ვისი ცოლი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ შეძლო მან ქმრის გამოსწორება
ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში საინტერესო სიახლეებია. მან ცოტა ხნის წინ გიორგი ბახუტაშვილთან ერთად ითამაშა ფილმში „ვისი სული გსურს.“ გარდა ამისა, ის მოსკოვის მაღალი მოდის ასოციაციის დირექტორის წარმომადგენელი გახდა საქართველოში.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორაგანიზაციის ახალგაზრდულ საერთაშორისო ასამბლეაზე ვიყავი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი. ვიზიტი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. საქმეც გავაკეთე, დავისვენე კიდეც და ოცნებაც ავისრულე – ძალიან მინდოდა ნიუ-იორკში მოხვედრა. ვცხოვრობდით მანჰეტენზე, სასტუმრო „ასტორიაში“, სადაც ფილმი „ქალის სურნელია“ გადაღებული. სასტუმრო „პლაზაშიც“ ვიყავით, სადაც ფილმი „მარტო სახლში“ გადაიღეს. ნიუ-იორკში რომ დადიხარ, სულ გგონია, ფილმებში ხარ. თან, ყველა გიღიმის, კომპლიმენტს გეუბნება. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დავით იმედაშვილმა გადამიღო ფილმში „ვისი სული გსურს“. ეს ჩემი პირველი როლია. სულ მინდოდა, ამ მიმართულებითაც მიმეღო გამოცდილება, საკუთარი თავი გამომეცადა და ვფიქრობ, არც ისე ცუდი გამოვიდა. მთავარ როლში გიორგი ბახუტაშვილია და მე ვარ მისი საყვარელი ცოლი – ნინი, რომელიც ორსულადაა. გიორგის გმირი ახალგაზრდა, სიმპათიური, პერსპექტიული მამაკაცია. ბევრი ფული აქვს, რაც ცოტა თავში აუვარდა. ალბათ, ადრეულ ასაკში წარმატებას რომ აღწევს ადამიანი, ფასეულებებსაც კარგავს და ოჯახურ სიწმინდესაც. ნინის საკმაოდ ცუდად, უხეშად ექცევა. ჩემს გმირს კი მზე და მთვარე ამოსდის ქმარზე და თავის დაქალებთანაც ყველანაირად იცავს.
– ასეთ ქმარს, ალბათ, არ ისურვებდი რეალურ ცხოვრებაში?
– არა, არ ვისურვებდი. ჩემი გმირი ბრძნულ ნაბიჯებს დგამს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ეს ყველაფერი. თავის დაქალებთანაც, რომლების მის ქმარს სულ ლანძღავენ და ეუბნებიან: ცუდად იქცევა, ადრე სხვანაირი იყოო, მაინც იცავს. გულის სიღრმეში იცის, რომ მართლები არიან, არ არის დასაცავი, მაგრამ საზოგადოების წინაშე ცდილობს, ცუდად არ წარმოაჩინოს. ვფიქრობ, ეს რეალურ ცხოვრებაშიც ასე უნდა ხდებოდეს. ეს სწორი მიდგომაა ცოლის მხრიდან. რაც არ უნდა ცუდი მეუღლე გყავდეს და არასწორ ნაბიჯებს დგამდეს, ის მაინც შენი ცხოვრების ნაწილი, შენი მეორე ნახევარია. შენც რომ დაიწყო მეუღლის ლანძღვა, ამით შენც დაიჩაგრები და არც შენი პოზიცია იქნება სწორი. ამაში ვეთანხმები ჩემს გმირს. პირველი როლი კი იყო, მაგრამ კარგად მომერგო. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად მთავრდება – ქმრის გამოსწორება შევძელი. ამდენი ხანი რომ ვითმინე და მის გვერდით ვიყავი... გულის სიღმერში ვიცოდი, რომ კეთილია, აუცილებლად გამოსწორდებოდა და ბოლოს ჩემსას მაინც მივაღწიე.
– ოჯახური სიწმინდე ახსენე. რა არის შენთვის ოჯახური სიწმინდე?
– პასუხისმგებლობა, ერთმანეთის გატანა, გვერდში დგომა – ეს არის ოჯახში მთავარი. ადამიანის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ჯერ მშობლებთან ერთად ცხოვრობ, შემდეგ უკვე თავად ქმნი ოჯახს, ანუ მეორე ოჯახს, შენი ცხოვრების მეორე ნაწილს. შენს პატარა სამყაროში ზედმეტი არავინ უნდა შემოვიდეს. ყველანაირად უნდა დაიცვა ეს სამყარო. ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ, არ ვკიდებ ხელს იმას, რასაც ვიცი, ბოლომდე ვერ მივიყვან. ოჯახშიც ასე იქნება – ყველაფერი წესრიგში და რაც მთავარია, ოჯახის ყველა წევრს შინაგანი სიმშვიდე უნდა ჰქონდეს. ეს არის ოჯახური სიწმინდე, რომელიც ხელშეუხებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი. მაგრამ, როცა ოჯახს ქმნი, გინდა თუ არა, დათმობებზე უნდა წახვიდე. მხოლოდ ერთი მხრიდან თუ იქნება დათმობა, ეს ოჯახი ბოლოს მაინც დაიშლება. ამიტომ, ორივეს უნდა შეეძლოს დათმობა, ერთმანეთის პატივისცემა.
