ზედმეტად მზრუნველი
ცოლები ძალიან ხშირად უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომებს და ვერ ხვდებიან, რას აფუჭებენ ამით. ბრძენი ქალი ისე ხელმძღვანელობს და მართავს ქმარს, რომ კაცს თავი აბსოლუტურად შეუზღუდავი და ერთპიროვნული მბრძანებელი ჰგონია. ქალების უმრავლესობა კი, რას აკეთებს?! – უხეში მეთოდებით ცდილობს, ქმარი გადააკეთოს, რაც მარცხით მთავრდება.
მაგალითად, ზოგიერთი ცოლი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი ცუდად იცნობს ცხოვრებას, არ არის ორიენტირებული რეალობაში, არ შეუძლია ყოფითი პრობლემების დაძლევა და ყველანაირად ცდილობს, აარიდოს ეს პრობლემები. ამ ტიპის ქალები ფიქრობენ, რომ მათ გარეშე ქმარი აუცილებლად დაიღუპება. პურს ვერ იყიდის მაღაზიაში და შუქის ფულს ვერ გადაიხდის. ამ ტიპის ჰიპერმზრუნველობა მამაკაცს სულს უხუთავს... გუდავს და მასში ნელ-ნელა სიყვარულიც ქრება. სურვილიც აღარ აქვს, თავად იზრუნოს ცოლზე, გაუფრთხილდეს მას და გაანებივროს. ასეთი ურთიერთობის ფინალი არის ის, რომ ერთ დღეს ცოლი აღმოაჩენს – ქმარი მასზე ნაკლებად ფიქრობს ან საერთოდ აღარ ფიქრობს, ყველა პასუხისმგებლობა მხრებზე აქვს აკიდებული და ლამისაა, წელში გაწყდეს. ბუნებრივია, ცოლი ამის შემდეგ ქმარს საყვედურების კორიანტელს დაატეხს თავზე: „მე ხომ შენზე ვზრუნავ!... უმადური ხარ და ვერ ხედავ, როგორ გყვები ზედ, გიფრთხილდები... რატომ არ გიჩნდება სურვილი, შენც ასე მომექცე“... და მზრუნველი ცოლი უცებ გადაიქცევა გაანჩხლებულ ქალად, როგორებიც საშინლად არ მოსწონთ კაცებს.
კიდევ შეხედე და...
შეგიყვარდება
როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შეყვარება ძალიან რეალურია და ბევრი ადამიანი სწორედ ერთი ნახვით შეყვარებაზე ოცნებობს. მაგრამ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. თანამედროვე ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ ერთი ნახვით შეყვარება მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მითია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს; ყოველ შემთხვევაში, რეალური ქალები ერთი შეხედვით არავის იყვარებენ... საქმე ისაა, ქალს გრძნობა რომ გაუჩნდეს, პარტნიორთან რამდენიმე შეხვედრაა საჭირო – მინიმუმ ექვსი მაინც. ქალები ძალიან დაკვირვებული არსებები არიან. ქალი კაცს ერთი შეხედვით ვერ შეიყვარებს, იმიტომ, რომ მის შესახებ საკმარის ინფორმაციას ვერ იღებს და ასე უცბად ვერც იმას მიხვდება – ეს ის მამაკაცია თუ არა, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდება – ქალებს ხომ გაცნობამდეც უყვართ კაცი, რომელსაც თავიანთ წარმოსახვაში ხატავენ.
რომ შეუყვარდეს, სუსტი სქესის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ფრაგმენტებისგან შეადგინოს „დოკუმენტური ფილმი“, რომლის მთავარ გმირსაც შეიყვარებს. ქალისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია: კაცის თვალები, გამოხედვა, მანერები, ტანსაცმელი, სხეულის ფორმები და მისი პასუხისმგებლობის ხარისხი... მხოლოდ ამის მერე მიიღებს ის გადაწყვეტილებას. ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, ნუ იქნებით გულუბრყვილონი და ნუ გექნებათ იმედი, რომ ქალი შემოგხედავთ თუ არა, ეგრევე გადაირევა... რაც შეეხება კაცებს, ისინი უფრო მიდრეკილნი არიან ერთი ნახვით შეყვარებისკენ. რადგან ვიზუალი მათთვის მთავარი და გადამწყვეტია... თუმცა, ხშირად არც ისინი წამოეგებიან ხოლმე ერთი ნახვით შეყვარების ანკესზე... დიახ, ეს მართლაც ანკესია და, ამიტომ, გირჩევთ – კიდევ და კიდევ შეხედოთ, თანაც, შეხედოთ დაკვირვებით... სანამ შეგიყვარდებათ.
რას
მალავს ის
შეიძლება ბევრჯერ მიგინიშნებიათ მამაკაცისთვის, რა გსურდათ მისგან საჩუქრად მიგეღოთ, მაგრამ მას მაინც სიურპრიზზე შეუჩერებია არჩევანი. საინტერესოა, რა შეიძლება იდოს შეფუთულ კოლოფში, რაზე მიგვანიშნებს მისი საჩუქარი?
ყვავილები და ტკბილეული ყველაზე ტრადიციული ვარიანტია, თანაც, ყოველთვის სასიამოვნო. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეს ნიშნავს იმას, რომ მას მოსწონხართ. თამამად გამოართვით ეს საჩუქარი არაფერს გავალდებულებთ. ურთიერთობის რამდენიმე წლის შემდეგ უნდა გაგიხარდეთ, თუ კაცი ისევ ყიდულობს თქვენთვის საჩუქარს – აშკარად ნაზი გრძნობები ამოძრავებს.
რბილი სათამაშო – ეს საჩუქარი იმას ნიშნავს, რომ მამაკაცმა თქვენ შესახებ არაფერი იცის და მხოლოდ ახლა გეცნობათ, თანაც, აშკარად ცდილობს, თავი რომანტიკულ კაცად მოგაჩვენოთ. ქმარი რომ გახდება, ასეთ სისულელეს აღარ გაჩუქებთ.
კოსმეტიკა, სუნამო – თქვენ წინაშე ჩვეულებრივი პრაგმატიკოსია. სასარგებლოს შეუთავსებს სასიამოვნოს და ცხოვრებაშიც ამ პრინციპით იხელმძღვანელებს. უყვარს ყველაფრის აწონ-დაწონა, გათვლა და გაანგარიშება. თქვენზე სერიოზულად ფიქრობს – ეს უეჭველია, ხოლო, თუ საჩუქარი-ბრენდი დაემთხვა თქვენს სურვილს, ესე იგი, უფიქრია და თქვენზე ინფორმაცია მოუგროვებია. მოკლედ, მისთვის სულერთი არ ხართ.
ინტიმური თეთრეული (საცვლები) საკმაოდ პიკანტური და მრავლისმთქმელი საჩუქარია. მას სურს, მეტი ინტიმი შეურიოს თქვენთან ურთიერთობაში. თუ დიდი ხანია, ერთად ხართ, ასეთი საჩუქრისთვის უნდა შეაქოთ, მაგრამ თუ ურთიერთობა ახლა დაიწყეთ, ფხიზლად იყავით – გასაგებია, რაც უდევს გულში, თუმცა, ესეც სასიამოვნოა.
საიუველირო ნაწარმი – მამაკაცს აშკარად თავისი ცხოვრების ნაწილად მიაჩნიხართ. ასეთი საჩუქრით სტატუსზე მიანიშნებენ ხოლმე, მაგრამ მის მაგივრად გადაწყვეტილებას მაინც ნუ მიიღებთ. შეიძლება, უბრალოდ, გაჩვენებთ, რომ ძლიერი და მდიდარია.
მობილური ტელეფონი, აიპადი – ამ ტიპის საჩუქარი მამაკაცური სფეროდანაა. თუ თქვენი რჩეული ტექნიკური სიახლის ნიმუშს გაჩუქებთ, ნიშნავს იმას, რომ ცოტათი ეგოისტია და ამ საჩუქრის მიღება თავადაც გაუხარდებოდა, ან, ძალიან დაღალეთ თხოვნებითა და მინიშნებებით.