილიანტი გამოიყენა...
– სტოკჰოლმში რომ ჩავედი, ბევრს დავდიოდი საიუველირო მაღაზიებში. ერთხელ შევედი მაღაზიაში, სადაც იყიდებოდა ხელოვნური შუშის თვლები, რითაც ძალიან დავინტერესდი. მინდოდა, მესწავლა შუშის დამუშავების ტექნოლოგია, რაც იტალიაში იყო შესაძლებელი. ჩემი იტალიელი მეგობარი დამეხმარა და მოვხვდი სიცილიაში, სადაც სრულყოფილად შევისწავლე შუშის ტექნოლოგია. 2013 წელს სიცილიაში გავხსენი სახელოსნო, სადაც ვმუშაობ ხელოვნური შუშის დიზაინზე და მის შექმნაზე. შარშან და წელს რუსეთსა და უკრაინაში გავხსენი სახელოსნოები; ახლა მინდა, ჩემი შვილი, რომელიც 22 წლისაა, გავუშვა სიცილიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შემდეგ საქართველოშიც გავხსნა სახელოსნო. ხელოვნურ შუშაზე მუშაობა ძალიან რთული ტექნოლოგიაა, სიცილიაშიც კი უამრავი სახელსონოა, სადაც შუშაზე მუშაობენ, მაგრამ მაღალი ხარისხის შუშას მსოფლიოში სულ ათი სახელოსნო ქმნის და მათ შორის არის ჩემიც. სამი წელი ვმუშაობდი ტექნოლოგიაზე, რომ ხელოვნურ შუშაში გამომეყენებინა ბრილიანტი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. როდესაც იქმნება დიზაინი, სანამ შუშა გარედან დამუშავდება, მანამდე ისმება მასში ბრილიანტი.
– გარდა ბრილიანტისა, კიდევ რას იყენებთ თქვენს ხელოვნურ შუშებში?
– ჩემს ხელოვნურ შუშებში გამოიყენება მურანო, ვერცხლი; ვენეციური, იტალიური, ბრაზილიური, მალიორკის, შრი-ლანკის ხელოვნური შუშები, ასევე, ოკეანის შუშები; ხშირ შემთხვევაში ვერცხლში ან ოქროშია. გამოიყენება სვაროვსკის შუშებიც. სხვათა შორის, ბრაზილიური და შრი-ლანკის ხელოვნურ შუშასაც მხოლოდ მე ვიყენებ მსოფლიოში.
– საკუთარი ხელით ქმნით სამკაულებს თუ მხოლოდ დიზაინზე მუშაობთ?
– არა, საკუთარი ხელით არაფერს ვაკეთებ. ხელოსნების მუშაობაში არ ვერევი, ყველა ქვეყანაში, სადაც სახელოსნო მაქვს, მყავს ასისტენტ-დიზაინერები, ვგზავნი ყალიბს და ჩემი მითითებითა და მეთვალყურეობით აკეთებენ. ჩემთან მუშაობა ძალიან რთულია, მომთხოვნი ვარ. ერთხელ იტალიაში რამდენიმე თვეში ათი დამხმარე ქალი გამექცა. დიზაინერებს არ ჰყავთ დიზაინერ-ასისტენტები, მენეჯერები, მე კი მყავს. მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მე თუ ყალიბებზე დავიწყე მუშაობა, დიზაინზე ვინ იფიქროს?! საკუთარი თავის მიმართაც ძალიან მომთხოვნი ვარ – ერთი დეტალიც რომ არ მომეწონოს, გამორიცხულია, გასაყიდად გავიტანო. ჩემს „დაბრაკულ“ სამკაულებს ნაკლს ვერ ამჩნევენ, ვერც კი ხვდებიან, რატომ ვიწუნებ, გიჟდებიან, ისე მოსწონთ. მაგრამ მე ძალიან ესთეტი ვარ, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ. მე მხოლოდ ექსკლუზიურ ნიმუშებზე ვმუშაობ და არცერთი არასდროს არ მეორდება – აი, ეს არის მთავარი. ბრენდი, დეტალები – ყველაფერი არის იტალიური. ჩემი სამკაული არ არის ყოველდღიური, არ არის გათვლილი თინეიჯერებზე; ყველა სამკაული არის ექსკლუზივი, ერთი და იგივე შეკვეთითაც კი არ მეორდება. არ ვმუშაობ შეკვეთებზე, დიზაინს ყოველთვის ვქმნი მე თვითონ. ერთხელ იყო მხოლოდ, რომ საქორწინო ოქრო და ბრილიანტი გავაკეთე შეკვეთით და მაშინაც დიზაინი ჩემი იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკვე გაყიდულ სამკაულებზე მეუბნებიან, რომ ისეთი გავუკეთო, მაგრამ არასდროს არ ვაკეთებ. ფერებიდან ძალიან მიყვარს სალათისფერი თვლები და, მიმაჩნია, რომ ყველაზე ქალური სამკაულია კოლიე, თუმცა ყველაზე მეტად საყურეები იყიდება.
– მიმდინარე მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებთ?
– მოდა რა არის? – ის, რასაც დიზაინერი ქმნის. აქედან გამომდინარე მოდაშია ის, რასაც მე ვქნი და არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, სხვა დიზაინერები მოდის რა ტენდენციებს გვთავაზობენ.
– როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში გაქვთ გამოფენები და ახლა საქართველოშიც აპირებთ...
– ზაფხულში გამოფენები მქონდა შვედეთში, იბიცაზე, მალიორკაზე; ახალ წლამდე საფრანგთში ვგეგმავ მოწყობას. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს გამოფენებთან დაკავშირებით, მაგრამ მე არასდროს ვჩქარობ. მინდა გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში იყო პრობლემები, დაბრკოლებები და წინააღმდეგობები, რაც დღემდე გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც დადარაჯერებულები არიან დიზაინის მოსაპარად, თუმცა თავს იმით ვიწყნარებ, რომ ისეთი ხარისხის სამკაულს მაინც ვერ შექმნიან, როგორსაც მე ვქმნი. ნამდვილად არ ვაპირებდი ჯერ თბილისში გამოფენის მოწყობას, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო და, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, საქართველოში თუმანიშვილის თეატრში მოვაწყო გამოფენა. მინდა საქართველოში ნახონ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სამკაული.
– ძალიან ძვირად ღირებულია თქვენი სამკაულები?
– ევროპაში ყველაზე ძვირად 1 200 ევროდ გამიყიდია, ყველაზე იაფად – 240 ევროდ.
– როგორც ვიცი, თქვენი სამკაულები „ოსკარის“ დაჯილდოებასა და კანის კინოფესტივალზეც კი ეკეთათ მსახიობებს...
– შვედეთის სამეფო კარს გადავეცი ჰალსტუხის სამაგრი, რომელიც ძალიან მოეწონათ. ჩემი ვინტაჟის მოდელები სხვადასხვა წლებში ამშვენებდა ქალბატონებს კანის ფესტივალზე და ასევე, „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალზე. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, დედაჩემმაც კი ერთი თვის წინ გაიგო ჩემი საქმიანობის შესახებ.