როგორ აღმოჩნდა როლანდ ოქროპირიძე ნადირობისას ოთხი მგლის პირისპირ და რას ევედრებოდა მისი მეგობარი ღმერთს დაჩოქილი
მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ლეოს როლს განასახიერებს, რომელიც კატა ჯიქიას ყველა მითითებას ასრულებს, მისგან ბევრ დამცირებას იტანს და არასასურველ ადამიანებთან პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად მუშტებზე იყურება, თუმცა ბოლოს გალახული თვითონ რჩება. მუშტების თემა არც მსახიობისთვისაა უცხო, რაც ბიჭების უმრავლესობისთვის გასაკვირი სულაც არაა. თუმცა, ბევრმა, ალბათ, არ იცის, მსახიობის საყვარელი გართობის – ნადირობის შესახებ, რომლის დროსაც ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდენია.
– როლანდ, შენი გმირი, ხშირად იყურება მუშტებზე, რაც, ალბათ, ბევრი ბიჭისთვის არაა უცხო. შენც ხშირად იქცევი ასე?
– მართალია, ლეო მუშტებზე იყურება, მაგრამ რამდენჯერაც ჩხუბი მოხდა, იმდენჯერვე თვითონ გაილახა, თან ისე, რომ ხელის შებრუნებაც ვერ მოასწრო მოწინააღმდეგისთვის (იცინის). სინამდვილეში, არც არავინ გაულახავს და არც არავინ შეუშინებია. გამოდის, სულ ტყუილად იყურება მუშტებზე (იცინის). რაც შემეხება მე – კი, ჩხუბი მეც არაერთხელ მომსვლია – ბაღიდან დაწყებული დღემდე. ვერ ვიტყვი, რომ ეს მომწონს და მიყვარს, მაგრამ კაცი რომ ხარ, არის შემთხვევები, როცა მუშტების გამოყენება გიწევს. ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ, როცა დიდ უსამართლობას, უზრდელობას, ნაგლობას ვხედავ, ძალიან ვბრაზდები, მოთმინების ფიალა მევსება და ვჩხუბობ. თუმცა, მერე ეს ყველაფერი სასაცილოა და ასეც უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, დაპირისპირება არ დამთავრდება.
– ისეც მომხდარა, შენ დაგიწყია და შენვე გალახულხარ?
– საბედნიეროდ, არა. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მე უფრო გალახული გამოვედი. ისინი ორნი იყვნენ, მე ერთი და მათთან შედარებით მეტი მომხვდა (იცინის). თუმცა, ისინიც კარგად დავაზიანე.
– გოგოს გამო არ გიჩხუბია?
– იყო ეგეთი შემთხვევა ადრე. მე და ჩემი მეგობარი გოგო ცირკთან ტრანსპორტს ველოდით და ის ჩამეხუტა. ამ დროს ორმა ბიჭმა გამოიარა, გაჩერდნენ და გვიყურებდნენ. ეტყობა, ცირკთან რომ ვიყავით, რაღაცეები იფიქრეს და დაიწყეს რეპლიკების სროლა. ერთმა: რა არის ასე ქუჩაშიო. მეორემ: რატომაც არა, თუ კოცნი, მიდი, უფრო კარგად აკოცეო. მახსოვს, ის ერთი ბიჭი კარგად გავლახე და მეორისკენ რომ დავიძარი, მეუბნება – მე არაფერ შუაში ვარო. შეეშინდა და თავის მეგობარსაც არ მიეხმარა. გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ რადგან უკან დაიხია და ხელები ასწია, თავი დავანებე.
– ქალის გამო იმდენ დათმობაზე წახვიდოდი, რაზეც ლეო მიდის?
– ჩემი აზრით, კატას ლეოს მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება აქვს. მე ქალისგან ასეთ დამცირებას არ მივიღებდი. ვერ ვხვდები, რა მიზეზით უნდა ავიტანო ასეთი დამცირება. ერთხელ კარგი, მაგრამ სისტემატურად, გამორიცხულია. ზოგადად, როცა საქმე დამცირებას არ ეხება, ქალის გამო, რა თქმა უნდა, დათმობაზე წავალ და წავსულვარ კიდეც საყვარელი ქალის გამო. შეიძლება, მის აზრს იმ მომენტში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მაინც გამითვალისწინებია.
– როგორც ვიცი, მეუღლეს გაშორებული ხარ, ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– მეუღლეს ორი-სამი წლის წინ დავშორდი. ახლა მშვიდად და კარგად ვარ. თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს. თუმცა, მას საზოგადოება არ იცნობს. ვფიქრობ, ჯერ მეტი არაფერი არ უნდა ვთქვა (იცინის).
– სერიოზული გეგმები თუ გაქვთ ახლო მომავალში – დაქორწინებას თუ აპირებთ?
– თუ რამე მოხდება აუცილებლად გაიგებთ (იცინის). ჯერ არ ვიცი, დილით რომ გათენდება რა მოხდება იმ დღეს. ყველაფერი შეიძლება. არც ახლო მომავალში ჩვენი დაქორწინებაა გამორიცხული.
– შვილთან თუ ახერხებ დროის გატარებას?
