რატომ ვერ გრძნობს ნინი წიკლაური თავს გათხოვილ ქალად და რატომ არ არის თემო ტუღუში ტიპური ქმარი
4 აპრილს „იმედის“ ეთერში მეგაპროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ენერგიული, პოზიტიური მონაწილე – მომღერალი ნინი წიკლაურია. მას მეწყვილეობას იაკობ ყუფუნია უწევს. ნინიმ პირველივე გამოსვლისას არავინ დატოვა გულგრილი და როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ასე რომ, ვისაც გსურთ, ამ პოზიტიური გოგონას დიდხანს ნახვა პროექტში, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95 341.
– ნინი, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
– რომ გითხრა, თვითონ მივიღე გადაწყვეტილება-მეთქი, მოგატყუებ. ჩამითრიეს ამ „მაფიაში“, მეც გავხდი მათი ნაწილი. რა თქმა უნდა, დიდი ხანი თავს ვიკავებდი მონაწილეობაზე, რადგან სფერო, სადაც მყარად არ ვდგავარ, ჩემთვის ხელშეუხებელია და ძნელია, მივიდე, ხელი შევახო და თან, ეკრანზე გამოვჩნდე. ძალიან დიდი რისკია და ფეხი რომ წაგიცდეს, შენს სიმღერასაც ხაზი გადაესმევა და სხვა რაღაცეებსაც, რადგან ქართველი ხალხი ძალიან მომთხოვნია. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს გოგო მომღერალია და „ჩა-ჩა-ჩას” ან „სამბას” პროფესიონალურ დონეზე არ უნდა ცეკვავდესო. შესაბამისად, ამ კრიტიკის ძალიან მეშინოდა. გადაწყვეტილი მქონდა – უარი მეთქვა, მაგრამ საუბრებში, შეხვედრების დროს იმდენი დადებითი რამ დამანახვეს, ბოლოს გადავწყვიტე.
– როგორი იყო შენი მეუღლის რეაქცია?
– თემო ძალიან დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. 17 მარტს ამერიკაში თემოს გარეშე მივდიოდი, ბილეთებიც ნაყიდი მქონდა. ამიტომ, თემომ ბევრი იბრძოლა, რომ „კი“ მეთქვა, მონაწილეობა მიმეღო პროექტში და საქართველოში დავრჩენილიყავი. ის დღე რომ გათენდა, მე არ გავფრინდი ამერიკაში და სახლში დავრჩი – თემო დაფრინავდა.
– ცოტა ხნის წინ გათხოვდი. როგორ შეეგუე ოჯახურ ცხოვრებას, ახალ გარემოს?
– სულ ვამბობ: ვერც ვგრძნობ, რომ გათხოვილი ქალი ვარ. თემოს ქმარსაც ვერ ვეძახი, კარგი საყვარლებივით ვცხოვრობთ. ერთი, ღმერთის წინაშე გვაქვს „გაპრავებული“ ჩვენი ურთიერთობა, თორემ თემო ქმარი არ არის. რასაც ჩემი მეგობრების ქმრებს ვუყურებ, რა თქმა უნდა, ყველასას არა, მათზე ითქმის ქმარი, თემოზე – არა. თან, ფეხსაცმლით მე ეგ არ მინახავს, სულ კედებით დადის, ჩაჩაჩული შარვლით – ქმრული ნამდვილად არ არის. ძალიან მარტივი ტიპია, ცდილობს, მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნას. შეყვარებულობის პერიოდში როგორი ურთიერთობაც გვქონდა, ახლაც ისეთი გვაქვს. საერთოდ არ მაწუხებს თავისი არსებობით.
– შენც ასეთი ხარ – ერთხელ აღნიშნა თემომ.
– მეც ასეთი ვარ. თითქმის ყველაფერს თემო მიკეთებს. მიადგება გარდერობს, დაიწყებს დალაგებას. მე მომხვდა ხელში – წავედი, დავალაგე, იმას მოხვდა ხელში – წავიდა დაალაგა. განაწილებული არ გვაქვს რაღაცეები. ჩვეულებრივ ორივე ყველაფერს ვაკეთებთ.
– მარტო ცხოვრობთ?
– არ ვართ მარტოები, ძალიან ბევრნი ვცხოვრობთ. სულ ვამბობდი: ავლაბარში ხომ ერთმანეთზე დავდიოდით, ახლა ტუღუშებშიც ერთმანეთზე დავდივართ-მეთქი. ანუ, წინსვლა გაფართოების კუთხით, არ მაქვს. ისე ვარ მიჩვეული ბევრ ხალხთან ერთად ცხოვრებას და პატარა ადგილს, რომ სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.
– შენი შესრულებული „სამბა” ძალიან კარგი იყო – ხუთოსანი ბავშვივით იცეკვე – თავისი მოძრაობებით, ემოციებით.
– ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა, ჩემს ცეკვას უფრო მეტად კრიტიკა არ დაემსახურებინა. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი ხასიათი და ძალიან დადებითი ემოციით გამოვედი. რამდენჯერმე ცეკვის დროს, ნინო სუხიშვილს შევხედე და მთელი ცეკვის განმავლობაში ღიმილი ჰქონდა სახეზე. იმის მიუხედავად, რომ ყველას გვყავდა ცოტ-ცოტა გულშემატკივარი, რომ გამოვედი, თითქოს მთელი დარბაზი გაერთიანდა და დაიწყეს აქტიური გულშემატკივრობა. სხვათა შორის, პედაგოგებიც ამბობდნენ: რასაც რეპეტიციაზე ცეკვავდი, ყველაფერი ზუსტად ისე გადაიტანეო. ანუ, არაფერი დამიკლია, მაქსიმალურად ჩავრთე გონება, ხასიათი. შეფასებებითაც კმაყოფილი ვარ, როგორც ჟიურის, ასევე, თუნდაც, უცხო ადამიანებისგან. იმდენი გაზიარება და კომენტარი ვნახე: ამ წყვილს, ნინის ვგულშემატკივრობოთო... ალბათ, არ ვიყავი გამაღიზიანებელი, თორემ ასე მარტივად ვერ გამოვძვრებოდი. თან, „სამბით” დავიწყეთ, ურთულესი ცეკვაა.
– თემოს მოეწონა?
– თემომ მითხრა: რომ გამოგაცხადეს, მთელი ორი წუთი გაყინული ვიყავი, ოფლი მასხამდა. ისე ცუდად გავხდი, ვერ მივხვდი, რა უნდა მექნაო.
– მეწყვილეც ძალიან კარგი გყავს.
– იმდენად გაურკვეველი ვიყავი ამ სპორტში, რომ არ ვიცოდი, ვინ ცეკვავდა კარგად და საერთოდ, ცეკვების სახელებიც ახლა გავიგე. თავიდან მეწყვილეზე საერთოდ არ მისაუბრია, თავად მითხრეს: საუკეთესო მეწყვილე გეყოლებაო. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი შემრჩა ხელში. სასწაული ბიჭია. რაც მთავარია, ძალიან კარგი პარტნიორია. როგორც კერძო მასწავლებელი, ისე მასწავლის, გადაყოლილია ჩემზე. სარეპეტიციო დროის გარდა, ხუთი საათი მავარჯიშებს.
– პრომოსთვის განსხვავებული იმიჯი შეგიქმნეს – მოგწონს?
– გამზარდეს ცოტა. აღარ ხარ პატარა, გამოდი „ჯეოსტარის“ ასაკიდანო. გასაგებია, მაშინ პატარა ვიყავი 17-18 წლის, ახლა 28 წლის ვარ. დიდი დრო კი გავიდა, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ გავხდი ისეთი, როგორიც უნდათ, რომ ვჩანდე – სექსუალური, გამომწვევი გოგო. არადა, არ ვარ ასეთი. თემო მეუბნება: რომ გაიცინებ, აღუა ბავშვი ხდები და სულ გაიცინეო. ეს იმიჯიც დროებითია, რადგან შინაგანად არ ვარ ასეთი და არც გამომივა. შეიძლება, კოსტიუმირებულად ვიყო, მაგრამ პირს რომ გავაღებ, თავს ეგრევე ვყიდი და ბავშვური ვხდები. პრომოსთვის იყო ეს იმიჯი შექმნილი: თუ მომღერალი ხარ – მოდი, სხვანაირი იყავიო.
– „ფეისბუქზე” დაიდო ფოტო, სადაც აუზში სამ მამაკაცთან ერთად ხარ და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– არ თქვა... ბორჯომში ვიყავით, გადაღება გვქონდა. მომღერლები, მოცეკვავეები ჩავეყარეთ აუზში. უცებ იაკობმა, მოდი, სელფი გადავიღოთო. მივცურდით ყველა და ამ სელფს მოჰყვა ერთი ამბავი. კიდევ კარგი, კარგი თემო მყავს, ძალიან ბევრი იცინა: როგორ არ ეზარებათო. მეც ბევრი ვიცინე.
– ცხოვრების რიტმიც შეგეცვლებოდა და თემოსაც, ალბათ, ისე ხშირად ვეღარ ნახულობ.
– სულ აქ ვარ, რეპეტიციები მაქვს. „სამბაზეც” ბევრი სამუშაო მქონდა, ახალზეც ასე ვარ – საკმაოდ რთული ცეკვა უნდა შევასრულო ორშაბათს. „იმედში“ ვცხოვრობ და რეპეტიციაზე რომ მომაკითხავს თემო, იქ ვნახულობ. თან, ვეუბნები: თემო, ხალხში არ მაკოცო-მეთქი. საშინალად არ მიყვარს ხალხში ხვევნა-კოცნები. გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 5 აპრილს – ავტორი) მეხვეწებოდა, ერთი მაინც მაკოცნინეო.
– ამერიკაში აპირებ დაბრუნებას?
– პროექტის შემდეგ აუცილებლად წავალ. რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი მაქვს დაგეგმილი ემიგრანტებისთვის. გადაბარგებით – არა, რადგან, სადაც არ უსაქმურობ, ყველგან კარგია. ყველგან ნახავ შენს ადგილს, განსაკუთრებით კი შენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მაინც ემიგრანტი ხარ და ეს საკმაოდ დიდი წნეხია.