– რა აზრის ხარ ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე? როგორ დგას ეს საკითხი შენს ოჯახში და რას ფიქრობ, როგორი იქნება ის შენს მომავალ ოჯახში?
– დედამ სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, რაღაც პერიოდი მუშაობდა. მერე ჩემი ძმა რომ დაიბადა, მამამ უთხრა: ბავშვები ცოდოები არიან, რაღაც პერიოდი ჯობია, სახლში იყო. რასაც სამსახურში იღებ, ორმაგ-სამმაგს მე მოგიტან სახლშიო. ეს გადაწყვეტილება ორივემ შეთანხმებულად მიიღეს. პარალელურად, დედა სულ აკეთებდა რაღაცეებს, სულ ჰქონდა თავისი პატარა, ქალური ბიზნესი. უბრალოდ, დილიდან საღამომდე არ მუშაობდა. როცა ადამიანი სულ სახლში ზის, ის ვერ ვითარდება, საზოგადოებასთან ურთიერთობა აუცილებელია. ამიტომ, ქალმა ყოველთვის უნდა გამონახოს მიზეზი, სახლიდან გასასვლელად. ანუ, ქალი არ უნდა იჯდეს სახლში და თავისი, თუნდაც პატარა საქმე უნდა აკეთოს. ასეთი დასაქმებული, მაგრამ არა ძალიან გადატვირთული, მოსწონთ მამაკაცებს. სახლში რომ მამაკაცი 5-ზე ან 6-ზე მოდის, უნდა დახვდეს მეუღლე სახლში და არ უნდა ელოდოს მას ღამის 10-11 საათამდე. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, რადგან დღეს ქალები ბევრს მუშაობენ. ჩემი აზრით, ქალს უნდა ჰქონდეს მეტ-ნაკლებად უფრო იოლი, საკუთარი თავისა და შვილებისთვის სასიამოვნო საქმე, ხოლო მამაკაცის საქმეა ოჯახისთვის ზრუნვა და მისი სამომავლო გეგმების დასახვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს არ შეუძლია რთული სამუშაო შეასრულოს. პირიქით, ქალებს ბევრის გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ, მე ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს უფრო ნაზი, სათნო, უფრო მეტად დედა და არა მთლიანად ბიზნესვუმენი, რომელიც უკვე ბიზნესმენად გადაიქცა. ძალიან რთულია, ქალი 24 საათი მუშაობდეს და თან, იყოს ნაზი, სათნო. ამიტომ, ჩემი აზრით, ქალმა არ უნდა შეიფეროს მამაკაცის როლი. ის ბუნებამაც ქალად შექმნა და ბიბლიაშიც წერია, რომ ქალი უნდა იყოს მამაკაცის დამხმარე და არა თანასწორი. არსად წერია, რომ უნდა ვიყოთ თანასწორები – ხელი დავარტყათ მაგიდაზე და იგივე უფლებები მოვითხოვოთ. კი, ოცდამეერთე საუკუნეა, გენდერული თანასწორობა უნდა იყოს, მაგრამ ყველას საკუთარი აზრი აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ქალი უნდა იყოს სათნო არსება. პოლიტიკოსებს, წარმატებულ ბიზნესმენებს, ყველას გვერდით ცოლი ჰყავს. ასე რომ, კაცს სჭირდება გვერდით ძლიერი, ჭკვიანი ქალი, რომელიც მას დაეხმარება განვითარებაში. ქმრის წარმატების მიღწევაში დიდ როლს სწორედ ქალი თამაშობს. ამ დროს კაცს მეტი სტიმული აქვს, რადგან გვერდით ასეთი ქალი ჰყავს – იცის, რომ მან უმშვენიერესი შვილები გაუჩინა და ასე შემდეგ. სულ სხვაა, როცა კაცი მარტოა და ათასი ქალი ჰყავს. ამ დროს მისი გონება, მისი მიზნები იფანტება. ქალი უფრო წინდახედული უნდა იყოს, ვიდრე მამაკაცი, არ უნდა ჰყვებოდეს ემოციებს. რომ ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო, ჩემი აზრით, არ არიან ერთნაირები. ქალმა კარგად უნდა შეისწავლოს თავისი მეორე ნახევრის ხასიათი, მისი თვისებები. შეიძლება, კაცი ერთ დღეს ცუდ ხასიათზე მოვიდეს და შენც ცუდი დღე გქონდეს. შენ გინდა, შენი განწყობის ხმამაღლა გამოთქმა, მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ქალის სათნოება – ის უნდა გაჩუმდეს. ის არის კომპრომისი. ხედავ, ისედაც რთული დღე ჰქონდა მეუღლეს, დაძაბული დღე და რადგან გენდერული თანასწორობაა, ამიტომ მეც უნდა ავყვე და ვუთხრა, მეც საშინელი დღე მქონდა-მეთქი?! საბოლოოდ, ყველაფერი ცუდად მთავრდება. ქალები ზედმეტად ამბიციურები ვხდებით და რატომ? ოჯახი მაინც ქალზე დგას. ის ან გაამაგრებს ოჯახს, ან დაანგრევს. ქალი ხომ კისერია, კაცი კი თავი – მართლა ასეა. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
– როდესაც ღალატის თემას ეხებიან, ამბობენ, რომ უმეტესწილად, ქალი მაშინ ღალატობს კაცს, როცა სხვა უყვარს. კაცების შემთხვევაში მიზეზი შეიძლება, სიტუაციურიც კი იყოსო.