– ჩემი შვილი, საბა 4 წლისაა და ძალიან კარგი ბავშვია. ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებთ ერთად, ზაფხულს თუ არ ჩავთვლით, როცა მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა და ბევრად მაგარი იქნებოდა, შვილი რომ სულ ჩემთან ერთად იყოს.
– თქვენი ურთიერთობის დრო განსაზღვრულია?
– განსაზღვრული არაა, მაგრამ ჩემი სამსახურისა და მისი ბაღიდან გამომდინარე, სხვანაირად ვერ ვახერხებთ.
– ყოფილ მეუღლესთან არ ურთიერთობ?
– თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება, არა.
– ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რომ ნადირობის მოყვარული ხარ... როდიდან დაინტერესდი ამით?
– ბავშვობიდან მოყოლებული, ნადირობა ჩემთვის საუკეთესო გართობაა და როცა სეზონია, გამორიცხულია, კვირაში ერთხელ მაინც არ წავიდე მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივართ. მომავალი წლისთვის სხვა ქვეყნებშიც მინდა წასვლა.
– საფრთხეში არასდროს აღმოჩენილხარ?
– ერთხელ დავიკარგეთ კახეთში, მინაბოძის ტყეში. ვაკე, მაღალი ტყეა და სულ ეკლებითაა სავსე, ამიტომ ორიენტირება და გადაადგილება რთულია. ექვსი საათი ვცდილობდით გზის პოვნას. თავიდან გვეგონა, იოლად გავიდოდით, მაგრამ შემდეგ ძალიან დავიღალეთ. მივხვდით, რომ მარტივი სულაც არ ყოფილა და ჩვენს თავზე გვეცინებოდა. მაგრამ, ეს კიდევ რამდენიმე საათი რომ გაგრძელდა, სასაცილო სულაც აღარ იყო. თან, ძალიან რთულ ადგილებში დავდიოდით. ბოლოს, როგორც იქნა, მეგობრების დახმარებით, გამოვაღწიეთ. ერთხელ კიდევ, მთაში პირველად ვიყავით და დაგვაღამდა. წვიმა წამოვიდა, თან მეხსაშიში ადგილი იყო და ძალიან შეგვეშინდა, რადგან მთა განსაკუთრებით რთულია. წამოსვლისას, ჩემმა მეგობარმა დაიჩოქა და ღმერთს სთხოვა, ოღონდ ახლა გაგვაღწევინე აქედან და ცხვარს შემოგწირავო. საბედნიეროდ, მშვიდობით ჩამოვედით. ერთხელ, მახსოვს, ოთხი მგლის პირისპირ აღმოვჩნდი. ვაშლოვანის ნაკრძალთან ახლოს იხვზე ვნადირობდით. იმ მომენტში მარტო ვიყავი გაყუჩებული და იხვის გამოჩენას ველოდი. ჩემი მეგობარი ტყე-ტყე წამოსულა. როგორც ჩანს, იქ მგლები იყვნენ, ხმაურზე დაფრთხნენ და აქეთ წამოვიდნენ. მე ჩემთვის წყნარად ვზივარ, ხმაური რომ გავიგე, წინ გავიხედე და ვხედავ, ოთხი მგელი ჩემთან ძალიან ახლოა. მე ორი გერმანული ნაგაზი მყავს, „ავჩარკას“ რომ ეძახიან. მგლებს რომ შევხედე, იმდენად ჰგავდნენ ჩემს ნაგაზებს, გაოცებულმა ვიფიქრე, ჩემს ძაღლებს აქ რა უნდათ-მეთქი. თან, ყელზე ყელსაბამები ეკეთათ და ამანაც დამაბნია (ყელსაბამი მიუთითებს, რომ მგელი დანიშნულია და მას აკვირდებიან). როცა გავაცნობიერე, რომ პირისპირ, ასე ახლოს ოთხი მგელი მედგა, დიდი შიში ვჭამე. თან, ის ტყვიებიც არ მქონდა, მგელს რომ უნდა ესროლო. საბედნიეროდ, რომ დამინახეს, მათაც შეეშინდათ და გაიქცნენ. ზოგადად, მათაც ეშინიათ ადამიანების. ნადირობისას, ბევრჯერ მინახავს დაკლული ვირი და ცხენი, რომელსაც სავარაუდოდ, საშაურმეში აბარებენ. ამიტომ, შაურმასთან ცოტა ისე ვარ (იცინის). ვირის ხორცთან დაკავშირებით ერთი სასცილო ისტორია გამახსენდა: მეგობართან ერთად ვიყავი კორსიკაზე. მანქანით ვმოგზაურობდით ფრანგებთან ერთად. სუპერმარკეტში შევედი ძეხვის საყიდლად. ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი იყო. მე ფრანგული არ ვიცი და ვიზუალურად რომელიც მომეწონა, ის ძეხვი ვიყიდე. ფრანგებმა წარწერები რომ წაიკითხეს: ვაუ, რა მაგარია! ვირის ძეხვი მოგიტანია, რა კარგი გემოვნება გქონიაო (იცინის). არ ვიცი, სუნი მეცა, კახელი რომ ვარ, სისხლის ყივილი იყო თუ რა, მაგრამ მაინცდამაინც მე ვიყიდე იქ ვირის ძეხვი. თუმცა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროპაში ვირის ხორცი იჭმევა.