ბერიას მიერ საგანგებოდ კულტივირებული ჩაის უმაღლეს ჯიშს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სვამდა
„იქ, სადაც ადრე კიოდა ტურა,
ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა“
ლავრენტი ბერიას საქართველოში მოღვაწეობის ყველაზე დიდი წარმატება ქვეყნის აგრარულ, მოწინავე რესპუბლიკად გადაქცევა იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩამორჩენილი, უღარიბესი პერიფერიული რესპუბლიკიდან საქართველო ძალიან მოკლე დროში მოწინავე, საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. პროფესორი სერგეი ანდრეევი წერს: „ოციან წლებში, როდესაც ბერია საკმაოდ მყარად დამკვიდრდა, როგორც რესპუბლიკის პარტიული მეთაური და სახალხო ლიდერი, „ჩეკას“ ყოფილმა უფროსმა თავისი ძველი კოლეგები, ამჟამად კი მისი ხელქვეითები, დაიბარა. გამოცდილ ქართველ კონტრმზვერავს, პოლკოვნიკ ოთარ შონიას კი უთხრა:
– ოთარ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო დავალება უნდა მოგცე და ნუ გაგეცინება.
– რას ბრძანებთ, ლავრენტი პავლოვიჩ. ყურადღებით გისმენთ, ბრძანეთ, – იუხერხულა პოლკოვნიკმა, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია ყოფილი, მრისხანე შეფის სიტყვებზე გასცინებოდა.
ბერიას თავად გაეცინა და შონიას უთხრა:
– ოთარ, შენი ბიჭები ხომ არიან ძველებურ ენერგიაზე? მე თურქულ საქმეს ვგულისხმობ, – ბერია ერთ ოპერაციას გულისხმობდა, როდესაც შონიას სპეცჯგუფმა თურქეთის ქალაქ სტამბულიდან ერთი სამხედრო კონსტრუქტორი გაიტაცა მოწყობილობებითურთ და ბათუმში ჩამოიყვანა. იქიდან კი პირდაპირ მოსკოვში გააქანეს, „ჩეკაში“. სწორედ ამ ოპერაციის წარმატებამ მოუტანა შონიას პოლკოვნიკობა.
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ, ძველებურად მზად არიან ნებისმიერი საქმისთვის, – უპასუხა შონიამ.
– მაშინ, ჩემო კარგო, – გაეცინა ბერიას, – შენ და შენი არწივები ცეილონში უნდა გაემგზავროთ და იქიდან ათიოდე ჩემოდანი ჩაის თესლი ჩამოიტანოთ საქართველოში. მოკლედ რომ ვთქვათ, ოპერაცია „ჩაი“ უნდა განახორციელოთ უმაღლეს დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბერიამ თქვა ეს, ოთარ შონიამ მაინც ვერ შეიკავა ღიმილი. გაეცინა ბერიასაც და პოლკოვნიკს უთხრა:
– ჰო, ნუ გიკვირს. ცეილონიდან უნდა ჩამოიტანოთ ჩაის თესლები. შენ, ალბათ, ფიქრობ, – აიღონ და იყიდონო. მაგრამ, ცეილონის მთავრობა არ ყიდის ჩაის თესლს. ქვეყნიდან თუნდაც ერთი კაკალი თესლის გამოტანა, არც მეტი და არც ნაკლები, სიკვდილით ისჯება. თანაც, განაჩენის აღსრულება სამ დღეში ხდება.
– სიკვდილით სჯიან?! – გაოცდა შონია.
– ნუ გიკვირს. ჩაი ცეილონის სტრატეგიული პროდუქტია და ქვეყნის შემოსავლის სამოცდაათ პროცენტს მოიცავს. ხომ ხვდები ახლა?
– ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაილაპარაკა შონიამ.
– ჰოდა, ხომ წარმოგიდგენია, თუ რა ტოტალური კონტროლი ექნება დაწესებული იქაურ უშიშროებას. შეძლებთ?
– შევძლებთ, – მტკიცედ თქვა შონიამ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩეკისტებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ.
ერთი თვის შემდეგ შონიამ და მისმა სპეცჯგუფმა ცეილონიდან თორმეტი უზარმაზარი ჩემოდანი ჩამოიტანა, ჩაის კაკლებით სავსე. მათ ცხრამთასიქითა ქვეყანაში, მართლაც რომ, უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. ძვირფასი ნადავლი თორმეტი ქვეყნის გავლით ჩამოიტანეს თბილისში და ბერიას პირდაპირ კაბინეტში მიუტანეს... სხვათა შორის, ოპერაცია „ჩაისთვის“, ხრუშჩოვის „გენიოსმა“ გამომძიებლებმა უკვე მოკლულ ლავრენტი ბერიას უაბსურდულესი ბრალდება წაუყე ნეს. საქართველოს აგრარულ ამღორძინებელს ჩაის ამბავი გაუხსენეს და ქურდობაში დასდეს ბრალი... თუმცა, მოგვიანებით, ეს სისულელე საქმიდან ამოიღეს. როგორც ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი გამოჩნდა გამომძიებლებს შორის და უფროსობა დაარწმუნა, რომ ბერიასთვის ჩაის თესლების ქურდობის ბრალდების წაყენება დიდი აბსურდი და წამგებიანი სვლა იყო.
ყოჩაღ ჩეკისტებს ბერიამ კაბინეტშივე გამოუწერა დიდი ფულადი პრემიები. მოგვიანებით, მათ ძვირფასი საჩუქრებიც გადასცა. ოთარ შონიას კი ბრიგადის გენერლობა მიანიჭა. შემდეგ ბერიამ თავის თანაშემწეს დაავალა, რომ მეორე დღისთვის თბილისში დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის რაიკომის მდივანი და კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამოეძახებინა საგანგებო თათბირზე. მართლაც, მეორე დღეს ბერიას კაბინეტთან მთელი დასავლეთ საქართველოს პარტიულ-სამეურნეო ელიტა შეიკრიბა და იმდენი მოგროვდნენ, რომ „პირველის“ კაბინეტში ვერ დაეტიენ და საგანგებო თათბირის ჩატარება სააქტო დარბაზში გახდა აუცილებელი.
ფუნქციონირებით სავსე დარბაზში რომ ბერია შევიდა და პრეზიდიუმში, უზარმაზარ მაგიდასთან მარტომ დაიკავა ადგილი, ფეხზე წამოჭრილმა დამსწრეებმა მხურვალე ტაში დასცხეს. ბერიამ ხელით მიუთითა – დასხედითო. შემდეგ, თანაშემწეს რაღაც ანიშნა და ორიოდე წუთის შემდეგ უზარმაზარი მაგიდა მოპარული ჩაის დაპაკეტებული ტომრებით აავსო. თითოეულზე იმ რაიონის დასახელება ეწერა, სადაც ჩაის კულტურები უნდა დაეთესათ. ბერიამ გაოცებულ და პირდაღებულ შეკრებილებს მიმართა:
– ამხანაგებო, აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ჩაის კულტურის მასობრივი კულტივაციის ამბავი შეგატყობინოთ. მომავალი წლიდან ჩაი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი უნდა გახდეს. აქ უმაღლესი ხარისხის ჩაის თესლებია და თითოეულ პაკეტს შესაბამისი რაიონის სახელი აწერია, სადაც ის უნდა დაითესოს. აბსოლუტური პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით გამცნობთ, რომ თითოეულ ჩაის კაკალს ოქროს ფასი აქვს და არცერთი არ უნდა გაფუჭდეს. ყოველი მათგანისგან სრულფასოვანი, მაღალი ხარისხის ჩაის ბუჩქი უნდა გაიზარდოს. ხოლო, ვინც ვერ შეასრულებს სახელმწიფო შეკვეთას, იმას დავსჯით. გახსოვდეთ, ამ პროცესს პირადად გავაკონტროლებ.
ბერიას სიტყვებზე დარბაზი გაისუსა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ბერია დანაპირებს ყოველთვის ასრულებდა.
ბერიამ შეშინებულ დარბაზს გადახედა და ტონი შეარბილა:
– აბა, მეგობრებო, თამამად ამობრძანდით სცენაზე და ჩაიბარეთ „მწვანე ოქრო“.
ტერმინი „მწვანე ოქრო“ ბერიას შემოტანილი და დამკვიდრებულია, რომელსაც ქართველები დღემდე იყენებენ. თუმცა, ჩაის კულტურა საქართველოში, ფაქტობრივად, მოსპობილია...
ბერიას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და თანაც, ისეთი, რომელსაც თავად ლავრენტი პავლოვიჩიც კი ვერ წარმოიდგენდა. რამდენიმე წელიწადში, საქართველოში ჩაის მწვანე პლანტაციები აბიბინდა და იმდენი ჩაი მოჰყავდათ ქართველებს, რომ მთელ საბჭოეთს ამარაგებდნენ. ჩაის სპეციალური, უმაღლესი ჯიში, რომელსაც ბერიამ „საქართველოს ბუკეტი“ უწოდა, ბრიტანეთის სამეფო კარზე იგზავნებოდა და მას ბუკინგემის სასახლეში სვამდნენ“.