რა აპატია შვილმა მამა ათანასეს ჯაყისმანის მონასტერში 400 წლის მერე პირველად ბერად აღკვეცამდე
ჟურნალისტი მარიამ ლორთქიფანიძე 3 აპრილს საკუთარი მამის ბერად აღკვეცას დაესწრო და ამის შესახებ სიუჟეტიც მოამზადა, რომლის ნახვამაც არავინ დატოვა გულგრილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერისკაცობაში ივანე ლორთქიფანიძის ბერ ათანასედ აღკვეცა ჯაყისმანის მონასტერში მოხდა, რომელიც ისტორიულ სამცხეში მდებარეობს, ქალაქ ვალედან ათეული კილომეტრის მოშორებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში. ამ ისტორიულ ძეგლთან მისვლა მხოლოდ საკონტროლო პუნქტის გავლითაა შესაძლებელი. ამ მონასტერში, რომელიც ამჟამად საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, ბერად აღკვეცა ბოლოს 400 წლის წინ მოხდა და ახლა, 4 საუკუნის შემდეგ მარიამის მამა ბერი ათანასე გახდა.
მარიამ ლორთქიფანიძე: მამა რომ ერისკაცი იყო, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. პოლიციელი იყო. რუსთავის მეორე ზონაშიც მუშაობდა. რამდენიმე ადგილას დაცვის უფროსიც გახლდათ. მის შესახებ ერთი ცუდი შეფასებაც არ გამიგია, იმდენად სხვანაირი ადამიანია და ჩემი აზრით, ის სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ და მამასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე და ჩემმა უმცროსმა დამ კონტაქტი გავწყვიტეთ. ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულად გადასატანი იყო. რომ არა დედა, დღეს ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. ავირიე, აღარ მინდოდა სკოლაში სიარული, გარკვეული პროტესტი მქონდა.
– რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?
– მიზეზი არავინ იცის. ერთ დღეს შემოვიდა სახლში, შემდეგ კარი გაიხურა და წავიდა ისე, რომ არაფერი უთქვამს. მანამდე ჩვენს ოჯახში ხმამაღალი სიტყვაც არ ყოფილა. მამამ გაწყვიტა ჩვენთან კონტაქტი. გარკვეული დროის შემდეგ მამა შეგვეხმიანა. თავიდან დიდი პროტესტი მქონდა, მაგრამ შემდეგ ჩემს დას, სალომეს ჩავკიდე ხელი და მივედით მამასთან. ერთ დღესაც მამა სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში იყო: ფეხები, ნეკნები, ხელი დამტვრეული ჰქონდა. თავიდან ააწყვეს. ვნახეთ საავადმყოფოში – ძალიან ცუდად გავხდი. რამდენჯერმე მოვინახულე, მაგრამ, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ისევ არ მეხმიანებოდა. ბოლოს გავიგე, რომ მონასტერში წავიდა. ძალიან მეწყინა, ძალიან მეტკინა, გავბრაზდი: ახლა საერთოდ ვეღარ ვნახავ-მეთქი... მუმდივად მის ნაკლებობას განვიცდიდი და საშინლად გავბრაზდი.
– მანამდე თუ დადიოდა მამა ეკლესიაში?
– არ მახსოვს მამა ეკლესიაში შესულიყო ან სანთელი აენთო. როცა გაბრაზებული მივედი დედასთან და ვუთხარი, მამას გადაწყვეტილების შესახებ, მშვიდად მიპასუხა: ალბათ, იქ არის მისი ადგილი, შენ ამაზე არ უნდა გაბრაზდეო. მამა დიდი ხანია რვეულში რაღაცეებს წერს. მითხრა, წერას რომ დაამთავრებს, აუცილებლად მომცემს და ამით პასუხს გამცემს ყველა კითხვაზე, რაც კი გამაჩნია. ვინც ჯაყისმანში ჩადის, ყველას აბარებს: რვეული და პასტა ჩამომიტანეთო. მის სენაკში შევიხედე და ძალიან ბევრი რვეული ედო. სანამ ბერად აღიკვეცებოდა, მინდოდა მისთვის მეთქვა ყველაფერი, რაც გულში მქონდა დაგროვილი. დავმსხდარიყავით და ერთი ერთზე მეთქვა: ამ მომენტში მაკლდი, ამ მომენტში ძალიან მჭირდებოდი, არ იყავი, არ იყავი... ძალიან მინდოდა, მასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე. მინდოდა, სანამ დავქორწინდებოდი, ჩემი მეუღლე ოფიციალურად გამეცნო. იმ დილით, როცა მასთან მივდიოდი, დავურეკე და მითხრა: არ ჩამოხვიდე, არ მინდა, რომ ჩამოხვიდეო და ტელეფონი გამითიშა. ამის მერე აღარ იღებდა. ძალიან გავბაზდი. გავიდა 3 საათი და ტელევიზორით ვიგებ: ის „მარშრუტკა“, რომლითაც წასვლას ვაპირებდით, ახალციხეში ამოტრიალდა და მსხვერპლიც იყო. გავოცდი და რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს. ჩემი დაც რომ აპირებდა წასვლას, იგივე უთხრა: არ გინდა, არ ჩამოხვიდეო. მაგრამ მაინც წავიდა. გზაში ავარიაში მოჰყვნენ, მანქანა ცხვირით ჩავარდა, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩნენ. შემდეგ მამას რომ ვკითხე: რატომ არ გინდა, შენთან რომ ჩამოვიდეთ-მეთქი, მითხრა: თქვენ ჯერ არ ხართ მზად აქ ჩამოსასვლელადო. ალბათ, მართალიც არის... თავის დროზე იქ 11 სასულიერო პირი იყო, მაგრამ როგორც გავიგე, ერთ წელზე მეტხანს ვერ ჩერდებიან. ახლა იქ მხოლოდ სამი ადამიანია: მამა და ორი მორჩილი. სხვათა შორის, მამას, მორჩილი რომ იყო, უთხრეს, ათონის მთაზე წასულიყო. მაგრამ, უარი თქვა და უკვე 6-7 წელია, ჯაყისმანის მონასტერშია და არ აპირებს მის დატოვებას. როდესაც გავიგე, რომ ბერად უნდა აღკვეცილიყო, მამას დავურეკე, ვუთხარი, რომ ჩასვლას ვაპირებდი. გარდა ამისა, ასევე, ავიღე ნებართვა ჯაყისმანის მონასტერზე სიუჟეტი მომემზადებინა. საზღვარზე რომ მივედი, პასპორტები ჩავაბარე, დავრეკე მამასთან და მეუბნებიან: ბერად აღკვეცა დაიწყო, მალე მოდითო. ფაქტის წინაშე დავდექით და იქ არ ვართ – ისეთი გაოგნებული ვიყავი, ემოციებსაც ვერ გამოვხატავდი. მინდოდა, სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა, მისთვის მეთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით არ იყო მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და სულ მაკლდა, მე მაინც ვაპატიე მის გარეშე გატარებული წლები. ის, რაც მონასტერში ვნახე, არასდროს დამავიწყდება: არც ხმა და არც კადრები. რამდენიმე სასულიერო პირი და მამაჩემი შუაში, გალობა არაამქვეყნიური ხმით, ხორხიდან ვერ ამოუშვებ ამ ხმას. ჩემდაუნებურად, ძალიან ბევრი ცრემლი მომდიოდა, რადგან ვიცოდი, რომ მამა შემობრუნდებოდა და აბსოლუტურად სხვა ადამიანი იქნებოდა. ამიტომ ვთქვი: მე დავკარგე მამა და შევიძინე სულიერი მოძღვარი. ყველაზე საოცარი იყო ის, რომ 400 წლის შემდეგ პირველად აღიკვეცა ამ მონასტერში ადამიანი და პირველად გაისმა 4 საუკუნის შემდეგ გალობა. მონასტერი დღეს ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ჩამონგრეულია, არა შუქი, არა გაზი, შეშასაც თვითონ ჩეხენ. ბოსტნეულს თესავენ და დათვმა თუ არ შეჭამა, მოსავალს იღებენ. ორი მორჩილი სიცილით მიყვებოდა – დათვი როგორ იყო ხეზე ასული, უყურებდა ამათ და შემდეგ როგორ მივიდა და ამოთხარა კარტოფილი. ეკლესიები მეოთხე-მეხუთე საუკუნისაა, სამრეკლო, რომელიც ჩამონგრეულია – მეთორმეტე საუკუნის...
მას შემდეგ, რაც მამა ბერად აღიკვეცა, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. ვიცი, რომ ძალიან დიდ რამეს აკეთებს. რომ მეუბნებიან: ახლა უნდა შეიცვალო, ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიცვალო? ოცდამეერთე საუკუნეში როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს პრობლემა იმაზე, რომ ცხვირზე პირსინგი მიკეთია, მაქვს ტატუ. ამით ჩემი პიროვნება როგორ უნდა განსაზღვრო? ერთმა ისიც კი მითხრა: ვაიმე, საერთოდ არ ჰგავხარ ბერის შვილსო. როგორ უნდა ვგავდე? ვიდეოს ქვემოთაც ისეთი კომენტარები იყო: ამ გოგოს პატივისცემა რომ ჰქონდეს ეკლესიის და მამის, იმ შარვლით და ცხვირზე იმ რაღაცით როგორ ჩავიდოდა მონასტერშიო. მონასტერში არავის უთქვამს: ეს რა გაცვია, რა გიკეთიაო. ბებიაჩემი მორწმუნეა და ყოველთვის მინერგავდა ღვთის სიყვარულს, მეც სულ დავდიოდი ეკლესიაში. ახლა ისე ხშირად არ დავდივარ, მაგრამ ჩემს შვილს სულ ვაზიარებ, უფრო მეტად – ნათლიები. სხვათა შორის, სულიერი მოძღვარიც მყავს...
ერთხელ გადაღებაზე ვიყავი, მამამ დამირეკა – გავუთიშე, კიდევ დამირეკა – კიდევ გავუთიშე. ბოლოს დამავიწყდა გადარეკვა და ისევ თვითონ დამირეკა. იცით, რა მითხრა: როცა შენ მირეკავ, ლოცვის დროა და მე მუხლებზე ვდგავარ, ვდგები და გპასუხობ, რადგან არ ვიცი, იმ მომენტში რა გჭირდება. შენ ასე რატომ არ იქცევიო. ძალიან გავბრაზდი, თან ვერაფერი ვუთხარი, შემრცხვა, ვინანე და მომეშალა ნერვები. ახლა ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზეა, სხვანაირად უნდა ვესაუბრო, სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა მის მიმართ. თითქოს გაიზარდა და სხვა ადამიანი გახდა. ბოლომდე ამ ყველაფერს ვერც ვაცნობიერებ, ცოტა მიჭირს. ჩემს შვილს აუცილებლად ვასწავლი, ვინ არის მისი ბაბუა და აუცილებლად ვესაუბრები მასზე.