ლარი პარტიული არსობისა
„მთავარია, გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული“
ვინაიდან ფული არა მხოლოდ ჯოჯოხეთს ანათებს, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში კარის გასაღებად და იქ დასარჩენადაც მეტად აუცილებელი „ხელის ჭუჭყია“, მის შეგროვებაზე უარს ვერც ჩვენი პოლიტსპექტრი ამბობს.
ვერც ამბობს და რაკი არც უთქვამს, შევიტყვეთ (მონაცემები სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა), რომ 2016 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიუღიათ, ასე განსაჯეთ, თვით ფიზიკური პირებისგან.
შემომწირველთა ხელგაშლილობის რეიტინგში ლიდერობს „გირჩები“ (ანუ მათ მიიღეს ყველაზე მეტი თანხა ფიზიკური შემომწირველებისგან იანვარ-თებერვალ-მარტში), მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო მესამეზე – უკრაინის პოლიტიკური სცენიდან ჩვენი მშობლიურისკენ გადმონაცვლებული ლეონიდ ჩერნოვეცკი.
შემომწირველთა შორის (ყველა პარტიისას ვგულისხმობ) არიან ბიზსმენები და თვით პარტიის წევრებიც (აქა-იქ არაბიზნესმენი და უპარტიო მოქალაქეებიც). მაგალითად, ერთ ბიზნენსმენს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 49 000 ლარი უჩუქებია; მეორეს – 41 000 ლარი; მესამეს – 60 000, ხოლო მეოთხეს – 59 958 ლარი.
ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები შემოწირულობებით არსებობენ (სანამ ბარიერს არ გადალახავენ და ამ შედეგისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გარანტირებულ თანხას არ მიიღებენ ყოველწლიურად), მაგრამ, რაკი არც ერთ პერიოდში არ აკლდნენ პოლიტიკურ პარტიებს შემომწირველი ბიზნესმენები, პირადად მე ვეძებ და ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე: რა უანგარო მოტივით უნდა დაეხმაროს ბიზნესმენი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას?! –