დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-14(797)
რატიმ ღიმილითვე უპასუხა:
– ბოდიში, დონალდ, ვმუშაობდი. შენკენ რა ხდება?
– ყელამდე საქმეებში ვარ ჩაფლული. იმის დროც კი არ მაქვს, ერთი დღით მაინც გავიდე ბუნების წიაღში და დავისვენო. იქნებ, როგორმე ერთი დღე გამოვნახოთ და თქვენს უმშვენიერეს ბუნებას ჩავეხუტოთ. მწვადი და ხინკალი მივირთვათ, თან წითელი ღვინოც დავაყოლოთ?
– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. თუკი უფროსობა დღეს მაჩუქებს, სიამოვნებით გაგიწევ კომპანიონობას.
– ძალიან კარგი. მთაში მინდა ასვლა. გამიგონია, რომ ფასანაურში საუცხოო ხინკალსა და მწვადს ამზადებენ და გავსინჯავდი.
– კარგი ღვინო ჩემზე იყოს, ოღონდ, უფროსობას შენ უნდა გამოაშვებინო ჩემი თავი, – რატიმ ნიუმანის კაბინეტისკენ გაიშვირა ხელი.
ონილს კი გაეღიმა და მიუგო:
– სოსო ჯაფარიძე ჯერ არ ჩამოვა შტატებიდან, არნოლდ ნიუმანი კი აქ დროებითაა. ასე რომ, ფაქტობრივად, მე ვარ დროებით უფროსი და, გპირდები, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან სასიამოვნო ვოიაჟი გვექნება.
– მშვენიერია. მე მზად ვარ და როცა მეტყვი, ჩემი წითელი ღვინით შენთან გავჩნდები.
– შევთანხმდით. ახლა კი წავედი. აბა, ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო რატიმ ონილს და დერეფანს გაუყვა.
პეტრიაშვილი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას ნიუმანმა უთხრა და კონსპირაციულ ბინაში რომ მივიდა, ათს ათი წუთი აკლდა. რატი მთელი გზა აკვირდებოდა მოთვალთვალეს, მაგრამ ამჯერად „კუდი“ არ გაჰყოლია უკან.
კონსპირაციულ ბინაში რატის ნაცნობი მამაკაცი დახვდა. მან იგივე პროცედურები ჩაუტარა პეტრიაშვილს და ზუსტად იმ სამოსში გამოაწყო, რომლითაც რატი თურქეთში იმყოფებოდა, გამოსვლის წინ კი უთხრა:
– სადარბაზოს უკანა გასასვლელით ისარგებლეთ. აქედან ორასიოდე მეტრში შავი „მერსედესის ჯიპი“ დგას, რომელსაც წინა მინაზე ამერიკის საელჩოში შესასვლელი სპეციალური საშვი აქვს მიმაგრებული და გაგატარებენ. ამანათიც იქვე, უკანა სავარძელზე დევს.
რატიმ ამჯერადაც ზუსტად შეასრულა კონსპირაციული ბინის მასპინძლის მითითება. „მერსედესში“ რომ ჩაჯდა, ამანათი დაათვალიერა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტამპი ერტყა. შემდეგ მანქანა დაძრა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსკენ აიღო გეზი. მას არც ამჯერად ასდევნებია ვინმე და ოცი წუთის შემდეგ უკვე ადგილზე იყო. ხოლო, სანამ საელჩოში მივიდოდა, მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, რაში დასჭირდა ნიუმანს ეს მასკარადი, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა.
საელჩოსთან მისული რატი ერთ ინციდენტს შეესწრო: როდესაც ის სალეჩოს შესასვლელს მიადგა, მის წინ „ბეემვე X6-ში“ მჯდარი ცნობილი ქართველი პარლამენტარი მანქანით ცდილობდა საელჩოს ეზოში შესვლას, მაგრამ ფეხოსანი მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი მას არ უშვებდა. ის მძღოლს მიუახლოვდა და ხელით ანიშნა – მანქანა გადააყენეო. თავმომწონე პარლამენტარმა კი შუშაზე მიკრულ საშვზე მიუთითა მცველს და ამპარტავნულად უთხრა ინგლისურად:
– საშვს ვერ ხედავ, რიგითო? გამატარე!
მეზღვაურმა კი შეუვალი სახით მიუგო:
– ჯერ ერთი, სერჟანტი ვარ, სერ! საელჩოს ტერიტორიაზე კი მანქანით შესვლა სასტიკად აკრძალულია და გადააყენეთ. გადმოდით და ფეხით შებრძანდით!