– ეს უფრო კაცების პოზიციაა: ჩვენ ამას სიმთვრალეში ვაკეთებთ, ან შემთხვევით მოგვივიდაო. მართლაც ასეა – ვერ აანალიზებენ და მაგ დროს ღალატობენ. ქალი კი მაშინ ღალატობს, როცა უყვარდება. კაცს თუ შეუძლია ორი ოჯახით თამაში, ან ვიღაცეებთან, ქალი არ თამაშობს და ინგრევა ოჯახი. ასეთ დროს ჯობია, ოჯახი დაინგრეს, რადგან ქალიც დაიტანჯება და ეს კაცისთვისაც დამამცირებელი, სამარცხვინო იქნება. არა მხოლოდ ქართველებში, საერთოდ, კავკასიელებში ასეა დამკვიდრებული, რომ მამაკაცს ერთი-ორჯერ რომ შეეშალოს – ეს შეიძლება. ეს საუკუნეებია ასე მოდის. რაღაც მომენტში, ვითომ ვეგუებით, მაგრამ არ უნდა იყოს ასე. შეიძლება, კაცი უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს არ უნდა აგრძნობინოს ქალს და არ შეურაცხყოს ის. არიან მამაკაცები, რომლებიც ისე „გულაობენ“, ისე დადიან მარჯვნივ, მარცხნივ, რომ ცოლმაც იცის, ყველამ და შეგუებულები არიან – ეს ამაზრზენია და მე ასეთ ურთიერთობას ოჯახად არ მივიჩნევ.
– მახსოვს, ღალატზე შენს საუბარს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, ასეთივე აზრი გამოთქვეს შემდეგ სხვა ცნობილმა, გათხოვილმა ქალებმაც და მათი ნააზრევი საზოგადოებამ მოიწონა. როგორ ფიქრობ, რატომ ჩნდება საზოგადოებაში ასეთი დაყოფა?
– რადგან ახალგაზრდა ვარ, ოჯახი ჯერ არ შემიქმნია, თან, „მის საქართველო“ ვარ – ჩემს ასაკში, ჩემს წრეში და სფეროში ასე ძალიან ცოტა ფიქრობს, ალბათ, ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. როგორ, ამან თქვა ეს? ალბათ, დედიკომ და მამიკომ უთხრეს, თორემ თვითონ ვერ მოიფიქრებდა. ვიღაცეები მეუბნებოდნენ, შენთვის სულერთია, მამაკაცი რომ იგულავებს და თავზე გადაგახტებაო. მე ეს არ მითქვამს – ამას ვერცერთი ქალი ვერ აიტანს და მე რატომ უნდა ავიტანო? მე ვამბობდი, ერთ შეშლაზე, „გაგულავებაზე” არ უნდა ჩავარდე პანიკაში და ოჯახი დაანგრიო-მეთქი. ეს როგორ შეიძლება, ჩემთვის სულერთი იყოს. ის ხომ ჩემი მეორე ნახევარია და მასთან ერთად უნდა გავიარო მთელი ცხოვრება. ზოგი ქალი ამბობს: მირჩევნია, მოვიდეს და თვითონ მითხრას სიმართლეო. ვის უნდა ეს სიმართლე? ჯერ ერთი, ამით ხომ არაფერი შეიცვლება. თან, ეს მომენტი ისე შეგჭამს შინაგანად... ვითომ შეიძლება, „გადახარშო,” მაგრამ მაინც დარჩება და წლების მერე, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
– ამჟამად რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– სიყვარულის ამბავში – არაფერი, მაგრამ სამსახურის მხრივ – ხდება. მე ვარ მოსკოვის მოდის კვირეულის გენერალური დირექტორის წარმომადგენელი საქართველოში. ქართველ დიზაინერებს ჩემი დახმარებით შეუძლიათ, თავისი ნამუშევრები გაიტანონ მოსკოვში, როგორც მაღაზია-შოურუმში, ასევე მოსკოვის მოდის კვირეულზე, სადაც ერთი დღე გვინდა დავუთმოთ ქართველ დიზაინერებს. ამას გარდა, მინდა, დიზაინის სფეროში მოვსინჟო ძალები. ამ პროფილით სასწავლებლად ვაპირებ წასვლას, მინდა, სათანადო ცოდნა მივიღო. მაგრამ, მანამდე, პატარა აქსესუარებს გავაკეთებ, რომელიც, წესით, ძალიან კარგი გამოვა.