კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა თბილისის რესტორნებს ახალგაზრდა მსახიობი ქალი

მარტოხელა მძარცველი
გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში თბილისში მარტოხელა მძარცველი გამოჩნდა, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს გამოცდილ თანამშრომლებს. ბოროტმოქმედი, მაძებართა აზრით, ძალიან სწრაფად, მოხერხებულად, მრავალფეროვნად და, აქედან გამომდინარე, ეფექტურად მოქმედებდა. ის რესტორნებს ძარცვავდა, რაც იმ პერიოდის თბილისში „ახალი ხილი“ იყო და სწორედ ამან ჩაყარა საგონებელში მილიციის თანამშრომლები. რესტორნის დაკეტვის წინ მძარცველი „ბარბაცით“ მივიდოდა ხოლმე რესტორნის გამგესთან, გაუღიმებდა, მუცელზე კი ფარულად მიადებდა იარაღს და ეუბნებოდა: „არ დაიყვირო, არ შემომხედო, შენს კაბინეტში შევიდეთ“.
გაოგნებული გამგე მორჩილად შედიოდა თავის კაბინეტში დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად, შემდეგ ასევე მორჩილად აღებდა სეიფს და ბოროტმოქმედს მთელ შეგროვილ თანხას აძლევდა, რაც რამდენიმე ათას მანეთს შეადგენდა. საგულისხმო ფაქტია, რომ შემდგომში ვერც გამგე, ვერც მიმტანები და ვერც რესტორნის სხვა თანამშრომლები ვერ იძლეოდნენ ბოროტმოქმედის ზუსტ აღწერილობას. მილიციამ კი მხოლოდ ის დაადგინა, რომ შეიარაღებული მძარცველი იყო საშუალო სიმაღლის, ოცდაათიოდე წლის მამაკაცი... საინტერესოა ისიც, რომ მილიციამ ვერც ბოროტმოქმედის თითების ანაბეჭდები აღმოაჩინა, რადგან ის ბოთლიდან, ჭიქიდან და დანა-ჩანგლებიდან თავის ანაბეჭდს შლიდა (სავარაუდოდ, ცხვირსახოცით წმენდდა), შეკვეთილ ვახშამსა და სასმელებს კი ბოლომდე მიირთმევდა და, მორიგი ძარცვის შემდეგ, როდესაც მილიცია ბოროტმოქმედის მაგიდას მოიკითხავდა, იქაურობა „გასუფთავებული“ ხვდებოდა, მაგიდაზე კი  მხოლოდ ცარიელი ჭურჭელი ელაგა... მოუხელთებელმა მძარცველმა 20-29 დეკემბერს, ანუ ათი დღის განმავლობაში, ათი ძარცვა ჩაიდინა და 84 ათასი მანეთი გაიტაცა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა...
უსარგებლო ხაფანგები
– ათი ძარცვა იარაღის გამოყენებით – ეს უკვე მეტისმეტია! – აღშფოთებული იყო ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და მან მილიციას მოუხელთებელი მძარცველის დაუყოვნებლივ შეპყრობა დაავალა.
„პირველის“ რისხვით შეფუცხუნებულმა მილიციელებმა გრანდიოზული „აბლავა“ მოაწყვეს თბილისის რესტორნებში და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძებნილიც კი დააკავეს, რესტორნის მძარცველი მაინც ვერ მოიხელთეს – თითქოს საშიშროება იგრძნოო, „ფსკერზე დაწვა“ და ძარცვებიც მომენტალურად შეწყდა. ამგვარად, მილიციის მიერ დაგებული ხაფანგები უსარგებლო აღმოჩნდა და ბოროტმოქმედი ხელიდან დაუსხლტათ. თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაცია გამოსწორდა – არა მარტო ძარცვები შეწყდა რესტორნებში, არამედ, ამ შემთხვევებმა მილიციის შესაბამისი სტრუქტურებიც გააძლიერა და დანაშაულის პრევენცია ხდებოდა... ასე გაიარა თითქმის ერთმა წელიწადმა. 1961 წლის 8 დეკემბერს კი რესტორან „დარიალში“,  რომელიც რუსთაველის გამზირზე, ცნობილ სარდაფში მდებარეობდა, მორიგი ძარცვა მოხდა – „დეკემბრის მძარცველი“ კვლავ გამოჩნდა...
„დეკემბრის მძარცველი“
რესტორნის ძარცვა 9 და 10 დეკემბერსაც განმეორდა. ხელწერა იგივე იყო და, ამიტომ, მაძებრები გააქტიურდნენ – მათ ახალი „აბლავა“ მოაწყვეს, მოუხელთებელ მძარცველს კი „დეკემბრის მძარცველი“ უწოდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის მხოლოდ დეკემბერში სჩადიოდა დანაშაულს.
1961 წლის მეორე დეკადიდან, ანუ 10 დეკემბრის შემდეგ, თბილისის ყველა რესტორანში მილიციის ორ-ორი ოპერმუშაკი მორიგეობდა, რომლებიც მზად იყვნენ „დეკემბრის მძარცველის“ შესაპყრობად. გადაცემული, შეიარაღებული მილიციელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მარტოხელა კლიენტებს და რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც, თუმცა, საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.
– ნათელმხილველია ეს შობელძაღლი?! – ცოფებს ყრიდა სამძებროს უფროსი, პოდპოლკოვნიკი კარტოზია, – როგორც კი აბლავას ვაწყობთ, მაშინვე ფსკერზე წვება.
