როგორ გადაარჩინა სტალინი სიკვდილს წმიდა სახარებამ
სტალინის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, რომელიც „მახლობელ აგარაკზე“ (კუნცევოში) მდებარეობდა (დღემდე ხელუხლებელია) უამრავ უნიკალურ გამოცემას შორის არის ისტორიული მნიშვნელობის წიგნი, რომელსაც საბჭოთა ბელადი თავისი „სიცოცხლის წიგნს“ უწოდებდა. ესაა 1900 წელს გამოცემული სახარების წმიდა ოთხთავი, სანკტ-პეტერბურგში დაბეჭდილი მუყაოსყდიანი წიგნი, რომელიც თითქმის ბოლომდეა ირიბად გახვრეტილი და, როგორც ისტორიკოსი ანატოლი გვოზდევი ანიშნავს, სტალინისა და მთელი მომდევნო საბჭოთა ისტორიის ფარია... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი გვოზდევი წერს: „... 1905 წელს ბაქოდან თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოვიდა იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა, რომელიც რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიის მიერ იყო ძებნილი აზერბაიჯანის დედაქალაქში საპროტესტო მუშათა გამოსვლისა და ანტიმეფური აგიტაცია-პროპაგანდის გამო. 25 წლის კობა თბილისში არჩილ გიგუაშვილის საბუთით ცხოვრობდა მთაწმინდაზე, თან არალეგალური ლიტერატურა და სააგიტაციო ფურცლები ჰქონდა ჩამოტანილი ბაქოდან, რომლებსაც ავრცელებდა მუშებში და თავისი მეგობრების მეშვეობით თბილისის ქუჩებში აკრავდა. 19 თებერვალს თბილისში სველი თოვლი მოვიდა და ისე ყინავდა, მთელი ქალაქი ყინულით დაიფარა. სტალინის სააგიტაციო-პროპაგანდისტული ჯგუფი ქალაქში იყო გამოსული და გოლოვინის გამზირზე (რუსთაველის გამზირი) მეფის საწინააღმდეგო ფურცლებს აკრავდნენ. მათ ფურცლების გაკვრა ღამის პირველ საათზე დაიწყეს და ორ საათში ერევნის მოედნიდან (თავისუფლების მოედანი) ვერის ბაზრამდე მთელი კედლები აკრძალული შინაარსის ფურცლებით იყო აჭრელებული. სამუშაოს რომ მორჩნენ, სტალინის ხელქვეითები ღვინის (ელბაქიძის) დაღმართზე დაეშვნენ და ვორონცოვის მოედნისკენ აიღეს გეზი, კობა კი მთაწმინდისკენ გაემართა დინჯი ნაბიჯებით. ოპერის თეატრთან მას კაზაკთა პატრული წამოეწია – ისინი ჟანდარმერიის ბრძანებით სასწრაფოდ გამოიყვანეს ქალაქში „აბლავების“ მოსაწყობად, რადგან კედლებზე გაკრული ფურცლების შესახებ ჟანდარმერიამ შეიტყო და მყისიერი რეაგირება მოახდინა. „ჩერქეზკაში” გამოწყობილი, შავ ცხენზე ამხედრებული, ფაშფაშა ულვაშიანი იასაული ქურქში გამოწყობილ ახალგაზრდას (სტალინს) წამოეწია, გააჩერა და ჰკითხა, საით გაგიწევიაო.
– სახლში. დეპოს მუშა ვარ. საღამოს ცვლაში ვიყავი და სამუშაოდან ვბრუნდები, – ამომწურავი პასუხი გასცა სტალინმა იასაულს. მან კი ეჭვის თვალით შეათვალიერა ღამის მგზავრი და საბუთი მოსთხოვა, თუმცა არჩილ გიგუაშვილის გვარზე გაცემულ მოწმობას არ ენდო და „დეპოს მუშა“ ჟანდარმერიის სამმართველოში წაიყვანა, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასთან მდებარეობდა. მოგვიანებით სტალინი ასე იხსენებდა ამ ეპიზოდს მწერალ კონსტანტინ სიმონოვთან პირადი შეხვედრის დროს: „მიუხედავად არჩილ გიგუაშვილის გვარზე გაცემული „სუფთა საბუთისა“, ვიფიქრე, რომ კატორღა არ ამცდებოდა. ჟანდარმერიის სამმართველოში იყო ერთი კაცი, მაიორი ვასილ ლენსკი, რომელიც თვალდახუჭულიც კი მიცნობდა და, საკმარისი იყო, თვალი შეევლო ჩემთვის, რომ არანაირი „სუფთა საბუთი“ აღარ მიხსნიდა. ლენსკი ძებნის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ის პირადად დამდევდა ხოლმე და მთელ კავკასიაში ბევრჯერ მყავდა გაბითურებული და საშინლად გამწარებული. გაქცევას ვერ ვახერხებდი – მე ფეხით ვიყავი, წრეში კი ცხენებზე ამხედრებულ და კბილებამდე შეიარაღებულ კაზაკებს ვყავდი მოქცეული. მათ შეყენებული იარაღები ჰქონდათ მზადყოფნაში და, ზედმეტი მოძრაობაც რომ დამეპირებინა, მესროდნენ...“
არჩილ გიგუაშვილი, სინამდვილეში კი ძებნილი კობა, ჟანდარმერიის სამმართველოში მიიყვანეს კაზაკებმა, მორიგეს ჩააბარეს და პატრულირებისთვის ქალაქში დაბრუნდნენ. ჟანდარმერიის მორიგემ, კაპიტანმა საველი ბოლდინმა, ახალმოყვანილის საბუთები გადამოწმა და ხინჯი რომ ვერ უპოვა, უთხრა:
– დილით გაგიშვებ. მაიორი მოვა, დაგხედავს და გაგათავისუფლებს.
