რას მოაქვს გოჩა ჩუტკერაშვილისთვის პროფესიული ადრენალინი
ბატონ გოჩა ჩუტკერაშვილს თანამედროვე ქართულ მედიცინაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, ის პროფესიონალ, წარმატებულ ნეიროქირურგადაა აღიარებული და პაციენტთა დიდი ნდობით სარგებლობს. ინტერვიუს ჩასაწერად ბატონ გოჩას მისსავე დაფუძნებულ კლინიკა „ინოვაში“ ვესტუმრეთ, რომელიც მაღალი კლასისა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უახლესი ტიპის კლინიკაა ქართულ რეალობაში.
მინი–დოსიე:
1984-1992 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი N 021014);
1992-1993 – ექიმი-ინტერნი (სპეციალობა-ზოგადი ქირურგია) თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფო; სამუშაო გამოცდილება: 1993-1994 – საოჯახო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; 1994-1998 – მუშაობდა ექიმ-ნეიროქირურგად „აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში“; 1999 წლიდან – დღემდე ნევროლოგიის და ნეიროქირურგიული განყოფილების ასისტენტია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2004 წლიდან დღემდე კი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ნეიროქირურგი; 2012 – 2015 წლებში – „წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორი გახლდათ; დღეისთვის კი, უახლესი სტანდარტების მქონე კლინიკა „ინოვას“ დამფუძნებელი და დირექტორია.
– ბატონო გოჩა, რას წარმოადგენს კლინიკა „ინოვა”, რომელიც ახალი სიტყვაა ქართულ სამედიცინო სივრცეში.
– „ინოვა” კლინიკების სკანდინავიური მოდელია. ასეთი კლინიკების დამფუძნებლები თავად ექიმები არიან. აღნიშნული პროექტი გერმანულის სრული ანალოგიაა და მთლიანად მორგებულია პაციენტზე. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ექიმისა და პაციენტის კლინიკა, ნაკლებად კომერციალიზებული პროდუქტი. კლინიკა მთლიანად ახალია და არა ძველ მოდელსა და კორპუსზე დაფუძნებული. მთლიანად ახალია შენობა, ახალი მეთოდით, ახალი ბაზით და ერთადერთი კლინიკაა თითქმის, რომლის დაპროექტება და სამშენებლო მოდელი მთლიანად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. რაც შეეხება კლინიკურ ნაწილს, სამედიცინო ჯგუფი მთლიანად დაკომპლექტებულია რესპუბლიკის წამყვანი ექიმებით. დანერგილი და აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების გამოცდილება და მსოფლიო მედიცინის უახლესი მიდგომები.
– როგორია კლინიკის სამუშაო პროფილი ამჟამად?
– კლინიკა „ინოვა“ მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა. ჩვენთან ფუნქციონირებს ქირურგიული დეპარტამენტი, გინეკოლოგიური ქირურგია, ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი, ნეიროქირურგია, ასევე, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი და რეანიმაციული განყოფილება. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავაფართოოთ და სხვა დარგები და მიმართულებებიც დავამატოთ, მათ შორის, თერაპიული განყოფილება, თვალის სნეულებათა და პლასტიკური ქირურგია... ვაპირებთ, კიდევ უფრო განვვითარდეთ. ჩვენთან წამყვან სპეციალისტებად ისეთი ცნობილი ექიმები და მედიცინის მუშაკები არიან, როგორებიცაა: ირაკლი ჭელიშვილი, ირაკლი თოდუა, მალხაზ კუჭაშვილი, ლექსო ლაგვილავა, ვადიმ ხატიაშვილი, ნიკა რთველიაშვილი, რამაზ აღლემაშვილი... ჩვენი კლინიკისთვის დამახასიათებელია გუნდურობა.
– ნეიროქირურგიის მიმართულებით რა ტიპის ოპერაციები კეთდება და კლინიკაში თუ არის ნევროლოგიური მომსახურება?
– ჩვენ გვაქვს ნევროლოგიური კაბინეტები, თუმცა ნევროლოგიური ჰოსპიტალიზაცია აქ არ ხდება. ნევროპათოლოგის მომსახურება გვაქვს, მაგრამ ძირითადი აქცენტი ნეიროქირურგიაზეა გადატანილი, ჩვენთან ტარდება უნიკალური ოპერაციები ამ მიმართულებით. ხორციელდება თითქმის ყველა ოპერაცია, რაც კი ნეიროქირურგიის მიმართულებით კეთდება ევროპის წამყვან ქვეყნებში. ჩვენ არ გვაქვს სასწრაფო და გადაუდებელი მიღება, ვმუშაობთ გეგმიურ ნეიროქირურგიულ მიმართულებაზე და შესაბამისად, ოპერაციებიც ამ მიმართულებითაა. თუმცა, ასევე, მიზნად გვაქვს ჩავატაროთ სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები ნეიროქირურგიაში. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ჩვენს კლინიკაზე. როცა გადაუდებელი ოპერაციებიც დაგვემატება, მაშინ დაინერგება აუცილებელი, გადაუდებელი ნოზოლოგიებიც.
– თქვენი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია..
– როგორც ნეიროქირურგის სამუშაო დღე იწყება 9 საათზე, ხოლო მისი დასრულების ვადა უცნობია. როგორც წესი, დღეში 3–4 ოპერაციაა, თუ მოცულობით პატარაა, ხოლო გვაქვს ასევე 12-18-საათიანი ოპერაციებიც. ყოფილა შემთხვევები, კლინიკაში დილას მოვსულვარ, შევსულვარ საოპერაციოში და მეორე დილას გამოვსულვარ იქიდან.
– რა გაძლევთ ამის ადამიანურ რესურსს?
– ის ადრენალინი, ალბათ, რაც ოპერაციის შედეგითაა განცდილი. როდესაც შენი ხელებით მუშაობ სხვა ადამიანის ორგანიზმზე, მის თავზე, სიცოცხლეზე, ამ დროს დაღლილობაზე ნაკლებად ფიქრობ. ძირითადად, ოპერაციას აკეთებ იმიტომ, რომ ადამიანი ფეხზე დააყენო. ამ შეგრძებისთვის ღირს ექიმობა, თორემ ამის ადეკვატური ფულადი ანაზღაურება, არ არსებობს.
– რომელიმე ოპერაცია თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?
– კი, მაშინ დამწყები ექიმი ვიყავი, ვეხმარებოდი ბატონ ალეკო გველესიანს. პაციენტი იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელზეც ვიმუშავე დილიდან დილამდე. მესამე დღეს ბავშვმა გაიღვიძა და დღეს ის წარმატებული პიროვნებაა. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. ვფიქრობ, ეს არის ექიმის ბედნიერება.
– თქვენი განტვირთის დღე...
– არაფერი გამორჩეული, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, სუფრა. მიყვარს აუზზე სიარულიც... ბავშვობაში მძლეოსანი ვიყავი, თანრიგიც კი მქონდა..
– რას ეტყოდით „ინოვაში“ მოსულ პაციენტებს?
– აქ მათ დახვდებათ განსაკუთრებული მიდგომა, პაციენტს არ უნდა თრგუნავდეს სამედიცინო სუნი, ფერები, საბჭოური კლინიკის სტილი. მან არ უნდა იგრძნოს თავი დათრგუნულად, როგორც ავადმყოფმა, რომელსაც სენი სჭირს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამას მივაღწიოთ, რაც ჩვენი კლინიკის მიზანიცაა!