კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბინძურ ჭორებს უგორებდნენ თამარ ივერს და როგორ გამოხატავდნენ გერმანიაში აგრესიას მომღერლის მიმართ ქურქის ტარების გამო

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შემდეგ, მსოფლიო დონის ქართველი მომღერალი თამარ ივერი კიდევ ერთხელ ესტუმრა სამშობლოს, ამჯერად – საქველმოქმედო მიზნით – მან აუტისტი ბავშვების მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
 ქალბატონ თამარს მისი ცხოვრების წესად ქცეულ ქველმოქმედებაზე, ოპერის გახსნასთან დაკავშირებულ ემოციებზე, ყბადაღებულ ქურქებსა და იმ სირთულეებზეც ვესაუბრეთ, რომელთა გადალახვაც მას მოუხდა, სანამ უდიდეს ავტორიტეტსა და მსოფლიო დონის ვარსკვლავის სტატუსს მოიპოვებდა.
თამარ ივერი: ამჯერად საქართველოში ქალბატონ თათია მელაშვილის მიერ ორგანიზებული კონცერტისთვის ჩამოვედი, რომელიც აუტისტ ბავშვებს ეძღვნებოდა. ვცდილობ, ჩემი ფონდითაც და სხვების თანადგომითაც დავეხმარო მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ბოლო პერიოდში ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და ჩემს შვილებს დედიკო მოაკლდათ, ამიტომ თავს უხერხულად ვგრძნობ. თუმცა 26 მაისისთვის ისევ ჩამოვალ, რადგან გრანდიოზული კონცერტის გამართვას აპირებენ. არ ვიცი, ყველა კარტს რატომ გიხსნით, ეს ჯერ არ დაანონსებულა, მაგრამ გეტყვით, რომ გრანდიოზული კონცერტი იგეგმება 4 ივლისსაც. მასში 57 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ამბავს ეძღვნება. თეატრმა რომ მომწერა – საქართველოში ჯერ ასეთი ღონისძიება არ გამართულაო, დავინტრიგდი (იცინის). გვინდა, ყველაფერი კარგი ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნისო. თუ საჭიროა, ყოველდღე ვიმღერებ, მაგრამ ამას ძალიან კარგი მიზანი უნდა ჰქონდეს და მაღალი დონის ორგანიზება. ცნობილ მომღერალს ორგანიზატორმა არ უნდა აკადროს დამწყები მომღერლის გვერდით დგომა, რომელიც ყვირილს იწყებს ვარსკვლავის ხმის გადასაფარად; ასევე, არ უნდა აკადროს ცუდი ორკესტრი ან დარბაზი, რომელსაც აკუსტიკა არ უვარგა. საბედნიეროდ, საქართველოში მეც და ჩემი მენეჯერებიც ამ ფაქტს ყურადღებით ვეკიდებით. იმედია, 4 ივლისის გრანდიოზული ღონისძიებაც მაღალ დონეზე და დიდი რეზონანსით ჩაივლის.
– დიდი რეზონანსი მოჰყვა ოპერის გახსნას. როგორი იყო თქვენი ემოციები გახსნის დღეს სცენაზე დგომისას?
– ფაქტი, რომ თეატრის გახსნაზე დამიძახეს, ძალიან დიდი პატივია ნებისმიერი მომღერლისათვის. თეატრის გახსნაზე ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობას პატიჟებენ და ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო ეთერად ჩემს ქვეყანას მე ვესახები. შესანიშნავი იყო ლადო ათანელი მურმანის როლში; ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი – აბესალომის როლში. გულწრფელად გეტყვით, ძალიან განვიციდიდი, რომ ოპერა ამდენ ხანს იყო დახურული. არ დაგიმალავთ და, ქალაქის საშემსრულებლო დონეც ცოტა დაეცა, რადგან დასი პარალიზებული, პრაქტიკულად დაშლილი იყო. არ იცოდნენ, სად ემღერათ და ორ-სამ თვეში ერთხელ ძლივს შეკოწიწდებოდნენ ხოლმე. ექვსი წლით თეატრის დაკეტვა ძალიან დიდი დარტყმა იყო ქართული მუსიკისათვის. თუმცა, იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
– დონე, რომელზეც წეღან საუბრობდით, არის ახალგახსნილ ოპერაში?
–  ეს ყველაფერი ჯერ ძალიან ახალია. ჯერჯერობით მხოლოდ „აბესალომი“ და „მაკბეტი“ დაიდგა. თეატრს, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი საბაზო, სამი-ოთხი წამყვანი მომღერალი, ვინც ყველაზე მეტი პროფესიონალია და ისინი მაქსიმალურად დაკავებულები უნდა იყვნენ. რა სტრატეგია ექნებათ სამომავლოდ, ეს დირექციაზეა დამოკიდებული. ძალიან მინდა, თეატრმა საშემსრულებლო დონე შეინარჩუნოს, რომ არ შერჩეს მხოლოდ შეღებილი კედლები. ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მხოლოდ თეატრის სოლისტების იმედად ყოფნა არ შეიძლება, ასე პუბლიკის კლება მოხდება. ყოველ სპექტაკლზე სიახლე მნიშვნელოვანია, იქნება ეს ახალი დირიჟორი თუ მომღერალი. თეატრში ხალხი ტრადიციულად ვარსკვლავებისთვის დადის და ეს წნევა არ უნდა დაეცეს. თუ სულ ბიუჯეტზე იწუწუნებ და მთელ წელს ერთი და იგივე შემსრულებლებზე გადაატარებ, ჩათვალე, რომ ბოლოს, ალბათ, 30 კაცი იჯდება დარბაზში და სცენაზე უფრო მეტი ადამიანი იქნება.
– ყბადაღებულ ქურქების თემაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი.
– ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. ვისაც ცხოველი არ აინტერესებს, ვერ წაუკითხავ მორალს, რატომ აცვია ქურქი. ქართველი ქალები ყოველთვის საუკეთესოს იცვამენ თეატრში. როცა ჩვენს რეალობაში გაზრდილ ქალს ეტყვი, რომ ქურქს ბევრი ცხოველი ეწირება მსხვერპლად, გიპასუხებს: ხინკლითა და მწვადით რომაა რესტორნები სავსე, ამას ცხოველის სიცოცხლე არ ეწირებაო?! თუმცა, ევროპულად მოაზროვნე ადამიანი ცოტა სხვანაირად ფიქრობს. დიდი განსხვავებაა საჭმლისთვის და ქურქის დასამზადებლად მოკლულ ცხოველს შორის. ცივილიზებულ სამყაროში საკვებად გამოსაყენებელ ცხოველს ელექტროშოკით თიშავენ და შემდეგ კლავენ, შესაბამისად, ის ტკივილს ვერ გრძნობს. მაგრამ ქურქის დასამზადებლად ცხოველს ცოცხლად ატყავებენ, მხოლოდ არეტიანებენ, მაგრამ ის ამ ტკივილს გრძნობს. ტყავმა ელასტიკურობა რომ შეინარჩუნოს, ცხოველი აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს. ცხოველთა დამცველების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იქ ესაა და მე ამას ვეთანხმები. ავსტრიაშიც დადიან ბეწვის ქურქებით, მაგრამ, ძირითადად, მაინც უფროსი ასაკის ქალები. ახალგაზრდები უფრო დრაფის პალტოებს და მანტოებს ატარებენ, თუმცა ბეწვი იქაც უმაღლეს დონედ ითვლება.
– თქვენ რა გეცვათ გახსნაზე?
– მე მეცვა ლამაზი პალტო, მაგრამ მაქვს  ქურქები, რომლებიც ჩემი კარიერის დასაწყისში შევიძინე, თუმცა, მარტო მე კი არა, ყველა ჩემმა კოლეგამ შეიძინა. მახსოვს, ჩემი კარიერის დასაწყისში ეს ქურქი გერმანიაში მეცვა და ერთ გოგოს საათი ვკითხე. მიყურა და მწარედ ჩაილაპარაკა: მე არ ველაპარაკები ისეთ ადამიანებს, ვისაც ტანზე მკვდარი ცხოველები ამაგრიაო, – მერე შებრუნდა და წავიდა. გერმანიაში ძალიან აქტიურად იცავენ ცხოველთა უფლებებს, ინგლისში – კიდევ უფრო მეტად. მახსოვს, იქ ქურქით რომ ჩავედი, ქუჩაში არაერთხელ გამლანძღეს. ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყურებდნენ ასე აგრესიულად. თურმე, ინგლისი ყველაზე აქტიური მებრძოლი ყოფილა ქურქების წინააღმდეგ. იქ, ფაქტობრივად, არც საღდება ბეწვი, მხოლოდ ახალი რუსები და არაბები თუ იყიდიან. თავის დროზე  ინგლისის დედოფალიც ატარებდა ბეწვს და ამის დამადასტურებელი ფოტოები არსებობს, მაგრამ, უკვე დიდი ხანია, დრაფის პალტოებზეა გადასული. ინგლისში ყოფნისას, ბოლოს ისეთ დღეში ჩავვარდი, მივედი ლექსო თორაძის დასთან, ნინოსთან და ვუთხარი: რაღაცაშია საქმე, ქუჩაში ლამის ფურთხება დამიწყონ და რა ვქნა-მეთქი. მითხრა, სანამ რამე შემოუსხამთ, ჩემს პალტოს გათხოვებო, რომელიც შემდეგ მაჩუქა კიდეც, ძალიან გიხდებაო (იცინის). ვენაში სხვა დამოკიდებულებაა ქურქებისადმი. ეს კლასიკური ქალაქია არისტოკრატი, ასაკოვანი ქალბატონებით, რომლებსაც ძალიან უყვართ ქურქი. თუმცა ინგლისის მსგავსი სიტუაციაა პარიზშიც – ცხოველები იქაც ძალიან უყვართ და, შესაძლოა, აგრესიას წააწყდე ქურქის ტარებისას. მე მივესალმები, თუ საქართველოშიც ასე წავა საქმე, რადგან, ნაკლები ცხოველი მოკვდება, თუმცა, ამისთვის ჯერ მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. 
– მნიშვნელოვან მოვლენებს ბევრი ხმაური, ჭორ-მართალი მოჰყვება ხოლმე, ისევე, როგორც წარმატებული ადამიანის მოღვაწეობას. მინდა, თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ გკითხოთ, რომელიც თავადაც გსმენიათ...
– საერთოდ, ამბობენ, რომ ცუდი ჭორიც პიარია და, თუ შენზე არავინ არაფერს ამბობს, ეს არც ისე კარგიაო (იცინის). ნამდვილად არ მსურს საქართველომ ცუდი კუთხით გამაპიაროს, ისედაც საკმაოდ გამაპიარა დაუმსახურებლად. ადრე დადიოდა დიდი ჭორი, რომ ასლან აბაშიძის საყვარელი ვიყავი, ამიტომ დამაფინანსა მერიამ და წავედი კონკურსზე; უფრო სწორად, ცოლად მოჰყავსო, ამბობდნენ. ბევრმა ცნობილმა ვარსკვლავმა დამირეკა და მკითხა: ეს მართალია, თამარ, ქორწინება მოგილოცოთო? ეს იყო საშინელი და სრულიად დაუმსახურებელი ჭორი, რადგან მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ დამაფინანსა როგორც ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი, რათა თეატრის სახელი გამეტანა ევროპაში. იქიდან გამარჯვებული რომ ჩამოხვალ და აჭარის ლიდერი რამდენიმე ბანკეტზე დაგპატიჟებს როგორც აჭარის სახეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ჭორების აგორება შეიძლება. ბოლო წლებში ჭორი ნაკლებად, უბრალოდ, დაუმსახურებლად მომაკერეს ჰომოფობის სტატუსი და ხელოვნურად ამიგორეს უარყოფითი პიარი და ჩემი ავტორიტეტის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. რამაც ავსტრიაში ძალიან დამაზარალა. თეატრებს აშანტაჟებდნენ, ჩემს მონაწილეობას უკრძალავდნენ, შემიჩერდა რამდენიმე კონტრაქტი და ეს დაახლოებით წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა, მერე კი ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. შეიძლება, წარმატებულ ადამიანს ბევრი რამ მოუგონო შეგნებულად, მაგრამ დრო ყველაფერს აქარწყლებს და ყველა ხვდება, რა არის მართალი და რა – ტყუილი. მით უმეტეს, მე ევროპაში 10-15 წელია, მიცნობენ, ვმეგობრობთ და, თუ მანამდე ჩემთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ, ერთ დღეში ხომ ვერ შევიცვლებოდი?! ამიტომ, მსგავსი რამ არ დაიჯერეს. მაგრამ, დამწყები რომ ვყოფილიყავი, მაშინ უფრო ბევრი პრობლემა შემექმნებოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტებას სწრაფი საცეცები აქვს, მაგრამ მალევე იხშობა, სიკეთის შემთხვევაში კი პირიქით ხდება.
– საზოგადოება ვარსკვლავების უკვე მიღწეულ წარმატებას ხედავს და ჰგონიათ, რომ ეს თავისით მოვიდა, არადა, ამას ბევრი შრომა და სირთულის გადალახვა სჭირდება. რა იყო თქვენი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები და სირთულეები, რომლებიც დადებითად დაგიგვირგვინდათ?
