კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაზარდა ობამამ ამერიკის სამთავრობო ვალი 19 ტრილიონამდე და რატომ ფინანსდება ყველა ქვეყნის არჩევნები ოფშორიდან

ოფშორულ სკანდალს ვერც ჩვენ ავცდით, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს 50-მდე მოქალაქეს ჰქონია მეტად მჭიდრო კავშირი ოფშორულ ზონებთან, თუმცა შესაძლოა, მათი რიცხვი უფრო მეტიც იყოს, რადგან დაზუსტებით უცნობია, დოკუმენტაციის რამდენი პროცენტი გაიხსნა რეალურად. თუ გავიხსენებთ, რომ ოფშორული ზონები თავის დროზე სწორედ მოპარული, ანუ „შავი ფულის“ უსაფრთხოდ შესანახ ადგილად შეიქმნა, აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების მეპატრონეთა ვინაობის გამჟღავნებას, წესით, გადაჭარბებულია. რამდენი და როგორი ფული ტრიალებს ოფშორში; არის თუ არა მართლაც მოსალოდნელი ყველა ოფშორის სრული დოკუმენტაციის გახსნა თუ ეს ერთი პოლიტიკურ-ფინანსური ჯგუფის მიერ მეორისთვის ანგარიშსწორებაა; თუ მაინც დადგა ოფშორების აღსასრულიც, – ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებას ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასგან შევეცდებით.

 – რა დატვირთვა აქვს ოფშორულ ზონებს, გარდა იმისა, რომ ადამიანთა მცირე ნაწილი ძალიან ბევრ ფულს შოულობს?
– დავიწყოთ იმით, თუ რატომ გახდა დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალური ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება. იცით, რომ ფულის გათეთრებას უწოდებენ უკანონო შემოსავლის მიღებას. უკანონო შემოსავლების წყაროებია: იარაღით ვაჭრობა, რომლის ბრუნვაც წელიწადში, დაახლოებით, 600 მილიარდამდეა; ნარკოტიკებით ვაჭრობა –  500-მილიარდამდე; ადამიანებით ვაჭრობა და ასე შემდეგ. ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ფულის გათეთრება. ჩემი აზრით, ამასთან გათანასწორებული, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ დანაშაულებრივი ქმედება არის ოფშორების გამოყენებით გადასახადების დამალვა. თუ, მაგალითად, ფულის გათეთრებას იყენებენ ნარკომოვაჭრეები, ანუ აშკარად კრიმინალები, გადასახადებს თავს არიდებენ სავსებით ლეგალური ბიზნესები. არადა, 600 მილიარდი დოლარის იარაღით ვაჭრობა შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ისევე, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობა, რადგან ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს 80 000 კონტეინერის გადაადგილება.
ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიოში არის ძალიან დიდი ოდენობით ფინანსური ნაკადები, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს და პოლიტიკურიც, იმიტომ რომ, ამ დოზით ფულს შეუძლია ნებისმიერი მძლავრი სახელმწიფოს პრეზიდენტის გადატრიალება. ყველა დიდ ქვეყანას, ვგულისხმობ დიდი რვიანის ქვეყნებს, აქვს თავისი ეგრეთ წოდებული სამალავი, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ და გადასახადებს მალავენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ოფშორი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს. არაერთი თავისუფალი ზონა და რამდენიმე ოფშორი აქვს თავის ტერიტორიაზე ინგლისს, მათ შორის, ჩვენთვის ცნობილი კაიმანის კუნძულები; ჰონკონგის სახით აქვს ოფშორი ჩინეთს; ასევე, ოფშორი აქვს იტალიას მონაკოს სახით. მონაკოთი სარგებლობს საფრანგეთიც, თუმცა თავისი ოფშორიც აქვს; გერმანიას –  თავისი და ასე შემდეგ.
– ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რომ ძალიან იაფია ოფშორში ფირმის დარეგისტრირება, რა  ხეირს ნახულობს ოფშორით ოფშორის მფლობელი ქვეყანა?
– ისინი იღებენ მინიმალურ ერთჯერად გადასახადს, მაგრამ ეს არის გადასახადი ერთ ფირმაზე, ოღონდ ამ ფირმების რაოდენობაა ძალიან დიდი. ყველა მდიდარ ადამიანს აქვს ოფშორში ანგარიში. იმ მცირე გადასახადით იმ ქვეყანას ძალიან დიდი ფული უგროვდება. მაგალითად, მონაკო ცხოვრობს მხოლოდ ამით, სხვა მონაკოში არაფერი ხდება და კიდევ, ჰყიდიან ბინებს. თუ თქვენ იქ ოროთახიან ბინას იყიდით, თავისუფლდებით გადასახადებისგან.
– რატომ გახდა აქტუალური, მაინცდამაინც, ახლა ოფშორების გახსნის თემა, რა მიზანს ემსახურება?
– ლაპარაკია იმაზე, რომ მსოფლიო არა მარტო ოფშორების გამო ღელავს, არამედ უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას დააკლდა საგადასახადო ოაზისებში თავმოყრილი თანხა. დავოსში მიმართეს კიდეც ოფშორულ კომპანიებს, დაუბრუნეთ თქვენს ქვეყნებს ეს ფული და თქვენი ხალხი გვერდით დაგიდგებათო. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ოფშორი, იმიტომ რომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყონ თავიანთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა „ეფლი“ თუ „ორაკლი“. დავარქვათ ამას გარკვეული სუბსიდია.
– იმას ამბობთ, რომ ქვეყნები საშუალებას აძლევენ თავიანთ დიდ კომპანიებს, დამალონ გადასახადები, ანუ მოიპარონ ფული? და რას აძლევს იმ ქვეყნების ეკონომიკებს თავიანთი დიდი კომპანიების მიერ ფულის მოპარვა სახელმწიფოსთვის?
– გიგანტური კომპანიების კონკურენციული ომი დღითი დღე ძლიერდება და ძალიან რთულია ამ კონკურენციაში გამარჯვება. ამიტომ ქვეყნები ცდილობენ, თავიანთ კომპანიებს მხარი აუბან და ამით შეუწყონ ხელი იმას, რომ კომპანიებმა მეტი ინვესტირება მოახდინონ ქვეყანაში, მეტი ინვესტირება მოახდინონ შერწყმებსა და კონკურნეტების გადაყლაპვაში, რეკლამაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კი სჭირდება უზარმაზარი ფული. მეორე ფაქტორია ის, რომ ინვესტიცია დღითიდღე ხდება მშიშარა, რადგან ბევრი პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკია, ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება 25 წელია: სისტემები ინგრევა, ბლოკები იშლება და იქმნება, იწყება ომები, ანუ უამრავი რისკია, რომელიც აჩერებს ინვესტორს. ყველა ქვეყანა, განვითარებული თუ განვითარებადი, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას ყოველთვე და ყოველ წუთს. ინვესტირების მაჩვენებელი ქართველი მოქალაქისთვის საოცრად ნაცნობი თემა გახდა და დარწმუნებული ვარ, გულისფანცქალით ელოდებიან ინვესტიციებს. თითოეულ ქართველს წინასწარ შეუძლია, თქვას, ბევრი ინვესტიცია განხორციელდა თუ ცოტა, იმისდა მიხედვით, როგორია ლარის კურსი.
შემდეგი ფაქტორი, რამაც დაძრა ეს სიტუაცია, არის ის, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, დაამყაროს საგადასახადო ოაზისი, რომ მიმზიდველი იყოს ინვესტიციებისთვის.
– ანუ თავად გახდეს ოფშორი, ოღონდ გამჭვირვალე?
– ყველა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რომელი ქვეყანაა მეტ-ნაკლებად მყარი. ბუნებრივია, შეერთებული შტატებია ყველაზე მდგრადი ქვეყანა და მანაც კორპორატიულ ინტერესებს მოარგო თავისი საგადასახადო სისტემა. ამიტომაც გამოითქვა ეჭვი, რომ შეერთებული შტატები იშორებს კონკურენტებს ოფშორების სახით და უხსნის კარს კაპიტალს. ამ იდეას აქვს არსებობის უფლება, რადგან უზარმაზარი ვალი აქვს შეერთებულ შტატებს, კორპორატიული და სახელმწიფოსი ერთად, დაახლოებით, 30 ტრილიონი. მხოლოდ მთავრობის ვალია 19 ტრილიონამდე. მიუხედავად იმისა, რომ, ეკონომიკის კუთხით, ობამა წარმატებული პრეზიდენტია, მან ვალები მნიშვნელოვნად გაზარდა, 5 ტრილიონით. სხვათა შორის, ამ 5 ტრილიონში ლომის წილი მიუძღვის ობამას ჯანდაცვის პროგრამას. ამდენად,  შეერთებული შტატები ცდილობს, იყოს საგადასახადო ოაზისი.
ყველა ჩამოთვლილ მიზეზს აქვს თავისი შედეგი და ყველას აქვს არსებობის უფლება. ერთი თამამი იდეაც მინდა, გითხრათ: არ არის გამორიცხული, კომპანიამ, რომელიც 40 წელი იყო წარმატებული, ამოწურა თავისი თავი და გაყიდა ეს მონაცემები.
– ერთმა ოფშორმა გაყიდა ეს ინფორმაცია, რომ ფული აეღო?
– ან მისმა განაწყენებულმა თანამშრომელმა. რომელიმე ერთი მიზეზის დასახელება არ იქნებოდა სწორი. ყველა ფაქტორმა ერთდროულად იმუშავა. იცით, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად გამოდის ოფშორების წინააღმდეგ, ესე იგი, რაღაც იცვლება. ასე რომ, ოფშორებს კრიზისული პერიოდი დაუდგათ.
– ყველა ქვეყანა ვერ შექმნის საგადასახო ოაზისს, როგორც ამას აშშ აპირებს. ლოგიკურია, რომ, თუ ოფშორები გაუქმდება, ის ფული, რომელიც ახლა ოფშორში იმალება, მონახავს სხვა სამალავს. ამდენად, რა აზრი აქვს ოფშორების გაუქმებას თუ თვისებრივად სხვანაირი ოფშორები შეიქმნება მოპარული ფულის შესანახად?
– ოფშორების სრულად მოსპობა შეუძლებელია. მე ოფშორს შევადარებდი იარაღს. ეს არის ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ კომპანიამ შეინახა გადასახადებისგან დამალული ფული, არამედ იმაზე, რომ ქვეყნები ხელს უწყობენ თავიანთ კომპანიებს, რათა მათ არ დააწვეთ საგადასახადო სიმძიმე. ოფიციალურად არსებობს პროგრესული დაბეგვრა, როდესაც მდიდრები მეტად იბეგრებიან, რითაც ამომრჩეველი კმაყოფილია და, მეორე მხრივ, რეალურად ის დიდი კომპანიები არ არიან იმხელა საგადასახადო ტვირთის მატარებელი, რაც ჩანს.
– არ აჩვენებს თავის მოგებას სრულად.
– რა თქმა უნდა. ამასთან, პოლიტიკა ძვირდება და პოლიტიკური ლიდერები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ და იმავდროულად, შეინარჩუნონ რესპექტაბელობა. ყველა არჩევნები კი ფინანსდება ოფშორიდან. ჩვენ ვაქვეყნებთ სასაცილო ციფრებს, რომ თითქოს არჩევნები დაჯდა 10 მილოინი ან 12 მილიონი, არადა რეალურად, იმაზე რამდენჯერმე მეტი თანხაა დახარჯული, ვიდრე ანგარიშგებაშია. ამდენად, პოლიტიკური პარტიების ლიდერები თანხების აკუმულირებას ახდენენ ოფშორებში, რომ თავიანთ პარტიებსაც მოახმარონ და თავიანთ თავსაც. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ბრაზილიის შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს, რომელიც იყო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა განახორციელო რეფორმები, ედავებიან, რომ დეკლარაციაში არ აჩვენა სამოთახიანი ბინა. არადა ბრაზილიის მხოლოდ აგრარული რეფორმა რად ღირს?! ბრაზილია ბევრი მიმართულებით გახდა ექსპორტიორი და ბაზარზე დომინანტურად მოთამაშე ქვეყანა. მსოფლიო სწავლობს მათ გამოცდილებას, უზარმაზარი რეფორმები განახორციელა აგრარულ და ენერგეტიკულ სფეროებში, გახდა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაც კი.  ყველა მიმართულებით წარმატებულ ქვეყნად აქცია და ახლა პრეზიდენტს ედავებიან სამოთახიან ბინას. ესეც კი არ აპატიეს. მისი რეფორმატორობა დაიჩრდილა სამოთახიანი ბინის გამო. რეალურად, ყველა განვითარებადი ქვეყანა, ბრაზილია იქნება ეს თუ ჩინეთი, ცდილობს, მიიღოს შემოსავალი რეფორმებიდან და სწორედ ოფშორებით ხდება ამის დაფინანსება. ხომ არათავსებადია, ბრაზილია ან ჩინეთი გახდეს მდიდარი ქვეყანა და მისი მმართველი იყოს ღარიბი?! ეს შეწყდება უახლოეს მომავალში? რა თქმა უნდა, არა, ამიტომ ოფშორი საჭირო იქნება.
შემცირდება მსოფლიოში ინვესტიციების რისკები? რა თქმა უნდა, არ შემცირდება. ესე იგი, კიდევ დიდხანს იარსებებს ოფშორები. მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა კაპიტალს, ასეთია ბაზრის მოთხოვნა. ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები გვაიძულებს, რომ ოფშორები იყოს.
– გასაგებია, რომ მავანი ოფშორში მალავს ფულს, მაგრამ ხომ ბანკიდან რიცხავს, ჩემოდნებით ხომ არ ჩააქვთ ქეში, ვთქვათ, ლიხტენშტეინსა თუ პანამაში?
– ლაპარაკია საკმაოდ დიდ კომპანიებზე. ავიღოთ მადნეულის ოქროს მომპოვებელი კომპანია: მოიპოვა ოქრო, წაიღო გასაყიდად ლონდონში. მერე ვინ გააკონტროლა ის?
– ანუ ის, სად გადარიცხა თანხა ლონდონის ბანკიდან?
– დიახ. ამ ინფორმაციის გამოთხოვა პიროვნების ექსტრადიციის ტოლფასი სამუშაოა. ანგარიში ლეგალურადაა გახსნილი, ჩვენც ვართ რამდენიმე კანონისა და კონვენციის წევრი, ყველა ებრძვის შავ ფულს და დიდ კონტროლქვეშაა ყველა ტრანზაქცია ბაზარზე. მაგრამ ხელშეკრულებები ისეა დადებული, არ ჩანს, რომ იქ რამე უკანონოა. ერთმა კომპანიამ უნდა მიაწოდოს მეორეს პროდუქცია, მაგრამ შუაში დგება რამდენიმე კომპანია, ფასნამატს ადებს და თანხა გადაირიცხება ოფშორში. უკანონო გადარიცხვას ვერცერთი ბანკი ვერ განახორციელებს. ეს გადარიცხვები არის კანონიერი. მეტიც, საქართველოში ძალიან სერიოზული კომპანიებია ოფშორში დარეგისტრირებული.
– კომპანიის წარმომადგენელი ხომ ჩანს?
– ადვოკატი იქსი, რომელიც თქვენთან აფორმებს ხელშეკრულებას. ერთი სიტყვით, ოფშორი გაძლევთ საშუალებას, აკეთოთ ის, რაც გინდათ.
– ის ფაქტი, რომ დოკუმენტაციის რაღაც ნაწილი გაიხსნა, უსაფრთხოების განცდას არ შეურყევს ოფშორის მომხმარებლებს? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ არის პოლიტიკოსებზე ზემოქმედების ბერკეტიც?
– შეიძლება, ასეც იფიქრო: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გაუკეთეს სპეციალურად; აპირებ გასვლას ევროკავშირიდან? იყავი ჭკვიანად, თორემ უამრავ რამეს ამოგიყრით. არავინ იცის დაზუსტებით, რატომ გაიხსნა ინფორმაციის ნაწილი. რეალობა ის არის, რომ ოფშორებთან ურთიერთობა პრობლემურია და ყველა დაფიქრდება იმაზე, თუ რა მოხდა. არ მგონია, მხოლოდ ჟურნალისტების შემოქმედება ყოფილიყო ოფშორების დოკუმენტაციის გახსნა.

скачать dle 11.3