ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-14(797)
ზუსტად არავინ იცის, რას ვეძახით სიყვარულს... შეიძლება, ყველას ჩვენ-ჩვენი პატარა სიყვარული გვაქვს და ამ გრძნობაზეც სხვადასხვანაირად ვლაპარაკობთ. შესაძლებელია ისიც, რომ სხვადასხვანაირად გვიყვარდეს კიდეც. ის კი არა, სიყვარულს მოთხოვნებსაც სხვადასხვას ვუყენებთ. უნდა ვიქცეოდეთ ასე თუ არა, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ძნელია. იქნებ, უკეთესი იქნებოდა, გვემსჯელა და ერთ, საყოველთაო ვერსიაზე ჩამოვყალიბებულიყავით, რითაც სიყვარულს განვმარტავდით. ფაქტია ის, რომ გვინდა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. თუმცა, ვუფრთხილდებით იმას, რაც უკვე გვაქვს? უნებლიეთ, თავად ხომ არ ვამბობთ უარს სიყვარულზე... აი, ისეთზე, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით – დიდზე და ყოვლისმომცველზე.
ლევანმა გაჭირვებით შეარხია დამძიმებული ქუთუთოები. თვალების გახელა გაუჭირდა. თავი ისე სტკიოდა, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელები ჩაქუჩს ურტყამდა. მთელი სხეული უხურდა და მძიმე ავარიაში მოყოლილივით მოძრაობის უნარწართმეული მარტო იმას ნატრობდა, მალე დასრულებულიყო ის კოშმარი... ერთბაშად მისი ტანჯვა დასრულდა. შუბლზე ჯერ ცივი ხელის გულის შეხება იგრძნო. მერე ტუჩები დააუსველა მაცოცხლებელმა სითხემ და ხმა ბოლოს ჩაესმა. მაშინვე მიხვდა, ვინ ცდილობდა მის სააქაოს მობრუნებას.
– როგორ არ გრცხვენია, – ეჩხუბებოდა ნანა ვიღაცას, – შენ ხომ იცოდი, ეს რა იყო... ამდენი რატომ დაალევინე?
– ნანა, თვითონ მოინდომა, დაელია... ჭიქას ხომ არ ავაცლიდი?
– ჰოდა, რომ არ ააცლიდი, შეხედე, რა დღეშია...
– ნუ ამძიმებ სიტუაციას. განსაკუთრებული არაფერი სჭირს. ცოტას კიდევ დაიძინებს და გამოვა. მენდე. ამისთანები ბევრი მინახავს. ისე, შენს ქმარს დალევა არ სცოდნია. ძალიან კი მოინდომა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– გეყოფა, დენი... უკვე მეშინია. თვალებს ვერ ახელს. ნეტავი, ჩემი ხმა მაინც თუ ესმის?
ლევანს ყველაფერი ესმოდა, თითოეული სიტყვა. ნანას გაბრაზებულ სახესაც კი ხედავდა, მაგრამ რეალობაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასე როგორ დავთვერიო. მერე შიში დაეუფლა... იქნებ სიმთვრალეში რამე ისეთი წამოვროშე, რაც არ უნდა წამომცდენოდაო. ემოციები ვეღარ შეიკავა და დაიგმინა.
– ეგ, მგონი, მართლა ცუდად არის, – გარკვევით გაიგონა დენის შეშფოთებული ხმა.
– მოწამლე? – ეს უკვე ახალგაზრდა ქალის ხმა იყო.
ლევანმა თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა – უნდოდა ენახა ის, ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა. სახეები გაურკვეველი იყო, ბუნდოვანი, მაგრამ მაინც შეძლო სამანტას, ნანას, დენისა და მაქსის დანახვა.
– გამოძვრა – შვებით წარმოთქვა ნანამ და იქვე, დივანზე ჩამოჯდა.
– ხომ გითხარი, კარგად იქნება-მეთქი, – გაიღიმა დენიმ.
