როგორ აღმოაჩინა სოხუმელმა ლტოლვილმა საკუთარი ქონება უცხო ოჯახში
აფხაზეთიდან ისე წამოვედით მე, ჩემი ცოლი და მცირეწლოვანი შვილები, ზედ რაც გვეცვა, იმის მეტი არაფერი წამოგვიღია, იქ კი წლების განმავლობაში ჯაფითა და ოფლით მოპოვებული ქონება დავტოვეთ.
– ეჰ, დედაჩემის ნაჩუქარი შკაფი მენანება, – ხშირად იმეორებდა ხოლმე ჩემი ცოლი ერთ ძველებურ კარადაზე, რომელიც სასტუმრო ოთახში გვედგა და მართლა ანტიკვარი იყო, მაგრამ ის რა მოსატანი იყო ჩვენს დანარჩენ დანაკარგთან.
ალბათ, დედამისის ნაჩუქარი რომაა, იმიტომ დარდობს-მეთქი, – ვფიქრობდი მე და არასდროს ჩავძიებივარ კარადის ამბავს ჩემს ცოლს.
ერთხელ ერთ ოჯახში ვიყავით სტუმრად და, შევედით თუ არა, ჩემი სიდედრის ნაჩუქარ კარადას მოვკარი თვალი, რომელსაც ასე მისტიროდა ჩემი ცოლი. შევხედე და მივხვდი, რომ მან ჩემზე ადრე დაინახა ჩვენი კარადა და ყურში ჩამჩურჩულა:
– არაფერი გაგიკვირდეს, წყნარად მიყურე და, ნახე, რა მოხდებაო.
მე გავისუსე. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ჩემი ცოლი წამოდგა, კარადა გულდასმით დაათვალიერა და მასპინძელს განუცხადა, რომ კარადა ჩვენი იყო, მასპინძელი კი ამტკიცებდა, რომ კარადა მას მემკვიდრეობით ერგო ბაბუისგან.
– ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ მართალს ვამბობ, – თქვა ჩემმა მეუღლემ, მასპინძელს ჩაქუჩი და ფოლადის სატეხი მოატანინა, კარადასთან მივიდა და მსხვილი კარნიზი ააგლიჯა, შემდეგ კი კარნიზში გაკეთებული სამალავიდან ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული უზარმაზარი ჯაჭვი ამოიღო, მასპინძელს დაანახვა და თქვა:
– აქ ოცი რგოლია ასხმული და თითოეული ორმოცდაათ გრამს იწონის. მე ათი წლის განმავლობაში ყოველ წელს ორ-ორ რგოლს ვაკეთებინებდი ოქრომჭედელს და აქ ვინახავდი...
მე ჯერ გავოგნდი, შემდეგ კი ლამის ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან. იქიდან ჩვენი ნადავლით წამოვედით, მერე კი სწორედ იმ ოქროს ჯაჭვის წყალობით ვიყიდეთ ბინა და ფეხზე დავდექით... შერცხვენილ მასპინძელს კი საჩუქრად „ბაბუამისის“ კარადა დავუტოვეთ...