– ხალხს ჰგონია, რომ, ვინც ევროპის ბილეთს აიღებს, ყველა წარმატებული დაბრუნდება უკან. სამწუხაროდ, ასე არაა. ბევრი წავიდა იქ, მაგრამ ერთეულებს გაუმართლა. არც მე დამხვედრია ყველაფერი ვარდისფერ ფერებში. საქართველოში, ვინ იცის, რამდენი წარუმატებლობა გვქონია კარიერის დასაწყისში და რამდენი მოსმენა დამთავრებულა ჩვენთვის უარყოფითი პასუხით. მე აქედან პირველად კონკურსში გამარჯვებული წავედი. იქ მომისმინეს, მითხრეს, შესანიშნავად მღერით, მაგრამ, უკაცრავად, ევროპაში სად გაქვთ ნამღერიო – ორი დღის ჩასულს სად უნდა მქონოდა ნამღერი?! „კარგი, მაშინ, შეგეხმიანებით“ – და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. იქ მისასვლელად ბევრ ფულსა და ენერგიას ხარჯავ, მაგრამ, ვიღაცა გეუბნება, კარგად ბრძანდებოდეო. მიზეზია ისიც, რომ შენს ნამღერს არ აქვს ინგლისურენოვანი კრიტიკა. მოკლედ, ვინ იცის, რამდენი ტალახი გვიზელია; რამდენჯერ აგვიღია თვითმფრინავის ბილეთი ფუჭად; რამდენჯერ გადაგვიხდია სასტუმროს ფული უშედეგოდ, თუმცა, მთავარია, არ დანებდე. არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბონის საოპერო თეატრში გამოცხადდა ქასთინგი „დონ კარლოსის“ შემადგენლობაზე. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ერთ აგენტს მოვეწონე და იმ პერიოდში სწორედ მან დამირეკა და მითხრა, მგონია, რომ თქვენ ვერდის სოპრანო ხართ,  მოსმენა არის და მიდითო. ვუთხარი, რომ უკვე დაღლილი ვიყავი ერთი და იმავე პასუხის მოსმენით, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ ამჯერად ღირდა მცდელობად. მართლაც, მივედი და ჩემი შესრულებით ჟიური დაინტერესდა. მკითხეს, თუ შემეძლო, იგივე ცოტა ხანში ისევ გამემეორებინა, რადგან, რთული ნომერი იყო და მისი მეორედ შესრულება  საკმაოდ ძნელია. დავთანხმდი და, ხუთ წუთში, მგონი, უკეთესადაც კი ვიმღერე. საერთო ჯამში, 50 სოპრანო მოისმინეს და მე ამიყვანეს. ათი სპექტაკლი დიდი წარმატებით ვიმღერე და ჩემზე შესანიშნავი კრიტიკა დაიწერა. ამის შემდეგ, თითქოს ჯადო მომეხსნა და ერთბაშად გაიხსნა მსოფლიოს ყველა თეატრის კარი. ჩვენი შავი დღეებისა და წარმატებისთვის დაუღალავი ბრძოლის შესახებ ხალხმა არაფერი იცის, ამიტომ ჰგონიათ, რომ მე და ჩემს კოლეგებს იქ ვარდებით მოფენილი გზა დაგვხვდა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ წარმატება მაშინაა უფრო გემრიელი, რაც უფრო მეტი სისხლით მოიპოვებ მას.
– წარმატებული კარიერის პარალელურად, წარმატებული პირადი ცხოვრება გაქვთ, რაც იშვიათობაა, განსაკუთრებით – თქვენს სფეროში. მინდა, შვილებზე გკითხოთ, რომლებიც საქართველოში არ არიან. რა გეგმები გაქვთ მათთან დაკავშირებით?
– მინდა, რომ შვილები საქართველოში ჩამოვიყვანო. როცა მე მათთან არ ვარ, პატარებს ჩემი დედამთილი უვლის. ის რომ არა, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. ახლა ქალიშვილთან მიდის ამერიკაში და, მინდა, ბავშვები საქართველოში წამოვიყვანო და სულიერად ქართველებად გავზარდო. მინდა, ქართული განათლება მიიღონ, იცოდნენ, რა არის ჩოხა, ხანჯალი, ჩურჩხელა და ხაჭაპური (იცინის). მეუღლე ხან იტალიაშია, ხან საქართველოში. ოჯახმა ჩემს პიროვნებაზე ძალიან დადებითად იმოქმედა. წარმატებული კარიერა ძალიან კარგია, მაგრამ, ფარდის დახურვის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს ცარიელი კედლები რომ გხვდება, სრულყოფილ ბედნიერებას ვერ გრძნობ. ჩემმა ბაიებმა ეს სიცარიელე შემივსეს, მით უმეტეს, რომ ძალიან საყვარლები მყვანან. თან, გამორჩეულად გონებაგახსნილი და მუსიკალური ბავშვები არიან და, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

скачать dle 11.3