კითხვა-პასუხი
კითხვა: შეიძლება თუ არა, სახე გავიწმინდო ისეთი კოსმეტიკური საშუალებით, რომელიც არ შეესაბამება ჩემი კანის ტიპს?
პასუხი: არაფერი მოხდება, თუ იშვიათად მოიქცევით ასე. ერთადერთი, შესაძლოა, მსუბუქი დისკომფორტი იგრძნოთ, რომელიც მაშინვე გაგივლით, როგორც კი თქვენი კანის შესაფერის კრემს წაისვამთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, მაგრამ პირს იბანთ კომბინირებული ტიპის კანის გელით, დაბანის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი. საერთოდ კი, უმჯობესია, მშრალი კანი გაიწმინდოთ ქაფით; კომბინირებული – გელით, ნორმალური კანი კი – მიცელარული წყლით.
კითხვა: თუ შეიძლება, თაფლით დამზადებული პილინგი ტუჩებისთვის – გამიგია, რომ ეს შველის ტუჩების მშრალ და ქარისგან გაუხეშებულ, დამსკდარ კანს.
პასუხი: ტუჩების კანი პილინგით სწრაფად რომ დაგირბილდეთ, უპირველეს ყოვლისა, აქერცვლით მოიშორეთ გამომშრალი კანი, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი ბალზამი, ბოლოს კი გაიკეთეთ სკრაბი შემდეგი რეცეპტით: 1 ჩაის კოვზი შაქარი შეურიეთ 2 ჩაის კოვზ თაფლს და ოდნავ შეათბეთ, რომ შაქარი ბოლომდე არ გადნეს და არ მიიღოთ კარამელისებური მასა. მიღებული სკრაბი სქლად წაისვით თითით (ან კბილის ჯაგრისით) ტუჩებზე და დაიმასაჟეთ. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით ზეითუნის ზეთი.
კითხვა: ტუჩებზე მაქვს ძალიან მშრალი კანი და ხშირად მიღიზიანდება. არსებობს თუ არა რამე შინაური რეცეპტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: მშრალი და გაღიზიანებული ტუჩის კანის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა პიტნით დამზადებული ბალზამი: ერთმანეთს შეურიეთ თითო ჩაის კოვზი თაფლის სანთელი (გახეხილი), ქოქოსისა და ჟოჟობას ზეთები, აირღუმელში შედგით და გააცხელეთ, რომ სანთელი გადნეს. დაუმატეთ პიტნის ზეთი, კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და გასამაგრებლად შედგით მაცივარში (არა საყინულეში). წაისვით სუფთა ტუჩებზე, დილა-საღამოს, ბამბიანი ჩხირით.