„უწყინარი“ მკვლელები
მისტერ პიტერ კნოპერტს ახალი გატაცება – ლოკოკინებზე დაკვირვება, შემთხვევით არ გასჩენია. მაგრამ ეს მარტო მან იცოდა და საიდუმლოდ ინახავდა. ცოლი უარყოფითად შეხვდა ქმრის ახალ გატაცებას. ზოგადად, პიტერის გატაცებები ჰელენს ყოველთვის აღიზიანებდა, მაგრამ, თუ ახალგაზრდა და სიმპათიური ქმარი უნდოდა, ალბათ, ეს დისკომფორტი უნდა აეტანა კიდეც. რაც შეეხება პიტერს, ის ცოლს მხოლოდ მისი ფულის გამო იტანდა... ყველას უკვირდა, პიტერი ჰელენს რომ არ ღალატობდა და არც ეყრებოდა. ეჭვიანები ელოდნენ მომენტს, როცა პიტერისა და ჰელენის ოჯახში რაღაც საშინელება მოხდებოდა... მაგრამ, პიტერს რკინისებური მოთმინება აღმოაჩნდა. მესამე წელი ხდებოდა, რაც ისინი მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას ცოლის ფეშენებელურ სახლში და ქმარი მისი ფულით სიამოვნებას არ იკლებდა... ლოკოკინების ბინაში მოყვანამ ჰელენი აშკარად გააბრაზა, მაგრამ მერე იფიქრა, რომ ამ უწყინარი არსებებით გატაცება ჯობდა ფულზე დახამებულ, გრძელფეხება არსებებით გატაცებას...
პიტერმა ლოკოკინები კაბინეტში, დიდ მაგიდაზე, დიდი ფაიფურის ლანგარზე დააბინავა – თავიდან ისინი მხოლოდ ექვსნი იყვნენ. ჰელენმა არ მოისურვა მათი ნახვა, პიტერი კი დღეში ორჯერ მაინც შედიოდა თავის „შვილობილებთან“ სპეციალურად მომარაგებული, წვრილად დაკუწული ხორცის ნაჭრებით და იქ კარგა ხანს რჩებოდა. ჰელენმა რამდენჯერმე ჰკითხა ქმარს, რით დაგაინტერესა ამ გულისამრევმა, სლიკინა საზიზღრობებმაო, პიტერმა კი აუხსნა:
– იცი, რა, ჰელენ? ისინი ძალიან საინტერესოდ მრავლდებიან. ისეთი საოცარი შეწყვილების რიტუალი აქვთ, გაოცდები. დღეში რამდენჯერმე აქვთ სექსი და ეს ისეთი ორიგინალურია, გირჩევ, ნახო...
– არავითარ შემთხვევაში!.. იუარა ქალმა, – საერთოდ არ მაინტერესებს ლოკოკინების სექსი, თუკი მართლა აქვთ ასეთი რამ. პიტერ, ზოგჯერ მაოცებ...
– მე კი ბუნება და ლოკოკინები მაოცებენ. არ გინდა, ჩემთან ერთად უყურო მათ შეწყვილებას?
– არავითარ შემთხვევაში!.. საერთოდ არ შევალ მაგ ოთახში. თუმცა, შეგეძლო, სხვაგან დაგებინავებინა. მართალია, კაბინეტით ხშირად არ ვსარგებლობდი, მაგრამ იქ საკმაოდ ძვირფასი ავეჯი დგას და გული მწყდება... ისე კი, ექვსი ლოკოკინა არც ისე დიდი უბედურებაა...
ჰელენი შეცდა. საქმე ექვსი ლოკოკინით არ დასრულებულა. პატარა არსებებმა შესაშური სისწრაფით დაიწყეს გამრავლება. ბუნებრივია, ჰელენი ამას ვერ ხედავდა, რადგან ოთახში საერთოდ არ შედიოდა, მაგრამ პიტერის აღფრთოვანებული სახის დანახვა ძალიან აღიზიანებდა.
– ნეტავი ვიცოდე, რატომ გიხარია ამ გულისამრევი ლოკოკინების გამრავლება. რომ წარმოვიდგენ, ოთახში რა ხდება, მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. რა საზიზღრობაა!
– არ უნდა წარმოიდგინო, უბრალოდ, უნდა შემოხვიდე და ნახო, როგორ უყვართ ერთმანეთი. ის პაწაწინა, ახლად გამოჩეკილი მათი შვილებიც საყვარლები არიან. ვტკბები, ხოლმე მათი ცქერით...
– იმიტომაც იკეტები საათობით ოთახში? ფუჰ!.. შენ, მგონი, თავში ყველაფერი წესრიგში არა გაქვს.
– ხომ არ აპირებ, გამეყარო? – ირონიულად ჩაიცინა პიტერმა და მის მზერაში ისეთმა ბოროტმა ნაპერწკალმა იელვა, რომ ქალს საფრთხის მოახლოება უნდა ეგრძნო, მაგრამ ჰელენი ვერც ამჯერად მიხვდა, რა ხდებოდა მისი ქმრის თავში.
ამასობაში დრო გადიოდა და ლოკოკინებმა მალე მაგიდის მთელი ზედაპირი დაფარეს, მერე კი ნელ-ნელა მის ფეხებზე, სკამებზე, ოთახში მდგარ დანარჩენ ავეჯზეც გადაინაცვლეს... ერთ დღეს ოთახში შესული პიტერი იძულებული გახდა, ძალიან ფრთხილად გადაადგილებულიყო ოთახში, რადგან რამდენიმე ლოკოკინა პირდაპირ იატაკზე ეჯვარებოდა ერთმანეთს. ერთ რამეში პიტერს ცოლი არ მოუტყუებია – მას მართლა მოსწონდა ლოკოკინების შერწყმის ყურება. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამ თითქოსდა უმნიშვნელო არსებებს გრძნობების გამოხატვა შეეძლოთ. თავად შერწყმის პროცესიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და, იყო მომენტები, როცა პიტერს ავიწყდებოდა, რა მიზნით მიიყვანა ლოკოკინები სახლში. ეს გეგმა მაშინ ჩაისახა მის ტვინში, როცა სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ რესტორანში ოფიციანტმა თქვა – ყველაზე გემრიელი ის ლოკოკინებია, რომლებსაც უმი ხორცით ზრდიანო...
პიტერს ეს ფრაზა ღრმად ჩაებეჭდა გონებაში და გადაწყვიტა, მეტი გაეგო ლოკოკინების შესახებ. რამდენიმე კვირა ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა და ამ ნიადაგზე ცოლმა სერიოზული სკანდალიც აუტეხა. მას, რა თქმა უნდა, არც უფიქრია, დაეჯერებინა, რომ ქმარი ბიბლიოთეკაში დადიოდა, თუმცა, ვერც მისი ღალატის დამადასტურებელი ნახა რამე ხელჩასაჭიდი... პიტერი კი ძალიან კმაყოფილი დარჩა იმ აღმოჩენებით, რაც ლოკოკინებზე გააკეთა... ახლა მთავარი იყო, მოთმინება გამოეჩინა და დალოდებოდა. შედეგი რომ ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც ჩაიფიქრა – ამაში ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი. ჰელენის „დამუშავება“ მაშინ დაიწყო, როცა ლოკოკინები უკვე ოთახის კედლებზეც გამოჩნდნენ. პიტერი მათ უკვე აღარ აჭმევდა და ხედავდა, როგორი გამწარებით დაფუთფუთებდნენ მისი „პატარა მკვლელები“... დიახ, ისინი პოტენციური მკვლელები იყვნენ, უფრო სწორად, მკვლელობის იარაღი ჭკვიანი პიტერ კნოპერტის ხელში. მთავარი გეგმის განხორციელებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა... ხელსაყრელი მომენტიც დადგა. დილით ადრე, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, პიტერმა სახლის კარი გაიხურა და ალიბის შესაქმნელად კაზინოში წავიდა. იქ პატარა სკანდალის მოწყობაც ჰქონდა დაგეგმილი, რომ კაზინოს პერსონალისთვის თავი კარგად დაემახსოვრებინა. თანაც, ისეთი კაზინო შეარჩია, სადაც არ დადიოდა ხოლმე.
ჰელენმა ქმრის ძებნა შუადღიდან დაიწყო. პიტერი არავის ენახა. მისი ტანსაცმელი, ნივთები – ყველაფერი ადგილზე იყო..
– ეგ საზიზღარი! ალბათ, ისევ იმ თავის გარყვნილ ლოკოკინებთან არის! – გაცხარდა ქალი და უცებ ეჭვმა შეიპყრო: – იქნებ, იმ ოთახში ლოკოკინების გარდა კიდევ იყო სხვა რაღაც, რასაც მისი ქმარი ლოკოკინების სიყვარულით ნიღბავდა? – ჰელენი წამოხტა და კაბინეტისკენ გაქანდა.
ოთახში ბნელოდა, არაფერი ჩანდა. ფეხქვეშ რაღაცამ გაიღრჭიალა, გაიტკაცუნა და ქალმა იგრძნო, როგორ შეაცოცდა სხეულზე უამრავი სლიპინა არსება. ისინი სულ უფრო მეტნი და მეტნი ხდებოდნენ. ჰელენი წაიქცა, სხეულს უკვე ვეღარ გრძნობდა. უნდოდა ეყვირა, პირი გააღო და მიხვდა, რომ ეს აღსასრული იყო. რადგან პირში თითქმის მაშინვე ჩეუძვრა რამდენიმე ლოკოკინა... მათმა სლიპინა სხეულებმა ცხვირის ნესტოებიც ამოუქოლა... ჰელენი ახროტინდა...
... პიტერი მწუხარედ აქნევდა თავს და ისე ელაპარაკებოდა პოლიციის ინსპექტორს, თან გულში გამარჯვებას ზეიმობდა...
– ამას როგორ წარმოვიდგენდი... ღმერთო, შოკიდან ვერ გამოვდივარ, ჰელენი ხომ არასდროს შედიოდა იმ ოთახში...