– კითხვა თუ იცი, გაიგებ, რომ სპეციალური საშვი მაქვს, – ტონს აუწია პარლამენტარმა.
– ეს საშვი არ მოქმედებს. მანქანა გადააყენეთ!
– ელჩთან მივდივარ. შეთანხმებულები ვართ შეხვედრაზე და მელოდება, – არ ნებდებოდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს „ვარსკვლავი“.
– ფეხით მიბრძანდით, მანქანა კი გადააყენეთ! – კვლავ შეუვალი იყო ამერიკელი სერჟანტი.
„ვარსკვლავმა“ ნელი სვლით დაძრა მანქანა და კარისკენ აიღო გეზი. ფეხოსანი კი მას წინ გადაუდგა, მანქანის სვლა შეაჩერა და პარლამენტარს აწეული ტონალობით უთხრა:
– აღარ წაიწიოთ წინ, თორემ, იძულებული ვიქნებით, ცეცხლი გაგიხსნათ!
ცეცხლის ხსენებაზე „ვარსკვლავი“ შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ბოლოჯერ გაიბრძოლა:
– მე საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ!
– ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული ტერიტორიაა და, ვინც მის უკანონოდ გადაკვეთას შეეცდება, განადგურებული იქნება. გადააყენეთ მანქანა და ფეხით შემობრძანდით! – გაიმეორა სერჟანტმა.
ფიზიკური განადგურების პერსპექტივამ „ვარსკვლავის“ ვნებები დააცხრო. მან მანქანა პარკინგისკენ წაიყვანა, თან სერჟანს ქართულ ენაზე უშვერად აგინებდა. შემდეგ მანქანა გააჩერა და ფეხით გამოემართა საელჩოს შესასვლელისკენ. „ბეემვეს ჯიპი” რომ მოიშორა, სერჟენტმა რატის „მერსედესს“ თვალი შეავლო და დაცვის ჯიხურში მჯდარ კოლეგებს ხელით ანიშნა – კარი გააღეთო, შემდეგ კი რატის მიუბრუნდა და უთხრა:
– შებრძანდით, სერ.
– მანქანით, ხომ? – დააზუსტა რატიმ.
– რა თქმა უნდა, მანქანით. შებრძანდით, – გაუმეორა რატის სერჟანტმა, მხედრული სალამი მისცა და ღიმილით გააცილა.
ამ სცენას პარლამენტის „ვარსკვლავი“ შეესწრო, წამოწითლდა და სერჟანტს უთხრა:
– იმისთვის შეიძლება შესვლა, ჩემთვის კი არა?
– თქვენთვისაც შეიძლება, ოღონდ, ფეხით, – მიუგო სერჟანტმა და მხედრული ნაბიჯით გაემართა სამორიგეო ჯიხურისკენ. „ვარსკვლავი“ კი მას გამოედევნა და გაანჩხლებულმა უთხრა:
– რატომ მხოლოდ ფეხით და არა მანქანით? მიპასუხე, რატომ?
ფეხოსანს პასუხი აღარ გაუცია „ვარსკვლავისთვის“ და მშვიდად შევიდა სამორიგეო ჯიხურში. პარლამენტარმა კი ქართულად შეიგინა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაემართა.
რატიმ მანქანა საელჩოს შიდა პარკინგზე დააყენა და გადმოვიდა. შემდეგ ამანათი აიღო და შენობისკენ გაემართა. თუმცა, გზაში მას ათლეტური აღნაგობის მამაკაცი შემოეგება და ჰკითხა:
– ალბათ, მისტერ კონსტანტინე ლომიძე ხართ, ხომ?
– დიახ, – მიუგო რატიმ და ჰკითხა: – თქვენ კი, ალბათ, მისტერ სემუელ ფოქსი?
– დიახ, დიახ, – გაიღიმა ფოქსმა. რატიმ კი უთხრა:
– ეს ამანათი თქვენთან მისტერ ნიუმანმა გამომატანა.
ფოქსმა რატის ამანათი არ გამოართვა, გაუღიმა და უთხრა:
– მოდი, ჩემს ოფისში ავიდეთ და ეს ამანათი იქ შევინახოთ, არნოლდთან კი პატარა ბანდეროლს გაგატანთ, რომელიც მას ცოლ-შვილმა გამოუგზავნა სამშობლოდან. ახლახან ჩამოიტანეს და მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
– კეთილი, – მიუგო რატიმ ფოქსს, ამანათიანად საელჩოს შენობაში შევიდა და ფოქსის კაბინეტისკენ გაემართა, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა. კაბინეტის კარზე აბრა იყო მიკრული, რომელზეც ეწერა: „სავაჭრო ატაშე. დოქტორი ს. ფოქსი“.
