ქართველი გოგონები ივანე გოლიაძის პირისპირ შიშვლდებიან
განსხვავებული და ინდივიდუალური ხედვის წყალობით, ძნელია, თვითნასწავლი – ივანე გოლიაძის ნამუშევრებს გულგრილად შეხედო და მასში უხამსობა დაინახო. მის წინ ქართველი გოგონები, ყოველგვარი სიმორცხვისა და კომპლექსების გარეშე, შიშვლდებიან და ფოტოგრაფს თვალდახუჭული ენდობიან. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები მას სკანდალურ ფოტოგრაფად მიიჩნევენ, სოციალურ ქსელში მისი გადაღებული ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი მოწონება აქვს. ივანე, გარდა ფოტოგრაფიისა, მანქანების კოლექციონერობითაც არის გატაცებული.
ივანე გოლიაძე: ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დავინტერესდი. აღარც კი მახსოვს, პირველი ფოტო როდის გადავიღე. წლებია, ფოტოაპარატი ჩემი განუყრელი ატრიბუტია და სულ თან დამაქვს. თუ სადმე საინტერესო, ძველ მანქანას დავინახავდი, ეგრევე ფოტოაპარატს ვიმარჯვებდი და დღემდე ასეა. ჰოლანდიაში, ფანტომასის მანქანა დავინახე ქუჩაში. ვიფიქრე ამას გადავიღებ-მეთქი, საკმაოდ იშვიათი მანქანაა. ველოსიპედით ვიყავი, გიჟივით ვატრიალე სატერფულები, რომ დავწეოდი და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ყველაზე იშვიათი, ძველი მანქანა კაბრიოლეტი „პობედა“ კი, თბილისში მყავს ნანახი და გადაღებული. ერთადერთი იყო შემორჩენილი, ამერიკელმა კოლექციონერმა, როგორც ვიცი 20 ათას დოლარად შეიძინა და უკრაინაში აპირებდა წაყვანას. სამწუხაროდ, უცხოელი კოლექციონერები საქართველოში ჩამოდიან, ყიდულობენ ამ შემორჩენილ იშვიათ მანქანებს და შემდეგ უცხოეთში გაჰყავთ, როგორც ექსპონატები. სხვათა შორის, რომა რცხილაძეს აქვს იშვიათი მანქანების კოლექცია. ასევე ჰყავდა, ბადრი პატარკაციშვილს. პირადად მეც მყავს ძველი მანქანები – ზოგი მაჩუქეს, ზოგიც თავად შევიძინე. სახლში მაქვს პატარა, დეკორატიული მანქანების კოლექცია.
– გარდა იმისა, რომ გატაცებული ხარ მანქანებით, ასევე, იღებ ქალის შიშველ სხეულებს. მათ კი სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს. ისიც ვიცი, ქართველი გოგონები თავად გთავაზობენ, რომ ნუდისტური ფოტოსესია გადაიღო და თვალდახუჭული გენდობიან. ეს რით დაიმსახურე?
– მართალია, ბევრი თანხმდება ჩემი კამერის წინ გაიხადოს და შიშველი ფოტოები გადაიღოს. ყველა ფოტოგრაფს აინტერესებს, გადაიღოს შიშველი ქალის სხეული, თუმცა ამას გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახერხებს. მე კი, ეს პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, რადგან ხშირად თავად მთავაზობენ ქართველი და არა მარტო ქართველი გოგონები, ნუდისტურ ფოტოსესიებს. ეს ჩემთვის ხელოვნებაა. თავიდან, გამიჭირდა შიშველი სხეულის გადაღება, მაგრამ მერე, გამოცდილება მივიღე და ისე მომეწონა, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს პროფესიული თვალსაზრისით. ამით შემიძლია, ადამიანს შიშველი სხეული სულ სხვა კუთხით დავანახვო. პირველად მეგობარ გოგონას გადავუღე ბუნებაში შიშველი ფოტოები და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში. მახსოვს, ამას მწვავე კრიტიკა და ისეთი საშინელი კომენტარები მოჰყვა, გულთან ახლოს რომ მიმეტანა, ალბათ, გამისკდებოდა. მწერდნენ, ვანიჩკა დაანებე ქართველ გოგონებს თავი, წაეთრიე სხვაგან და იქ იღე შიშველი ქალებიო. ამას მწერდა უცხოეთში მცხოვრები ქალი. ვერ მივხვდი, თავად იქ არის და მე რატომ უნდა, რომ ჩემი ქვეყანა დავტოვო? ერთი ბიჭი წერდა: აღვირახსნილი ხარ, სექტის წარმომადგენელიო. მე ფოტოგრაფიის „სექტაში“ ვარ და ძალიანაც მომწონს, რასაც ვაკეთებ. ამ კომენტარებმა კიდევ უფრო ჩამაგდო „მუღამში“. მეგობრები მეუბნებოდნენ: ბიჭო, როგორ მოახერხე ქალის შიშვლად გადაღება და ისიც ქართველისო (იცინის). ბევრი მენდობა, თავად მთავაზობენ გადაღებას და თამამად იხდიან კამერის წინ. აქ მთავარი სხეულის სტანდარტი არ არის. მთავარია, ხედვა და ის, რა რაკურსით იღებ შიშველ ქალს.
– როდესაც შენ წინ შიშველი ქალი პოზირებს, ამ დროს შენში რა ხდება?
– ყველა გადაღება ჩემთვის ერთი ისტორიაა და ამ დროს არც ქალის სასქესო ადგილებს ვაკვირდები და არც იმას, რამდენად ლამაზი და სექსუალურია. ჩემთვის მთავარია, ფოტო გამოვიდეს ისეთი, როგორიც მე მინდა. ძალიან ბევრი ქალი გადამიღია შიშველი. ზოგი თანახმაა, სოციალურ ქსელში დავდო მათი ფოტოები, ზოგსაც, პირადი არქივისთვის უნდა. მე გადაღებით ვიღებ სიამოვნებას და არა – ქალის შიშველი სხეულის დანახვით. ბევრი იმასაც მთხოვს, სახე არ გამომიჩინოო. ზოგს კი, საერთოდ არ ადარდებს, რას იფიქრებს და იტყვის საზოგადოება. ამიტომ, თამამად აქვეყნებს შიშველ ფოტოებს სოციალურ ქსელში. ბევრი ცნობილი ადამიანიც გადამიღია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სიამოვნებით გადავიღებდი ზოგ ქართველ პილიტიკოს ქალს შიშველს ბუნებაში. თუ თავად ექნებათ ამის სურვილი, რატომაც არა?
– ალბათ, ბევრი საინტერესო ამბავიც გექნება გასახსენებელი...
– ძალიან ბევრი. მაგალითად, კასპის რაიონში არის სხვილოს ციხე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოსაა. იქ გადაღება საშიშიც იყო, რადგან როდის მოგვკიდებდნენ ხელს რუსი მესაზღვრეები მე და ჩემს შიშველ მოდელს და დაგვაპატიმრებდნენ, კაცმა არ იცოდა. მოკლედ, გავრისკეთ. ვიღებდით ასეთ სცენას – გოგონას ეცვა თეთრი, გამჭირვალე სამოსი და იჯდა ხეზე არფით ხელში. მე მინდორში, ბალახებში ჩავიმალე და ისე ვიღებდი. უცბათ, გამოჩნდნენ მწყემსები, მე ვერ დამინახეს, სამაგიეროდ, დაინახეს თეთრ, გამჭვირვალე სამოსში გადაცმული ქალი, რომელიც ხეზე ზის. გაოგნებულები უყურებდნენ, ალბათ იფიქრეს სამოთხეში მოვხვდითო და მესმის გადალაპარაკება: კაცო, 40 წელია, ამ გზაზე დავდივარ და ეგეთი რამე პირველად ვნახე. შიშველი ქალი ხეზე იჯდეს და უკრავდესო (იცინის).
– ამბობ, შიშველი ქალის სხეულის გადაღება ხელოვნებააო. ბევრი ამას პორნოგრაფიად „ნათლავს“. ამაზე რას იტყვი?
– მართალია, ბევრი ამას ვერ აღიქვამს ხელოვნებად და პორნოგრაფიად მოიაზრებს. ეს მათი შეხედულებაა. ერთ-ერთ გადაღებაზე, თბილისში, დაცვის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცები დაგვადგნენ თავზე და გადაირივნენ, აქ რა ეროტიკა-ორგია მოაწყვეთო. თუმცა, გოგონა არ იყო მთლად გახდილი.
– მეუღლე როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ გოგონები შენს წინ თამამად იხდიან?
– მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენდობით. მე ხორცზე არ ვარ დახამებული. მთავარია, ესთეტიკა და ის სილამაზე, რასაც ქალის სხეულში ვხედავ. ჩემმა ცოლმა იცის, რას ვაკეთებ და როგორ ვუდგები თითოეულ გადაღებას. ამიტომ, პრობლემა არ მაქვს. თავადაც მყავს შიშველი გადაღებული. ცოლი ჩემზე გიჟია (იცინის). თუმცა, მირჩევნია, ცოლი შიშველი სხვამ გადაიღოს, ვიდრე მე. არ დამავიწყდება, შიშველ გოგონას ვიღებდი და ერთ ფოტოზე, ფეხზე მდგომს, გადავუღე დაბლიდან ზევით ხედი. დასაბეჭდად რომ მივიტანეთ სალონში, ის გოგონაც თან მახლდა. ვინც ამჟღავნებდა, იმ კაცმა გვითხრა, ერთ საათში მოდითო. არ იცოდა ფირზე რა ფოტოები იყო და რომ მივედით, თმა ყალყზე ჰქონდა. გაოგნებული გვიყურებდა ორივეს (იცინის). ზუსტად ვიცი, ის ფოტოები უხამსობად აღიქვა და კაცმა არ იცის, ჩვენ ვინ ვეგონეთ. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს უხამსობაა, ფაქტია, ძალიან ბევრს აინტერესებს და ათვალიერებს. თუმცა, როგორ აღიქვამენ და რა რეაქციები აქვთ, ეს სხვა საქმეა. პირადად მე, ხშირად, შიშველ ქალს მანქანასაც ვადარებ ხოლმე.
– რა მსგავსებაა ქალსა და მანქანას შორის?
– ზოგი ქალისა და მანქანის სხეული ძალიან მსგავსია. მაგალითად, 50-იანი წლების ამერიკულ მანქანებს უკანა გვერდები გაწეული აქვს და ხორციანი ქალის მომრგვალებულ თეძოებს ძალიან ჰგავს. „ბენტლის“ ფორმაც ქალის შიშველი სხეულის ფორმებს მაგონებს.