„სახეზე გატყობთ კმაყოფილებას“
„სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი…“
მაშინ, როდესაც ჰოლანდიის მოსახლეობამ რეფერენდუმით (რომელსაც საკონსულტაციო ხასიათი აქვს და ის კანონად 2015 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა) უარი უთხრა უკრაინას ევროასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე (თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ჰოლანდიის მთავრობაზეა), აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა, ფრიად მაღალი შეფასება მისცა ამერიკელი და რუსი სამხედროების კონტაქტებს (მეტად ნაყოფიერია და უფრო მეტად – პროფესიულიო).
ღვთის შეწევნით, ეს შეფასება რუსმა სამხედროებმა სირიის ოპერაციაში მონაწილეობით დაიმსახურეს და არა 2008-ში ჩვენთან და, უფრო მოგვიანებით – დონბასსა და ლუგანსკში დიდი სამხედრო გასეირნებით (აღარაფერს ვამბობ ყირიმის უცერემონიოდ მიერთებაზე). თანაც, ბ-ნმა კარტერმა იქვე დასძინა, რომ კმაყოფილები არიან სახალიფოსთან ერთობლივი ბრძოლით და ამით ამოიწურება ეს ჩვენი კმაყოფილებაო (ვითომ მეორე განყოფილების იმედი აღარ უნდა გვქონდეს?!).
მაგრამ უფრო გაგვახარა აშშ-ის სახმდივანმა, ბ-ნმა კერიმ, ბრძანა რა, რომ რფ-სთან თანამშრომლობა პასუხობს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს და იქვე შენიშნა იმ წვლილის შესახებ, რომელიც რფ-მ ირანთან შეთანხმების მისაღწევად გაიღო (ჩვენ კი გვეგონა, რომ ირანმა რუსეთი „გადააგდო“, ამ უკანასკნელმა კი ირანს უგანა).
ხოლო აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო არასრული ერთი წლის განმავლობაში ეს ბ-ნი კერის უკვე მესამე ვიზიტი გახლდათ რფ-ის გულში. ბოლოს მხარეებმა სირიის გარდა უკრაინაზეც ისჯაბაასესო, თუმცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სახმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და რფ-ს შეუძლიათ, ისტორიული წვლილი შეიტანონ ტერორიზმთან ბრძოლაში; აი, ისეთივე, როგორიც ფაშიზმის დამარცხებაში მიგვიძღვისო.
იმის მიუხედავადაც, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა (სავარაუდოდ, ძირითადად, ჩვენი წონისა და რანგის სახელმწიფოების ხარჯზე), რაკი მხარეებს ასე მოუსურვილებიათ ერთმანეთი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიხაროთ ამ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისა და არანაკლებ სტრატეგიული მოწინააღმდეგის სიყვარულით (თუ ვერ გავმთლიანდებით, ხომ ავმაღლდებით მაინც)?! –