– დაბრძანდით, მისტერ კონსტანტინ. მე ჯერ ბანდეროლს გამოვიღებ სეიფიდან, შემდეგ კი გაგიმასპინძლდებით. ჩაის ინებებთ, ყავას თუ რამე უფრო მაგარს, მაგალითად, ვისკის ან კონიაკს? – ჰკითხა ფოქსმა რატის, მან კი მასპინძელს გაუღიმა და მიუგო:
– ალკოჰოლს არ ვსვამ. მით უმეტეს, საჭესთან ვარ. ყავას კი სიამოვნებით დავლევ.
ფოქსმა რატის გაუღიმა და უთხრა:
– კი, ბატონო, იყოს ყავა. აი, მე კი ყავასა და კონიაკს დავლევ. მიყვარს ცოტა, როგორც თქვენში იტყვიან, „ჩარტყმა“.
– ღვინოს არ სვამთ?
– იშვიათად. უფრო სპირტიანს ვანიჭებ უპირატესობას, – გაიღიმა ფოქსმა. შემდეგ სეიფიდან მოზრდილი, სქელი, დაბეჭდილი კონვერტი გამოიღო. რატის მიაწოდა და უთხრა:
– აი, არნოლდისთვის სიურპრიზი. გადაეცით და უთხარით, რომ მისი საყვარელი ცოლ-შვილისგანაა, – მასპინძელმა სტუმარს ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა, – მიირთვით. ნამდვილი ამერიკულია და ასეთს სხვაგან ვერ დალევთ.
– გმადლობთ, – თქვა რატიმ. ბანდეროლი პიჯაკის შიდა ჯიბეში შეინახა. ყავა მოსვა და ფოქსს უთხრა, – მართლაც რომ მშვენიერია. პირველად ვსვამ ასეთ გემრიელ ყავას.
ფოქსმა ჯერ ყავა მოსვა, შემდეგ კი კონიაკიც დააყოლა და თქვა:
– ნამდვილი ბრაზილიური ყავაა, ოღონდ ამერიკული ტექნოლოგიით დამზადებული. ესე იგი, მოგეწონა?
– ძალიან, – გაიღიმა რატიმ.
ფოქსთან სტუმრობამ ნახევარიოდე საათს გასტანა. შემდეგ რატი მასპინძელს გამოემშვიდობა და წამოვიდა. საელჩოს რომ გასცდა, კვლავ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რაში დასჭირდა ნიუმანს ეს მასკარადი. თუმცა, კვლავ ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა და საკუთარ თავზე გაბრაზდა: „იქნებ მართლაც არაფერია და სიმართლე მითხრა? თუმცა, არ მგონია...“
უკუპროცედურას ორმოცდახუთი წუთი დასჭირდა. რატი კვლავ თავის სამოსში გამოეწყო და ნიუმანს პირველის ნახევარზე ეახლა კაბინეტში.
– რა ჰქენით, რატი. როგორ ჩაიარა თქვენმა ვოიაჟმა და სემი თუ მოგეწონათ?
– მშვენიერი პიროვნებაა მისტერ ფოქსი. თანაც ისეთი ყავით გამიმასპინძლდა, რომლის მსგავსიც არასდროს გამისინჯავს.
– სპირტიანი არ შემოუთავაზებია?
– დიახ. მაგრამ არ ვსვამ. მით უმეტეს, საჭესთან და მუშაობისას.
– თვითონ ხომ გადაჰკრა, – გაეცინა ნიუმანს.
– დიახ. კონიაკს და ყავას სვამდა.
– ჰო. უყვარს სემს კონტრასტები. რა ჰქენი, გადაეცი ამანათი?
– დიახ, მისტერ ნიუმან. ხელიდან ხელში ჩავაბარე, – მიუგო რატიმ და ჩაიცინა, – კინაღამ დამავიწყდა. ისე ვარ დაღლილი, რომ ვატყობ, აზრების მოკრება მიჭირს. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს მისტერ ნიუმან.
– რა სიურპრიზი? – იკითხა ნიუმანმა, მაგრამ რატის მოეჩვენა, რომ ამერიკელი ბანდეროლის საქმის კურსში იყო.
პეტრიაშვილმა თხელი ქურთუკის ჯიბიდან ბანდეროლი ამოაცურა. ნიუმანს წინ დაუდო და უთხრა:
– ეს ბანდეროლი მისტერ ფოქსმა გამომატანა თქვენთან. ამ დილით ჩამოსულა შტატებიდან. ასე მითხრა, მისტერ ნიუმანის ცოლ-შვილმა გამოაგზავნა სიურპრიზადო.
