მე დამიჭირეთ, მე!
ანუ ტრაგედიიდან ამომხტარი რიჩარდი
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაფერი „ნაციონალურად“ კონტროლდებოდა და თითოეულის ცხოვრება გადაშლილი წიგნი იყო (თვით კოორდინატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, რომლებიც, სახლში ნებით თუ არ შემოუშვებდი, შტურმით შემოგიცვივდებოდნენ); თანაც, იმის გამოც, რომ წინამორბედები ახლებს არ დაუსჯიათ (სავარაუდოდ, კოაბიტაციის მადლით, წვრილფეხობის ციხეში გამოკეტვას არ ვგულისხმობ), პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით ლამისაა გადაივსო მსოფლიოს ვირტუალური პორნოსივრცე.
და თუმცა თვით აშშ-ური ფედერალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა აგვიხსნა, რომ ამტვირთავების დადგენა, ფაქტობრივად, გამორიცხულიაო, ჩვენ მაინც ვღელავთ.
მეტიც, არა მხოლოდ ჩვენ, ისინიც კი ღელავენ, ვის დროსაც ჩანაწერები კეთდებოდა; მეტიც, თვით მიხეილ სააკაშვილით დაწყებული და ჩიორა თაქთაქიშვილით დასრულებული, ყველა გაემიჯნა ფარულ მოსმენებსა და ჩანაწერებს (შექსპირისეული რიჩარდი ლამისაა ამოხტეს ტრაგედიიდან, ვინაიდან, მეტად ნიჭიერი კონკურენტები გამოუჩნდნენ). ასე, მაგალითად, ბ-ნმა ბარამიძემ ბრძანა: „ლიდერები რა შუაშია? ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ხელი მიუწვდებოდა ჩანაწერებზე, ისინი არ ყოფილან ლიდერები. ჩვენ რომ ეს გვცოდნოდა, შეუძლებელია, მოგვწონებოდა.“ რაკი შეუძლებელია, გაჰყვე ბ-ნი ბარამიძის ლოგიკას, პათოსით, ბელადმა არ იცოდაო, ისეთი ენთუზიაზმით გმობენ სხვათა პირადი ცხოვრების ხელყოფას, ვფიქრობ, სხვა გზა არ დამრჩენია, იმას გარდა, რომ აღიარებითი ჩვენებით საკუთარი ორთავ ფეხით გამოვცხადდე საქართველოს პროკურატურაში! –