სტალინი მიხვდა, რომელ მაიორზეც იყო საუბარი, მაგრამ არ შეიმჩნია და ბოლდინს ჰკითხა:
– ვინ მაიორი, კაპიტანო?
– მაიორი ვასილ ლენსკი. ის ჩვენი ძებნის სამსახურის უფროსია და მის გარეშე აქედან ფეხს ვერ გაადგამ.
კობას, ერთი მხრივ, გაუხარდა, ლენსკი ადგილზე რომ არ დახვდა; მეორე მხრივ კი – არა, რადგან ის დილით მოვიდოდა, დაკავებულს ამოიცნობდა და გააციმბირებდა. ამიტომ, სტალინმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჟანდარმერიიდან ლენსკის მოსვლამდე გასულიყო და ბოლდინს უთხრა:
– კაპიტანო, მეწყვილე გყავს?
– მყავს. რატომ მეკითხები? – მიუგო ბოლდინმა. კობას კი ჩაეცინა და თქვა:
– ესე იგი, შეგიძლია, რომ ოთხი-ხუთი საათით აქ სხვა დატოვო?
– შემიძლია. რაშია საქმე?
– კარგი ქალები თუ გიზიდავს?
– მიზიდავს. რატომ მეკითხები?
– მოდი, ასე ვქნათ, – უთხრა კობამ ბოლდინს, – ახლა ჩემთან წავიდეთ. მე მარტოხელა ვარ და სახლში ორი ბალერინა მყავს. დილამდე დრო გავატაროთ მათთან, ლენსკის მოსვლამდე კი უკან დავბრუნდეთ, რომ უკვე მან გამომიშვას ოფიციალურად. დროსაც გაგატარებინებ და ერთ ოქროს თუმნიანსაც გაჩუქებ. გაწყობს?
მორიგე კაპიტანი ისე გააბრუა სტალინის სიტყვებმა, რომ დაეთანხმა, შემდეგ თავისი მეწყვილე გააღვიძა. ათ შაურს (ორმოცდაათი კაპიკი) შეჰპირდა დუმილის სანაცვლოდ და დაკავებულ სტალინთან ერთად დროის გასატარებლად და ოქროს თუმნიანის მისაღებად გავიდა ჟანდარმერიიდან. სტალინი, რომელიც ბრწყინვალედ იცნობდა ძველი თბილისის ყველა ქუჩას, პატარა სამების ეკლესიასთან (ამჟამინდელი ვაჩნაძის ქუჩა), პატარა ჩიხში გაექცა კაპიტანს, საპირისპირო მიმართულებით აიღო გეზი და ავლაბარში წავიდა. სქელი ქურქის მარცხენა შიდა ჯიბეში კი გაქცეულ კობას სახარების წმიდა ოთხთავი ედო. წიგნს ჟანდარმერიის სამმართველოს შტამპი ერტყა და მას დაკავებულებს აძლევდნენ საკითხავად, რომ, როგორც ჟანდარმები ამბობდნენ, სინანული ეგრძნოთ.
ავლაბრის აღმართზე კობას კვლავ კაზაკთა პატრული შეეჩეხა... ამ მომენტს იმავე კონსტანტინ სიმონოვთან საუბარში სტალინი ასე ყვებოდა: „აღმართი რომ ავიარე, ჩემგან ოციოდე მეტრში კაზაკების ცხენოსანი პატრული გამოჩნდა და მათაც შემამჩნიეს. დამიძახეს, მაგრამ მათთან მეორედ შეხვედრა ისევ ჟანდარმერიაში მიყვანითა და ჩემი გაციმბირებით დასრულდებოდა. ამიტომ გაქცევა დავაპირე. მათ კი სროლა ამიტეხეს და ვიგრძენი, რომ ერთმა ტყვიამ მიზანს მიაღწია – მარცხენა მკერდში მომხვდა, მაგრამ არ წავქცეულვარ. ადგილს მოვწყდი, ჩიხში შევვარდი და ჩემი მეგობრის, ფილიპე მახარაძის კონსპირაციულ ბინაში მივედი, რომელიც ავლაბარში მდებარეობდა.
სწორედ ფილიპე მახარაძის ბინაში აღმოაჩინა გაქცეულმა კობამ, რომ გულის ჯიბეში ჩადებული ოთხთავი მაუზერის ტყვიით იყო გახვრეტილი და სწორედ ამ წიგნმა იხსნა ის უეჭველი სიკვდილისგან... ოთხთავის 1900 წლის გამოცემამ სამუდამოდ დაიდო ბინა მის ბიბლიოთეკაში და საბჭოთა ბელადს არაერთხელ უთქვამს, წმიდა წერილმა მიხსნა სიკვდილისგანო...
P.S. კაპიტანი ბოლდინი ჟანდარმერიაში სამსახურის გამო 1937 წელს ციხეში იჯდა. უკვე გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს, მან შეწყალების თხოვნა მისწერა და მისი ჟანდარმერიიდან გათავისუფლების ისტორია გაახსენა. საბჭოთა ბელადმა კი ასეთი რეზოლუცია დაადო შეწყალების თხოვნას: „უარი ეთქვას. ბოლდინი მექრთამე და ამორალური ადამიანი იყო და მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებდა“...