ნიუმანმა ბანდეროლი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა და რატის უთხრა:
– გმადლობთ, რატი, – შემდეგ მას პირადობის ახალთახალი მოწმობა მისცა და დაამატა, – ბიომეტრიული პასპორტი დამიბრუნეთ.
რატიმ ნიუმანს პასპორტი დაუბრუნა და ჰკითხა:
– შეიძლება, რაღაც გთხოვოთ?
– გისმენთ, რატი.
– მისტერ ნიუმან, თუ სასწრაფო დავალება არ გაქვთ ჩემთან და ცოტა ხანი მაინც არ დაგჭირდებით, შეიძლება, სამიოდე საათით სახლში წავიდე და გამოვიძინო? ძალიან დავიღალე და ვგრძნობ, ძალა მეცლება.
– შეგიძლიათ. სამიოდე საათით კი არა და ხვალ დილამდე გიშვებთ. წადით და კარგად გამოიძინეთ. ხოლო, თუ სასწრაფოდ დამჭირდით, მობილურზე დაგიკავშირდებით.
– მობილური რომ დამეწვა, მისტერ ნიუმან, – უხერხულად ჩაეცინა რატის.
– არც მე მახსოვდა, – ღიმილით მიუგო ნიუმანმა. შემდეგ უჯრიდან ახალთახალი მობილური ტელეფონი ამოიღო. რატის წინ დაუდო და უთხრა:
– აიღეთ. ახალთახალია და გაჩუქებთ. ორივე ბარათი უდევს და ისარგებლეთ.
– არა, მისტერ ნიუმან. ხვალვე შევიძენ.
– გამომართვით, რატი. უხერხული არაფერია. ჩათველეთ, რომ სამსახურის პრეზენტია, – თქვა ნიუმანმა და გაიღიმა. – მხოლოდ გაუფრთხილდით, ისევ არ დაგეწვათ.
– გავუფრთხილდები. გმადლობთ, მისტერ ნიუმან, – რატიმ ახალთახალი პირადობის მოწმობა და ტელეფონი ჯიბეში შეინახა და ნიუმანს ჰკითხა:
– შეიძლება, წავიდე?
– შეიძლება. აბა, ხვალამდე. დილით გელოდებით, – მიუგო ნიუმანმა რატის და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
რატი ორის ნახევარზე დაბრუნდა სახლში და დედას ჰკითხა:
– მამა სახლშია?
– კი, შვილო. ამ დილით მოვიდა და სძინავს.
– კარგი, დედი. ახლა მე უნდა გამოვიძინო და ვინც არ უნდა დამირეკოს, არ გამაღვიძო, – უთხრა რატიმ დედას. დაფაზე კი დაუწერა: „მამასთან ხომ არ გილაპარაკია მოსმენის შესახებ?“
„არა“, – მიაწერა დედამ. რატიმ კი დაწერა, – „არც უთხრა. ისე კი, იცოდე, რომ გვისმენენ და არ დაგავაიწყდეს. ახლა კი გამოვიცვლი. გავალ და ვეცდები, მალე დავბრუნდე“.
„კარგი“, – დაწერა რატის დედამ. რატიმ კი დედამისს უთხრა:
– ტელეფონს ვთიშავ და ვიძინებ. დავწექი.
რატიმ ნიუმანის ნაჩუქარი ტელეფონი გამორთო. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა. კაკუბავას მიცემული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ნაცადი ხერხით და დამუშავებული მარშრუტით გაემართა ვარლამთან შესახვედრად. პეტრიაშვილს „პიჟონივით“ ეცვა. მუქი სათვალე ეკეთა და უდარდელად მიაბიჯებდა ქუჩაში. სამასიოდე მეტრი რომ გაიარა, ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში შეჩერდა და კაკუბავას დაურეკა.
– გისმენ, ვასიკო, – უპასუხა ვარლამმა.
– სად ხარ? – ჰკითხა რატიმ.
– ფული გინდა ხომ, შე აბეზარო. ისე არ დამირეკავდი და მომიკითხავდი. თუმცა არც მოგიკითხივარ.
– როგორ ხარ?
– მოკლედ მითხარი, რა გინდა.
– ოცი ლარი მასესხე.
– ბოლოჯერ. მეტი აღარ მთხოვო. მოდი და მოგცემ, ჯანდაბას შენი თავი.
– სად მოვიდე?
– ვითომ არ იცი.
– კარგი, ნუ ბრაზობ. მოვალ, – თქვა ბოლო დაშიფრული ფრაზა რატიმ და რუსთაველის გამზირზე მდებარე „ანტრესკენ“ აიღო გეზი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში