კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ყარაბაღის ომი რუსეთსა და თურქეთს შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის სისხლით ურთიერთობის გარკვევა

თითქოს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების განახლება იმ მარტივი მიზეზით, რომ გაყინული კონფლიქტი, ადრე თუ გვიან, უნდა გალღვეს. თუმცა ყარაბაღის ტერიტორიაზე შექმნილი საომარი ვითარება არ ტოვებს მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შთაბეჭდილებას. თუ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ მწვავე გაუგებრობას გავიხსენებთ, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთი და თურქეთი სწორედ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეშვეობით არკვევდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი, არის თუ არა ეს თურქეთის შურისძიება რუსეთისადმი, თუ რუსეთის ფედერაცია მოწადინებულია, თავისი სამშვიდობო კონტინგენტი ჩააყენოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში? –  ამ და სხვა შეკითხვებს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი უპასუხებს.
– რაკი ბაშარ ასადის არმია აღწევს წარმატებას ახლო აღმოსავლეთში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ, ამის საპასუხოდ თურქეთი აზერბაიჯანის ხელით ცდილობს, ანგარიში გაუსწოროს რუსეთს და ომის თეატრმა გადმოინაცვლა სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთი და თურქეთი სხვა მონაწილეების გარეშე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს? თუ ყარაბაღის კონფლიქტი მაინც განახლდებოდა?
– მოსალოდნელი იყო ყარაბაღის კონფლიქტის განახლება და ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. მაგრამ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ სირიაში პროცესები დააჩქარა. გავიხსენოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ ყარაბაღის კონფლიქტის განახლებას: რამდენიმე ხნით ადრე ილჰამ ალიევს ესტუმრა ერდოღანი, რომელმაც თურქეთიდან ბაქოში ჩასვლამდეც და ბაქოდან თურქეთში დაბრუნების შემდეგაც გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანი არის თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი და თურქეთი მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთში აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქაც რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყვიტოს სამხედრო გზით. რა თქმა უნდა, პროვოკაცია მოხდა და აი, აქ მეორე სერიაა უკვე.
– პროვოკაცია რომელი მხრიდან?
– როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, სომხური მხრიდან. სომხეთს არაერთხელ გაუკეთებია იგივე, აზერბაიჯანი კი არ პასუხობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ელოდა ამ პროვოკაციას, თუმცა აუცილებლადაა გასარკვევი, რა ტიპის პროვოკაცია მოხდა და ვინ იდგა ამის უკან. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა მთელი ძალით მიიტანა იერიში, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, როდესაც წერტილოვანი დარტყმებით პასუხობდა, ყარაბაღში დაიკავა აზერბაიჯანელებით დასახლებული ყველა ქალაქი თუ სოფელი და აკონტროლებს.
– აქვე შევახსენოთ მკითხველს, რომ ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორია მოიცავს არა მხოლოდ ყარაბაღის ავტონომიას, არამედ საკუთრივ აზერბაიჯანის ხუთ რაიონსაც.
– დიახ და მთავარი სტრატეგიული სიმაღლეა ლაჩინის უღელტეხილი. ვინც მას აკონტროლებს, ის აკონტროლებს პროცესებსაც. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ თქვენი მოსაზრება მართალია და ჩვენც ასე ვფიქრობთ: თუ თურქეთმა გადაწყვიტა, ავტორიტეტი აიმაღლოს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ცდილობს, აზერბაიჯანის მეშვეობით გააძლიეროს გავლენა კავკასიაზე და მაშინ მის ამ მცდელობას საქართველოში მცხოვრები სუნიტი ქართველი მუსლიმანების გააქტიურებაც უნდა მოჰყვეს წესით, რადგან ეს ძალა თურქეთის დასაყრდენია საქართველოში.
– სუნიტი მუსლიმანების, ანუ აჭარის მცხოვრებლების?
– დიახ. მე ვგულისხმობ სუნიტ ქართველებს, თორემ, სუნიტები არიან პანკისელებიც. ამის პარალელურად, ჩრდილო კავკასიაში უნდა გააქტიურდეს არა მარტო პარტიზანული მოძრაობა, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობაც და არა მარტო ჩრდილო კავკასიაში, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუსლიმანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია. მეორე ვარიანტია, თუ რუსეთს უნდა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის სანაცვლოდ ავტორიტეტი აიმაღლოს, მაშინ ეს კონფლიქტი მისი პროვოცირებულია სომხეთის მეშვეობით და რუსეთი ცდილობს, თურქეთი შემოიტყუოს კავკასიის საომარ პოლიგონზე. მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაძაბავს ურთიერთობას და შემდეგ ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარება სომხეთს.
– საქართველოს გავლით.
– სამწუხაროდ, ჩვენი საფრენი სივრცისა და ტერიტორიის გავლით, იმიტომ, რომ ცხინვალიდან ეგრეთ წოდებული „მარშ-ბრასოკი“ უნდა განახორციელოს ახალქალაქისკენ. მაგრამ, ჩვენი აზრით, არის მესამე ვარიანტიც: თუ გაყინული კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიები გადავიდეს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ, ხოლო ეთნიკური სომხებით დასახლებული ტერიტორიები დარჩეს სომხეთის გავლენის ქვეშ. ანუ გაყვეს ყარაბაღი.
– ეს რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი ან რუსეთისთვის, ან შეერთებული შტატებისთვის? გაყოფაზე ხომ რაღაცის სანაცვლოდ ან რაღაცის გამო შეთანხმდნენ?
– ცოტა ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ უახლეს ისტორიას, აფხაზეთში იყო ასეთი ვარიანტი, რომ გუმისთაზე გავლებულიყო სადემარკაციო ხაზი.
– როდესაც გრაჩოვმა შესთავაზა შევარდნაძეს, რომ გუმისთაზე ჩამდგარიყო რუსეთის ჯარი.
– ძალების დაშორიშორება უნდა მომხდარიყო და გუმისთის ხაზზე უნდა გავლებულიყო საზღვარი. მაშინ ბევრი სისხლი იყო უკვე დაღვრილი აფხაზეთში, მაგრამ, როგორც ჩანს, როდესაც პატარა ერების სისხლი იღვრება, ძლიერნი ამა სოფლისანი იძულებულები არიან, რაღაცაზე დათანხმდნენ. მინდა შევახსენო თქვენს მკითხველს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ისლამურ სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესში ადანაშაულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, მაგრამ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა გამოვიდა სამშვიდობო ზავის ინიციატივით რუსეთსა და თურქეთს შორის, რუსეთი უპირობოდ დათანხმდა ამ შეთავაზებას, თურქეთი კი ორჭოფობდა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დროებითი ზავი გამოიყენა იმისთვის, რომ სირიაში ცოცხალი ძალის შეყვანისთვის თავი აერიდებინა. მას ეშინოდა, სირიაში არ ჩაეთრიათ კონფლიქტში და, შეგვიძლია, ვთქვათ, ბეწვზე გამოასწრო, რომ მეორე ავღანეთი არ დაუტრიალდა და პარალელურად დარწმუნდა, რომ თურქეთი არ არის აშშ-ის უპირობო გავლენის ქვეშ.
რუსეთი, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდა, რომ თითქოს ის აფინანსებდა და აძლიერებდა სახალიფოს მებრძოლებს. სანაცვლოდ აშშ-მა მიიტანა საავიაციო იერიშები სახალიფოს ყველაზე ძლიერ ფრთაზე, რომელიც დაკომპლექტებული იყო ეთნიკური კავკასიელებით და ეს იერიშები ბევრად უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე რუსეთის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიში. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ეს იყო შვება. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთი ფრთა ალაპარაკდა იმაზე, რომ ამერიკელებთან დიალოგიც შეიძლება, ზავიც, შეთანხმებაც, გარიგებაც და მორიგებაც. თუ გავითვალისწინებთ რუსეთში არსებულ ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ვითარებას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რუსეთი ჩაერიოს ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარეს და, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში შევიდეს აზერბაიჯანთან. ის მოხვდება ალყაში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის –  პლუს განაწყენებული საქართველო. ჩვენც უნდა გაგვანაწყენოს, რადგან, თუ ჩვენ არ გაგვანაწყენებენ, საქართველო თავისი ნებით რუსეთს არც სახმელეთო გზას მისცემს და არც საჰაერო სივრცეს. მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიღაცას უნდა, რაკი სირიაში ვერ ჩაითრიეს რუსეთი სამხედრო კონფლიქტში, ის ჩაითრიონ კავკასიურ კონფლიქტში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩრდილო კავკასიის აფეთქებაც.
– ამიტომაც მეეჭვება, რუსეთის ინტერესი იყოს ომი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, აუფეთქდება ჩრდილო კავკასია.
– აუფეთქდება ჩრდილო კავკასიაც. რატომ ავტეხეთ დიდი განგაში?! იმიტომ რომ, ფაქტობრივად, კავკასიური ომის საფრთხის წინაშე დგას დღეს მთელი კავკასია. მადლობა ღმერთს, რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე ალაპარაკდნენ საფრთხეზე, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავისდა უნებურად ახალ ომში აღმოჩნდეს ჩათრეული, რომელიც, შესაძლოა, მისთვის უფრო საშიში იყოს, ვიდრე სირიის ომი, იმიტომ რომ სირია მაინც მოშორებითაა. რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომში რუსეთის ჩარევას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი სანქციები და კიდევ უფრო გაუჭირდება რუსეთის მოსახლეობასა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც. ის, რაც ახლა ყარაბაღში ხდება, არის აისბერგის წვერი. თუ აზერბაიჯანმა აიღო ის ტერიტორიები, რომლებზეც დავობს და სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და გაჩერდა, მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ ძლიერნი ამა სოფლისანი გარიგდნენ. პოლიტიკაში არსებობს უსიტყვო გარიგებებიც, არ არის აუცილებელი, ვინმემ რუკაზე ფანქრით მოხაზოს ტერიტორია. და კიდევ ერთხელ გავიხსენებ აფხაზეთის ვარიანტს: არც იქ შემოუხაზავს ვინმეს საზღვარი, მაგრამ, როდესაც გუმისთაზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები გაჩაღდა, რუსეთის ინიციატივა იყო ჯარის ჩაყენება და არც დასავლეთი ყოფილა წინააღმდეგი.
