რა ქონება დააგროვა დეპუტატობის ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა
საქართველოს პარლამენტის წევრი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ენზელ მკოიანი 1959 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო და მისი სპეციალობაა სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია. მისი შრომითი საქმიანობა 1976 წელს დაიწყო ბოგდანოვკის მოძრავი მექანიზირებული კოლონა 21-ში, სადაც 1977 წლამდე მეორე თანრიგის მუშად მუშაობდა; იმავე წელს „საქდამზადების” ბოგდანოვკის ტყავნედლეულის საწყობის მუშადაც იმუშავა, ხოლო 1978-1981 წლებში – ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველოს ზეინკლად; 1981-1983 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა; რის შემდეგაც ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველოში დასაქმდა (1984 წლამდე) მესამე თანრიგის მუშად; 1984-1990 წლებში ახალქალაქის რაიონული კომიტეტის მდივანი იყო; 1990-1995 წლებში – კოოპერატივ „მშენებლის“ თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999 წლებში კი – ორგანიზაცია „ენერგიის“ დირექტორის მოადგილე. 1999 წლიდან დღემდე უკვე მეოთხედაა პარლამენტის წევრი უწყვეტად (თუმცა, თავდაპირველად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში „მოქალაქეთა კავშირის“ ეგიდით მოხვდა).
შესაბამისად, ბ-ნი მკოიანის მიერ შევსებული პირველი დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, პარლამენტარის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1966 წელს დაბადებული კარინე ნახატაკიანი და სამი შვილი: ანაიდა, კარაპეტი და დავითი. იმხანად ენზელ მკოიანის საკუთრება იყო 190 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ახალქალაქში (595 კვ. მ.), 6 000 ლარად ღირებული ავეჯი „ფელიქსი“ და 24 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „ნუცუბისი-პაჯერო“ (სწორედ ასეა ჩაწერილი დეპუტატის მიერ ავტომანქანის მარკა). მის მეუღლეს კი ეკუთვნოდა, საერთო ჯამში, 59 500 ლარად ღირებული ავეჯი: „ლიზა“, „ჯაკონდა“ და „მონოლიზა“ (სტილი უცვლელია). იმ წელს ენზელ მკოიანმა, როგორც, პარლამენტის წევრმა, 1 520 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც რუსული ენის პედაგოგმა, 156 ლარი, მაგრამ დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად, 1 600 ლარი და 3 700 აშშ დოლარი ჰქონდათ.
ბ-ნი მკოიანის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება და ის მან, ცხადია, ასევე, პარლამენტარის ამპლუაში შეავსო (რაკი აგერ უკვე მეჩვიდმეტე წელია, ჩვენი რჩეულია). მისი ოჯახის წევრებს დაემატა რძალი – 1991 წელს ერევანში დაბადებული კრისტინა გრიშიანი (ის 1988 წელს დაბადებული კარაპეტ მკოიანის მეუღლეა).
ოჯახის უძრავი ქონება მამა-შვილ ენზელ და კარაპეტ მკოიანების საკუთრებაა. კერძოდ, ენზელ მკოიანს ეკუთვნის მიწის ნაკვეთი (304 კვ.მ) და საცხოვრებელი სახლი ახალქალაქში (200 კვ.მ.); კარაპეტ მკოიანს კი – არასაცხოვრებელი ფართი ახალქალაქში (244 კვ. მ.), კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართი ახალქალაქში (64 კვ.მ.) და მიწის ორი ნაკვეთი (1 200 კვ.მ. და 1 179 კვ.მ.), ასევე, ახალქალაქში. ენზელ მკოიანს კი ჰყავს ავტომანქანა „მერსედესი“ და ისევ აქვს ავეჯი „ფელიქსი“.
კარაპეტ მკოიანი არის 2010 წელს დაფუძნებული „ახალგაზის“ პარტნიორი და ამ საქმიანობამ მას 2014 წელს 6 100 ლარი მოუტანა.
თავად ენზელ მკოიანმა კი, როგორც ხალხის რჩეულმა, 2014 წლის განმალობაში 55 081 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, აწ უკვე, როგორც სკოლის დირექტორმა, 521 ლარი. დამატებითი შემოსავალი ჰქონდა კარაპეტ მკოიანსაც: ავტოგასამართი სადგურის გაქირავებამ მას 9 600 ლარი მოუტანა.