– მევლუდ, – უთხრა კარტოზიას მისმა მოადგილემ, კობა მიქაძემ, – ეს „დეკემბრის მძარცველი“ შემთხვევით ჩვენს სისტემაში ხომ არ მუშაობს?
– როგორ?
– მილიციაში. ის ერთ-ერთი ჩვენგანი ხომ არაა და ამიტომ ხომ არ გვაბითურებს?! – თქვა მიქაძემ და დაამატა: – სხვაგვარად, აბა, რით უნდა ახსნა ის, რომ ყოველი აბლავის დაწყების წინ ფსკერზე წვება? საიდან აქვს მას ინფორმაცია? არადა, რომ აქვს ეს ინფორმაცია, აშკარაა.
კარტოზიას ჭკუაში დაუჯდა მიქაძის სიტყვები და მათ გადაწყვიტეს, რომ კოლეგებს შორის „აბლავის“ მოხსნის ამბავი გაეხმაურებინათ, სინამდვილეში კი არ მოეხსნათ, მხოლოდ ძველი თანამშრომლები შეეცვალათ ახლებით და რესტორნებში თვალთვალი განეგრძოთ. ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, ოპერატიული თანამშრომლები რაიონებიდან გამოიძახეს საიდუმლოდ, მათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და საიდუმლო თვალთვალი განაგრძეს...
მოულოდნელი შედეგი
„აბლავის“ მოხსნის ამბავი 20 დეკემბერს გახმაურდა. 21 დეკემბერს კი მოთვალთვალეთა ახალი ჯგუფი შეუდგა მუშაობას, რომლებიც ენთუზიაზმით „შეესიენ“ დედაქალაქის რესტორნებს.
29 დეკემბერს რესტორან „თბილისში“, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა და „დეკემბრის მძარცველს“ იქიდან 19 ათასი მანეთი უკვე ჰქონდა წაღებული, გაგნიძისა და აბშილავას ოპერატიული დუეტი მორიგეობდა. შუაღამეს გადაცილებული იყო. ღამის პირველი საათი სრულდებოდა და რესტორანი უკვე იკეტებოდა. მორიგე ოპერმუშაკებმა დარბაზი შეათვალიერეს. ინსტრუქციის მიხედვით, ტუალეტებიც შეამოწმეს, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს მორიგეობის ადგილი  და რესტორნის წინ შეჩერდნენ ტაქსის გასაჩერებლად.
– ტუალეტები კარგად შეამოწმე? – ჰკითხა გაგნიძეს აბშილავამ, რომელმაც მიუგო:
– ქალების ტუალეტში ოფიციანტი გოგონა იყო. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
ოპერმუშაკებმა ტაქსი გააჩერეს და წავიდნენ, იმ ღამით კი რესტორანი „დეკემბრის მძარცველმა“ გაძარცვა და რეკორდული თანხა – 30 ათასი მანეთი წაიღო და უგზო-უკვლოდ გაქრა... მთელი მილიცია ფეხზე დადგა. გაგნიძესა და აბშილავას კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს გულგრილობისა და პოსტის დროზე ადრე მიტოვების გამო. თუმცა, როგორც მილიციელები, ასევე რესტორნის მომსახურე პერსონალი, ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მძარცველი მოულოდნელად გამოჩნდა, სწრაფად გაძარვა სალარო და გაუჩინარდა...
„დეკემბრის მძარცველის“ საქმეს ნათელი მოჰფინა მიმტანი ქალის, ელენე არუთინოვას ჩვენებამ. ოფიციანტმა გაიხსენა, რომ დარბაზში ორი ქალი ვახშმობდა: – რესტორნის დახურვის წინ ერთი ტუალეტში შევიდა, მეორე კი გარეთ გავიდა, – თქვა არუთინოვამ, – ალბათ, მეორეც წავიდოდა, თუმცა ეს მე უკვე აღარ დამინახავს.
– ქალია მძარცველი. ის, როგორც ჩანს, გრიმით მოქმედებს. წუხელ კი „გადაცმის მეთოდიც“ გამოიყენა, – დაასკვნა კობა მიქაძემ, რომელმაც პირადად დაკითხა არუთინოვა.
„დეკემბრის მძარცველისა“ და მისი თანამზრახველის შეპყრობა უკვე ტექნიკის საქმე იყო. მილიციის შიდა ოპერატიულმა სამსახურმა გამორიცხვის მეთოდით მიაკვლია მილიციის უმცროს ლეიტენანტს, ლია გორდეზიანს, რომელიც საინფორმაციო განყოფილებაში მუშაობდა მილიციის სამმართველოში და ყველა სიახლის საქმის კურსში იყო. გორდეზიანისგან კი მის ბიძაშვილზე, ნატო გორდეზიანზე გავიდნენ, რომელიც თეატრის მსახიობი იყო და კარგად ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას. სწორედ ნატო იყო ის „ოფიციანტი გოგონა“, რომელიც მილიციის ოპერმუშაკმა რესტორნის ტუალეტის შემოწმების დროს ნახა.
გორდეზიანები ერთად ცხოვრობდნენ და მათი ბინის ჩხრეკისას მილიციამ 91 ათასი მანეთი ამოიღო.
მილიციის თანამშრომელი ლია გორდეზიანი 8 წლით ჩასვეს ციხეში, ნატო გორდეზიანს კი 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

скачать dle 11.3