რატომ მიატოვა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ქმარი და როგორ გაუნადგურდა მას ოჯახი
მისი სახე მაყურებელს დღემდე ახსოვს ქეთოს ბებიის როლში გენიალური რეჟისორის, ვახტანგ ტაბლიაშვილის გენიალური ფილმიდან „ქეთო და კოტე.“კომედიური ჟანრის ფილმის მთლიანი სახე არამხოლოდ რეჟისორის სწორი და ზუსტი ხედვაა, ფილმს რჩეული მსახიობები ალამაზებენ. ერთ-ერთი ასეთი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილია. დღეს ამ შესანიშნავი მსახიობის დღიურებს გაგაცნობთ – მისი პირადი ცხოვრების ეპიზოდებს, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მოგეწონებათ.
ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წლის 14 ნოემბერს, გორის მაზრის სოფელ კოშკაში, ღარიბი აზნაურის, ალექსანდრე ივანეს ძე ჩერქეზიშვილის ოჯახში დაიბადა. დედა – მარიამი გახლდათ თავად რაჟდენ მხარგრძელ-ფავლენიშვილის ქალი, რომელმაც მალე აიცრუა გული ღარიბი აზნაურის ოჯახზე და ხშირად, მთელი კვირით მიეშურებოდა თავის დიდგვაროვან ნათესავებში. ბავშვზე უფრო მამა ზრუნავდა. მამამ 10 წლის ლიზას სპეციალური გაკვეთილებიც კი დაუნიშნა. ლიზა სწავლობდა „ვეფხისტყაოსანს”, მუსიკას, ცეკვას.
დედამ ლიზა ჩარიცხა წმიდა ნინოს სასწავლებელში, სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ მამამ გამოიყვანა.
16 წლის ლიზა ქორწილში მოეწონა დეიდის მაზლს, გიგა მაჩაბელს, რომელმაც ქალიშვილის შერთვა მისი დედის ჩარევით მოახერხა. ასე გახდა 16 წლის გოგონა ხნიერი თავადის მეუღლე. მისგან ლიზას შეეძინა ქალიშვილი – ნუცა.
ერთი წლის შემდეგ ლიზამ მიატოვა მეუღლე და დედასთან, სოფელ კოშკაში გაიქცა. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო. სწორედ სოფელში შეხვდა პირველ სიყვარულს – იურისტ ნიკო ხიზანიშვილს. ნიკომ ელისაბედს ხელი სთხოვა და მისი შვილის მეურვეობაც იკისრა, მაგრამ ყოფილი ქმარი გაჯიუტდა. განქორწინების უფლება არ მისცა და სიკვდილითაც დაემუქრა. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, მაშინ, როცა თავადი გარდაიცვალა, დაიწერეს ჯვარი ნიკომ და ლიზამ, მეჯვარეებად კი საკუთარი შვილები წაიყვანეს. ნიკო ხიზანიშვილისგან ლიზიკოს შეეძინა 2 ვაჟი.
ბედნიერი ოჯახი მეგობრების თავშეყრის ადგილად იქცა. ნიკო და ლიზა გულღია და მხიარული მასპინძლები იყვნენ. ნიკო ხიზანიშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ელისაბედი იგონებს: „ილია ჭავჭავაძე ახლო მეგობარი იყო ჩემი მეუღლის, ნიკო ხიზანიშვილისა. როცა პირველად გამაცნო ილია, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ბრინჯივით ვიბნეოდი. დიდი მორიდება მქონდა მისი. მინდოდა, განსაკუთრებული რამ მეთქვა, განსაკუთრებულად მოვქცეულიყავი, მაგრამ ყოველთვის ან ენა მებორკებოდა, ან – ფეხი. ერთხელაც დიდის აღელვებითა და თავმოწონებით ვადღეგრძელე: „იცოცოხლეთ, ბატონო ილია ათ წელიწადს.“ ილიას გაეცინა: ელისაბედ, მეტი არ გემეტება ჩემთვისო? სირცხვილით სახე მეწვოდა. წყალს თუ მომთხოვდა, ფეხები მებლანდებოდა – ერთხელ ჭიქიანად დავენარცხე მის წინ.”
ნიკომ შეუწყო ხელი ელისაბედის შემოქმედებით წინსვლას. ელისაბედმა სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1886 წელს ქართულ დრამატულ თეატრში. 1884 წელს გამოდიოდა სოფლის სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს...
ბედნიერმა ცოლ-ქმარმა ევროპაშიც იმოგზაურა. მოინახულეს ბერლინი, პარიზი, ჟენევა, ესწრებოდნენ წარმოდგენებს. ლიზა აღფრთოვანებული იყო ევროპული კულტურით... მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. უფროსი ქალიშვილი პოლიტიკური ნიშნით ციმბირში გადაასახლეს, უფროსმა ვაჟმა, როგორც სულით ავადმყოფმა, მოსკოვში დალია სული. უმცროსი ვაჟი კი, ემიგრაციაში წავიდა და 26 წლის შემდეგ სამშობლოში ტუბერკულოზით დაავადებული დაბრუნდა. ნიკო მოკლეს.
ასეთი ტკივილის მიუხედავად, ლიზა გატაცებით ასრულებდა სცენაზე კომიკურ როლებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჯერ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1932 წლიდან კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში... მისი ბოლო ნამუშევარი გახლდათ ვასილ ყუშიტაშვილის მიერ დადგმულ უშანგი ჩხეიძის „გიორგი სააკაძეში,” როდამის დრამატული როლი. მიუხედავად ასაკისა, როლი არაჩვეულებრივად დაძლია მსახიობმა.
ლიზას, სესილია თაყაიშვილსა და ვერიკო ანჯაფარიძეს ერთი საგრიმიორო ჰქონიათ. „ელისაბედ ჩერქეზიშვილი დიდი მსახიობი იყო, მაგრამ თავმდაბალი, თავის თავს ყველაზე პატარად მიიჩნევდა თეატრში… მე ძალიან მიყვარდა ლიზა. ისეთი მეგობრობა, როგორიც მან იცოდა, იშვიათად მინახავს,” – წერდა მოგვიანებით ვერიკო ანჯაფარიძე. საინტერესოა იოსებ გრიშაშვილისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილის მეგობრობა. პოეტის დისშვილი, ანი ლაზარიდი-ციციშვილისა იგონებს: „მათ აკავშირებდათ თეატრი და წაღვერი, სადაც ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ისვენებდნენ. ხშირად ერთად გამოდიოდნენ სცენაზე თბილისში, წაღვერსა და სხვა დაბა-ქალაქებში. მახსოვს, გრიშაშვილის ერთ-ერთ საღამოზე ორივენი თამაშობდნენ ვალერიან გუნიას პიესაში – „დედისერთა”. დედას ელისაბედ ჩერქეზიშვილი ასრულებდა, შვილს – იოსებ გრიშაშვილი. პიესის მიხედვით, ელისაბედი უნიათო შვილს „იოთამს” ეძახდა. ცხოვრებაშიც, როცა კი სოსოს გამოჯავრება უნდოდა, ლიზა მას ხუმრობით „იოთამს” ეძახდა. ზაფხულობით წაღვერში თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს იოსებ გრიშაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და პოეტი მარიჯანი. მხიარული განწყობილება სუფევდა. იყო ლექსების კითხვა, ექსპრომტები, საინტერესო მოგონებები. მოსწრებულ სიტყვა-პასუხზე ატყდებოდა ერთი სიცილ-ხარხარი: სოსო გულიანად „ჯახჯახებდა“ გადამდებად იცინოდა მარიჯანიც, ელისაბედი კი თავშეკავებულად ჩაიქირქილებდა ხოლმე. 1937 წლის ზაფხულს კიდევ შევიკრიბეთ წაღვერში, ჩვენს აგარაკთან ახლოს ისვენებდა შუა ხნის სიმპათიური ექიმი-პედიატრი გაჩეჩილაძე. ელისაბედს არ მოსწონდა ექიმის დაუდევარი ჩაცმა-დახურვა: პიჯაკის ღილები ყოველთვის ზერე-ქვერე ქონდა შეკრული, რაც კოპწია ლიზას აღიზიანებდა. ხუმრობით ეტყოდა, რა ექიმი ხარ, ღილები ვერ შეგიკრავს რიგიანად, ავადმყოფი როგორ უნდა მოარჩინოო. ისიც ხუმრობითვე უპასუხებდა ხოლმე. ერთ საღამოს ლიზა ცუდად შეიქნა. მოვარდა ჩვენთან მისი შვილიშვილი ეკატერინა ვაჩნაძე: ძია სოსო! ბებო ლიზა ცუდად არის, ხმა წაერთვა, გვიშველეო. მაშინვე გავცვივდით, საბრალო ლიზა მივარდნილი დაგვხვდა, ხმა წართმეოდა და ხელების ქნევით რაღაცას გვანიშნებდა. ვერაფერს ვიგებდით, დავუძახეთ ექიმ-პედიატრ გაჩეჩილაძეს. შემოსვლისთანავე ლიზას ხუმრობით მიმართა: „ჰა, რა ამბავია საიქიოს?” ხმაჩავარდნილმა ლიზამ თავს ძალა დაატანა და ძლივს გასაგონად წაილუღლუღა: „შენ გიბარებენ, შენა!” წაგვსკდა სიცილი. გაჩეჩილაძემ, ნემსია ახლავე საჭიროო. ამაზე ლიზამ ისევ დაჭყიტა თვალები და სოსოს წასჩურჩულა: „მაშ, თუ იოთამი არა ხარ, ეს ბალღების ექიმი ჩემთვის რამ მოგაყვანინა?“ ისევ აგვიტყდა სიცილი, მაგრამ ჩანდა, საქმე სახუმაროდ აღარ იყო. უცბად სოსომ გაიხსენა, რომ წაღვერში ისვენებდნენ პროფესორი ეფრემ ზაქარაია და მიხეილ ტყავაძე. გვაფრინა მათთან და სასწრაფოდ მოგვაყვანინა. მახსოვს ექიმებმა წყალი გაგვაცხელებინეს და ძაბრით დიდხანს ასუნთქებინეს ლიზას. ცოტა ხნის შემდეგ ავადმყოფი გამობრუნდა. იმ წელს მთელი მარჯანიშვილის თეატრი წაღვერში ისვენებდა. გაიგეს თუ არა ლიზას ავადმყოფობა, ყველამ მასთან მოიყარა თავი. ჯერ გვარიანად შეშფოთდნენ, მაგრამ როგორც კი, ლიზამ ჩვენკენ მოიბრუნა პირი და ხმაც დაუბრუნდა, შვებით ამოისუნთქეს და ოხუნჯობის საბაბიც მიეცათ.
ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადების 80 წლის შესრულების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნდა გამოსულიყო მისი მოგონებებისა და პიესების კრებული, რომლის რედაქციაც დაევალა იოსებ გრიშაშვილს. ელისაბედს ხშირად უხდებოდა ხარფუხში თავისი წიგნის რედაქტორის ბინაში მოსვლა. ტრანსპორტი ჩვენს სახლს არ უდგებოდა. როცა ამოივაკებდა და უკანასკნელ, მოკლე ამოსახვევს მოადგებოდა, ლიზა შორიდანვე დაიწყებდა ბურღდუნს: „ათი წლის სიცოცხლე, ათი წყვილი ფეხსაცმელი გავცვითე აქ ამოსვლით. სოსო, ცხონებულმა მამაშენმა ამაზე უკეთესი ადგილი ვერ მონახა ამოდენა ქალაქში, რომ ამ გოლგოთაზე აიშენა სახლი?!” სოსო ჩაეგებებოდა, ხუმრობით უქარწყლებდა დაღალვას, აქებდა თავის უბანს: „ზიზიკო (ასე ეძახდა ელისაბედს), ნახე, რა სანახაობაა – აქედან ძველი თბილისი ხელის გულივით მოსჩანს, სუფთა ჰაერი, სიწყნარე. პოეტ კაცს მეტი რა უნდა?” აიყვანდა თავის პატარა სკვერში და აჩვენებდა: „აი, როგორი სურნელოვანი ყვავილები მაქვს, ესეც ფშატის, უნაბის, თუთის, ალუბლის, ხეებია. ამას რა სჯობია?“ „ეს რა ყვავილებია ქა?.. – ამას „საბაჩკა” ჰქვია... საბაჩკის ადგილია და „საბაჩკაც“ ხარობს, აბა, კარგ ყვავილს აქ რა უნდა... ხუმრობით, სიცილ-ხარხარით მუშაობდნენ წიგნზე. სოსო ყოველთვის კარგ ხასიათზე დგებოდა, როცა კი ელისაბედ ჩერქეზიშვილი გვეწვეოდა ხოლმე და ეტყოდა: ზიზიკო! შენ რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობდე, არასდროს დავბერდებოდიო. ლიზა თავისებური მანერით ქოქოლას აყრიდა: „მამა გიცხონდა, იოთამ, შენ გაცოცხლო და არ დაგაბერო, მე კი თავი მოვიკლა, ამ გოლგოთაზე სიარულითა!” ელისაბედ ჩერქეზაშვილისა და იოსებ გრიშაშვილის მეგობრობა ყველას, ვინც ამ ორ კოლორიტულ პიროვნებას იცნობდა, სამუდამოდ ჩარჩება მეხსიერებაში”...
1948 წლის 18 ნოემბერს ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე მიიჩქაროდა ბოლნისში... მარჯანიშვილის თეატრის ახლოს კი, ვერის ხიდთან, ავტოსადგომში წაიბორძიკა და…
ელისაბედ ჩერქეზიშვილი დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, ნიკო ხიზანიშვილის გვერდით.