როგორია ცხოვრების დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით
ქვეყნების შეიარაღებული ძალების მსოფლიო რეიტინგში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები 64-ე ადგილზეა, სომხეთის – 74-ეზე, საქართველოსი კი, სამწუხაროდ, 75-ეზე. ასევე, განსხვავებულია სამხრეთ კავკასიის ამ სამი რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებიც და მოსახლეობის ცხოვრების დონეც. სულ ახლახან საომარი მოქმედებები განახლდა ყარაბაღში, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის სოციალურ ფაქტორებს, რადგან ომის წარმოებას სჭირდება დამატებითი ფინანსები. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შედარებით სოციალურ დახასიათებას.
– იყო დრო, როდესაც საქართველო დომინირებულ როლს ასრულებდა სამხრეთ კავკასიაში. ის ორგანულად მიიჩნეოდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ცენტრად და აქედან იმართებოდა სამხრეთ კავკასია. თუმცა შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტებისაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდა. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი ვარდნა ჰქონდა, როგორიც არ ჰქონია არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს.
– რით იხსნება ეს განსაკუთრებული ვარდნა?
– ორი ფაქტორის თანხვედრა მოხდა: იყო სამხედრო კონფლიქტები, დაწყებული თბილისის ომით და დამთავრებული 2008 წლის აგვისტოს „ბლიცკრიგით“ და მეორე, საქართველო წლების განმავლობაში ორიენტირებული იყო სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების წარმოებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ცენტრი ეუბნებოდა პერიფერიას, საქართველოს, თქვენ არ გჭირდებათ ზრუნვა მარცვლეულისა და სხვა პირველადი უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, თქვენ ხართ საკავშირო დასასვენებელი ადგილი, ამიტომ იზრუნეთ ინფრასტრუქტურისა და სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების განვითარებაზე. ციტრუსებით, მანდარინით, ჩაით, ხილითა და ყურძნით უზრუნველყავით 50-ჯერ დიდი ბაზარი თქვენს მოთხოვნილებებთან შედარებით.
– სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეუბნებოდა იმავეს?
– სომხეთში უფრო განვითარებული იყო მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკური მრეწველობა. სომხეთის ეკონომიკაში მრეწველობის წილი ერთხანს თითქმის ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში, გასული საუკუნის 90-იან წლებს ვგულისხმობ და მანამდეც რეალური სექტორის ტექნიკური დატვირთვა უფრო დიდი იყო. ამას თავისი ტრადიციაც ჰქონდა, რაც გააძლიერა სომხეთში ატომური სადგურის მშენებლობამ. სომხეთი ელექტრონული პროდუქციის მწარმოებელი იყო. რაც შეეხება აზერბაიჯანს: იქ ნავთობის მოპოვებაზე იყო აქცენტი და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი მეზობლის პროდუქციას უფრო მეტი მაზანდა დაედო მსოფლიო ბაზარზე, ხოლო ქართული ციტრუსი, ჩაი და ხილი ადვილად ჩანაცვლდა იმ დიდ ბაზარზე, რომელიც საბჭოთა ბაზრის სახელით იყო ცნობილი. ამიტომ დღეის მდგომარეობით, მაგალითად, ხორბლის თვითუზრუნველყოფის დონე შეადგენს 8 პროცენტს, დანარჩენი შემოგვაქვს. ვითომ აგრარული ქვეყანა ვართ და ვტრაბახობთ, რომ უცხოერ ენაში „გეორგია“ მიწის მუშაკს ნიშნავს, მაგრამ იმავე ევროპაში მოსახლეობის ერთ სულზე ხორბლის, შვრიისა და ჭვავის მოსავალი, დაახლოებით, 700-800 კილოგრამია, ჩვენთან კი, სიმინდს თუ გამოვრიცხავთ, დაახლოებით, 50 კილოგრამიც არ გამოდის ხორბლის მოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე.
– სომხებსა და აზერბაიჯანელებს როგორ აქვთ საქმე მარცვლეულის მხრივ?
– არც მათ აქვთ უკეთესად საქმე, მაგრამ მათ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გამო ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად უდგათ. მათი ეკონომიკების ვარდნის მასშტაბი ნაკლები იყო, ამიტომაც იქიდან ამოსვლის პრობლემებიც ნაკლები ჰქონდათ. თანაც, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგომატარებლების წარმოება: საბჭოთა პერიოდთან შედარებით თითქმის ორ-ნახევარჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს დღეს. ამას დაამატეთ გაზის მოპოვებაც და შეიძლება, ითქვას, რომ აზერბაიჯანი სხვა წონითი კატეგორიის სახელმწიფოა. სპეციალურად ვნახე სავალუტო ფონდის მონაცემები. იქ ცოტა ოპტიმისტური შეფასებებია, მაგრამ მაინც ოფიციალურად, სავალუტო ფონდის მონაცემებით, თუ სამხრეთ კავკასიას მთლიანად 100 პროცენტის დონეზე ავიღებთ, აზერბაიჯანის წილად, დაახლოებით, 75 პროცენტი მოდის, ჩვენს წილად – დაახლოებით, 14-15 პროცენტი, დანარჩენი 10 პროცენტის ფარგლებში კი სომხეთია.
– ამ 75 პროცენტში იგულისხმება გაზიც და ნავთობიც. მათ გარეშე რამდენი იქნება აზერბაიჯანის მაჩვენებელი?
– საკმაოდ დიდი, არანაკლებ 40-45 პროცენტისა.
– მაგრამ ჩვენ მაინც გვისწრებს აზერბაიჯანის ეკონომიკა.
– რა თქმა უნდა, გვისწრებს, სხვათა შორის, 2003 წლამდე საქართველო აზერბაიჯანს უსწრებდა მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტით. მაგრამ 2003 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ამ მაჩვენებლითაც გადაგვისწრო და ცალკეული წლების მიხედვით, აი, მსუყე წლებს რომ უწოდებენ ენერგორესურსებზე მაღალი ფასის გამო, ჩვენზე თითქმის 2,5-ჯერ მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი ჰქონდა აზერბაიჯანს მოსახლეობის ერთ სულზე. შარშანდელი დევალვაციის შედეგად ეს უპირატესობა ისეთი თვალსაჩინო აღარ არის, მაგრამ, დაახლოებით 1,7-ჯერ მაინც გვისწრებს ამ მაჩვენებლით. მისი წილი სამხრეთ კავკასიაში შემცირდა, დაახლოებით, 65 პროცენტის დონეზე, ანუ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ორი მესამედი მოდის აზერბაიჯანზე. საქართველოზე – 21 პროცენტი და სომხეთის წილად – 14 პროცენტი.
– საშუალო ხელფასები როგორ დონეზეა ამ სამ ქვეყანაში?
– ბოლო დრომდე აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი ჩვენზე მაღალი იყო, თუმცა ახლა გვერდიგვერდაა ეს მონაცემები. სომხეთში ჩვენთან შედარებით ნაკლებია საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 15 პროცენტით, მაგრამ საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში დაქირავებით დასაქმებული კონტინგენტი გაცილებით მეტია და, ასევე, მეტია ყოველ ათას კაცზე დასაქმებულთა რაოდენობაც. რადგან ერთია საშუალო ხელფასი: შესაძლოა, ცხრასართულიან შენობაში ერთი ადამიანი მუშაობდეს და მისი ხელფასი იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ ერთი ადამიანის მონაცემი მაინც არ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ ამ კორპუსის მცხოვრებთა შემოსავლებზე. ამიტომ რეალური მდგომარეობის მახასიათებელი აღარ არის საშუალო ხელფასის სიდიდე. წინა პლანზე უნდა გამოვიდეს მონაცემი, თუ როგორია ყოველ ათას კაცზე ხელფასის მოცულობა. ამ მხრივ, საქართველო ამერიკას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თითქმის სამჯერ.
