როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თამაზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი თამაზი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ქართულად „ძლიერ ცხენს” ნიშნავს.
თამაზ ბარათაშვილი მოიხსენიება 1689 წელს, ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ პაპუნა ბარათაშვილისთვის მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
გვარი თამაზაშვილი ბევრი თავადური საგვარეულოდან იღებს სათავეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 1 532 თამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 418, საგარეჯოში – 204, ქობულეთში – 196. არიან სხვაგანაც.
სვიმონიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სიმონი, რაც ებრაულად „შემსმენს”, „გამგონს” ნიშნავს. სახელ სიმონის ძველი ფორმაა სვიმონ.
სვიმონიშვილი არის, ასევე, აბაშიძეთა შტო-გვარი. ამავე ძირისაა გვარი სიმონმღვდლიშვილი.
საქართველოში 497 სვიმონიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 143, გურჯაანში – 91, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.
ბიბილაშვილი
გვარ ბიბილაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი ბიბილა.
1716 წელს ვენახის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია ბიბილაშვილი, რომელიც ჩიტუა გიორგაშვილმა მისცა თავის ბატონს, ვინმე ლევანს.
მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი.
ამავე ძირისაა გვარები: ბიბილაური, ბიბილური, ბიბილურიძე, ბიბილია.
საქართველოში 1 922 ბიბილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 648, გორში – 519, დუშეთში – 118. არიან სხვაგანაც.
ჩუბინიძე
გვარის ფუძეა ჩუბინი. ჩუბინი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს მარჯვე მსროლელს.
1871 წელს სოფელ ბოგვში მოიხსენიება ვინმე გიორგი ჩუბინიძე.
ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარია.
საქართველოში 5 139 ჩუბინიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 026, ჭიათურაში – 974, ქუთაისში – 840. არიან სხვაგანაც.
კეკელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კეკელა, რომლის შემოკლებული ფორმაა კეკე. ეს სახელი ქართულია და ლამაზს, მშვენიერს ნიშნავს. ის ადრე როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის სახელად მოიხსენიებოდა.
ეს სახელი დაედო ფუძედ გვარ კეკელაშვილს.
აბრამ კეკელაშვილი მოიხსენიება სოფელ საღარაშენში, 1873 წელს, კამერალურ აღწერაში.
წინწყაროელი კეკელაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.
საქართველოში 252 კეკელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 125, გორში – 65, კასპში – 35. არიან სხვაგანაც.
სურამელი
გვარის ფუძე გამხდარა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა.
„როსტომ მეფის მიერ 1658 წელს, ენაგეთში თავის დისწულ არანბეგასთვის ნაბოძებ გლეხებს შორის მოიხსენიება დათუნა სურამელი”.
სურამელები მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო. საგვარეულოს სახელი მათი მამულის სახელიდან, კერძოდ, სურამიდან მომდინარეობს. უმეფობის ხანაში, როცა მონღოლებმა დუმნებად დაყვეს საქართველო (ეს გახლდათ მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლები), ქართლის დუმნისთავად გრიგოლ სურამელი დანიშნეს.
„სურამელი ბეგა მეორე, საქართველოს მეფეების – დავით მეექვსე – ნარინის, დავით მეშვიდე – ულუს, დემეტრე მეორისა და დავით მერვეს – ლარის მოხელე, ვაზირი და მსახურთუხუცესი, იყო გრიგოლ სურამელის ძე”.
საქართველოში 347 სურამელი ცხოვრობს. გორში – 275, თბილისში – 51, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების