რომელი უბნებია თბილისში საცხოვრებლად საშიში
არავისთვის არ არის უცხო, რომ თბილისში, არაერთი საცხოვრებლად საშიში უბანი არსებობს, თუმცა, ამ ადგილებში აქტიურად მიმდინარეობს მაღალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, როგორც გეოლოგი, ბატონი გურამ რაზმაძე ამბობს, არ არის გამორიცხული, ის ფაქტი, რაც 13 ივნისის ავბედით ღამით ვერეს ხეობაში მოხდა, სოფელ დიღომში და თბილისის არაერთ უბანშიც განმეორდეს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი გეოლოგიური კვლევა ჩატარდა, დაიდო შესაძლო შედეგები, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.
გურამ რაზმაძე: სტიქიასა და ბუნებრივ მოვლენებს ვერავინ გაექცევა, თუმცა შესაძლოა მისგან თავდაცვა. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია და ასეთი რელიეფი თითქმის ყველა რეგიონისთვის წარმოადგენს მეწყრული მოვლენების, ღვარცოფებისა და ზვავის საშიშორებას. ბუნებას თავისი კანონები აქვს და ამ კანონებს, გვინდა თუ არა, უნდა დავემორჩილოთ. არ შეიძლება ბუნებასთან თამაში, თუმცა რის საშუალებასაც ის გაძლევს, უნდა გამოიყენო და გაუფრთხილდე. საშიში ზონები და უბნები საკმაოდ ბევრია როგორც მთელი საქართველოს, ასევე, დედაქალაქის ტერიტორიაზეც. მდინარის კალაპოტში მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ეს იგივეა, რომ იცხოვრო ნაღმზე, რომელიც როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის. ამის ნათელი მაგალითია 13 ივნისის ტრაგედია, როცა მოვარდნილმა ღვარცოფმა, ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, დაანგრია სახლები და წალეკა კარ-მიდამოები თბილისის ცენტრში. ამ სავალალო შედეგის თავიდან აცილება, რასაკვირველია, შეიძლებოდა. თუ ნაპირსამაგრი სამუშოები არ არის ჩატარებული, ჯებირები არ არის გამაგრებული, სულ პატარა მდინარის პირასაც კი სახლის დადგმა და დასახლება, საკმაოდ სარისკოა. მდინარეს თავისი ხასიათი აქვს და როდის ადიდდება, წალეკავს ირგვლის ყველაფერს, არავინ იცის. ძველად ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არსებობდა ურბანიზაციისა და დაგეგმარების დეპარტამენტი, სადაც წყდებოდა, თუ სად შეიძლებოდა განაშენიანება და სად არა. დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს განაშენიანების გეგმა და უზარმაზარი დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობები. არადა, უკვე ისეთი შედეგები გვაქვს სახეზე, ვითარების გამოსწორება, ძალიან რთულია.
– რა გამოსავალი არსებობს შექმნილი არასახარბიელო ვითარებიდან?
– უნდა დარეგულირდეს მდინარეების კალაპოტები, ზოგ შემთხვევაში გაფართოვდეს. ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს იქ არსებული კომერციული და საცხოვრებელი ფართებისგან. რასაკვირველია, ასეთ რადიკალურ ცვლილებებს, მოსახლეობის მხრიდან შესაძლებელია, მწვავე რეაქცია მოჰყვეს, მაგრამ მიმაჩნია, რადიკალური გადაწყვეტილებების გარეშე, უახლოეს მომავალში ქალაქი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ნგრევა, რამდენად სასარგებლოც არ უნდა იყოს, ყოველთვის იწვევს წინააღმდეგობას. მაგრამ, ამ ეტაპზე რადიკალური ზომები თუ არ გატარდა, დედაქალაქში და მის შემოგარენში დიდი საშიშროება გველის. კანონიერად აქვთ თუ არა მდინარის ხეობაში კომერციული და საცხოვრებელი ფართები აშენებული, ეს მერიაში უკეთ იციან. პირდაპირ გეტყვით, მდინარე დიღმულას კალაპოტის გაფართოება თუ არ მოხდა, ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურება, შესაძლოა სოფელ დიღომშიც განმეორდეს. ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევა და შევისწავლეთ თბილისის რამდენიმე უბანი. ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა სოფელი დიღომი, სადაც მდინარე დიღმულა ჩამოედინება, მისი წყალი გზატკეცილზე გამოდის და დიღმის პირველ კვარტალში აქვს გასასვლელი. სოფლის ბოლოს, თეთრი დუქნის ქუჩაზე სერიოზული დარღვევებია. მოსახლეობა ჩივის კიდეც. წარმოიდგინეთ ჭალა, რომლის სიგანე დაახლოებით 20-30 მეტრი იყო, დღეს ბეტონის ფილაშია მოქცეული. არსებობს საშიშროება, რომ პიკურ ვითარებაში, ამ ადგილას, ვერეს ხეობის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის მსგავსი განმეორდეს. რამდენიმე სახლი უშუალოდ მდინარის ჭალაშია აშენებული, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტში აშენდა კომერციული კონტეინერები, ჩასვეს ბეტონის ფილები და ასე შემდეგ. კიდევ ვამბობ, მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება, თუ არ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, არ გაკეთდა ჯებირები, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ყველას ქალაქის ცენტრთან ახლოს ყოფნა უნდა და არც კი ფიქრობს, რომ ამით საკუთარ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ასევე, საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩაზეა საკმაოდ ცუდი მდგომარეობა, სადაც მშენებლობები დაიწყეს და ჩამოწვა და ჩამოიშალა კლდიდან მიწის ნაწილი. მართალია ამას კატასრტოფა არ მოჰყოლია, მაგრამ მის ახლოს სამი მრავალსართულიანი კორპუსი დგას და მას აუცილებლად შეუქმნის საფრხეს მომავალში მიწის ეს ჩამოშლილი ქანები, რადგან პროცესი არავინ იცის, შეჩერებულია თუ არა. ბახტრიონის ბოლოს მდებარე ფერდი, საკმაოდ საშიშია და იქ მშენებლობის დაწყებაც სარისკო და საფრთხილოა. ასევე, საშიში ზონებია კრწანისში, ნაძალადევში, სადაც, თითქმის ყველა ქუჩაზე პატარ-პატარა ღელეები მოედინება და მათ ახლოს სახლების მშენებლობა არ შეიძლება, რასაც არავინ ითვალისწინებს. მაგალითად, ვაშლიჯვარში პატარა ღელე ჩამოდის და წვიმის დროს ისე ადიდდა, მის სიახლოვეს პატარა სახლში მცხოვრები ქალბატონი, კინაღამ სახლიანად წაიღო. არ შეიძლება გიგანტომანიას გადავაყოლოთ დედაქალაქი. ვაშენოთ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ყველგან, ვჭრათ მიწის გარკვეული მასა და ხეები. მე თუ მკითხავთ, დედაქალაქში ექვს-შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე მაღალი ნაგებობები, საერთოდ არ უნდა არსეობობდეს. თან, სეისმურად აქტიურ ზონაში ვიმყოფებით და თავი რომ დავანებოთ დამახინჯებულ ინფრასტრუქტურას, გიგანტური მშენებლობები, ამ მხრივაც გაუმართლებელია. თბილისი უნიკალური ქალაქია თავისი ადგილმდებარეობით, ლანშაფტით, შემოგარენით და მისი დამახინჯება და საცხოვრებლად საშიშ ქალაქად ქცევა, უბრალოდ, სირცხვილია. ხომ არ არის აუცილებელი, ყველა ქალაქის ცენტრში ცხოვრობდეს? უამრავი ლამაზი და უსაფრთხო ადგილია გარეუბანში, სადაც დასახლება უსაფრთხოა.
– და მაინც, რომელი ზონა რჩება დედაქალაქში საცხოვრებლად განსაკუთრებულად სახიფათოდ?
– ვერეს ხეობა ყველაზე საშიშ ზონად რჩება დღესაც, სადაც საფრთხე კიდევაა მოსალოდნელი. კი ბატონო, სამუშაოები ჩატარდა, დანგრეული აშენდა და გამაგრდა ხეობის ნაპირები, მაგრამ ის საშიშროება, რაც ზემოდან მოდის, ამას სად გავექცევით? ზემოთ, ხეობაში არაფერი გაკეთებულა და სვანიძის ქუჩა ისევ საშიშ საცხოვრებელ ზონად რჩება. თუ ჩაიხერგა და მეწყერი განვითარდა, იგივე ტრაგედია განმეორდება. ახლდაბა-ბეთანიის მონაკვეთია კარგად შესასწავლი და იქაა ჩასატარებელი სამუშაოები. ასევე, მუხათგვერდის ასასვლელი გზა მთლიანად დამეწყრილია. საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც სასაფლაოს ემუქრება. არ მინდა, ჩემი ნათქვამი პანიკად აღიქვათ, მაგრამ რეალური ზომები ნამდვილად მისაღებია. მდინარე ვერეც და მდინარე დიღმულაც ერთი და იმავე სათავიდან მოედინება. მდინარე ვერეს უფრო დიდი არეალი აქვს, თუმცა არანაკლები – დიღმულას და არავინ იცის, როდის მოიტანს ისიც დიდ ზიანს. სოფელ დიღმიდან ვაშლიჯვარში გადასასვლელი გზიდან რომ გადაიხედოთ, ნახავთ, რომ მდინარე სამმეტრიან არხში მიედინება და ზემოდან კონტეინერები დგას. დღეს კი მოედინება წყნარად, მაგრამ თუ ადიდდა, მტრისას, ყველაფერს დაანგრევს, სოფელი დიღმის ქვედა ნაწილს კი მთლიანად წაიღებს. არ მესმის, მაინცადამაინც ვერეს კოშმარი უნდა განმეორდეს, რომ დავფიქრდეთ და ვიმოქმედოთ? ამისთვის, უნდა გამოინახოს სახსრები, გეოლოგიური სამსახური აქტიურად ამუშავდეს, მათი დასკვნები დაიდოს და ასე ავიცილოთ საკმაოდ რეალური საფრთხეები დედაქალაქში. წინასწარ საფრთხეების განსაზღვრა, ნამდვილად შესაძლებელია. ბუნებას, ადამიანმა ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს და მდინარეს თავისი კალაპოტი, სადაც თავისუფლად იმოძრავებს.