როგორ გაჰყვა მიშა სულუხიას დედა ცოლად თავის მკურნალ ექიმს და როგორ გაიცნო მომღერალმა წელს საკუთარი და
ნიჭიერი მომღერალი, მუსიკოსი მიშა სულუხია, რომელსაც უნიკალური ხმის ტემბრი აქვს – კონტრტენორია, ქართულ დიდ სცენაზე „X ფაქტორით“ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, მისმა გამოსვლამ არავინ დატოვა გულგრილი, არც ჟიური და არც მაყურებელი. მიშა „X ფაქტორის“ შემდეგაც არ აპირებს გაჩერებას, ის თავისი მუსიკალური ხაზის შექმნას გეგმავს.
მიშა სულუხია: სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში პესიმისტურ ნოტზე ვიყავი: მინდოდა, რაღაცეები მეკეთებინა, მაგრამ ნორმალურად ვერ ვაბამდი თავს. ამას დედაჩემის ჯანმრთელობის ამბებიც დაემატა. ვერ ვიტყვი, რომ ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ დეპრესიული ფონი აშკარად მქონდა. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე „X ფაქტორზე“ გამოსვლა. მართალია, არ ვიცოდი ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ ვიცოდი, ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. ასეთ შედეგს კი ნამდვილად არ ველოდი – ეთერში გასვლამდე იმხელა გამოხმაურება მოჰყვა.
– დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახსენე. როგორ არის ახლა და როდის გაიგე მისი პრობლემების შესახებ?
– დედას წლების წინ შეექმნა პრობლემები და ოპერაციაც გაიკეთა. იმის მერე ყველაფერი ნორმალურად იყო. ახლა, როცა შვეიცარიაში ვიყავი სასწავლებლად, საუბრისას ვატყობდი, აშკარად პრობლემები ჰქონდა. ჩემთვის არანაირი სწავლა და წარმატება იმად არ ღირდა, რომ დედა მარტო ყოფილიყო თავის პრობლემებთან. ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა, თუმცა დედა ამას ძალიან განიცდიდა და ახლაც უხერხულად გრძნობს თავს ამის გამო. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ უფრო მხნედ გამოიყურება. ჩემს წარმატებას რომ ხედავს, უფრო ბედნიერია – თვალებში სხივიც აენთო. ჩემი ამბები მისი მკურნალობის პარალელურად მიდის, მაგრამ მაინც უფრო მეტი ხალისი აქვს და დადებითად არის დამუხტული.
– რა პრობლემა აქვს დედას?
– თავში აქვს სიმსივნე. წლების წინ გავუკეთეთ ოპერაცია. უბრალოდ, ახლა ლოკაციაა ცუდი და ამიტომ ქიმიოთერაპიული მკურნალობის კურსს გადის.
– როგორც ვიცი, დედა თავის მკურნალ ექიმს გაჰყვა ცოლად.
– კი, დედამ თავის მკურნალ ექიმს დაუკავშირა ცხოვრება. ერთად არიან, ერთად ცხოვრობენ და მეც მშვიდად ვგრძნობ თავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მე ვარ ყველაფერი – დედას მკურნალი... თვითონაც ასე ამბობს. მიხარია და მივესალმები იმას, რომ დედამ თავი იგრძნოს კარგად, ბედნიერად. რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანია ის, ვისაც დედამ ცხოვრება დაუკავშირა. ყველა ფიქრობს, საზოგადოებაში საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინოს, თუმცა რეალური პრობლემის წინაშე როცა ვდგებით, გადაწყვეტილების მიღება არ არის ადვილი, განსაკუთრებით – ასეთის. დედას მეუღლემ იცოდა მისი დიაგნოზი, ყველაფერი მისი მდგომარეობის შესახებ და მაინც მოისურვა, ასეთი ჰყოლოდა გვერდით, რაც ძალიან დასაფასებელია.
– დედა კარგად იქნება. თან, მან ახალი ცხოვრება დაიწყო. შენი წარმატებაც გამოჯანმრთელებაში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება.
– კი, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ეს ძალიან მახარებს. მეც ვეცდები, ჩემი წარმატებით გავახარო. ერთი შვილი ჰყავს და მთლიანად ჩემზეა ორიენტირებული, იმდენადაც, რომ ზოგჯერ ვკამათობთ.
– როგორ გზრდიდა დედა? როგორც მე ვიცი, საკმაოდ ახალგაზრდაა.
