გულგაბზარულები
მონატრება…
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულობის ზღვარზეა; მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა მხარემ დაკითხა რუსული ბომბდამშენის ჩამომგდები, ქვეყნებს შორის არც სავაჭრო ურთიერთობა აღმდგარა და თურქული კურორტებიც რუსი ტურისტების ჟრიამულის გარეშეა დარჩენილი.
მაგრამ რფ-ის პრ.-ის „ცხელ ხაზს“, ბუნებრივია, თურქეთის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. კერძოდ. ვლ. პუტინმა ბრძანა, რომ მოსკოვი ანკარის მეგობრად რჩება, ერთი ისაა, პრობლემები გვაქვს ცალკეულ პოლიტიკოსებთანო.
და იქვე დააზუსტა (მომყავს ციტატა): „ჩვენ ვმუშაობთ მშვიდად, მაგრამ აუცილებელია რეაგირება არამეგობრულ ქმედებებზე, თორემ თავზე დაგვასხდებიან.“
გამომდინარე იქიდან, რომ, ვის, თუ არა ჩვენ, მოგვეხსენება, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყანას მეგობრად ასაღებენ, ხოლო იმ ქვეყნის პოლიტიკოსებს – მტრებად, სავარაუდოდ, ამ ორის ურთიერთობა კვლავაც წკიპზეა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ანკარა დაძაბულობის მოხსნას ცდილობს, ოღონდ მოსკოვი მას სრული გულგრილობით პასუხობს.
მეორე მხრივ, მაგალითად, პროსახელისუფლო თურქული გამოცემა ირწმუნება, რომ რუსეთმა და თურქეთმა გადაწყვიტეს, ერთმანეთის ტერიტორიებზე აღმართონ იმ თურქი და რუსი ჯარისკაცების ძეგლი, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის წარმოებული უამრავი ომის დროს დაიღუპნენ.
მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, სანამ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებით იმიჯშელახული პუტინი ერდოღანისგან ამის საკომპენსაციო რევერანსს არ მიიღებს, დაძაბულობას ვერაფერი გაანელებს.
რაც შეეხება ზემონახსენებ ძეგლს: თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთ-ოსმალეთის ომების მიზანი მათ შორის საქართველოს ტერიტორიის დასაკუთრებაც იყო, იმედს ვიქონიებთ, რომ იმ ძეგლს არ ჩაგვატანენ. –