როგორ უბიძგა ირაკლი ნოზაძეს უფროსმა შვილმა მესამე ქორწინებისკენ და როდის შეექმნა მას პრობლემები „წამალთან“
ცოტა ხნის წინ, „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე მესამედ დაქორწინდა. პირველ აპრილს კი საოცნებო ქალიშვილის – ნიას მამა გახდა. ირაკლის წინა ქორწინებიდან უკვე ჰყავს ერთი ვაჟი – ლუკა, რომელსაც მამისგან განსხვავებით, მუსიკალური ნიჭი არ აქვს, მაგრამ მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მამასთან.
როგორ ჩამოყალიბდა ირაკლისა და მისი მეუღლის ურთიერთობა, როგორ მოირგო მომღერალმა ორი შვილის მამობა და როგორი იყო თავად ბავშვობაში, ამას მისგან შეიტყობთ.
ირაკლი ნოზაძე: ჩემი მეუღლეა იაკო დუდაშვილი. სიმართლე რომ გითხრათ, თავდაპირველად ის და ჩემი შვილი დამეგობრდნენ, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს ამბავი ძალიან მომეწონა, რადგან ლუკას აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან რომ ასე კარგად მიიღო იაკო, მეც უფრო თამამად ვიყავი. ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიური გახდა და ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. ქორწილი 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს გვქონდა. ამ დღეს ჩემი დაბადების დღეცაა და ყველაფერი ერთად ვიზეიმეთ. ქორწილის დაგეგმვისას მთავარი აქცენტი მეუღლის ნათესავებზე გავაკეთეთ. ია თბილისელი ოსია და გვინდოდა, მისი ნათესავები ქორწილს დასწრებოდნენ. მათი უმეტესობა ორჯონიკიძეში ცხოვრობს, მათ შორის მამაც, რომელიც მანამდე მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და საფუძვლიანად ქორწილში გავიცანი. დედას მანამდეც ვიცნობდი.
– ეს თქვენთვის მესამე ქორწინებაა, მისთვის?
– მისთვის პირველი.
– მესამედ ამ გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო?
– ძალიან რთული იყო, მაგრამ ამაზე რომ მეფიქრა, ეს ნაბიჯი საერთოდ აღარ უნდა გადამედგა. თუმცა, ცოტა რისკი მიყვარს და მაინც გავბედე. იასთვის და მისი მშობლებისთვის უფრო რთული იყო ეს მომენტი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მეც მესამედ და საბოლოოდ დავქორწინდი.
– და ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეგეძინათ.
– პირველ აპრილს გაჩნდა ჩვენი გოგონა – ნია ნოზაძე. გოგო ძალიან მინდოდა და უფლის მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი მომცა, რაზედაც კი მიოცნებია. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ.
– უფროსი შვილი, ლუკა ხომ არ ეჭვიანობს პატარაზე?
– არა. პირიქით, ერთი სული აქვს, როდის ნახავს დაიკოს. პირველ აპრილს ძალიან დაძაბული ვიყავი და ვეღარ ვუთხარი, რომ იაკო სამშობიაროში წავიყვანე, რის გამოც გაბრაზებულმა დამტუქსა. მათი შეხვედრა პირველსავე დღეებში ვერ მოხერხდა, რადგან ლუკა დედასთან ერთად რუსთავში ცხოვრობს, სკოლაში დადის და არ მინდოდა, ამ პროცესისთვის მომეწყვიტა. ამიტომ შეხვედრა შაბათისთვის დავგეგმეთ. სხვათა შორის, ლუკა ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა და ძალიან კარგად სწავლობს.
– როგორი მამა ხართ?
– გოგო ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. სახლიდან რომ გამოვდივარ, ეს პატარა არსება მაგნიტივით უკან მიზიდავს. რაც შეეხება ლუკასთან ურთიერთობას – მგონია, რომ ცუდი მამა არ ვარ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობ, მას ისე მოვექცე, როგორც ზრდასრულ ადამიანს და არა როგორც პატარა ბავშვს, რაც, ძირითადად, ამართლებს. ყველაფერს შესანიშნავად იგებს და ჯერჯერობით კონფლიქტი არ გვქონია.
– დედასთან ერთად რუსთავში, ასე თუ ისე მაინც მოშორებით რომ ცხოვრობს, ეს უხერხულობას არ გიქმნით?
– უხერხულობას გვიქმნის, მაგრამ სხვა გზა არაა და ამას, მგონი, თვითონაც ხვდება. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თუმცა, ერთად მაინც დიდ დროს ვატარებთ.
– თქვენ როგორი ბავშვი იყავით?
– მე ყოველთვის გამორჩეული ვიყავი ჩემი გარეგნობის – თეთრი თმის გამო. ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი და სხვათა შორის, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მაგრამ, თინეიჯერობის ასაკიდან „ამრევი ბავშვი“ გავხდი და ძირითადად, შატალოებს ვუწევდი ხოლმე ორგანიზებას (იცინის). უზომოდ ცელქი და შარიანი ვიყავი. პატარა ასაკში ბევრჯერ წავსულვარ სახლიდან და მშობლებთანაც არაერთხელ მომსვლია კონფლიქტი. ამის ძირითადი მიზეზი სიგარეტი იყო. 10-11 წლისას უკვე სიგარეტის სუნი ამდიოდა და ბუნებრივია, მშობლები ამის გამო მეჩხუბებოდნენ, თუმცა მერე დავანებე თავი.
– ქუჩა არ იყო თქვენს ცხოვრებაში?
– ესეც იყო, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. არ შეიძლება, კვირაში ხუთჯერ იჩხუბო, მაგრამ მე ასე ვიყავი, სულ ვჩხუბობდი. ერთხელ, სხვა უბნელ ბიჭებთან მარტოს მომივიდა ჩხუბი. ისინი 4-5 იყვნენ და კარგად მომხვდა, მაგრამ იმდენად გადამეკეტა, რომ ამდენ კაცს სათითაოდ ვსდიე აქეთ-იქით. არ დამეზარა, ყველა ცალ-ცალკე ვნახე (იცინის). თუმცა, ასაკთან ერთად ადამიანი ღვინდები და ხვდები, რა უნდა „გაატარო“ და რას უნდა ჩაჰყვე ბოლომდე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ჩვენგან წასული უაზრო გარჩევების გამო.
– კიდევ ერთი დიდი პრობლემა და მით უმეტეს ამ ასაკში, წამალია.
– წამალი ძალიან დიდი პრობლემაა და სტუდენტობისას მეც მოვყევი მაგ აურზაურში. საბედნიეროდ, ამ გაუგებრობას ჩემთვის ძალიან მძიმე შედეგები არ მოჰყოლია. ცხოვრებაში მომხდარ ყველა ფაქტს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და მაგალითად გამოვიყენოთ. ჭკუა იმისთვის გვაქვს, ამოვირჩიოთ, რა უფრო მისაღებია ჩვენთვის. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებული ეს ქაოტური მდგომარეობა დეპრესიის შედეგი იყო. წამალზე დეპრესიის გამო წამიცდა ხელი, მაგრამ ვიცოდი, ეს პერიოდი აუცილებლად დამთავრდებოდა და ასეც მოხდა.
– თქვენს შემთხვევაში, ვინ ან რა იყო სტიმული უკან დაბრუნებისთვის?
– ყველა და ყველაფერი ერთად. თუმცა, მთავარი ჩემი დიდი ოჯახი იყო, რომელშიც სისხლით ნათესავებთან ერთად, ბაღისდროინდელი მეგობრებიც შედიან. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მათთვის ვიბრძოდი, ვიბრძვი და გავაგრძელებ ბრძოლას.
– ყველაზე დიდი დანაკარგი რა იყო ამ დროს?
– დანაკარგი მქონდა და რამე წამართვა-მეთქი – ასე ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ის პერიოდი ჩემი არ იყო. რაც მოსახდენი იყო, ის მოხდა.
– იმ პერიოდში დაქორწინებული იყავით?
– კი, იმ დროს პირველ ქორწინებაში ვიყავი, მაგრამ განვქორწინდით. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი განქორწინება ამით იყო გამოწვეული. ჩემს ცხოვრებაში ნარკოტიკი ისეთი დოზითაც არ ყოფილა, რომ ეთქვათ, ვაიმე, ეს ადამიანი გადადებულიაო. უბრალოდ, მეც და ჩემი მეუღლეც პატარები ვიყავით და გავაცნობიერეთ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით. ამიტომ, ჩვენი გზები გაიყო. შეიძლება, რაღაც ფაქტორი ისიც იყო, მაგრამ გადამწყვეტი არა.
– დღეს ბევრი ამბობს, რომ მომხმარებელია, მაგრამ მძიმე ნარკოტიკის არა. უფრო სწორად, მას ნარკოტიკსაც არ უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ზიანიც არ მოაქვს.
– სისულელეა ასეთი დამოკიდებულება, რადგან ყველა ნარკოტიკი საზიანოა. სასმელიც საზიანოა, მით უმეტეს, დღეს, მაგრამ იმ დროს ადამიანებს არაფერი ესმით. შენ რომ მოწოდებებით ადგები და თავი მასზე ჭკვიანად მოგაქვს, ეს აღიზიანებთ.
– დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრობთ?
– დეკრიმინალიზაციის მომხრე არ ვარ, რადგან ქართველები ძალიან გაუმაძღარი ერი ვართ და დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს, მგონია, ყველა „ღორივით მიასკდება“ წამალს და შეიძლება, ამან ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. გასაგებია, რომ ეტაპობრივად ეს უნდა მოხდეს, მაგრამ როგორ? – ამას კანონმდებლები უკეთ დაალაგებენ. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ მოზარდი „პლანის“ მოწევის გამო, შვიდი წლით არ უნდა ჩააგდო ციხეში და ახალგაზრდობა არ უნდა წაართვა. შეცდომაზე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არა წლებით. მოზარდისთვის ყველა წელი მნიშვნელოვანია. ამიტომ, უნდა არსებობდეს რაიმე ბერკეტი, რომელიც ადამიანს მიახვედრებს, რომ შეცდომა დაუშვა და ეს მისი არაა. თორემ, სულ რომ 25 წელი მიუსაჯო, თუ ადამიანი ნარკომანია და წამლისკენაა მიდრეკილი, მას ვერაფერი შეცვლის, მაინც მოახერხებს მის შოვნას. რამდენი საშინელება გამოიგონეს ქართველებმა, ბენზინისგან, ტუალეტის „კროტისგან“ რაღაცეებს აკეთებენ. ბოლოს და ბოლოს, აფთიაქში შევა, გამაყუჩებელს იყიდის, დაფხვნის და თავს მოიკლავს, თუ ფხიზელი ცხოვრება არ უნდა. ასეთები ყოველთვის ყველა სახელმწიფოში იარსებებენ. საბედნიეროდ, მგონია, რომ ევროპასთან შედარებით მათი რაოდენობა ჩვენთან უფრო ნაკლებია.