მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უფლის მწამს. სულ დავდივარ ეკლესიაში და სანთლებს ვანთებ. ვიცავ ათ მცნებას, მაგრამ მარხვას არ ვიცავ. ვცოდავ თუ არა ამით?
პასუხი: როდესაც ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და ეკლესიური ცხოვრება სურს, თუ მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა დაიცვას მარხვა, უნდა თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
კითხვა: გავიგე, რომ ჩემს წინაპარს დიდი ცოდვა ჰქონია ჩადენილი (ეკლესიიდან ზარები ჩამოუხსნია). მირჩიეთ, როგორ გავთავისუფლდე ამ ცოდვისგან?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ წინაპრის ცოდვა არ გადადის შთამომავალზე, თქვენ აუცილებლად უნდა შეუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას; მოძღვრის წინაშე აღიაროთ ცოდვები, მიიღოთ შენდობა და ილოცოთ თქვენი წინაპრების სულებისთვის.
კითხვა: მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ მოვუარეთ ლოგინად ჩავარდნილ მოხუც მშობელს და მოხუცებულთა სახლში გადავიყვანეთ, სადაც ის, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. ითვლება თუ არა ცოდვად ეს საქციელი და როგორ გავთავისუფლდე ამისგან?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით, რომ, როდესაც ბერძნებმა ტროა აიღეს, ტროელებს ნება დართეს, აეღოთ მხოლოდ ერთი საგანი და ისე დაეტოვებინათ ქალაქი. ენეოსმა მხარზე მოხუცი მამა შეისვა, რომელიც ლოგინიდან ვერ დგებოდა და ამით აგრძნობინა განცვიფრებულ ბერძნებს, რომ ეს იყო მისი ყველაზე დიდი განძი. რაც შეეხება თქვენს საქციელს, უპატიებელი ცოდვა არ არსებობს, მაგრამ ცოდვა უნდა მოინანიოთ. ილოცეთ თქვენი მშობლის სულის საოხად, დაეხმარეთ ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთა შორის სიმბოლურად თქვენს მშობელს დაინახავთ.
კითხვა: რით არის სასარგებლო სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება?
პასუხი: როცა მორწმუნე სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, მას არ ეკარება არაწმიდა სული. სული და ხორცი იკურთხება, გონება ნათლდება უფლის სამსახურისთვის და ადამიანი განეწყობა მარხვისთვის, ლოცვისთვის და კეთილზნეობისთვის.
კითხვა: რომელი ფსალმუნი ვიკითხოთ, როდესაც სახლში ავადმყოფი გვყავს?
პასუხი: შეგიძლიათ ნებისმიერი ფსალმუნის წაკითხვა მოძღვართან შეთანხმებით.