რა სასწაულის შემდეგ გაუუმჯობესდა ჯანმრთელობა ლიკა და ლიზა მებონიების დედას
4 აპრილს „რუსთავი 2-ის“ ეთერში მუსიკალური პროექტის – „X ფაქტორის“ ახალი სეზონი დაიწყო. მაყურებელი და ჟიური განსაკუთრებით დები მებონიების გამოსვლამ მოხიბლა, რომლებმაც ცალ-ცაკლე არაჩვეულებრივად იმღერეს სხვადასხვა ჟანრში. მებონიების ოჯახში კიდევ ორი ძმა ცხოვრობს, რომლებიც ასევე ნიჭიერი მომღერლები არიან. რაც მთავარია, დები იმდენად პოზიტიური ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ, შეუძლებელია, არა მხოლოდ სცენიდან, არამედ პირად ურთიერთობაშიც, ვინმე გულგრილი დატოვონ.
ლიკა მებონია: ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ, ოჯახი კი ცხოვრობს ენგურჰესის დასახლებაში, ფოცხო-ეწერში. რომ გაიღვიძებ და გაიხედავ, ტყეს ხედავ; თუ გაგიმართლა, დათვებსაც დაინახავ. თავზე გვადგას დიდი მთა და მის ძირშია ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს მთა და მიხარია, რომ იქ ვცხოვრობ. არ მგონია, რომ სხვაგან ვიცხოვრო. უბრალოდ, ახლა ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვარ – მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. მომავალში სოციოლოგიის განხრით მინდა ვისწავლო. თბილისშიც შევძელი, მეპოვა ის, რაც იქ მქონდა – მთაწმინდაზე ავდივარ და იქ ვივსებ დანაკლისს. ოღონდ, პარკში კი არა, სხვა ადგილებიც არის, სადაც არაფერია აშენებული, ადამიანის ხელი არ ეტყობა.
ლიზა მებონია: მე ჯერ ისევ სკოლაში დავდივარ – მეცხრე კლასში ვსწავლობ. სკოლა სახლიდან 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ტრანსპორტი დადის.
ლიკა: მე რომ ვსწავლობდი, თან აბიტურიენტი ვიყავი და სკოლის ტრანსპორტი არ მაწყობდა, ამიტომ უფრო მეტად დავდიოდი ფეხით, ვიდრე ჩემი და ახლა. ზოგჯერ დღეში 15 კილომეტრსაც გავდიოდი – გააჩნია, რამდენად დატვირთული დღე მქონდა.
– სიმღერისა და ბირთვის კვრის გარდა სხვა გატაცებებიც გაქვთ?
– უცნაურ საგნებს ვაკეთებ სხვადასხვა ნივთისგან. მაგალითად, პინგ-პონგის ბურთით, კბილის ჩხირითა და ფრჩხილის ლაკით ლამაზი ნივთი გავაკეთე – მზეს ჰგავდა. ჩემი ტექნოლოგია მაქვს, სხვისას არ ვიმეორებ, უბრალოდ, ეს უფრო განტვირთვაა ჩემთვის, პროფესიონალურ დონეზე ჯერ არ ვარ.
ლიზა: მე ტატუების გაკეთება მეხერხება. საწერი კალმით ვხატავ და ლამაზი გამოდის. პირველად საკუთარ თავზე გავიკეთე და სხვებსაც მოეწონათ. მე და ჩემს თანაკლასელს, ნანას, ძალიან გვიყვარს ხატვა, ერთმანეთს ვახატავთ რაღაცეებს.
ლიკა: ლიზას სამედიცინოზე უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ, ძალიან რთულია, მთელი ცხოვრება უნდა ისწავლოს.
ლიზა: მეუბნებიან ხოლმე, კარგი ხელი გაქვს, გემრიელიო. მასაჟებს ვუკეთებ ხოლმე ჩემებს და, რბილი ხელები რომ მაქვს, ეტყობა, მოსწონთ.
– ლიზა, შენი და თბილისში ცხოვრობს, მის გარეშე ხომ არ მოიწყინე?
– ძალიან, რადგან ჩვენ მხოლოდ დები კი არა, კარგი მეგობრებიც ვართ. მე და მამა ვცხოვრობთ ერთად, დედაც და ძმებიც თბილისში არიან, თავიანთი ბენდი აქვთ – „ლაკადა“. მამა მუშაობს, ამიტომ ცოტას მოვიწყენ ხოლმე, არ მიყვარს მარტოობა. მამა მივლის, თან, ძალიან გემრიელი ხელი აქვს.
– რატომ დაინტერესდით ბირთვის კვრით?
ლიკა: ძალიან მიკვირს, თბილისში ამდენმა ხალხმა რომ არ იცის სპორტის ამ სახეობის შესახებ, მე კი გავიგე ისეთ სკოლაში, რომელიც ტყეშია და იქ ყველამ იცის. ყველასთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, ეს რა სახეობაა, ვიტყვი: აი, ის სპორტია, ჯოტია ცაავა რომ ასრულებს „რეკორდში” – სხვაგვარად ვერ გავაგებინე ვერავის. იმედია, ფილმი „რეკორდი“ უნახავთ. სკოლაში რომ ვიკითხე, სპორტში რით დავკავდებით-მეთქი, ბირთვები გამოიტანეს. თავიდან ბურთი გავიგე, მაგრამ მძიმე მეტალის ბირთვები რომ გამოიტანეს, დავინტერესდი. სპორტის მასწავლებელმა მითხრა: ისეთი აღნაგობა გაქვს, მოდი, სცადეო. ეს სპორტი ბიჭებისთვისაც არის და გოგონებისთვისაც. სხვათა შორის, თავიდან ძალიან კარგი შედეგები მქონდა, ბევრ დროსაც ვუთმობდი. ახლაც ვვარჯიშობ. ორჯერ მესამეთანრიგოსანი გავხდი საქართველოს მასშტაბით. ეროვნულ შეჯიბრებაზე ყველა ასაკში ორჯერ ავიღე მესამე ადგილი. ჩემს ასაკში ჯერ მონაწილეობა არ მიმიღია. სამეგრელოში ეროვნულ შეჯიბრებაზე დღესდღეობით პირველ ადგილზე ვარ.
ლიზა: მეც დავინტერესდი, რა სპორტი იყო. პირველად რომ ვკარი ბირთვი, მასწავლებელმა მითხრა: შენც კარგი მონაცემები გაქვს, ახლა შენს ასაკშია შეჯიბრება და მოგამზადებო. მომამზადა და სახლში მედლებით დავბრუნდი.
ლიკა: ლიზა 14 წლის არის და ჩემზე მეტი მედალი აქვს, თუმცა ჩემი მედლები უფრო მნიშვნელოვანია.
– როგორი იყო ამ საკითხზე მშობლების რეაქცია?
– პირველად ეს თემა რომ ვახსენეთ, გვითხრეს: შვილო, ნორმალურები ხართო? პირველად სკოლიდან რომ მოვათრიეთ ბირთვი ხელით, სკოლის წიგნებიც გვქონდა (გოგონების ბირთვი 4 კილოგრამია), თანაც ჩვენთან სულ აღმართებია, მამაჩემმა უთხრა დედას: მეზობლის ბავშვები თოჯინებით თამაშობენ, ჩვენები კი – რკინის ბურთებითო.
– როგორი რეაქცია აქვთ ბიჭებს, როდესაც იგებენ, რომ ბირთვის მკვრელები ხართ?
– იცი, როგორი რეაქცია აქვთ? „კარგი, მაშინ ცოტა შორს დავიჭერ თავს”... როცა ვამბობ, მე მძლეოსანი ვარ-მეთქი, ეგრევე იხევენ უკან.
– სიმღერის ნიჭი მთელ ოჯახს გაქვთ?
ლიზა: გენეტიკურად მოგვდგამს – ბაბუა მღეროდა; დედის მხრიდანაც გვაქვს ეს ნიჭი. დედა ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდა.
ლიკა: მეუბნებოდა: შენზე ორსულად რომ ვიყავი, სულ მძიმე როკს ვუსმენდიო. ლიზას დროს კი ჯაზს უსმენდა და, როგორც აღმოჩნდა, გავლენა მოახდინა ორივეზე. ჩვენთან არის სოფელი ლია, სადაც იყო მუსიკალური სკოლა და ფოლკლორის პედაგოგი მურთაზ ციმინტია და მასთან მიგვიყვანა დედამ. ექვსწლედი დავამთავრეთ. ჩემს დას არ უვლია არსად, მე და ჩემი ძმები ვასწავლიდით სახლში და მერე ერთად ვმღეროდით.
ლიზა: 4 წლის ვიყავი, როდესაც „არტგენზე“ პირველად ვიდექი სცენაზე. ჩემი დაც და ძმებიც, სულ მასწავლიდნენ სხვადასხვა სიმღერებს, მომწონდა და ვსწავლობდი. ოჯახში სულ ვმღეროდით.
ლიკა: შემდეგ ლიზა უკვე ზუგდიდში, ვოკალის პედაგოგთან, მერაბ როდონაიასთან დადიოდა, მან შეურჩია ჯაზი, რაც კარგად გამოსდიოდა.
ლიზა: ჩვენ კაშხალთან ვცხოვრობთ და რთული იყო ზუგდიდში წასვლა, ამიტომ შიგადაშიგ პაუზები მქონდა.
ლიკა: მერაბ როდონაიამ იმდენი რამ გააკეთა ჩვენთვის, თავად წამოვიდა და სოფელ ჯვარში გახსნა სტუდია. მაშინ მოვსინჯე თავი როკის ჟანრში. ბევრს ვმუშაობდით, ბევრჯერ წამოვსულვართ სახლში ღამის 4 საათზე. ერთხელ დათვი შეგვხვდა, რომელიც ბროწეულს ჭამდა ხეზე. კურდღელიც შეგვხვედრია, მელაც. საოცარი ადამიანია ბატონი მერაბი, ძალიან ბევრს გვამეცადინებდა ხოლმე, ავადმყოფ დედას ტოვებდა და ჩვენთან მოდიოდა. არ ვიცით, როგორ გადავუხადოთ მადლობა.
– რატომ გადაწყვიტეთ ორივემ ერთად „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– ჩემი ხრიკები იყო. ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი, აღარ ვმღეროდი და ქასთინგზე მისვლა გადავწყვიტე. ლიზას მივაკითხე სკოლაში – მინდოდა წამეყვანა.
ლიზა: სამი საკონტროლო მქონდა იმ დღეს და, ვუთხარი, ვერ წამოვალ-მეთქი. მაინც წამიყვანა. ანკეტების შესავსებად რომ მივედით, ლიკამ მითხრა: მოდი, შენც შეავსეო. კარგი-მეთქი.
ლიკა: ჩვენს პედაგოგთანაც ვიყავით მანამდე, მანაც დიდი სტიმული მისცა ლიზას: კარგად მღერი, გამოდიო.
ლიზა: ხალხის ასეთ რეაქციას არ ველოდი, არც ჟიურის. თან, თუ ფეხზე დადგებოდნენ და სცენაზე ამოვიდოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი. თავი სიზმარში მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ „X ფაქტორის“ მონაწილეები ვართ.
ლიკა: თავიდან მხოლოდ მე და ლიზამ ვიცოდით, არ გვინდოდა გახმოვანება, სანამ პასუხს არ გავიგებდით. რომ გაიგეს ჩვენებმა, გაგიჟებულები იყვნენ სიხარულისგან. ძმებსაც ძალიან გაუხარდათ, გვგულშემატკივრობენ.
– როგორც ვიცი, თქვენს დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები.
– დედას ცოტა ხნის წინ აღმოაჩნდა მკერდზე სიმსივნე. ვიცოდით, რომ ავთვისებიანი იყო, მაგრამ სტადია არ ვიცოდით. დაახლოებით ორი კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა, ორივე მკერდი შეუნარჩუნეს. დღეს მოვიდა პასუხები (ინტერვიუ ჩაწერილია 7 აპრილს, – ავტორი), მეორე სტადიაა და ძალიან გახარებულები ვართ.
– ძალიან მიხარია. დედათქვენი აუცილებლად კარგად იქნება.
– დიდი მადლობა. მას ის უხარია, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ვისწავლოთ, პროექტშიც კარგად წარვდგეთ. დედა კარგად იქნება – მე ამის დიდი იმედი მაქვს და ჩვენც ვეცდებით, გავახაროთ. სხვათა შორის, როცა დედა ცუდად იყო და უკვე ძალაც არ ჰქონდა, ვერ გადაეწყვიტა, ოპერაცია გაეკეთებინა თუ არა, მეგობარმა მისწერა: ერთი ბერია, არ ლაპარაკობს, თავის სენაკშია, კვირაში ერთხელ გამოდის და იქნებ მასთან მიხვიდეო. ერთ ღამესაც, დედამ სიზმარი ნახა წვერებიანი ბერი, რომელსაც სიზმარში ჰკითხა: მითხარი, ოპერაცია გავიკეთო თუ არაო. მას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გაიღიმა. მერე დედას რომ აჩვენეს იმ ბერის ფოტო, რომელზეც მეგობარმა უთხრა, წადი მასთანო, გაოცდა: სიზმარში ზუსტად ის ნახა. ერთ დღესაც, გადაწყვიტა, წასულიყო მასთან. ეზოში კართან ბევრი ადამიანი იდგა, სადაც ლოცულობდნენ და სანთლებს ანთებდნენ. დედა ვერ ბედავდა, ხმა ამოეღო და დაეძახა მისთვის, გულში ფიქრობდა მხოლოდ: ნიშანი მომეცი, გავიკეთო თუ არა ოპერაციაო, როგორც დამესიზმრე, ისე ხომ იქნებაო. ამ დროს სახლში ყველაფერი დაინგრა. ყველას გაუკვრიდა: ზოგადად, იქიდან პატარა ხმაურიც არ ისმისო. ამის შემდეგ დედამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. იმიტომ ყოყმანობდა, რომ ეუბნებოდნენ: სავარაუდოდ, ორივე მკერდი მოსაჭრელი გექნებაო. მაგრამ ამ ამბის მერე გადაწყვიტა, გაეკეთებინა. ექიმი გაოცებული იყო: კი მაგრამ, მეორე მკერდზე სად გაქრა კვანძებიო. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ორივე მკერდი შეუნარჩუნდა და სტადიაც ნორმალურია.
ლიზა: როდესაც ქასთინგზე გამოვედით, მაშინ დედა უკვე ცუდად იყო, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით. მერე გაიგეს ოჯახის დანარჩენმა წევრებმა. ამ ამბავმა უფრო მეტი სტიმული მოგვცა.
ლიკა: ახლა ასეთი რთული მდგომარეობა აღარ არის და ძალიან გვიხარია, სასწაული რომ მოხდა, ვიცი, დედა კარგად იქნება.