რა უნდა მიიღოთ, თუ მარხვაში დიეტას იცავთ და როგორ აუმჯობესებს ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს
გაზაფხულს, როდესაც ზამთრის სეზონიდან ვიტამინებისა და მინერალებისგან გამოფიტული ორგანიზმით ვხვდებით, დიდმარხვის პერიოდი ემთხვევა. არის თუ არა რეკომენდებული, ამ პერიოდში მარხვასთან ერთად, დიეტის დაცვაც; რა საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმი... და თუ მაინც გადაწყვიტეთ მარხვის დროს დიეტის დაცვა, რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოგიწევთ, ამის შესახებ სხეულის საკორექციო ცენტრ „ბოდი ქეარის” ხელმძღვანელს, ექიმ მარი მილორავას გავესაუბრეთ.
– ქალბატონო მარი, არის თუ არა რეკომენდებული მარხვის დროს დიეტის დაცვა?
– მარხვას, მოგეხსენებათ, დიეტისგან აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს. გაზაფხულზე, როდესაც იწყება დიდმარხვის პერიოდი, ორგანიზმი ზამთრის ცხიმიანი და ტკბილი საკვებისგან საკმაოდ დამძიმებულია. ერთი შეხედვით, სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად დგება დიეტის საჭიროება. გაზაფხულზე ორგანიზმი გამოფიტულია ვიტამინებისა და მინერალებისგან. ასევე, ხშირია ყაბზობა, ცხიმოვანი ნაკეცები მუცელზე, დაბალი წნევა, ანემია... უპირველესად, აუცილებელია, მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს და შევისწავლოთ ის, რომ მივხვდეთ რის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ან პირიქით – რით შევავსოთ. ასეთ დროს სპეციალისტის ჩარევის გარეშე, თვითნებურად, დიეტის დაცვა არ შეიძლება. როდესაც ადამიანი საგაზაფხულო დიეტას და მარხვას ერთად იცავს, ის ორგანიზმს ბევრი რისკის წინაშე აყენებს.
– კონკრეტულად, რა საფრთხე შეიძლება, შეექმნას ზამთარში გამოფიტულ ორგანიზმს?
– შესაძლოა, დავაზიანოთ რომელიმე ორგანო. გაზაფხულზე ზამთრისგან გამოფიტულ ორგანიზმს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, აკლია ვიტამინები და აქვს დეპრესიული სინდრომი, დაღლილობის შეგრძენება. ეს ყველაფერი უნდა გავასწონასწოროთ და გამოვასწოროთ საკვები პროდუქტებით. ამიტომ, ხანგრძლივი მარხვის დროს, აუცილებლად ეძლევათ კურთხევა ცხოველურ პროდუქტებზე ორსულებს, მეძუძურ დედებს, გოგონებს გარდატეხის ასაკში. ასევე, სხვადასხვა დაავადების დროს, როგორიცაა: დიაბეტი, კუჭის წყლული და ეროზია, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, თირკმლის უკმარისობა, სხვადასხვა ფსიქიკური და ჰორმონული დაავადებები. ასეთივე ბევრი აკრძალვა აქვს დიეტის დაცვასაც, როცა მენიუდან მარხვისგან კიდევ უფრო განსხვავებულ პროდუქტებსაც ვიღებთ, რომელიც უმთავრესად გვაძლევს ენერგიას. მარხვის და თვითნებური დიეტის ერთად დაცვის დროს, შესაძლოა მოხდეს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების გამწვავება. დიეტური თვალსაზრისით, მარხვის დროს დიეტის დაცვისას კლების პროცესი მიმდინარეობს ნელა, რადგან მცენარეულ საკვებზე ყოფნისას ადამიანი ბევრად უფრო ნელა იკლებს წონაში.
– არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.
– კი, თუ სწორად დავიცავთ მცენარეული ცილისა და თხილის თანაფარდობას. ტვინს მუშაობისთვის აუცილებლად სჭირდება ამინომაჟავები და გარკვეული მინერალები, რომელიც არის ცილაში. ამიტომ, თუ სწორად ვიკვებებით და ასევე, ვეგეტარიანული დიეტის დროს, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით მცენარეული ცილის მიღებას, ამ დროს აუცილებლად უნდა გავზარდოთ თხილის რაოდენობა, სადაც ბევრი ფოსფორია. ასეთი სწორი კვების დროს ტვინის უჯრედები მართლაც კარგად იკვებება.
– რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ, ვინც მარხვის დროს მაინც გადაწყვეტს დიეტის დაცვას?
– საგაზაფხულო რეკომენდაცია არის ბევრი ხილი და ბოსტნეული. რადგანაც ზამთარში შენახული ხილ-ბოსტნეული კარგავს თავისი ვიტამინური შემადგენლობის 60-70 პროცენტს, ამიტომ უნდა მივიღოთ მეტი ახალი მწვანილი, ფურცლოვანი სალათები. ბავშვებისთვის რეკომენდებულია წვენები, განსაკუთრებით ბროწეულის, ციტრუსისა და ვაშლის. ენერგიის ნაკლებობას თუ უჩივით, საღამოობით კარგია თაფლი ნიგვზით. თაფლი აუცილებელია მინერალური ბალანსის აღსადგენად, ნიგოზი კი შეუცვლელია მახსოვრობისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ასევე კარგია ამ სეზონზე ასკილის, შავი მოცვისა და ვაშლის ჩაი. თუ გინდათ, დილიდანვე იყოთ ენერგიულად, აუცილებლად მიირთვით საუზმე. იდეალურია შვრიის ფანტელი ნუშით. დღის განმავლობაში კი მიირთვით 4-5-ჯერ და მცირე ულუფებით. ინდური სანელებელი კურკუმა წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან და კარგად აღადგენს ენერგიას. ის შეიძლება ვიხმაროთ ცხელ კერძში შავ წიწაკასთან ერთად, ან გავამზადოთ ენერგეტიკული სასმელი, რაც ძალიან ეფექტურია საგაზაფხულო ანემიებისა და დაღლილობის სინდრომის მოსახსნელად. თუ გაზაფხულზე, მარხვის დროს, გადაწყვიტეთ, დაიცვათ დიეტა, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით კარგად უნდა დაიცვათ. თან, აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა მიირთვათ მცენარეული ცილები. ესაა ლობიო (განსაკუთრებით დაბალკალორიულია მწვანე ლობიო), ოსპი (წითელი, ყვითელი და მწვანე - როგორც ენერგიის უმდიდრესი წყარო), სოკო (ის კარგი ანტიდეპრესანტია), სატაცური, სოია.
გირჩევთ, თავი შეიკავოთ სოიის „ხორცისგან.” იმის გარდა, რომ ის შეიცავს ბევრ კონსერვანტს, აქვს ასევე, ბევრი უკუჩვენება – სიმსივნური პროცესებისადმი მიდრეკილება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ორსულობა და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარეული ცილა არ შეიცავს რკინას და B-ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომ, ეს დანაკლისი უნდა შევავსოთ ვაშლით, ბროწეულით, წიწიბურით, ასკილით, თხილეულითა და თაფლით. შეგიძლიათ, მიირთვათ გემრიელი სამარხვო სუპები, რომელიც ვიტამინების წყაროა და შლის ცხიმებს. ერთ-ერთი ასეთი სუპის რეცეპტია: 2-3 ფოთოლი დაფნისა და წიწაკა ბაკარის ნახარშში მოვხარშოთ გოგრა, წითელი ბულგარული წიწაკა, ნიახურის ძირები, ყაბაყი, პომიდორი. შემდეგ დავაბლენდეროთ და შევურიოთ მოთუშული ხახვი, სტაფილო და მარილი. თეფშზე მოვაყაროთ პიტნა, ოხრახუში (ან ქინძი) და შავი წიწაკა.
ძალიან კარგია მარხვის დროს გაღვივებული ხორბალი. გაღვივებულ ხორბალში სახამებელი გადაიქცევა ამინომჟავებად და ამიტომ, ეს პროდუქტი გვივსებს ცხოველური ცილის ნაკლებობას. თუ სწორად დაიცავთ დიეტურ რეკომენდაციებს, მოხვალთ სასურველ ფორმაში და თან, პარალელურად, დაქვეითებულ იმუნიტეტსაც აიმაღლებთ.
როგორც დიეტური, ასევე სულიერების თვალსაზრისითაც, მარხვიდან უცებ გამოსვლა არ არის რეკომენდებული. დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ, ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ და არა – ერთბაშად. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ორგანიზმი, რომ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.
ავადმყოფებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. გარდა ამისა, საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული.
მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ეს რჩევა განსაკუთრებით, ხანში შესულებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან, ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. რასაკვირველია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა მივირთვათ.