დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-15(798)
პეტრიაშვილი რომ დანიშნულების ადგილზე მივიდა, კაკუბავა უკვე იქ იყო და ჩაის სვამდა. რატი მაგიდას მიუჯდა და ვარლამს მიესალმა:
– გამარჯობა, ბატონო ვარლამ.
– ვერ გიცანი... ნამდვილი პიჟონის ვიდზე ხარ. რა მოხდა?
რატიმ ვარლამს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს ჰკითხა:
– რას იტყვით, ბატონო ვარლამ?
– ვიტყვი იმას, რომ ძალიან ჩახლართულია ყველაფერი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რთულადაა საქმე.
– კონკრეტულად, ბატონო ვარლამ?
კაფე ხალხით ივსებოდა. კაკუბავამ მიიხედ-მოიხედა და რატის უთხრა:
– ფუნიკულიორზე ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. არაა სასურველი, რომ აქ ერთად გვნახონ. გადი და ჩემს მანქანაში ჩაჯექი უკან. მეც ახლავე მოვალ, – ვარლამმა გასაღები წინ დაუდო და დაამატა, – კონსერვატორიასთან დგას.
ოციოდე წუთის შემდეგ ვარლამი და რატი ფუნიკულიორის პარკში იყვნენ. ტელეფონები გამორთეს და მანქანიდან გადმოვიდნენ, თან არანაირი ელექტრომოწყობილობა არ წაუღიათ. ფეხით გაისეირნეს და ვარლამმა თავის ყოფილ ხელქვეითს უთხრა:
– უპირველესად, იმას გეტყვი, რომ კონკრეტულად შენ რაღაც შავ-ბნელ საქმეში მთავარი როლი დაგაკისრეს ამერიკელებმა. ეს უდავოა და შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან აშკარად ჩანს. მეეჭვება, შენი ასეთი სწრაფი აღზევება უშიშროებაში მხოლოდ და მხოლოდ შენდამი სიმპათიებით იყოს გამოწვეული. ასე არ ხდება. ჩვენს საქმეში სერიოზული ხალხი ემოციებს არ ჰყვება. სიმპათიის გამოხატვა კი სწორედ ემოციებზე აყოლაა და ჰგვანან ამერიკლები ასეთ ხალხს?
– არა, – მიუგო რატიმ.
– სწორი პასუხია. არ ჰგვანან, – დაეთანხმა კაკუბავა და განაგრძო, – ამიტომ, აქ სხვა რამეშია საქმე. ის სხვა კი, კარგი საქმე რომ არაა, იქიდან ჩანს, რომ ამერიკელები კანონს გარღვევინებენ და ფაქტობრივად, არალეგალი, საიდუმლო აგენტის ფუნქციას გაკისრებენ, რაც სათანადო მომზადებისა და საკანონმდებლო უზრუნველყოფის გარეშე, დაუშვებელია. პირველი და მთავარი კი ისაა, რომ შენ არანაირი სპეციალური მომზადება არ გაგაჩნია საიდუმლო სპეცდავალებების შესასრულებლად. ნიუმანმა კი მასკარადი მოაწყო. გარეგნობა შეგიცვალა და სხვისი, თანაც ოფიციალური სახელმწიფო მოხელის საბუთით გაგიშვა უცხო სახელმწიფოში. შენ ყოვლად უკანონოდ გადაკვეთე და გადმოკვეთე საზღვარი. ყოვლად უკანონოდ აწარმოებდი ფარულ გადაღებებს. ასეთი ქმედებების განხორციელებას კი ნებართვა უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამერიკელებს მსგავსი ნებართვა არ ჰქონიათ და თვითნებურად მოქმედებდნენ. შენ კი რამე რომ მოგსვლოდა, ვერავინ გაიგებდა, სად იყავი და რას აკეთებდი. აბა, გაიხსენე – შენივე მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, ისე გაფრინდი თურქეთში, ვერავის გაფრთხილება ვერ მოახერხე, რადგან ტოტალურად გაკონტროლებდნენ. მართალია, ნიუმანმა გითხრა – ჯაფარიძეც საქმის კურსში იყოო, მაგრამ თავს დავდებ, სოსო გაგებაშიც არ იყო და ის და გეგეშიძე საგანგებოდ მოაშორეს აქაურობას. იმიტომ რომ, ხელი არ შეეშალათ შავ-ბნელ საქმეში. ვფიქრობ, საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ჩემი აზრით, შენ განწირული ხარ და შენი ცოცხლად დატოვება ამერიკელების გეგმაში არ შედის. ვფიქრობ, განტევების ვაცად, ხელების შესაწმენდად სჭირდები მათ.
რატი გაფაციცებით უსმენდა ვარლამს და პაუზა რომ გააკეთა, უთხრა:
– თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც მოხდება... მე ამერიკელები მომკლავენ და ძიებით დადგინდება, რომ დამნაშავე მე ვიყავი და თვითონ მშრალად ამოვლენ წყლიდან?
– დაახლოებით, – თქვა ვარლამმა.
რატი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ თავის ყოფილ უფროსს უთხრა:
– დავუშვათ, ამერიკელებს უნდათ, რომ ვიღაც ან რაღაც გაანადგურონ. მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირი მოკლან ან თუნდაც ტერორისტული აქტი მოაწყონ და მე დამაბრალონ. მომკლან და ამით ჯაჭვი გაწყვიტონ, მაგრამ ასეთი მასკარადი რაში სჭირდებათ? მე ვგულისხმობ თურქეთსა და ამერიკის საელჩოში ჩემს ვოიაჟებს.
ვარლამს გაეცინა და რატის უპასუხა:
– სწორედ ამაზე ვიჭყლეტ ტვინს, ჩემო რატი და ლოგიკური ჯაჭვი ვერ ავაწყვე. თუკი ამერიკელები ვინმეს რამეს უჩალიჩებენ, ამას აკეთებენ ძალიან სწრაფად და უხმაუროდ, ეფექტურად და დიდი ხნის წინ დახვეწილი ტექნოლოგიებით. შენს შემთხვევაში კი, ასეთი სურათი არ იხატება და სწორედ ეს მაფიქრებს. ჩემი აზრით, ამერიკელებს თავიანთი მიზნის მისაღწევად, თავდაპირველად, სულ სხვა გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ჩაეშალათ. პახოდუ თავდაპირველი გეგმის კორექტირება მოახდინეს და მთავარ როლზე შენ დაგამტკიცეს, – უთხრა ვარლამმა რატის და მწარედ ჩაეცინა.
– ბატონო ვარლამ, მე ხომ სრულიად შემთხვევით გამოვჩნდი და ამერიკელებს ჩემი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონიათ? ჯაფარიძემაც ხომ სრულიად შემთხვევით გადამიყვანა უშიშროებაში? და... საერთოდ, აბდულ-აზიზ ქემალი რომ არ მოეკლათ, ახლა მე ისევ პროკურატურაში ვიმუშავებდი. რა გამოდის, ამერიკელები თავიანთ გეგმას შემთხვევითობაზე აგებენ და ამით ხელმძღვანელობენ?
– გამორიცხულია, რომ ამერიკელებმა თავიანთი გეგმები შემთხვევითობაზე ააგონ. ისინი, უბრალოდ, კარგად იყენებენ შემთხვევითობას. ვფიქრობ, აბდულ-აზიზ ქემალი და მისი ჯგუფი იყო მთავარი მათ თავდაპირველ გეგმაში, მაგრამ ძებნილი ტერორისტის მკვლელობამ მათი გეგმა შეცვალა. შემდეგ გამოჩნდი შენ, ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი. მათ გეგმაში კორექტირება შეიტანეს და სტავკა შენზე გააკეთეს.
– სად მე და სად – ქემალი, გაუგებარია, – მხრები აიჩეჩა რატიმ.
– ეს ჩვენთვისაა ჯერჯერობით გაუგებარი, ხოლო ვინც ბოლომდეა ამ საქმეში ჩახედული, მან მშვენივრად იცის, თუ რას აკეთებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – რაც შეიძლება მალე უნდა გავშიფროთ მათი მზაკვრული გეგმა, ხოლო ეს რომ ასეა, თავს დავდებ.
– როგორ გავშიფროთ ის, რაზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს?
– რაღაც გვაქვს, – ეშმაკურად ჩაეცინა კაკუბავას, – სანამ შენთან მოვიდოდი შეხვედრაზე, ჩიტომ ერთი საეჭვო ზარი გაშიფრა და ადრესატის გადასამოწმებლად წავიდა. მანქანაში რომ დავბრუნდებით, დავურეკავ და ვნახოთ, რას მეტყვის.
– რა ზარის? – იკითხა რატიმ.
– გაგვიმართლა, რატი. სატელეფონო ზარების ამონაბეჭდის გადამოწმებით ზუსტად დავადგინეთ, რომ, როგორც შენ ვარაუდობდი, დონალდ ონილმა მართლაც დაურეკა ვიღაცას „მოდულის“ შენობიდან აბრეზას მკვლელობის დღეს. ჩიტო სწორედ ამ ზარის მიმღებს ადგენს.
– ონილის ნომერი როგორღა გაშიფრეთ?
– დაუჯერებელია, მაგრამ საეჭვო ნომრის ვინაობას რომ ვადგენდით, აღმოჩნდა, რომ ის დონალდ ონილზე ყოფილა გაფორმებული. ანუ, მან თავისი ნომრიდან დაურეკა სავარაუდო მკვლელს.
– იქნებ, სულაც სხვას დაურეკა და არა მკვლელს? დავიჯერო, ასეთი გამოცდილი ადამიანი მსგავს ელემენტარულ შეცდომას დაუშვებდა? – დაეჭვდა რატი.
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ონილმა მოულოდნელად შეიტყო საშიში მოწმის არსებობის ამბავი, რაც სინამდვილეშიც ასე იყო, დრო კი არ ითმენდა და მყისეულად უნდა ემოქმედა, მაშინ გასაგებია მისი საქციელი. თანაც, აბა, ვინ მიიტანდა მასზე ეჭვს და ვინ დაიწყებდა ეფბეერის მაღალჩინოსნის ზარებში ქექვას?
– მაინც ხომ ამოვქექეთ? – გაეღიმა რატის.
– ჯერ ადრეა. ვნახოთ, რას იტყვის ჩიტო, – თქვა კაკუბავამ და დაამატა, – თანაც, ზარის მიმღების ნამდვილი ვინაობაც რომ დავადგინოთ, მას უნდა დაუმტკიცო, რომ მკვლელია. ეს კი ჩვენს სიტუაციაში ურთულესია. უფრო სწორად, თითქმის შეუძლებელი, რადგან ამერიკელებს ვეჯახებით და თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, მაშინ ზეადამიანური ძალისხმევა გვმართებს წარმატების მისაღწევად.
– ანუ, გამოდის, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ დარტყმის ქვეშ და მინიმუმ, თქვენც და ჩიტოსაც გემუქრებათ საფრთხე, – უთხრა რატიმ კაკუბავას, ვარლამმა კი მიუგო:
– ჩვენ უკვე კარგა ხანია, საფრთხე გვემუქრება. მინიმუმ იმ წუთიდან, როდესაც ძალოვან სტრუქტურაში დავიწყეთ მუშაობა – თქვა ვარლამმა. შემდეგ ასწლოვან ნაძვებს შორის მომავალ მანქანას დააკვირდა და დაამატა, – აი, თავად ჩიტოც გვეახლა. ტაქსიში ზის.
– ჩიტო?! – გაუკვირდა რატის.
– ჰო. წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ თუკი ჩემს ზარამდე გაარკვევდა ყველაფერს, ფუნიკულიორზე გვიპოვიდა. როგორც ეტყობა, რაღაცას ჩაავლო და რომ ვერ დამიკავშირდა, აქ ამოგვაკითხა. არ შეიმჩნიო, რომ იცნობ. ტაქსისტს რომ გაისტუმრებს, თვითონვე მოვა.
რეზო ჩიტაძემ ტაქსი ფუნიკულიორის შესასვლელთან გააჩერებინა მძღოლს, ფული გადაუხადა, მანქანიდან გადმოვიდა და უდარდელი ნაბიჯებით გაუყვა გზას, თან ყურადღებით აკვირდებოდა არემარეს – ხომ არავინ მითვალთვალებსო.
რატი და ვარლამი მთის პირას, მოაჯირთან იდგნენ და თბილისის პანორამას ათვალიერებდნენ. სინამდვილეში კი, მოუთმენლად ელოდნენ ჩიტოს, რომ მისგან ახალი ამბავი გაეგოთ. რეზო ნელი სვლით მიუახლოვდა მათ. მიესალმა და თქვა:
– მე მგონი, კვალზე გავედით.
– აბა, თქვი, რა გაარკვიე? – ჰკითხა კაკუბავამ ახალმოსულს.
ჩიტოს გაეღიმა და თავის უფროსს უთხრა:
– მე მგონი, გაგვიმართლა, ბატონო ვარლამ. მობილური ნომერი, ვისაც ონილმა „მოდულიდან“ დაურეკა, ჯემალ ბარაბაძეს ეკუთვნის.
– იქნებ, ყალბი საბუთითაა აღებული ნომერი და სინამდვილეში კი, ის ქიბროწაშვილს ან ბაგრატიონს ეკუთვნის. ჯერ ნამდვილი მფლობელი უნდა დავადგინოთ და გამართლებაზე მერე ვილაპარაკოთ, – თქვა ვარლამმა.
– არანაირი ქიბროწაშვილი და ბაგრატიონი... გახსოვთ, რომ გითხარით, ეს ნომერი მეცნობა-მეთქი?
– მახსოვს, რა მერე?
– მერე ის, ბატონო ვარლამ, რომ როგორც კი ჯემალ ბარაბაძის სახელი ამოტივტივდა, იმ წუთშივე გამახსენდა ნომერიცა და მისი მფლობელიც, რომელსაც კარგად ვიცნობ.
– იცნობ?
– დიახ, ბატონო ვარლამ, ვიცნობ. ჯემალ ბარაბაძე ყოფილი „კონტრაქტნიკია“ და ერაყის მისიაშია ნამყოფი. ძველი მოჭიდავეა. საბურთალოზე მას და მის ძმაკაცებს ათლეტიზმისა და ხელჩართული ბრძოლების პატარა კლუბი აქვთ გახსნილი და მსურველებს ამეცადინებენ. მეათე კლასში რომ ვიყავი, ექვსი თვე მეც ვიარე იმ კლუბში ათლეტიზმზე და ტელეფონის ნომერიც იქიდან მახსოვს. გამორიცხული არაა, რომ კლუბის მფლობელები ამერიკელების შეკვეთას ასრულებდნენ და ხალხს ხოცავდნენ, – თქვა ჩიტომ და გააბოლა.
– რამდენი წლის იქნება ეგ ჯემალ ბარაბაძე?
– ორმოცამდე. მეტის არა.
– ყოჩაღ, ჩიტო, – გაეღიმა კაკუბავას, – ტყუილად არ წამომიყვანიხარ ბუხუტასგან. საგულისხმო ინფორმაცია მოიტანე.
– მართლაც ძალიან საინტერესოა, – ჩაერთო რატი პეტრიაშვილი, – სად „ეფბეერის“ მაღალჩინოსანი და სად ათლეტიზმის კლუბის მფლობელი. რა კავშირი უნდა იყოს მათ შორის, რატომ უნდა ურეკავდეს მაღალჩინოსანი ეფბეერელი კლუბის მეპატრონეს „მოდულის“ შენობიდან?
– რატომ უნდა ურეკავდეს და აბრეზას მკვლელობის შესაკვეთად, – მიუგო რეზომ რატის.
– მეც მასე ვფიქრობ, – დაეთანხმა რატი რეზოს. კაკუბავამ კი მათ უთხრა:
– გამორიცხული არაა, რომ ყველაფერი სწორედ ისე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. თუმცა, სხვა რამესაც ნუ გამოვრიცხავთ. ახლა კი ასე ვქნათ. შენ, რეზო, მაგ ჯემალ ბარაბაძეზე რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგო. გაარკვიო, სად დადის, ვისთან მეგობრობს, კლუბის გარდა თუ აქვს სხვა ბიზნესი. განსაკუთრებით კი, იმ საღამოზე უნდა გაამახვილო ყურადღება და როგორმე დაადგინო, თუ სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა აბრეზას მკვლელობის დროს. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო ვარლამ, – მიუგო ჩიტომ.
– მე რა ვქნა, ბატონო ვარლამ? – ჰკითხა რატიმ.
– ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რატი. ყველაფერს კარგად დააკვირდი და, თუ საფრთხეს იგრძნობ, არალეგალურ მდგომარეობაზე გადადი.
– არალეგალურ მდგომარეობაზე? – გაუკვირდა რატის.
– კი, არალეგალურზე. აბა, თავს ხომ არ მოაკვლევინებ იმ გარეწრებს. სიკვდილი იქით იყოს და, საკუთარ სახელს ხომ არ ამოასვრევინებ მათ ლაფში?
– ბატონი ვარლამი მართალია, – თქვა ჩიტომ და დაამატა: – ძალიან საშიშები არიან ეგ ამერიკელები.
– კარგი. დავიშალოთ, – თქვა კაკუბავამ და რატის მიმართა: – უკანა სავარძელზე მოთავსდი. შენი სახლის სიახლოვეს დაგტოვებთ, მე და რეზო კი სამსახურში დავბრუნდებით. გახსოვდეთ, რომ მანქანაში საქმეზე კრინტი არ დაძრათ. შენ კი საერთოდ არ ამოიღო ხმა, რატი, ვითომ ჩვენთან არ ხარ.
– გასაგებია, – მიუგო რატიმ და უკანა სალონში ჩაჯდა. რეზო მძღოლის გვერდით მოკალათდა, ვარლამი კი საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში