კოჭლი ლოგიკა?!
ამომრჩეველი –
თაკარა მზის ქვეშ
გასულ კვირას, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა (8 ოქტომბერი) და, შესაბამისად, 8 აგვისტოდან წინასაარჩვენო მარათონიც გახსნილად გამოცხადდა.
თუმცა თვით ამ თარიღმაც კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ ჩვენს მშობლიურ პოლიტსპექტრში, პათოსით, თაკარა მზეში ვის გაუგია წინასაარჩვენო კამპანიაო, თითქოს ქადა ორი ხელით არ იჭმეოდეს, თუ გული გულობს. – ; მეტიც, განა მხოლოდ პოლიტსპექტრში, თვით არასამთავრობო სექტორშიც (რომელმაც ამ ჩვენს დემოკარტიის გზაზე შემდგარ სამშობლოში შეუმცდარის და ერთადერთი ჭეშმარიტების მქადაგებლის როლი გაინაღდა).
სიახლეს (თუმცა რაღა სიახლეს, უკვე თითქმის ფაქტს) „ახალი მემარჯვენეებიც” გამოეხმაურნენ (პათოსი იდენტურია, ამიტომაც შევნიშნე, თორემ, არაფერი პირადული). კერძოდ, ბ-ნმა კაციტაძემ (რომელმაც 2012 წლის არჩევნებისთვის დააზუსტა ამომრჩეველთა სია და რომელშიც უკვე აღწერის შემდეგ 700 000 ადამიანი ზედმეტი აღმოჩნდა) იკითხა: „8 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე თბილისი დაცლილია და პარტიამ საარჩევნო კამპანია სად უნდა აწარმოოს: პლიაჟზე, აგარაკებზე თუ სად?“
მართალია, მთლად 8 ოქტომბრამდეც არა, მაგრამ აგვისტოში დედაქალაქში მაინც სიხალვათეა (ვშიშობ, მხოლოდ დედაქალაქში), ოღონდ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას რიტორიკულ კითხვას: თუ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბია (და ოპოზიციური სპექტრი ეთანხმება მოსაზრებაზე, რომ ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა), ვითომ ისე აქვს აწყობილი ცხოვრება ქართველ ამომრჩეველს, რომ ზაფხულის სეზონზე კურორტიდან კურორტისკენ ინაცვლებს?! –