როდის შეიძლება შვიდგზის ზეთისცხებას ცუდი შედეგი ჰქონდეს და ვის არ ურჩევენ სასულიერო პირები ამ საიდუმლოში მონაწილეობას
ზეთისცხების საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოები, იესო ქრისტემ დააწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“. წმიდა მოციქული იაკობი ამბობს: „უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ ზეთი სახელითა უფლისათა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, და რაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მიეტეოს მას.“ დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფის სახლში – წლის ნებისმიერ დროს. ეკლესიაში ზეთისცხებას მორწმუნეები, ძირითადად, ცოდვათა მიტევებისთვის ესწრებიან, ან განსაკურნებლად სულისა და ხორცისა. სასურველია, მორწმუნემ ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დიდმარხვაში აღესრულება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო, რომელში მონაწილეობასაც განსაკუთრებული წესები აქვს. ძველ დროს ქრისტიანები მარხვისას სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა. თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ადამიანის სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ, საკვები გონებასაც სჭირდება. მამები გვირჩევენ, რომ მარხვის დროს სულიერი ძალისხმევა რაღაც წმიდა სულიერზე მივმართოთ.
– მამაო, საიდან იღებს ზეთისცხების საიდუმლო სათავეს, რატომ აღესრულება ის დიდ მარხვაში და რატომ არის მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?
– ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში, თუ ადამიანი ავად იყო, კვირეულის შვიდი დღის განმავლობაში შვიდი მოძღვარი მიდიოდა მასთან, უკითხავდა ლოცვებს და სცხებდა ზეთს. დღეს, შეიძლება, შვიდივე მოძღვარი ერთ დღეს შეიკრიბოს და სცხონ ღვინოში გარეული ზეთი. ხშირად ქრისტიანები ამ საიდუმლოში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას: ჯერ ერთ ეკლესიაში იცხებენ ზეთს, მერე – მეორე ეკლესიაში. ბუნებრივია, არავინ უკრძალავს მათ ამ საიდუმლოში მონაწილეობას, მაგრამ, ძველად, გამოცდილი მოძღვრები ზეთს ერთხელ სცხებდნენ, რადგან, საკმარისია, ღვთის ნება ერთხელ გამჟღავნდეს. თუ ერთხელ იცხე ზეთი და არ განიკურნე, ესე იგი, ჯერჯერობით არ არის უფლისგან დაშვებული შენი განკურნება. ამიტომ, მეორედ და მესამედ ზეთისცხებაზე მისვლა ნიშნავს უფლის გამოცდას, ეჭვის შეტანას ღვთის განგებულებაში. ამიტომ, სასურველია, ერთხელ მივიღოთ ამ საიდუმლოში მონაწილეობა რწმენით, მარხვითა და ლოცვით და არა ურწმუნოებით ან მცირედ მორწმუნეობით, სინანულის გარეშე.
– დღეს არსებობს შეხედულება, რომ ადამიანს შვიდგზის ზეთისცხების დროს დავიწყებული ცოდვები მიეტევება. ეს შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს?
– ეს არ არის ეკლესიური სწავლება. ეს ხალხური გადმოცემაა. როგორ შეიძლება, ადამიანს რაღაც დაავიწყდეს და ის ეპატიოს?! თუ ადამიანმა გააზრებულად არ აღიარა თავისი ცოდვები, მას შენდობა არ ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდუმლო ერთმანეთისგან გამომდინარეობს, რადგან, თუ ნათელღებული არ ხარ, მაშინ სინანულში ვერ იქნები; თუ სინანულში არ ხარ, ზიარებას ვერ მიიღებ; თუ სინანული და ზიარება არ გაქვს მიღებული, მაშინ, ბუნებრივია, ვერც ზეთისცხების საიდუმლოში მიიღებ მონაწილეობას და, რაც მთავარია, ცხონებაზე პრეტენზია ვეღარ გექნება. შვიდგზის ზეთისცხების დროს შვიდი ადგილი იკითხება სახარებიდან, შვიდი საქმე წმიდათა მოციქულთა. ესენი ამოკრებილია წმიდა მამების მიერ და ეხება განკურნებას, სულის სიძლიერეს. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებსა და ყველა უვერცხლო მკურნალს. თუ შენ ამ ყველაფერში არ მიგიღია მონაწილეობა, მარტო მაგიურად ზეთისცხება არ არის საკმარისი. თუმცა, თუ ადამიანს აქვს დიდი რწმენა, შეიძლება, ასეც განიკურნოს, მაგრამ, მე ვგულისხმობ იმას, რომ, მაშინ, მოძღვრებს ტყუილად ულოციათ და ტყუილად მიუღიათ ამ ლოცვებში მონაწილეობა. სასურველია, ადამიანმა თავიდან ბოლომდე მოისმინოს ეს ლოცვები, სახარება, რამეთუ ადამიანი იკურნება და იწმიდება ღვთის სიტყვის მოსმენითა და წაკითხვით. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გაუცნობიერებელ ზეთისცხებას, შეიძლება, ცუდი შედეგი მოჰყვეს. ბევრი ქრისტიანი დიდ საიდუმლოებებში მაგიურად, გაუცნობიერებლად, ლოცვის გარეშე იღებს მონაწილეობას, რაც, შეიძლება, მისთვის სავალალო აღმოჩნდეს. ყველას არ ვურჩევთ ამ საიდუმლოში მონაწილეობას. ვინც მარხულობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება, მათ უნდა მიიღონ ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა, რადგან, როგორც ევქარისტული კანონი დამოკიდებულია სინანულის საიდუმლოზე, აღსარებაზე, ისე ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ქრისტიანს, რომელიც მარხულობს და გააჩნია სინანული. დღეს, სამწუხაროდ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან, ყველაფერში მართლები არიან. ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, ის ვერაფერს მიიღებს ღმერთისგან. შესაბამისად‚ მან საკუთარი გონება ნულ ჯგუფში უნდა ჩააყენოს და თქვას: მე ვარ უმეცარი, არარაობა, დაცემული, ცოდვილი, განშორებული უფლის წიაღიდან და მჭირდება უფლისგან მიღება. ანუ, ადამიანი გლახაკი უნდა იყოს სულით. მაგრამ‚ თუ მას ჰგონია, რომ ის ადამიანური სიბრძნითაა განმსჭვალული და ბევრი იცის, როგორც ეს ზოგ თანამედროვე მოაზროვნესაც ეგონა და ჰგონია, ბუნებრივია‚ ის დარჩება თეოფანიის გარეშე. თქვენ გინახავთ, როგორ ზეიმობენ ზოგიერთები შობას, აღდგომას და შემდეგ ისევ წარმართულ ცხოვრებას განაგრძობენ. თუ შენ კიდევ ეძებ ვინმე გადამრჩენელს, მესიას, ლიდერს, ბელადს, ბუნებრივია‚ ყოველთვის იქნები იმედგაცრუებული – სხვადასხვა ბელადით შეიცვლება ჩვენი სასოება და ოცნება. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: თუ ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება, ის იქნება ცრუ სწავლებით შეპყრობილი. ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობდნენ: ჩვენ ვიხილეთ ღმერთი. რადგან უფალი დედამიწაზე ადამიანის სახით, განკაცებული მოვიდა, ამიტომ შესაძლებელი გახდა მისი ხილვა. მაცხოვრის ადამიანური ბუნება ფარავდა მის ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის კი მაცხოვარი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. მეორედ მოსვლის დროს კი, უკვე ყველასთვის ხილული და განცხადებული გახდება იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მოვა ის დიდებით.