– კარგი, წადით თქვენ. ამას მე მივხედავ, – თქვა ნანამ.
ლევანს ნელ-ნელა უბრუნდებოდა მეტყველების უნარი.
– იმედია, რამე სისულელე არ ჩავიდინე? – ჰკითხა ცოლს, რომელიც უკმაყოფილოდ აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას.
– გარდა იმისა, რომ გამოთვერი – უგონოდ და აზროვნების დაკარგვამდე... მეც კი ვეღარ მცნობდი.
– მართლა? – ლევანი შეეცადა, წამომჯდარიყო.
– იწექი, ისეთი საშინელი ფერი გაქვს, მეცოდები და ვეღარ გეჩხუბები. რატომ დალიე ამდენი?
– ჩვეულებრივი კოქტეილი იყო. რას წარმოვიდგენდი, რომ... – თავის გამართლებას შეეცადა ლევანი, მაგრამ ნანამ თვალები დაუბრიალა.
– გიცნობ და ვიცი, რატომაც მოიკალი თავი. რადგან მაქსმა გითხრა, ბევრი არ დალიოო... იმ გოგოზე გინდოდა, შთაბეჭდილება მოგეხდინა.
– რომელ გოგოზე, რას ამბობ?..
– ლევან, არ მინდა შენთან ჩხუბი, მაგრამ იცოდე, რომ გაბრაზებული ვარ.
– ჰო. ცოტა ზედმეტი მომივიდა. ამისთვის ხომ არ ვიჩხუბებთ. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე დავთვრებოდი. გაცილებით მეტი დამილევია...
– ჰო. საქმეც ეგაა... აქ ისე არ უნდა მოიქცე, როგორც საქართველოში იქცეოდი.
ოთახში დენი შემოვიდა. დედასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი.
– ყველაფერი კარგად არის?
– ჰო... სტუმრები წავიდნენ?
– თითქმის ყველა გავაცილე. სამანტა და მაქსი საუზმეს ამზადებენ. ლევანს მაგარი ყავა მოუხდება.
– არ მინდა... – თავაზიანად გაუღიმა ლევანმა დენის და მოეჩვენა, რომ ბიჭმა ირონიულად ჩაიცინა. „ლაწირაკი”, – გაიფიქრა გულმოსულმა, – „ალბათ, უხარია, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო და შემარცხვინა“.
– გმადლობ, საყვარელო... – ნანამ შვილს ლოყაზე აკოცა, – ყავას მეც დავლევ... მაგრამ, ვერ გავიგე, ის გოგო – სამანტა... რატომ დარჩა?
– დედა, მაქსის მეგობარია... ხომ არ ვეტყოდი, წადი-მეთქი...
– შენ გეპრანჭება, აშკარად...
ლევანმა გაიღიმა.
– შენ რა გაცინებს? – შეუბღვირა ნანამ ქმარს.
– მიხარია, რომ გადავრჩი და ცოცხალი ვარ...
– ჰო? მაშინ, რადგან გადარჩი და ცოცხალი ხარ, ადექი, ყავა დავლიოთ და წავიდეთ.
– დღეს მივემგზავრებით? – იმ ფაქტმა, რომ სამანტასგან შორს იქნებოდა, ლევანი გაახარა და მხნეობა შეჰმატა. მაგრამ, ნანამ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
– ორი-სამი დღით კიდევ დავრჩებით, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
– კიდევ ორი-სამი დღე? – ლევანი აშკარად შეწუხდა, – ნანა, იქაც საქმე გაქვს მიტოვებული.
– შენ მაგაზე არ ინერვიულო. სტივის ნდობა შეიძლება.
– ისევ სტივი... – ლევანი შეიჭმუხნა. ახლა უფრო შეაწუხა თავის ტკივილმა.
– არ გინდა, ნუ შეეცდები, შენი უმსგავსო საქციელი გადაფარო. მაგრამ ამაზე მერე დაგელაპარაკები.
ლევანს ისევ გაუჩნდა განცდა, რომ სიმთვრალეში რაღაც უპატიებელი წამოსცდა.
– ისეთი რა ჩავიდინე, ცოტა მეტი დავლიე...
– ცოტა მეტი არა – გონება დაკარგე, გალურჯდი და გაშეშდი მკვდარივით. ყველა შენს მოსულიერებას ცდილობდა. ჩააშხამე ყველას...
– ნანა, კიდევ დიდი ხანი უნდა მეჩხუბო იმაზე, რომ ერთი ჭიქა კოქტეილით ზედმეტი დავლიე?
– არა. მაგიტომ არ გეჩხუბები. უპასუხისმგებლო რომ ხარ, ჩვენი პრობლემაც ეგაა...
– ღმერთო, ის რომ წარმომედგინა, ასეთ ამბავს ამიტეხდი, იმ კოქტეილს პირს საერთოდ არ დავაკარებდი. ვიფიქრე, სტრესს ცოტათი მაინც მოვიხსნი-მეთქი...
– რომელ სტრესს?
– ნანა, შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. შენს შვილთან შეხვედრა ჩემთვის სტრესი იყო. თავს ხომ არ შევირცხვენდი?!
– ჰო, კარგი. მოვრჩეთ ამაზე. შეიძლება, მართალიც ხარ... ყავა ორივეს მოგვიხდება.
– ისე, შენ რას ფიქრობ, ეს სამანტა ჩემი შვილის შებმას ცდილობს? გუშინ აშკარად გარშემო უტრიალებდა.
– არ ვიცი, ნანა... გუშინ ძალიან დავთვერი. თუ აღარ გახსოვს, მანამდე შენ ჩემზე და მაგ გოგოზე იეჭვიანე.
ნანას ჩაეცინა.
– ძალიან ჩაგრჩა გულში. კარგი, ცოტა ზედმეტი მომივიდა.
– მაშინ, მოდი ჩემთან და მაკოცე. დანაშაული ხომ უნდა გამოისყიდო...
ლევანმა ცოლს ხელი გაუწოდა. ნანაც მოეხვია.
– შერიგდით? მიხარია, – თქვა დენიმ. ორივე ხელში ოხშივარავარდნილი ფინჯნები ეჭირა, – ყავა მოგიტანეთ, დალიეთ და დღე დავგეგმოთ. ჩვენ აუზში ცურვას ვაპირებთ. ძალიან კარგი ამინდია, თან, ნაბახუსევზე მოგვიხდება – გამოგვაფხიზლებს.
– მე აქ ვიქნები... – თქვა ლევანმა, – არ მინდა აუზზე.
– თქვენი ნებაა, – მხრები აიჩეჩა დენიმ. ფინჯნები პატარა მაგიდაზე დაალაგა და გავიდა.
ნანამ ყავა აიღო და ლევანს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– რატომ არ გინდა აუზზე?
– პირდაპირ გითხრა? ყავა მომაწოდე...
ნანამ ფინჯანი მიაწოდე.
– ჰო, უნდა მითხრა.
– ეჭვიანობის მორიგი ტალღა მინდა, თავიდან ავიცილო.
ნანას გაეცინა.
– ასე შეგაშინე? ლევან, უცოდველი მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ.
– არ ვთამაშობ, ვარ კიდეც. აუზზე რომ წამოვიდე, დაძაბული უნდა ვიყო და ყველა ჩემი მოძრაობა გავაკონტროლო. ხომ შეიძლება, სამანტას შევხედო... მერე რა გაუძლებს საყვედურებს. შენთან თავის მართლება აღარ მინდა. დავიღალე...
ლევანს ისეთი შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა, ნანას გულის სიღრმეში შეებრალა კიდეც.
– გპირდები, ერთ საყვედურსაც ვერ გაიგონებ ჩემგან.
ლევანმა ყავა მოსვა და ხელი ჩაიქნია.
– არ გჯერა? – წარბი წყრომით ასწია ნანამ, – ვერ ვხვდები, რას მოითხოვ ჩემგან. მშვიდად ვიჯდე და ისე გიყურო, სხვა ქალებს როგორ ეფლირტავები, თუ ხელიც შეგიწყო ამ ყველაფერში?!
– ნანა, ისევ იმაზე ლაპარაკობ? აი, ხედავ? – მართალი ვიყავი, აუზზე ჩამოსვლაზე უარი რომ ვთქვი.
– სისულელეებს თავი დაანებე... ჩავიდეთ. მეც ხომ იქ ვიქნები. თან, არ მინდა, დენიმ რამე იფიქროს.
– მაგალითად, რა უნდა იფიქროს?
– ის, რომ ხშირად ვჩხუბობთ.
– ეს ხომ რეალობაა? – ლევანმა იგრძნო, რომ შეეძლო, ამ სიტუაციაში ქალს ბოლომდე „მისწოლოდა“ და უკან აღარ დაიხია, – რა, სულ ხომ ვჩხუბობთ?! უფრო სწორად, შენ მეჩხუბები მე...
– გააკეთე რამე, რომ აღარ გეჩხუბებოდე, – გაუღიმა ნანამ ქმარს და ყავის ცარიელი ფინჯანი გამოართვა, – უნდა ჩავიდეთ აუზზე, უხერხულია.
– კარგი, მოვდივარ, მაგრამ შენი პირობა არ დაგავიწყდეს, – ლევანმა ცოლს მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თითი.
აუზი დიდი არ იყო, მაგრამ საკმარისი ზომა ჰქონდა იმისთვის, რომ ათიოდე ადამიანს ცურვით გული ეჯერებინა. ნანა და ლევანი უკანა ეზოში რომ გავიდნენ, დენი და მისი მეგობრები უკვე წყალში ჭყუმპალაობდნენ და იქაურობას სიცილით, შეძახილებით იკლებდნენ... ლევანმა შეზლონგზე მოიკალათა და ცოლსაც ანიშნა, გვერდით მომიჯექიო.
– მე წყალში ჩავალ და შენც ამასვე გირჩევ. წყალი კარგად გამოგაფხიზლებს.
– გამოვფხიზლდი უკვე... ოჰ, ნებისმიერი ქართული, მინერალური წყალი დამხატავდა, – ინატრა და გაიზმორა.
– ეგ აქაც იშოვება, – „დაამშვიდა“ ნანამ და წყალში ისკუპა. გადახტომისას მთელი სხეული ისე ლამაზად დაეჭიმა, რომ ლევანმა აღფრთოვანება ვერ დამალა. ცოლს აღტაცებული მზერა შეავლო და გაიფიქრა, რომ არც ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, როგორც ზოგჯერ წარმოადგენდა ხოლმე.
– ლამაზი ქალია... – მოესმა გვერდიდან და სწრაფად შებრუნდა, რომ ამ სიტყვების მთქმელი დაენახა. იქვე, ოდნავ მოშორებით, შეზლონგზე სამანტა იჯდა. სველ თმას ხელით იწურავდა და მაცდური, მოწკურული თვალები დამცინავად უელავდა. ლევანს არ შეუნიშნავს, როდის ამოვიდა წყლიდან.
– ჰო, ლამაზია, – დაეთანხმა უხალისოდ.
– გინდა, რაღაც მითხრა? – ჰკითხა გოგომ.
– არა. საიდან მოიტანე?
სამანტამ მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი, ისე მიყურებდი... ეჭვიანია?
– სამანტა, რა გინდა? შენ ხომ დენი მოგწონს? ჰოდა, იმას „ჩაუსაფრდი“, მე თავი დამანებე.
– დენი მართლა მომწონს – სერიოზულია და სიმპათიური, მაგრამ ეს ჩემი საქმეა... აი, შენ კი, დაძაბული ხარ... გუშინაც ამიტომ დალიე იმდენი.
– მგონი, ჯობია, აუზში ჩავიდე... – ამოიოხრა ლევანმა, – სანამ ნანას შეუმჩნევია ჩვენი გულითადი „ჭუკჭუკი“ და ისევ უეჭვიანია.
– რა თქვი? – ჰკითხა სამანტამ, – ვერაფერი გავიგე.
– აუცილებელი არ არის, ყველაფერი გაიგო, – ჩაილაპარაკა ლევანმა. ადგა და ცოლს გასძახა, – ნანა, მოვდივარ!.. თბილი წყალია?
– არაჩვეულებრივი წყალია, ჩამოდი:
– ტყუილად გარბიხარ... გაბრიელაზე არაფერს ვიტყვი, – გაიცინა სამანტამ.
– ვიცი. ეგ არც შენს ინტერესებში შედის, ხომ ასეა?!
– ჰო. ჯერ არ შედის... – დაეთანხმა გოგო და სველი თმა თითებით ჩამოივარცხნა, – სად არის ახლა გაბი?
– მე რატომ უნდა ვიცოდე, – მხრები აიჩეჩა ლევანმა, – შენი მეგობარია.
– ვფიქრობ, შენც საკმაოდ ახლოს გაიცანი.
– სამანტა, გეყოფა. იმ დღის მერე, მე შენი მეგობარი არ მინახავს. სიმართლე გითხრა, აღარც მახსოვდა, სანამ შენ არ დაგინახე.
– მე რატომღაც მგონია, რომ პირიქითაა.
– არ ვიცი, ეგ შენი პრობლემაა...
– გაბიზე ყველა გიჟდება. აი, მაქსიც ვერაფრით ივიწყებს, მაგრამ გაბი უარს ეუბნება მასთან დაბრუნებაზე. მაქსი ნერვიულობს...
– ამას რატომ მეუბნები?
– იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, გაბის ჭირვეულობის მიზეზი შესაძლოა, შენ ხარ.
– სამანტა, ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. წავედი... უნდა გავცურო, – ლევანმა გოგოს ზურგი აქცია და აუზში ჩახტა.
ნანა ქმართან მიცურდა.
– რა უნდოდა „იმას“, – სახელი არ უთქვამს, მაგრამ ისედაც გასაგები იყო, რომ სამანტა ჰყავდა მხედველობაში.
– ხომ გითხარი... შენი შვილით არის დაინტერესებული, – დენიზე მეკითხებოდა რაღაცეებს. მერე მიხვდა, რომ ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ და შემეშვა.
– დენის არ შეეფერება, – თქვა უცებ ნანამ, – აი, მაქსისთვის კი ზედგამოჭრილია.
– რას ერჩი, მშვენიერი გოგოა, – წამოსცდა ლევანს და მაშინვე ინანა. თუმცა ნანა არ გაბრაზებულა.
– მეც მაგას ვამბობ... მშვენიერია, მაგრამ მაქსისთვის და არა დენისთვის.
– ამას დენისაც ეტყვი? – ლევანმა ცოლს წელზე შემოხვია ხელი.
– არ ვიცი, ვიფიქრებ...
– ნანა, მოდი რა, დავბრუნდეთ სახლში. დენი ძალიან ჭკვიანია და სერიოზული, თავად გადაწყვეტს, რა სჭირდება.
– შენ ნუ ერევი.
– ღმერთმა დამიფაროს... პირიქით, შენც გთხოვ, არ ჩაერიო... და ძალიან მინდა, სახლში დავბრუნდეთ.
– ასე რატომ გეჩქარება?
– ახლა ამაზეც რამე არ იეჭვიანო. უბრალოდ, მინდა, რამე საქმეს მოვკიდო ხელი – ვისწავლო ბოლოს და ბოლოს, როგორც შენმა შვილმა მირჩია. ძალიან გთხოვ, ნუღარ გადავდებთ... ხვალვე წავიდეთ.
ნანა წყალზე „დაწვა“ და თვალები მილულა, ლევანისთვის აღარაფერი უთქვამს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში