კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკა სინჯიკაშვილმა სხვების დასახმარებლად ტაქსისტობა გადაწყვიტა

ორ კვირაზე მეტია, ყოველ ღამით ტაქსისტის როლს ირგებს, კლიენტებისგან შემოსულ თანხას აგროვებს, საკვებს ყიდულობს და დილით  გაჭირვებულებს ურიგებს. შემდეგ მისთვისაც ჩვეულებრივი დღე იწყება: სამსახური, ოჯახი... რთულია, რადგან ძილისა და დასვენების დრო აღარ რჩება, მაგრამ უკან დახევას მანამდე არ აპირებს, სანამ ბევრს არ აიყოლიებს და სანამ ერთი მშიერი ადამიანი მაინც ივლის თბილისში. არც რომელიმე პარტიის წევრია და არც ვინმე აფინანსებს, უბრალოდ, გაჭირვებულების დახმარების სურვილი ამოძრავებს.
გაიცანით: ჩვენი დროის გმირი – აკა სინჯიკაშვილი.

 აკა სინჯიკაშვილი: დაახლოებით ოთხი წლის წინ, სამსახურში, „ღამის შოუ სტუდიაში“, გადავწყვიტეთ, ისეთი ადამიანებისთვის მიგვეხედა, რომლებსაც საჭმელი არ აქვთ. საერთოდ, ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ შეიძლება ადამიანი მშიერი იყოს. დედამიწაზე, სადაც ამდენი საკვებია, მიმაჩნია, რომ ის ყველას უნდა ჰქონდეს. საშინელება და სირცხვილია, რომ ვინმე მშიერი დარჩეს და, გადავწყვიტეთ, ეს ამბავი გამოგვესწორებინა. ამ იდეას საკუთარი ხელფასებით ვახორციელებდით, მაგრამ  ამას დიდხანს ვერ ვაკეთებდით, რადგან ხელფასი მალე გვეხარჯებოდა. რამდენჯერაც საშუალება მოგვეცა, გაჭირვებულებისთვის ტანსაცმელიც შევაგროვეთ. სტუდიაში პატარა ადგილი გამომიყვეს და იქ ვინახავდი მშრალ საჭმელთან ერთად. ბოლო პერიოდში, მინდოდა, ხალხის ყურადღება მიმექცია ამ ამბისთვის  და გადავწყვიტე, დამეწყო ტაქსაობა, ღამით შეგროვებული ფულით საკვები მეყიდა და დილით გაჭირვებულებისთვის დამერიგებინა. თან, არ მინდოდა, მათი დასახმარებელი ფული ვინმესთვის გამომერთმია და, გადავწყვიტე, ამ გზით გამომემუშავებინა თანხა. რაც ხალხმა ჩემი ტაქსის შესახებ გაიგო, ბევრმა დაიწყო მოხმარება და საქმე უკეთესად წავიდა: ფულიც მეტი გროვდება, საჭმელსაც მეტს ვყიდულობთ და ქალაქშიც ნაკლები მშიერი ადამიანი დადის.
– როგორი იყო ამ იდეის განხორციელების პირველი დღე და როგორ იგრძენით თავი ტაქსისტის როლში?
– პირველ დღეს საქმე ძალიან გაჭირდა – ალბათ, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ეს საქმე როგორ უნდა მეკეთებინა. მთვრალი და შარიანი ხალხი მხვდებოდა. პირველივე ღამეს ორჯერ „გადამაგდეს“: ერთი კაცი ავტომობილის გაჩერებისთანავე გადახტა და გაიქცა ფულის გადაუხდელად, მეორემ კი მითხრა, ახლახან ჩამოვედი ირანიდან, ფულის დახურდავება ვერ მოვასწარი და იქაურ ფულს მოგცემო. ოცი ლარი უნდა მოეცა და, რომ დავახურდავე, 38 თეთრი შემრჩა ხელში. ტაქსის მძღოლებისგან მოსმენილი მქონდა, როგორი ხალხი დადის ქუჩაში ღამით და, მზად ვიყავი, რომ ასეთები შემხვდებოდნენ. იმ დღიდან ორი კვირა გავიდა.
– ღამით ტაქსაობის შემდეგ, დილიდან ჩვეულებრივი რეჟიმით იწყებ ცხოვრებას? სად მუშაობ?
– ძალიან ბევრი წელი „ღამის შოუ სტუდიაში“ და „ქლაბ 11-ში“ ვმუშაობდი. „ქლაბ 11-ის“ დახურვის შემდეგ ვმუშაობ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში – სოციალური მედიის მენეჯერი, კრეატორი და სცენარისტი ვარ.
– როგორ უთავსებ დღისა და ღამის ცხოვრებას ერთმანეთს?
– ვერ ვუთავსებ (იცინის), მაგრამ, თავისით რაღაცნაირად მაინც გამოდის, როგორ – არ ვიცი. ძილისა და დასვენების დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში დავისვენებ ერთი სამი დღით, რომ კარგად გამოვიძინო და ისევ ადამიანად ვიქცე.  
– ალბათ, ბევრი გეკითხება, რამდენ ხანს აპირებ ამ აქციის გაგრძელებას.
– მანამდე გავაგრძელებ, სანამ მდიდარი ადამიანები არ დაინახავენ, რომ ღარიბები ზრუნავენ ერთმანეთზე და თვითონაც არ მოუნდებათ მათი დახმარება. ჯერჯერობით ჩემნაირად გაუბედურებული ხალხი მიდგას გვერდით – ისეთები, თვითონ რომ სჭირდებათ დახმარება. ძალიან იშვიათად, რომ ვინმე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელმა იკადროს რამის შემოწირვა.
– შენი კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელში: ჰგონიათ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვმუშაობო.
– დიახ, ყველას ჰგონია, რომ ამ საჭმელს ბიძინა არიგებს. ქუჩაში რომ ვდგავარ და საჭმელს ვარიგებ, მეუბნებიან, მადლობა გადაეცით ბატონ ბიძინასო. მეც მიხდიან მადლობას, რომ ამის გაკეთება არ მეზარება. რამდენიმე დღის წინ ერთმა მითხრა: აუ, თქვენ მაგარი ხელფასი გექნებათ და მეც მიშოვეთ ადგილი თქვენთანო (იცინის). სად ჩვენთან-მეთქი, ვკითხე. აი, საჭმლის დამრიგებლად და ცოტა საკვებიც დამრჩება ხელფასთან ერთადო (იცინის).
– ტაქსისტებს ბევრი ისტორია აქვთ ხოლმე მოსაყოლი. შენც ხომ არ დაგიგროვდა ამ ორი კვირის განმავლობაში საინტერესო ამბები?
– მე არც შვილისტოლა გოგო ჩამჯდომია არც დედისტოლა ქალი (იცინის). ამ ბოლო დროს ძირითადად ჩემი მეგობრები მირეკავენ და უცხო ხალხთან სიარული ნაკლებად მიწევს. რამდენიმე მთვრალი და შარზე მყოფი კაცი ჩამიჯდა, მაგრამ, როგორღაც ავირიდე თავიდან კამათი. ერთხელ ძალიან სასაცილო კაცი ჩამიჯდა – დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა, ფიზიკურადაც დიდი და ტიროდა. ამ ასაკის კაცი რომ ტირის, ესე იგი, რაღაც საშინელება შეემთხვა. ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა და უარი მითხრა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მიპასუხა: შეყვარებულის მამამ მაგინა, ხელი ვერ შევუბრუნე და ცრემლები მომდისო. ჩემს კლიენტებს შორის გოგო და ბიჭია, რომლებიც ერთმანეთს რეალურად არ იცნობენ, მაგრამ „ფეისბუქში“ ურთიერთობენ და ერთმანეთი მოსწონთ. ორივე ხშირად მირეკავს ხოლმე და ჩემს მანქანაში ერთმანეთს წერილებს უტოვებენ. შემპირდნენ, რომ, თუ ოდესმე ქორწილი ექნებათ, აუცილებლად დამპატიჟებენ (იცინის). სხვათა შორის, ერთხელ ტაქსის მძღოლებიც გამოვკვებე, ოღონდ, ისინი, ვისაც სახლი არ აქვთ და ღამეს მანქანაში ათევენ. დილით სენდვიჩები და ყავა მივუტანე და ძალიან გაუხარდათ.
– როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციასთან გქონდა საინტერესო ურთიერთობა.
– კი, რამდენჯერმე ნარკოლოგიურში მივყავდი – ამას რაღაც აქვს მოწეული, აბა, ასე რატომ არიგებს საჭმელსო. დიდიხანს არ სჯეროდათ, რომ ვინმე ამას გულით აკეთებს. მერე პატრულებსაც გავუმასპინძლდი რამდენჯერმე. ახლა საბურთალოზე და რუსთაველზე მცნობენ და აღარ მაჩერებენ. აქამდე მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, სად მიმქონდა საჭმელი და თუ მქონდა ტვირთის გადატანის ლიცენზია – ეგონათ, გასაყიდად მიმქონდა.
– ბევრი ყველაფერში უარყოფითს ხედავს. ასეთებიც შეგხვედრია?
– კი, ბევრმა მაგინა. ქალებმა გამლანძღეს – მარხვაში ხორცს რატომ არიგებო. მერე ვიღაცამ თქვა, შოკოლადიც დაუმატებიაო და ამაზეც გამლანძღეს. იმასაც ამბობენ, რომ „მაყუთებს ვტეხავ“. ღამეში, შეიძლება, 30 ლარი ვიშოვო, თან, ეს ფული ჩემი გამომუშავებულია და, ვის უნდა „მოვუტეხო,“ არ ვიცი (იცინის). მარტო მე გამოვჩნდი, თორემ, რეალურად, ამ საქმეში ბევრი სხვაც მეხმარება. სოციალურ ქსელში რომ ვწერ, ფულს მირიცხავენ, ერთად ვყიდულობთ პროდუქტს და ვარიგებთ. ახლა 1 000 პური უნდა დავარიგო და მარტო როგორ შევძლებ ამის გაკეთებას?!
– მიჩვეულები არ ვართ, რომ ვინმე შენსავით უანგაროდ აკეთებდეს სიკეთეს. არ გეუბნებიან, რამე მიზანი გექნებაო? თან, ახლა არჩევნები მოდის.
– კი, თავიდან მეკითხებოდნენ, რომელი პარტიიდან ვიყავი, მერე თვითონ პარტიები არკვევდნენ ერთმანეთში – რომლის არის და რატომ მალავსო. ზოგი ამბობს, ბიძინამ გადაწყვიტა, ხალხის ნდობა დაიბრუნოს, მაგრამ თვითონ ამას არ ამხელს, რადგან იცის, რომ ინფორმაცია თავისით გავრცელდებაო. მოკლედ, დავიღალე ასეთი ამბებით.
– ალბათ, ამ ყველაფერში ოჯახიც გვერდით გიდგას, სხვანაირად წარმოუდგენელია.
– მეუღლე და ოთხი წლის ქალიშვილი მყავს. სახლში ყველანაირად ხელს მიწყობენ, რომ ამის კეთება არ შევწყვიტო. ოჯახს ან სამსახურს რომ მოვწყდე, მაშინ სხვები იფიქრებენ, რომ შეუძლებელია ამ საქმისა და სხვა რამის ერთად კეთება და ყველა უარს იტყვის. მე, პირიქით, მინდა ადამიანებმა დაინახონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მანამდე გავაგრძელებ ამ საქმეს.

скачать dle 11.3