– ამერიკას რომ ჩამოვრჩებით, არა უშავს, აზერბაიჯანს რამდენით ჩამოვრჩებით?
– აზერბაიჯანს ჩამოვრჩებით 1,3-ჯერ მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ხელფასის მიმღებთა რაოდენობით, მაგრამ აქ არ ვადარებთ ხელფასის ოდენობას, რადგან საშუალო ხელფასის მაჩვენებლით აზერბაიჯანი ჩვენ დონეზე ჩამოვიდა.
– იქაც დაიკლო?
– არა მარტო აზერბაიჯანში, ყველა ენერგომომპოვებელ ქვეყანაში ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებამ გამოიწვია მათი გათავისუფლება ეგრეთ წოდებული „ჰოლანდიური დაავადებისგან“. ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში არის უცხოური ვალუტის ჭარბი მასა და ამ მაღალი კურსის გამო სტიმული ეკარგება ადგილობრივ წარმოებას, ამიტომ ქვეყანა გადასულია იმპორტირებული საქონლის მოხმარებაზე. ახლა კი, რადგან აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა, პრინციპით, ზოგი ჭირი მარგებელია, მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, იმიტომ რომ, იმპორტი გაძვირდა. იმპორტის გაძვირება კი გამოიწვევს იმპორტირებული საქონლის მასობრივ ჩანაცვლებას სამამულო პროდუქციით.
– პენსიების მხრივ როგორაა საქმე?
– აზერბაიჯანში პენსიები ჩვენზე მაღალი ჰქონდათ, დაახლოებით, 160 დოლარის ექვივალენტი, სომხეთში კი ჩვენს დონეზე იყო პენსიების სიდიდე. თუმცა ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო აზერბაიჯანში 160-დოლარიანი პენსია ჩამოვიდა 85 დოლარის ექვივალენტზე და თითქმის საქართველოს პენსიას გაუტოლდა. იმას გარდა, რომ აზერბაიჯანში რამდენადმე უფრო მაღალია ფასების დონე, ვიდრე საქართველოში, ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ პენსიის მსყიდველობითუნარიანობა აზერბაიჯანში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
– მონაცემები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი, მართლაც, ავანგარდშია, მაგრამ, ერთი შეხედვით, საქართველო არ ტოვებს აზერბაიჯანზე ღარიბი ქვეყნის შთაბეჭდილებას. ეს როგორ ხერხდება?
– კეთილდღეობა განისაზღვრება არა მარტო მიმდინარე ნაკადებით, არამედ წინა თაობების მიერ დაგროვილი ქონებითა და რესურსებით. დღეს საქართველოში ბევრი ოჯახი სარგებლობს 20-30 წლის წინათ მამა-პაპის მიერ აშენებული სახლებით. ამიტომ ჩვენთან მოხმარება არ არის ნაკლები, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო, მათ შორის, ენერგორესურსების ექსპორტით. მათ ჰქონდათ ამბიცია, რომ აეშენებინათ არანაკლები სიმაღლის ცათამბჯენები, როგორიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია, მაგრამ ნავთობზე ფასის ვარდნამ ამ პროექტებს ფრთები შეუკვეცა. 2015 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია აზერბაიჯანს, მაგრამ 2014 წელს აზერბაიჯანში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო 8 მილიარდი დოლარი, სომხეთში – ნახევარი მილიარდი და საქართველოში – მხოლოდ 1,7 მილიარდი. ქვეყნის მასშტაბებიც რომ შევადაროთ, მაინც გაცილებით მეტი უცხოური ინვესტიცია შედის აზერბაიჯანში მოსახლეობის ერთ სულზე, თუმცა ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ ენერგეტიკულ სექტორზე მოდიოდა.
– საბიუჯეტო სექტორშიც მაღალი ხელფასებია ჩვენს მეზობლებში, ჩვენს მსგავსად?
– დიახ, ოღონდ ეს მხოლოდ ბიუროკრატიის წყალობით არ არის, მაგალითად, აზერბაიჯანში პედაგოგების ხელფასი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. პედაგოგთა ხელფასები მაღალია სომხეთშიც.
– ომის წარმოებას სჭირდება ფინანსები. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი გაუძლებს ომის ხარჯს?
– აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ზრდიდა თავის სამხედრო ბიუჯეტს და მისი სამხედრო ბიუჯეტი, სიდიდით, არანაკლები იყო, ვიდრე სომხეთის მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი. დაახლოებით, 50-ზე მეტი სამხედრო-თავდაცვითი დანიშნულების საწარმოა, რომლებიც უშვებენ იარაღს. ჩვენ ვტრაბახობთ ქართული ჯავშანტრანსპორტიორებითა და ჯავშანჟილეტებით, აზერბაიჯანი კი წყნარად მუშაობს ამ მიმართულებით და საკმაოდ განვითარებული აქვს სამხედრო მრეწველობა. მაგალითად, დღეს ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ირიცხება სამჯერ იმაზე ნაკლები ადამიანი, ვიდრე მონღოლებმა გაიყვანეს მეცამეტე საუკუნეში თავისი დროშების ქვეშ ცხენებითა და საჭურვლით აღჭურვილი მეომარი საქართველოდან. მოგეხსენებათ, სწორედ მონღოლებმა ჩაატარეს მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა 1254 წელს. ციფრის დასახელებისგან თავს ვიკავებ.
– მე დავასახელებ, მაშინ 100 000-მდე მეომარი მიგვიცია მონღოლებისთვის, თუ დღევანდელ რიცხვს გავამრავლებთ სამზე.
– არა, 80 000… აზერაბაიჯანს მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალებში 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. სამხედრო-საზღვაო ფლოტში, დაახლოებით, 8 000, ჩვენ კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯარის ეს სახეობები საერთოდ გავაუქმეთ. ასევე, მათ გაცილებით ძლიერი სამხედრო-საჰაერო ძალები ჰყავთ: ჰყავთ მოიერიშეებიც და აქვთ სხვა ტექნიკაც. ასე რომ, დღეს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ ერთმანეთს, რაოდენობის მხრივ, აზერბაიჯანი და სომხეთი პლუს ყარაბაღი.
– უცნაურია, მაშინ ჩვენ რა პარამეტრით დაგვერქვა „შუქურა“?! თქვით, რომ მოწინააღმდეგეები ღირსეულ მეტოქეობას უწევენ ერთმანეთს. ომის წარმოების პოტენციალი აზერბაიჯანს უფრო აქვს თუ სომხეთს?
– ომის წარმოებისას მნიშვნელოვანია საბრძოლო სულისკვეთება და, როდესაც ის არსებობს, გადამწყვეტი ფაქტორია დემოგრაფიული სურათი. ნორმალურ პირობებში ომის წარმოებისთვის ქვეყანაში შესაძლოა, მობილიზდეს ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტი. მეტის შესაძლებლობა ფიზიკურად არც ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ გააჩნია, თვით დიდ სახელმწიფოებსაც. ამ მხრივ რომ შევადაროთ აზერბაიჯანისა და სომხეთის პოტენციალები, გარე ძალების ჩაურევლობის შემთხვევაში აზერბაიჯანის აშკარა უპირატესობა იკვეთება. აზერბაიჯანში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სომხეთში – 3 მილიონის ფარგლებში. ყარაბაღში კი მოსახლეობის რაოდენობაა 130 000. ამიტომ, დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუ არ იქნა სომხური დიასპორის მხარდაჭერა და გარე ფაქტორები გამოირიცხება, უპირატესობა აზერბაიჯანის მხარესაა. ოღონდ ეს ჰიპოთეტური მოდელია, მაგრამ ხშირად რეალური საბრძოლო მოქმედებებისას გადამწყვეტი არ არის რიცხოვნობა და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე.