არხეინები
სანამ შენ გეძინა…
სანამ ქართული მედია და არასამთავრობო სექტორი, რასაკვირველია, პოლიტიკური სპექტრიც, იმას არკვევენ, წინასაარჩევნო მართაონი 8 მაისს უნდა დაიწყოს თუ მაინც 8 ივლისს; მეტიც, დააჭერს თუ არა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს თაკარა მზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას ან შეძლებენ კი კურორტებზე რელაქსირებული საქართველოს მოქალაქეები მათი წინასაარჩვენო აგიტაციის ჯეროვნად გასიგრძეგანებას, ჩვენს მეზობლად, სახელდობრ, სტამბოლში, ინტენსიური მოძრაობებია.
მეორე მხრივ, მოძრაობები კი ინტენსიურია, მაგრამ ქართულ არასამთავრობო სექტორს, ცალი თვალი რაა, ისიც კი არ მიუპყრია იმ მიმართულებით, ვინაიდან იმის გარჩევითაა გართული, რა მოხდება, თუკი მთავრობა მეორედაც არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ დაწესებულ საარჩევნო ვადას.
საკითხი, უდავოდ, მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, არჩევნების მეტი რა დაგვრჩენია ამ ერთფეროვან ყოფაში?! თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე თვით არჩევნებიც კი გვერდზე მოგვრჩება, სრულიად გაუგებარია, რატომ არც კი გააშუქა ქართულმა მედიამ ფაქტი, რომ 14 აპრილს სტამბოლში ერთმანეთს შეხვდნენ… აზერაბიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტები?!
ხოლო, თუ რეგიონში შექმნილ რთულ კონფიგურაციას გავიხსენებთ (მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს ჩამოვთვლი: ირანს რუსეთის დახმარებით მოეხსნა სანქციები; ირანული გაზისა და ნავთობის მიღება სურს ევროპას; თურქეთს რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მაგრამ ირანი მისი კონკურენტია მთელ ახლო აღმოსავლეთში; აზერბაიჯანი თურქეთის მოკავშირეა და ირანი მისი ენეგროკონკურენტია), სრულიად გაუგებარია, რატომ არ იმჩნევს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ძალთა გადაჯგუფებებს?! –