კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტყუპებმა გაზის გაჟონვის დამაფიქსირებელი ხელსაწყო შექმნეს

14 წლის ტყუპი ძმები, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები, პატარა გამომგონებლები არიან. ბიჭები პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობენ. მათ  შექმნეს ჰაერის გამწმენდი სისტემა – ACS (Air Cleaning System), რომელიც აფიქსირებს ჰაერში გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს. თუ მდგომარეობა სცდება ნორმას, მაშინ ავტომატურად ირთვება შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სისტემები, მფლობელს კი ტელეფონზე მისდის შეტყობინება. მათმა გამოგონებამ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში გაიმარჯვა. უფრო ვრცლად ამ გამოგონების შესახებ თავად ტყუპები გვესაუბრნენ, ინტერვიუს ასევე დაესწრო  ბიჭების დედა, ქალბატონი ხათუნა ბექაია.
დემეტრე: როცა კომაროვის სკოლაში დავდიოდით, ერთ-ერთ გაკვეთილზე შემოვიდა  დირექტორი და შეგვატყობინა „იუჯი ლიმესის” რობოტექნიკისა და ელექტრონიკის  სკოლის შესახებ. ჩვენ არ გვეგონა, მსგავსი რამ თუ არსებობდა საქართველოში, ამიტომ ძალიან დავინტერესდით. თან, ინტერესი მანამდეც გვქონდა,  უბრალოდ, სწავლის საშუალება არ იყო.  მისვლისთანავე მოგვეწონა და ყველა კურსი წარმატებით დავასრულეთ. მერე მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ საკმარისი ცოდნა და განათლება გვქონდა და ოლიმპიადაზეც შეგვეძლო გასვლა. პირველად „ათასწლეულის ინოვაციის” კონკურსზე გავედით, სადაც ფინალისტები გავხდით. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი წარმატება იყო. მაშინაც იგივე პროექტი გვქონდა წარდგენილი, თუმცა ახლა უფრო გავაუმჯობესეთ მოდელი და მომავალში ისევ ვაპირებთ დახვეწას. ჯერჯერობით პროტოტიპია. როცა გავედით ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურზე, არ მეგონა, გამარჯვების შანსი თუ გვქონდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ კარგი პროექტი გვქონია, გავიმარჯვეთ და მერიის რჩეულები გავხდით. ჩვენი გამარჯვება „იუჯი ლიმესის” დამსახურებაა – სკოლის, სადაც ჩვენ დავდივართ და სადაც ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობთ.
გიორგი: სულ სამოცი, ყველა კარგი პროექტი იყო წარდგენილი, თითოეული მათგანი ძლიერი კონკურენტი იყო. ერთმა წარმოადგინა ხელის პროთეზი, რომელიც მეორე ხელის დასახმარებლად გამოიყენებოდა. შესაბამისად, ნაკლებად ვვარაუდობდით გამარჯვებას და ვერ წარმოგვედგინა, ფინალში თუ გადავიდოდით.
– თქვენ გამოიგონეთ სისტემა, რომელიც გაზის გაჟონვას აფიქსირებს. რატომ ეს მოწყობილობა?
დემეტრე: რომ დავუკვირდეთ, ქვეყანაში არ არის ისეთი არც ხელსაწყო და არც დაწესებულება, სადაც ხალხი იმუშავებს გაზის გაჟონვის პრობლემების აღმოფხვრაზე. მართალია, სახანძრო გვყავს, მაგრამ, სანამ ხანძარი გაჩნდება, მანამდეც შეიძლება პრობლემის მოგვარება. ჩვენ მოძიებული გვაქვს ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში არის კომპანია, რომელიც გაზის გაჟონვისას ახდენს მობილიზაციას და გზავნის მაშველების ჯგუფს, თუმცა, ამ პროცესს დიდი დრო მიაქვს. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში არ არის არანაირი სისტემა, შევქმენით ხელსაწყო, რომელიც აღმოაჩენს გაჟონვას, გაანეიტრალებს მას და თან მეპატრონეს ინფორმაციას მიაწვდის.
– როგორ მუშაობს თქვენი გამოგონება?
გიორგი: „იუჯი ლიმესის” სკოლამ თავად მოგვაწოდა ის კომპონენტები, რომლებიც საჭირო იყო მის შესაქმნელად. თავდაპირველად, როცა ათასწლეულების ინოვაციის კონკურსზე გავედით, მოვიპოვეთ დაფინანსება 500 დოლარის ოდენობით. ამ თანხიდან 85 დოლარი დასჭირდა ხელსაწყოს აწყობას. მოწყობილობას აქვს გაზის მთავარი სენსორი, რომელიც, თუ აღმოაჩენს გაჟონვას, ჩართავს ჰაერის გამწმენდ სისტემას (ხშირ შემთხევაში, ეს სისტემა სავენტილაციო ქსელთან იქნება დაკავშირებული), ასევე, ჩართავს ხმოვან სიგნალიზაციას, რათა იქვე მყოფებმა გაიგონ პრობლემის შესახებ; აქვს კიდევ ერთი ფუნქცია: თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, მიუთითოთ მობილური ტელეფონის ნომერი და თუ სახლში არ იმყოფებით, გაზის გაჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებასაც მიიღებთ.
– რა ბედი ეწევა თქვენს პროექტს სამომავლოდ?
– გვინდა, უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ, განსხვავებული ფუნქციები დავამატოთ; მაგალითად, გავუკეთოთ მენიუ, რომელშიც შეგვეძლება მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლა; ასევე, დავუყენოთ გაზის გადამკეტი. ეს კონკურსი იყო რესპუბლიკის ფარგლებში, მალე გაიმართება საერთაშორისო კონკურსი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იქ არ ვიცი, რას ვიზამთ.
– როგორ მუშაობთ ძმები, არ კამათობთ? როგორც ტყუპებს სჩვევიათ, თქვენი იდეები თუ ემთხვევა ერთმანეთს?
დემეტრე: ხანდახან კამათიც საჭიროა. ყოფილა შემთხევა, როცა სხვადასხვა იდეა გვქონია და ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან გიორგის აზრიდან შეიძლება სულ სხვა პროექტი ან ახალი ფუნქცია წარმოიშვას, ანალოგიურია ჩემს შემთხვევაშიც. იდეები ხშირად ემთხვევა, მაგრამ, შეიძლება, მე განხორციელების სხვა გზა მქონდეს, გიორგის – სხვა.
– მომავალში რომელ პროფესიას გინდათ, დაეუფლოთ და რაზე ოცნებობთ?
გიორგი: მე მსურს, რომ გენური ინჟინერი გამოვიდე. ძალიან მომწონს ეს დარგი. უფრო ბიოლოგიას მოიცავს, თან ფიზიკას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსაც აერთიანებს. პირველი კლასიდან ვოცნებობდი, ასტრონომი გამოვსულიყავი (იცინის).
დემეტრე: მე  მინდოდა, გამომგონებელი ვყოფილიყავი. ახლა უფრო გენური ინჟინერიისკენ ვიხრები, მაგრამ, ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი. დიდი ოცნება არ გვაქვს, პატარ-პატარა ოცნებები კი უფრო საქმეებს ეხება.
– კიდევ მუშაობთ სხვა პროექტზე? უცხოეთში ხომ არ აპირებთ რამე კონკურსში მონაწილეობას?
გიორგი: ჯერ არ მოგვიფიქრებია, მაგრამ ვაპირებთ სხვა პროექტების გატანასაც. რაც შეეხება უცხოეთს, ამერიკაში გვსურს სწავლის გაგრძელება.
დემეტრე: საშუალება თუ იქნება, აუცილებლად გავალთ უცხოეთის კონკურსებზე.
– ცნობილები გახდით. სკოლაში როგორ შეხვდნენ თანაკლასელები თქვენს წარმატებას?
გიორგი: რამდენიმე სკოლა გვაქვს გამოცვლილი. ეს წელია, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში გადმოვედით. აქ ახალი ბავშვები ვიყავით და შეჩვევა რთული იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველა გვიცნობს. როცა „ფეისბუქზე” და სხვადასხვა ინტერნეტპორტალზე გამოჩნდა ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ძალიან გაუხარდათ, დაინტერესდნენ. ამბობდნენ – მე ამათ ვიცნობ, ეს ჩემი კლასელიაო და ასე შემდეგ. მასწავლებლები და სკოლელები გვცნობენ, გვილოცავენ და წარმატებებს გვისურვებენ.
დემეტრე: ჩვენი თანაკლასელი გოგო გადაირია – რა მაგარია, ტელევიზორში გნახეთო (იცინის). რამდენიმე დღის წინ, სკოლაში ცოტა გვაგვიანდებოდა გაკვეთილზე. მანდატური და რამდენიმე ბავშვი კართან იდგნენ. ერთმა გოგომ შეგვაჩერა – თქვენ ის ტყუპები არ ხართო?  მანდატურმა – გაუშვი, აგვიანდებათო (იცინის).
– სკოლის, რობოტისა და ტექნიკის აკადემიის მიღმა, კიდევ რით ხართ დაკავებულები?
გიორგი: ორივე დავდივართ ბეისბოლზე – ამერიკულ სპორტზე. ბევრმა არც კი იცის, ეს სპორტი თუ არის საქართველოში და ყოველთვის უკვირთ, როცა ვამბობთ. ხშირ შემთხვევაში, არც იციან, რა არის. კალათბურთზე დავდიოდით ბავშვობაში, ფეხბურთის მიმართ დიდი ინტერესი არ გვაქვს.
დემეტრე: ასევე, მშვილდოსნობაზე დავდივარ, დიდი ხანი არ არის, მაგრამ პირველივე შეჯიბრებაზე პირველი ადგილი მოვიპოვე.
– რომ გაიზრდებით, ერთად გეგმავთ თანამშრომლობას? როგორც ტყუპები, თუ ერევით ხოლმე ერთმანეთში?
– ვნახოთ, ჯერ არ ვიცით (იცინის). რაც შეეხება ერთმანეთში არევას, ძმები ვგონივართ, მაგრამ, არა ტყუპები. მარტივად გვარჩევენ.

скачать dle 11.3