– შევარდნაძე ამბობდა, ყარყარაშვილი და ბათიაშვილი იყვნენ წინააღმდეგი და ამიტომ ვთქვი უარიო.
– სქემა ასეთი იყო: გალი-ოჩამჩირე-სოხუმი თქვენს განკარგულებაში იქნება, ომი შეწყდება, სისხლი აღარ დაიღვრება და შემდგომ პოლიტიკური პროცესების მეშვეობით ბევრად უფრო იოლი იქნება დანარჩენ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაო. თქვენ როგორ გახსოვთ?
– მე დასავლეთი არ მახსოვს იმ პროცესში, მაგრამ ამ საკითხზე ველაპარაკე შევარდნაძესაც, ბათიაშვილსაც, ყარყარაშვილსაც და გრაჩოვსაც. შევარდნაძემ თქვა, რომ იმ ორის უარის გამო თქვა უარი შემოთავაზებაზე, ყარყარაშვილმა და ბათიაშვილმა კი თქვეს, რომ ამ წინადადებაზე თანხმობა ნიშნავდა ნახევარ აფხაზეთზე, თუ მთელზე არა, ოფიციალურად უარის თქმასო.
– ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ შევარდნაძეს უნდოდა, მაგრამ ბათიაშვილსა და ყარყარაშვილს დაუჯერა.
– ასევე, შევარდნაძემ დაადასტურა, რომ 1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმზე შეტევის განახლების შემდეგ ცდილობდა, დაჰკავშირებოდა გრაჩოვს, რომ მის წინადადებას დასთანხმებოდა, მაგრამ გრაჩოვი ტელეფონთან არ მოდიოდა –  თანაშემწე მპასუხობდა, ზღვაში ბანაობსო.
– ასე რომ, კავკასიაში საომარ მდგომარეობაში ტერიტორიის გაყოფის პრეცედენტი არსებობს. ამდენად, ალბათ, სწორ გზაზე ვდგავართ, დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს.
– სავარაუდოდ, ჩვენთვისაც კარგი ვარიანტია, თუ გაიყვეს ყარაბაღი მხარეებმა?
– ყარაბაღის გეოგრაფიული საზღვრები და ისტორია ძალიან სადავოა. თუ გაიყო, იმას ნიშნავს, რომ, თუ ყარაბაღზე, როგორც უფრო რთულსა და სადავო ტერიტორიაზე, დაიწყო ასეთი გარიგება, ბევრად უფრო იოლია აფხაზეთსა და ცხინვალში ურთიერთობების გარკვევა, რადგან ჩავთვლით, რომ დასავლეთმა და რუსეთმა დაიწყეს კავკასიაში გაყინული კონფლიქტების მოგვარებაზე ერთობლივი ძალისხმევით ზრუნვა. იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ყარაბაღის მსგავსი სისხლიანი სცენარი არ განვითარდება და ბევრად უფრო ცივილიზებულად შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან ერთმანეთის საჭიროზე მეტი სისხლი დავღვარეთ უკვე. თან, ცხინვალსა და აფხაზეთში სადავო არაფერია არც ისტორიულად და არც გეოგრაფიულად, ეს ორივე ტერიტორია არის საქართველოს ძირძველი პროვინცია. ამდენად, თუ ჩვენი ანალიზი მართებულია, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან ურთიერობას არკვევენ და ეს დაიწყო სირიიდან. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აშშ-სთვის დაენახვებინა, რომ მისთვის ყველაზე საჭირო და ძლიერი პარტნიორი თავადაა და არა ევროპა ან სხვა რომელიმე ქვეყანა. თუ მათი ეს თანამშრომლობა სირიიდან გადმოვიდა კავკასიაში, მივხვდებით იმით, თუ როდის დამთავრდება ყარაბაღის კონფლიქტი. თუ მალე დამთავრდა, არ გამოვრიცხავ, დადგეს ჩვენი რეგიონების სტატუსის საკითხიც და, როგორც ჩანს, ამერიკელები იქნებიან შუამავლები ჩვენსა და რუსებს შორის.

скачать dle 11.3