– კი, 48 წლის გახდა. მკაცრად არასდროს მზრდიდა, ყველაფრის უფლებას მაძლევდა. გარდატეხის ასაკში, როგორც ყველა ბავშვს, მეც მქონდა სირთულეები. დავიწყე სახლიდან გასვლა, მეგობრებთან დარჩენა, სახლში გვიან დაბრუნება, რასაც დედა ძალიან განიცდიდა. მაგრამ მერე შეეგუა, მიხვდა, ცუდ წრეში არ ვტრიალებდი. მეც ვეუბნებოდი: დედა, მეგობართან ვარ, პატარა ხომ აღარ ვარ, კაცი ვარ უკვე. ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. დედა თეატრში მუშაობდა, 15 წელი მუსკომედიის მსახიობი იყო და ფაქტობრივად, თეატრში გავიზარდე. ყველა სპექტაკლის სცენარი, რომელიც იქ იდგმებოდა და ორკესტრის პარტიებიც, ზეპირად ვიცოდი. დედას თანამშრომლები რომ მოდიოდნენ ჩვენთან, გაიშლებოდა სუფრა. ვინმე თავისი როლის თამაშს რომ დაიწყებდა, მე ეგრევე პიანინოზე აკომპანირებას ვუწევდი. პატარა ვიყავი და ისე ხალისობდნენ, თან – უკვრიდათ. ეს იმიტომ, რომ სულ თეატრში ვიყავი და ყველაფერი ზეპირად ვიცოდი. ისე მიხაროდა, როცა დედას სცენაზე ვხედავდი. განსაკუთრებით ვამაყობდი, თუ უფრო მეტად იყო დატვირთული სპექტაკლში ან გამოსაჩენი როლი ჰქონდა. მარჯანიშვილზე იყო მუსკომედია. სპექტაკლის წინ გარეთ გამოვდიოდი, იებს ვყიდულობდი, ვარდების ფული არ მქონდა და სპექტაკლის ბოლოს, უკვე ცოტა ჩამომჭკნარს მივართმევდი ხოლმე დედას. მე რომ სცენაზე ამოვბაჯბაჯდებოდი ყველამ იცოდა – მილორავას შვილი ავიდა სცენაზეო.
– რატომ დაანება დედამ თეატრში მუშაობას თავი?
– ერთ-ერთი რეპეტიციის დროს კიბიდან ჩამოვარდა, თავი ძალიან ძლიერად დაარტყა და ამის მერე გაჩნდა პრობლემები. ამიტომ მოუწია თეატრიდან წამოსვლა, რადგან ფეხისა და ხელის სისუსტე ჰქონდა, ვეღარ შეძლო აქტიურად გაეგრძელებინა თავისი საქმე.
– შენ მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდით ჰყავხარ.
– როცა ანალიზებზე ან თერაპიაზე მივდივართ, ისე კარგად ვიცი დედას დიაგნოზი, რომ ექიმები მეკითხებიან: თქვენ ექიმი ხართო. ნეიროქირურგია და ონკოლოგია, ფაქტობრივად, შევისწავლე. დედაც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩემთან.
– მამას არ ახსენებ. ისინი დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს?
– მამაჩემი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, განათლებული კაცი, წარმოსადეგი, სიმპათიური, ცხოვრობს მოსკოვში. სამწუხაროდ, არ მოხდა ისე, რომ დედას და მამას ერთად ეცხოვრათ. ეს პატარა ტრავმად აისახება ჩემს ცხოვრებაზე. 4 წლის ვიყავი, როცა მამა მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად. ბავშვს მაინც სჭირდება მამაკაცის, მამის არსებობა ოჯახში და შესაბამისად, ამის დანაკლისი სულ მქონდა. რაც მთავარია, მამის მხრიდან მყავს ძალიან კარგი ბებია, ბიძები – გურიაში ცხოვრობენ და მთელ ზაფხულს იქით ვატარებ. მათთან სულ მაქვს ურთიერთობა, მამასთან კი, ცოტა მოგვიანებით აღვადგინე. პატარა დაც მყავს.
– მასთან გაქვს ურთიერთობა?
– წლების განმავლობაში ინტერნეტით ვეკონტაქტებოდი. წელს კი პირადად გავიცანი. 15 წლისაა. ძალიან ლამაზი გოგონაა, აქტიური, სიმღერის ნიჭიც აქვს. მოსკოვში გოგონების ჯგუფში მღერის. დედამისიც კარგი ქალბატონია. ჩემი და ჩემს გასაცნობად ჩამოვიდა წელს, ისეთი ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა. ისე ვერ ვაკვირდებოდი და რომ ეძინა, მის ოთახში შევდიოდი, ჩაძინებულს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი: მე და მყავს... მძინარეს ფოტოებიც კი გადავუღე – ანგელოზივით ეძინა. თვითონაც ძალიან კონტაქტურია, ბევრს ლაპარაკობს, დახვეწილი მანერები აქვს, ძალიან კარგი გოგონაა.
– სანამ საქართველოში დაბრუნდებოდი, მანამდე ჯერ იტალიაში, შემდეგ შვეიცარიაში სწავლობდი. მომიყევი ამის შესახებ.
– ჯერ ვსწავლობდი იტალიის მუსიკალურ აკადემიაში, შემდეგ უკვე შვეიცარიაში გადავედი. ჩემი პედაგოგი იყო რიჩარდ ლევიტი, რომელიც სტინგის პედაგოგიც გახლდათ. მისი ალბომის, „ლაბირინთის“ მუსიკალური დირექტორია. თავად გამოთქვა სურვილი, რომ მასთან მემეცადინა და პლუს, მის სახლში ვცხოვრობდი. ჩემი ოთახი მქონდა და სტუდენტის პირობაზე ძალიან კარგად ვიყავი. სანამ მასთან წავიდოდი, იმეილით გვქონდა ურთიერთობა. ის ყველასთან არ მუშაობს და საბედნიეროდ, ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. აკადემიაში მასთან გავდიოდი მასტერკლასებს, წარმატებებიც იყო და ვიცი, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.